მწარეს ბლოგი

chez moi

მე ვარ მორწმუნე!

თურმე, რამდენი რამე შეცვლილა ვორდპრესზე, მას შემდეგ რაც აქ ბოლოს შემოვიხედე! მიტოვებული სახლივითაა ჩემი ბლოგი, მოუვლელი და დროში გაყინული, თუმცა, ეს ის არაა, რაზეც მინდოდა დამეწერა! სუულ რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოვედი და ალბათ, მეტად აღარც შეგაწყენთ თავს!

მოკლედ, გადავედით საქმეზე! ზოგადად, მაშინაც კი, როდესაც აქტიურად ვპოსტავდი, თითქმის არ ვეხებოდი რელიგიის თემას! გულწრფელად რომ ითქვას, უბრალოდ თავის ტკივილს ვერიდებოდი და კიდევ, რატომღაც, არ მინდოდა, ვინმეს ჩამორჩენილი ადამიანი ვგონებოდი (კი, მრცხვენია ამ შიშისათვის!), ეკლესიურობა ხომ დღეს პროგრესულად მოაზრონვე ახალგაზრდობაში მოდური არ არის! მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ არ მადარდებდეს სად და რომელ კატეგორიაში მიმიჩენენ ადგილს სხვები!

იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ფეისბუქზე კი, მით უმეტეს, სრულიად ჭრელი საზოგადოება მყავს მეგობრებში, ბევრნაირი განსხვავებული აზრის მოსმენა/წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც თავს დიდ ლიბერალობაზე, განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და „პრადვინუტობაზე“ დებენ, ჩვევაში კი გადაუვიდათ ცინიკური, ქედმაღლური და ზოგჯერ, აგრესიული მოსაზრებების გამოთქმა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე! არა, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობაა „გიომობა“, თორემ, არსად მინახავს, რომელიმე მათგანს, მაგალითად იაღოველებზე გასცინებოდათ, რომლებიც გაფრენის იმედად მთებიდან ხტებიან ხოლმე! ეს, ისე, სიტყვის მასალად, თორემ, მე სულაც არ დავცინი ვინმეს შეხედულებებს! ბევრისთვის ქრისტიანობა გონებრივი ჩამორჩენილობის სინონიმად იქცა! 

მილიონობით ასეთი ცინიკურ-გამკილავი-კრიტიკული პოსტი შემხვედრია და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი „ეს ჩემი პრობლემა არაა“ სახით, მაგრამ დღეს სურვილი მაქვს, ჩემი განწყობა დავაფიქსირო და ყველა იმ გვერდავლილი პოსტის პასუხად ვწერ შემდეგს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგი ადამიანი ქრისტიანობის სახელით ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რაც აღნიშნული რელიგიისათვის საერთოდ მიუღებელია, ზოგადად, მორწმუნეობა გონებაჩლუნგობას არ ნიშნავს;
  2. თუ სხვას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და საკუთარი ცხოვრების წესი საჯაროდ განიხილოს, მეც მაქვს უფლება მსგავსი საქციელი ჩემს რწმენასთან შეუთავსებლად მივიჩნიო და ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადო (ამ გახსენებაზე, ვიღაც წერდა ადრე ბლოგზე, ლოგინს შუა ქუჩაში დაგიდგამენ და მერე მოითხოვენ ჩვენს თეთრეულში ნუ იქექებითო! გონებამახვილური შენიშვნაა!);

ასევე, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მთელი გულით მინდა, ძალიან ხმამაღლა შემდეგი სიტყვები გითხრათ:

  • მე ვარ მორწმუნე და ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე მეტად თუ არა, ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი არ ვარ და, ეგებ, მთელ რიგ საკითხებზე უფრო პროგრესული და თანამედროვე აზრიც გამაჩნდეს;
  • მე ვარ მორწმუნე და არავინ მიზღუდავს ნების თავისუფლებას, არც ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ სწორედ უფალმა შეგვქმნა თავის-უფალ სუბიექტებად;
  • მე ვარ მორწმუნე და, პტივცემულო ვითომ ლიბერალებო, თქვენზე ბევრად მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გამაჩნია მოყვასის მიმართ, მათი შეხედულებების, ცხოვრების წესისა და თუ სხვა დანარჩენი მახისათებლების მიუხედავად;
  • ერთი სიტყვით, მე ვარ მორწმუნე და არ ვარ „ბნელი!“ ბოლოს კი, მინდა გითხრათ, მე პატივს ვცემ თქვენს ურწმუნოებას, მაგრამ ნება იბოძეთ და თქვენც ეცით პატივი ჩემს რწმენას, იმიტომ რომ, თუ აქამდე არ იცოდით,  თავისუფლება და თანასწორობა სწორედაც რომ ესა!

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა! ჩემს დროს მეტად აღარ დავხარჯავ, ისე კი, მიხარია, რომ მე რაღაც მართლა ღირებული და ფასეული გამაჩნია!  

11 Comments »

Disturbed privacy

მოკლედ ასე, ხან მივხურავ და ხან ვაღებ ბლოგის კარებს! როცა ბლოგი ჩაკეტილი მაქვს, წერითაც არაფერს ვწერ, გავხსნი და მაინც არ ვიცი, რა დავწერო! ასეთი სიტუაცია, ალბათ, ყველას ჰქონია, თუმცა, არ ვიცი, ჩემსავით რამდენად აწუხებდათ ეს ყველაფერი! მოკლედ, საქმე ისაა, რომ ბლოგზე ნათესავები და მშობლები ხშირი სტუმრები გახდნენ, რაც საერთოდ არ მომწონს! როდესაც ბლოგს ვაკეთებდი, არასოდეს მიფიქრია, ამაზე ნერვიულობა თუ დამჭირდებოდა! იმ ქალაქში, სადაც ხსენებული ნათესავები და მშობლები ცხოვრობენ, იმ დროისათვის ინტერნეტი სულ არ იყო მგონი!🙂 სიმართლე ითქვას, ჩემი მშობლები არც ახლა მოაგნებდნენ აქაურობას, რომ არა მონდომებული დამხმარეები! შედეგად, მიჭირს პირადი პოსტების წერა.

ამას წინათ, ფეისბუქზე დავიწუწუნე ამის გამო და ის ხალხი გავანაწყენე, ვისაც რეალურად, არაფერი დაუშავებია, კაცმა რომ თქვას!

ინტერნეტი თავისუფალი სივრცეა, ბლოგი – ღია, მოვიდნენ, წაიკითხეს, მოეწონათ ან არ მოეწონათ და აზრი გამოთქვეს! რაც არის კიდეც ბლოგპოსტის იდეა, საერთოდ! თუ ეს ყველაფერი არ გინდა, რისთვის წერ, არა?! არადა, რთული ასახსნელია რატომ არ მომწონს შინაურების სტუმრობა ბლოგზე! I never planned to let them in! თითქოს ჩემს დალაგებულ სამყაროში ტალახიანი ფეხებით შემომივარდა ვიღაც! პოეზიის გარეშე კი, ახლა უფრო რთულია პირად თემებზე წერა! ერთია, როდესაც ბლოგს ვირტუალური,  არაიდენტიფიცირებული საზოგადოება, ან სულაც შენი ტოლები და მეგობრები კითხულობენ და მეორე, როდესაც შენს პოსტებს ბიძები, მამიდები, დეიდები და ა.შ. იხილავენ! მით უმეტეს მშობლები! ბევრი რამე მათთვის გაუგებარი და მიუღებელი იქნება, ასეც რომ არ იყოს, არავინაა ბიძებთან ზედმეტად გულახდილი, ნუ, არა მე, ყოველშემთხვევაში! I feel embarassed for some feelings or stories! გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, ეს შინაურები თავად შეიძლება იყვნენ პირადი ისტორიის გმირები და პოსტი რაც არ უნდა ზოგადად დაწერო, საკუთარ თავს მაინც ამოიცნობენ. შეიძლება, შენი განწყობა იყოს მათთვის საწყენი, ან უბრალოდ “საქვეყნოდ გამოჭენება” არ მოეწონოთ! იძულებული ხარ, ამ ყველაფერს ანგარიში გაუწიო და, შედეგად, პოსტს საერთოდ ვეღარ წერ, ან ისე წერ, რომ შენც არ მოგოწნს და არ აქვეყნებ! ბოლოსდაბოლოს არც ის მინდა, ჩემმა მშობლებმა დაინახონ, რამდენად არეული მაქვს თავში ყველაფერი! ჰოდა, დარჩა ეს ბლოგი უპატრონოდ მიტოვებული! არადა, არის საკითხები, ხელები რომ მექავება დასაწერად! თუ თემატური ბლოგი გაქვს, ეს ყველაფერი საერთოდ არ გაწუხებს, მაგრამ ჩემი სფერო სხვაა! პოსტები ადამიანურ ურთიერთობებზე და პირად გამოცდილებებზე ყოვეთვის უფრო პოპულარული და საინტერესოა! გასაგებია, რატომაც: ა) ყველას მოსწონს სხვისი პირადულის “ქექვა” ბ) შენი გამოცდილება შეიძლება სხვასაც გამოადგეს, ან უბრალოდ, ვინმემ თავისი თავი დაინახოს! მაგრამ არც ზემოხსნეებული ბარიერის გადალახვაა ადვილი!

მოკლედ, ვარ ასე გაუგებრობაში! ვერც სიტუაციის დაკიდებას ვახერხებ და არც პოსტვის შეწყვეტა მინდა! თქვენ როგორ მოერიეთ ამ ყველაფერს?!

