მწარეს ბლოგი

chez moi

პროფესიული ეთიკის ზოგიერთ მომენტზე

on ოქტომბერი 10, 2009

ორი დღეა თავში ჩემი პროფესიის გარკვეული ასპექტები მიტრიალებს, კერძოდ, ის სირთულეები, მორალური კუთხით, რომელიც იურისტობას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი საადვოკატო საქმიანობას. თემა საკმაოდ ვრცელია და პრობლემაც ბევრია. თუმცა ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ თემაზე დავფიქრდი, თუმცა გუშინ მე და ერთი ჩემი კოლეგა ვმსჯელობდით. ის მიმტკიცებდა, რომ თუ პროფესიონალი ხარ, კარგი ადვოკატი, ემოციური მხარეები გვერდზე უნდა გადადო და დაიცვა ნებისმიერის ინტერესი, რადგანაც დაცვის უფლება ყველასთვისაა კანონით გათვალისწინებული. კი, კანონის გადასახედიდან მართლაც ასეა! კონვენციები, დეკლარაციები, კონსტიტუცია და საპროცესო კანონმდებლობა ყველასთავის თანაბრად ადგენს დამცველის ყოლის უფლებას/შესაძლებლობას, მაგრამ სუფთა ადამიანური პოზიციიდან, როგორაა ეს? ადამიანური სიმპათია-ანტიპათიის გვერდზე გადადება ძნელია. მართალია, არ ვარ ამ ეტაპზე ადვოკატი და არც სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწეობას ვგეგმავ ჯერ-ჯერობით, მაგრამ შესაბამისი ლიცენზია გამაჩნია და ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხული არაა. ხოდა, საინტერესოა, შევძლებდი ნებისმიერი ეჭვმიტანილის/ბრალდებულის/განსასჯელის დაცვას, ვინც მომმართავდა, დანაშაულის მიუხედავად?! პასუხი ცალსახაა – ვერა!!! ასეთი შემთხვევა „ადვოკატთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია, ასევე საპროცესო კოდექსებითაც. მარტივი ენით რომ ვთქვათ, თუ ადვოკატს თავისი პირადი პოზიციიდან გამომდინარე, არ შეუძლია დაიცვას პირის ინტერესები, მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაცვაზე, თუმცა არ ვიცი, პრაქტიკაში რამდენად ხშირად ხდება ასე! ისეთი შეგრძნება მაქვს, ადვოკატები ნებისმიერ საქმე ჰკიდებენ ხელს და ნებისმიერი ფორმით, მათ შორის არაპროფესიულითაც, ცდილობენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების ციხიდან გამოთრევას, ამას, რასაკვირველია ახლავს დიდი ოდენობით ნაგვის სროლა სასამართალდამცავი ორგანოების მისამართით. დღესდღეისობით ამგვარი ადვოკატები ბევრად უფრო „მოდურ“ მდგომარეობაში არიან, ვიდრე სასამართლო! საზოგადოებას მათი უფრო სჯერა! მე არ ვამბობ, კრიტიკის საფუძველი არ არსებობს-მეთქი, თუმცა ეს სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ისევ მორალურ ასპექტებს.

მაშ ასე, მე რომ ვიყო ადვოკატი, ვერასოდეს დავიცავდი (თუ უდანაშაულობაში სრულად არ ვიქნებოდი დარწმუნებული):

  • სახელმწიფო ღალატის ჩამდენ პირებს (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვეა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა და ა.შ.). ალალია ამათზე კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგება! პრინციპში, ეს პუნქტი გამონაკლისს ექვემდებარება;
  • სქესობრივ დანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირებს, განსაკუთრებით თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია (ამგვარ საქმეებზე მსჯავრდებულის დამცველებს, ხშირად, დიდი რისხვა ატყდება საზოგადოების, დაზარალებულის ახლობლების მხრიდან, თუმცა ამის არ მეშინია! უბრალოდ, იმდენად მეზიზღება ეს კატეგორია, დაუფიქრებლად გავიმეტებდი ყველაზე მკაცრი სასჯელისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებს ახლოსაც არ უნდა გავეკარო);
  • ტერორისტებს. არც ერთი მიზანი არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს! ისე კი, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ თუ ასარჩევად მექნებოდა საქმე, ტერორიტს უფრო დავიცავდი, ვიდრე წინა კატეგორიას!

აქ სხვა შემთხვევაც უნდა განვიხილო! როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული (სხვა დანაშაული და არა რომელიმე ზემოთჩამოთვლითაგან)? უნდა ვურჩიო, რომ არ აღიაროს და მისი სრული გამართლებისათვის ვიბრძოლო? აი, ეს ბევრად რთული კითხვაა!  ზოგი ქვეყნის ადვოკატთა ეთიკის კოდექსი ადგენს, რომ დამცველმა კლიენტს დანაშაულის აღიარება არ უნდა დააძალოს. აშშ-ს ზოგიერთი შტატის კოდექსი უფრო შორს მიდის და პირდაპირ უარყოფით პასუხს სცემს ჩემს მიერ ზემოთდასმულ კითხვას. თუმცა პრაქტიკაში რამდენად მოქმედებს ეს, საეჭვოა! რაც შეგვეხება ჩვენ, ზევითაც უკვე ავღნიშნე, რომ პირის ინტერესების დაცვა ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ფორმით ხდება! მე როგორ მოვიქცეოდი? ერთი რამ ზუსტად ვიცი, არასოდეს დავიცავდი ვინმეს ბინძური მეთოდებით! რაც შეეხება სასამართლოს წინაშე პირის გამართლების მოთხოვნას, ცალსახად პასუხის გაცემა მიჭირს. თავად საქმიდან გამომდინარე, ეს შესაძლებლად მიმაჩნია!

ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ იმ ადვოკატებს, რომლებიც ყველა საქმეს ჰკიდებენ ხელს და არც იმაზე ნერვიულობენ, მოითხოვონ თუ არა პირის სრულად გამართლება! კანონის მიხედვით, მათი პოზიცია მართებულია! ადვოკატის ფუნქცია ზუსტად ესაა და ყველამ თუ ცხვირი იბზუა საქმეებზე, ამ ინსტიტუტის არსებობას აზრი დაეკარგებოდა! არავის პრაქტიკას არ ვაკრიტიკებ! ყველაფერი ზემოთმოცემული, ჩემი სუფთა ადამინური პოზიციაა. შესაძლოა, ზედმეტად იდეალისტური და ზოგის გადმოსახედიდან, ბავშვურიც! ამგვარი აზრებიდან გამომდინარე, კარგია, ადვოკატი რომ არ ვარ და კიდევ უკეთესი, სისხლის სამართალი რომ არ მიზიდავს! ამ სფერში წარმატებული ვერასოდეს ვიქნებოდი!

ბოლოს, რამდენიმე სახალისო ფოტო ამ თემაზე:

blg5833

blg5903

blg5917

Advertisements

8 responses to “პროფესიული ეთიკის ზოგიერთ მომენტზე

  1. გიორგი ზღულაძე ამბობს:

    ყოჩაღ. ნამდვილად დასაფიქრებელია.

  2. nini ამბობს:

    აუუუ, რა მაგრად გიყვარს, ყველაფრის გართულება და ფილოსოფიამდე აყვანა!

  3. Lilu ამბობს:

    ჰმმ… საინტერესო თემა წამოგიჭრია, ჩემო კარგო, ბევრ რამეში გეთანხმები, ალბათ ამიტომაც მეც არ ვარ ადვოკატი 😉

    • unaamarga ამბობს:

      ისე, ძალიან მაინტერესებს შენი ჩამონათვალი, ვის ვერ დაიცავდი?

      • Lilu ამბობს:

        რაც შენ გაქვს ჩამოთვლილი მაგათ მეც ვერ დავიცავდი, თუ მათ უდანაშაულობაშჳ სრულად არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ რიგში პირველს სქესობრივი დანაშაულის ჩამდენს დავაყენებდი და დაუმატებდი მკვლელობაში მსჯავრდებულს, იმიტომ რომ არავის არ აქვს უფლება სხვა ადამიანს მოუსწრაფოს სიცოცხლე, მითუმეტეს დამამძიმებელ გარემოებებში

  4. Sophie Golden ამბობს:

    100% გეთანხმები, რაც დაწერე, მაგრამ “ეშმაკის ადვოკატი” მახსენდება სულ… ვერ გაიგებ, ზოგს ისეთი ცხოვრება ხვდება, რომ მეტი გზა არა აქვს, იცავს მანიაკებს და ანომალებს… რა ვიცი, life is so complicated.

  5. kevana ამბობს:

    ჰმ, და ხომ არის შემთხვევები როცა, ბრალდებულს სახელმწიფო უნიშნავს სახაზინო დაცვას, რა უნდა ქნას ასეთ დროს ადვოკატმა? აქვს მას უარის თქმის უფლება თუკი მას სუბიექტურ დამოკიდებულებათა გამო არ შეუძლია დაიცვას ბრალდებული?

    თუმცა რავიცი, მე უფრო კრიმინალისტიკა მიზიდავს ვიდრე ადვოკატობა, და ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი ადვოკატად, არც ასეთი სიის შედგენაზე მიფიქრია, ამისდამიუხედავად ვერცერთ მხარეს ვერ გავამტყუვნებ, გინდა და შეგწევს, დაიცავი, არ შეგიძლია და ნუ იზამ იმას რაც არ შეგიძლია : )

    • unaamarga ამბობს:

      კი, ამ შემტხვევაშიც აქვს ადვოკატს უარის თქმის უფლება. იცი რა არის, მე მგონი, ესეც თავისებური ნიჭია, რაღაც უნარი, რომელიც ან გაქვს ან არა! უნარი, რომელიც დამსვიდებული სინდისით წარმოგათქმევინებს დაცვით სიტვას სერიული მკვლელის და მანიაკის ციხიდან გამოსათრევად(პირობითად)! ჩემში ეს უნარი არაა, როგორც ვხდები. თუმცა კი, რამდენიმე წლის წინ არც ჩემი სია არსებობდა. ეს მერე გაჩნდა ასეთი დამოკიდებულება, როცა რაღაც-რაღაცეები ვანხე ამ ცხოვრებაში. განსაკუთრებით პირველ პუნქტს ეხება ეს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: