ესეც ასე, შემოდგომის პირველ დღეს დავუბრუნდი დედაქალაქსა და ცივილიზაციას! ჩემს პატივცემულ ბლოგსაც მივხედავ დღეიდან! როგორი მოწყენილი იყო ალბათ უჩემოდ! ორ დღეში სამსახურში გავდივარ. როგორც იტყვიან, მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის! მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე წონაში ერთი გრამიც არ დამიკილია და ამ ეტაპზე, არც ჩემი ანალიზები აჩვენებს რამე სასიკეთოს, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დროა საჭირო! ზოგადად, არ ვარ მომთმენი ადამიანი და შედეგი ყოველთვის დაუყოვნებლივ მინდა, მაგრამ ამჯერად მომიწევს.
საკმაოდ კარგად დავისვენე! შევასრულე ჩემი სიტყვა და მთელი ამ დროის მანძილზე ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე ვიყავი. ნუ, თუ იმას არ ჩავთვლით, ტელეფონით რომ შევდიოდი ხოლმე ფეისბუქზე შიგადაშიგ და მეილს ვამოწმებდი ორ დღეში ერთხელ. ხოდა, მოკლედ, შვებულებისას გავიხენე, როგორ ვცხოვრობდი ინტერნეტის გარეშე. როგორც გაირკვა, არცთუ ცუდად! გამახსენდა, რა სასიამოვნოა, უბრალოდ იწვე გულაღმა, ცას უყურებდე და ცაზე მორბენალი ღრუბლები, შენი ფანტაზიით, სხვადასხვა ფიგურებს მიამსგავსო! ასევე, რა კარგი ყოფილა, ფეხით აუჩქარებლად სეირნობა, როცა არსად გაგვიანდება და გადარბენაზე არ ხარ!
ათი დღე გავატარე ქობულეთში. კარგი ამინდები დამემთხვა და ზღვამ, ზოგადად, ძალინ დადებითად იმოქმედა ჩემს გუნება-განწყობაზე! ყოველ საღამოს ვუყურებდი მზის ჩასვლას. გაგონილი გექნებათ, მზის ჩასვლისას ჰორიზონტზე შუქის გარდატეხა ხდება და ამიტომ, მზის ბოლო სხივები მწვანეა, თუმცა ადამიანის თვალი მას ვერ ხედავსო და თუ ვინმე დანახვას მოახერხებს, ბედნიერებას მოუტანსო! ნუ, ბედნიერების მოტანის, რა თქმა უნდა, არ მჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვცდილობდი ამ მწვანე ნათების დანახვას. ერთხელაც, არ ვიცი, მზის დიდხანს ყურებისაგან თვალები ამიჭრელდა, თუ მართლა იყო, მაგრამ მე ეს მწვანე სხივები დავინახე! ესეც მე და მზე:
ზღვის შემდეგ, სოფელში ვიყავი. წყნარად, პენიონერულად დავისვენე. იმდენად ვიყავი გადაღლილი, ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა! არავითარ საინფორმაციო საშუალებებს არ ვადევნებდი თვალყურს და ყველა იმ ნეგატივისაგან, რაც მედიაში ტრიალებს, დავისვენე!
ხახ, ამათი ფოტო რომ არ დავდო, არ შეიძლება! ესენი ჩემს სოფელში ცხოვრობენ, განუყრელი მეგობრები, რემი და პეპო:
სულ ასე ერთად არიან და პეპოს შეწუხებულ კნავილს რომ გაიგებს, რემი კისრისტეხით გარბის მისაშველებლად!
ერთი სიტყვით, პოსტი ძალიან რომ არ გამეწელოს, გეტყვით, რომ ძალები აღვიდგინე! ახლა მზად ვარ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. მე ისევ მე ვარ!
P.S. რამდენი გიწერიათ, ხალხო! : D 289 წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს რიდერი. ახლა უნდა ავითვისო ეს ყველაფერი.
ზუსტად მასეთ დასვენებაზე ვოცნებობ, რომ მიდიხარ და არსად გეჩარება, რომ უბრალოდ ზირ, ჰორიზონტს გაყურებ და თან არ გდევს შეგრძნება ახლა რა დამრჩ გასაკეთებელიო :)))
ზღვაზე მომინდა 😦 წელს უამრავ ადგილას ვიყავი, ზღვის გარდა… აშკარად მჭირდება, მაგრამ ვეჭვობ, წელს ზღვა დამენახოს…
მიხარია, რომ დაბრუნდი ძალებით ავსებული! აბა, შენ იცი!!! Best wishes!!!
ველქამ ბექ ❤