დატოვე კომენტარი »

სათაური

დიდი ხანია ბლოგზე შინაარსიანი არაფერი დამიწერია! ისეთი შთაბეჭდილებას ვტოვებ, თითქოს ზედმეტი კილოგრამებისა და პერიოდული დეპრესიების გარდა ჩემს ცხოვრებაში არაფერი ხდებოდეს! ასე არ არის ნამდვილად! უბრალოდ, ამ ყველაფერზე წერა ადვილია და თან ცოცხალ ადამიანებთან წუწუნს, მათთვის თავის მობეზრებას, ისევ ბლოგზე ავტეხო ერთი ამბავი მირჩევნია! რაც შეეხება სხვა თემებს, არის რაღაცეები, იმდენად ტკბილი, რომ ეგოისტურად მარტო შენთვის გინდა, ან გეშინია, რომ სიტყვებით ვერ გამოთქვამ, გააუფერულებ და გააუბრალოებ! ჰოდა, მე როგორც ყველაზე დიდი ეგოოსტი, ამ კარგ რაღაცეებს ჩემთვის ვინახავ!🙂

პრიორიტეტების სწორად განსაზღვრავ ვეჩვევი. ასევე, ადამიანებთან ურთიერთობის ანა-ბანას ვსწავლობ! მათ შორის, ერთ მარტივ პრინციპსაც, რომ თუ გინდა მარტო არ იყო, სხვებისაგან სითბო და სიყვარული მიიღო, შენც უნდა გასცე სანაცვლოდ! თურმე, ამ თვალსაზრისითაც ბევრი მქონია სასწავლი!

დათბა თბილისში! ჩემს გულშიაც ძალიან თბილა! ვეცდები, ეს შევინარჩუნო და სული აღარ დავიცარიელო, როგორც წინა თვეებში! ჩემი თმის ფერიც სულ უფრო უახლოვდება ბუნებრივს! ეგ რაღა შუაშია? ეს უკვე ცალკე პოსტის თემაა, რომელსაც მოგვიანებით დავწერ! არა მგონია, მომდევნო კვირა აქ შემოვიხედო. მინდა, მარხვის მიწურული მაინც დავუთმო საკუთარ სულზე მუშაობას! ბლოგისთვის, წესით, დრო აღარ უნდა დამრჩეს, თან ვეცდები, ინტერნეტს მოვწყდე ამ მოკლე დროით მაინც!

I guess, see you when I see you!  “სათაურისთვის” ბოდიში! მეც არ ვიცი, რა დავარქვა ამ პოსტს!🙂

დატოვე კომენტარი »

day 3,4 and whatever

კალორიები – ალბათ 10 000

იდიოტური აზრები – მთელი დღევანდელი დღე

ვარჯიში – ახლა მივდივარ, თუ სიზარმაცეს ვაჯობე

დაკლებული კილოგრამები – მეკაიფებით?!

აკრძალული პროდუქტები – შავი პური, გუშინ

მომბეზრდა ეს ყოველდღიურად წერის გეგმა! ყველაფერი მომბეზრდა! უახლოეს მომავალში თუ რამე არ შეიცვლა ჩემს ცხოვრებაში, ისევ მორიგი დეპრესიის შემოტევა დამეწყება, ალბათ! უსაქმურობა ჩემი პირველი მტერია!

აუ, გუშინ საოცარი სიზმარი მესიზმრა: ყველა ჩემი ყოფილი ერთად! ვითომ სადღაც გზაზე მივდიოდი და ესენი სათითაოდ მხვდებოდნენ, წიპა მაცილებდნენ სადღაც! ვკვდები, ეტყობა!🙂

ბორში მოვამზადე გუშინ. მარილიც რომ ჰქონოდა, უგემრიელესი იქნებოდა!

დატოვე კომენტარი »

Day 2

კალორიები – 1200

ვარჯიში – დღეს არ მიწევდა

იდიოტური აზრები – 1 და აბეზარი

აკრძალული პროდუქტები – “ბუბლიკი” თუ არ ვიცი, რაც ქვია

ნაყოფიერი დღე მქონდა. დღეს პირველად ვიგრძენი, გაზაფხული, რომ მოსულა! იმედია, ასეთი ამინდები გაგრძელდება და ისევ პალტოს ჩაცმა არ დაგვჭირდება!  საღამო განსაკუთრებით საინტერესოდ გავატარე და იმ ერთ, მაგრამ აბეზარ აზრზეც სრულიად მოულოდნელად მივიღე პასუხი! მოულოდნელად იმიტომ, რომ ამ საკითხის განხილვის ალბათობა მინიმალური იყო და არა იმიტომ, რომ იმ ადამიანს ან პასუხი არ ექნებოდა, ან მე ვერ მივიღებდი მისგან!

ხო, სოკოს სუპს ვაშლის ძმარი არ დაუმატოთ, არ უხდება!

ერთ საინტერესო თემაზე მინდოდა დამეწერა, მაგრამ მეძინება! ხვალ დავბდუნდები!

დატოვე კომენტარი »

გამოწერა

Get every new post delivered to your Inbox.