მწარეს ბლოგი

chez moi

მნიშვნელოვანი წიგნები?

on დეკემბერი 6, 2009

დღეს გადავწყვიტე წიგნებზე დავწერო (რაზე, თუ არა მათზე!). მოკლედ, იცით, ალაბათ, რომ წიგნის მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის” ინიციატივით ხორციელდება გამოკითხვა, რომლის მიზანია გამოვლინდეს 50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ადამიანმა, სანამ ცოცხალია. ამგვარი გამოკითხვები უკვე განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნებში, ზოგან 50 წიგნი გამოავლინეს, ზოგან 100 და ა.შ. მეც შევუერთდი გამოკითხვის ჯგუფს Facebook-ზე და როდესაც საკუთარი ჩამონათვალის გასაკეთებლად შევედი გვერდზე, სერიოზული დილემის წინაშე დავდექი: რამდენიმე წიგნი ვერ ამოვარჩიე! დავფიქრდი და საკუთარ თავს შემდეგი კითხვა დავუსვი: „კარგი, ხათო, აბა დამისახელე ის წიგნები, რომლებიც წაკითხული რომ არ გქონდეს, სერიოზული დანაკლისი იქნებოდა შენთვის, ანუ წიგნები, რომელთა წაკითხვამ რაღაც ისეთი მოგცა, რაზეც უარს ვერ იტყოდი.“ როგორც აღმოჩნდა, ვერც ერთ წიგნზე ვიტყოდი უარს, იმიტომ რომ ყველამ მომცა რაღაც! ბუნებრივია, წაკითხული მაქვს მართლა ფასეული წიგნები და ისეთებიც, რომელთა ლიტერატურული ღირბულება ნულია! რასაკვირველია, მაქვს საყვარელი წიგნები და მყავს საყვარელი ავტორები, მაგრამ ახლა ამაზე არ მაქვს საუბარი. საქმე ისაა, რომ ყველა წიგნისაგან ავიღე რაღაც, მათ შორის ისეთებისგანაც, რომლებიც არ მომეწონა. ზოგმა ჩამაფიქრა, ზოგმა სიამოვნება მომანიჭა, ზოგმა ამაღელვა, ზოგმა აღმაშფოთა და ა.შ, ზოგი უბრალოდ დროის მოკვლაში დამეხმარა, მაგრამ, მთლიანობაში, თითოეულმა მათგანმა გარკვეული კვალი დამიტოვა, რაღაცით გამზარდა, ან თუ ვერ გამზარდა, სულ უმნიშვნელო რამ მაინც მასწავლა. ზოგჯერ  ერთი ფრაზის გულისთვის ღირს მთელი წიგნის წაკითხვა! ნებისმიერ წიგნში იყო ერთი წინადადება, ერთი შედარება ან დიალოგი, რომელიც დამამახსოვრდა. ჩემთვის ის ნაწარმოებებიც კი მნიშვნელოვანია, რომლებსაც, წაკითხვის შემდეგ, გულში, მაკულატურის კატეგორიას ვაკუთვნებ ხოლმე, თუნდაც იმიტომ, რომ შედარების საშუალებას გაძლევენ – როგორ უნდა მიხვდე რა არის კარგი, თუ ცუდს არ იცნობ? და კიდევ, იმისათვის რომ არ მოგწონდეს, უნდა წაიკითხო!  შესაბამსად, ვთვლი, რომ ყველა ის წიგნი (ავტორი), რომლებთან მიახლებაც ამ დრომდე მოვასწარი – „მაუგლით“ დაწყებული, დოსტოევრსკით გაგრძელებული და „twilight“-ით დამთავრებული – უნდა წამეკითხა! გამოდის, რომ ამგვარ რეიტინგებს ჩემთვის აზრი არ აქვს. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, ადამიანმა, ვიდრე ცოცხალია, უნდა იკითხოს! რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იკითხოს, დაე, ყველამ თვითონ გადაწყვიტოს! მითუმეტეს, რომ ნებისმიერი რეიტინგი, საბოლოო ჯამში, მაინც სუბიექტურია და ერთადერთ ჭეშმარიტებასთან არ უნდა გავაიგივოთ. ძალიან ბევრი ღირებული წიგნი დარჩება ბოლოს ამ 50-ს (100-ს, 1000-ს) მიღმა. ასე რომ, იკითხეთ და ყველამ თქვენთვის გადაწყვიტეთ, რომელი წიგნი იყო მართლა მნიშვნელოვანი და რომელი არა.

ბოლოს კი მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერი ზემოთმოცემული, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა და არანაირად არ ვაკრიტიკებ არც ამ გამოკითხის იდეას, არც მის ინიციატორებს.

Advertisements

12 responses to “მნიშვნელოვანი წიგნები?

  1. Clown^^ ამბობს:

    კარგი პოსტია =)

  2. BloggerGirl ამბობს:

    ძააალიან ძალიან უცნაური გამოკითხვაა და არ ვეთანხმები მის სათაურს, ახლა გეტყვი რატომაც.
    ვინც მაგ გამოკითხვაში ღებულობს მონაწილეობას, გამომდინარეობს იმ გემოვნებიდან რომელიც მას აქვს, იმ წიგნებიდან რომელიც მას წაუკითავს ან რომელიც მას გაუგია. ხოდა ხო შეადგენს ტავის ტოპ 50 საკუთარი ინტერესებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე? საბოლოოდ კი ვღებულობ იმ სიას რომელიც ზოგადად ქართული (ჩვენი საზოგადოებიდან გამომდინარე) რეალობისთვისაა დამახასიათებელი.

    ესაა და ეს.

    • unaamarga ამბობს:

      რაღა თქმა უნდა, ნებისმიერი გამოკითხვა იმ საზოგადოების რეალობას ასახავს, სადაც ტარდება. ვერც ეს იქნება გამონაკლისი.

  3. Sophie Golden ამბობს:

    რეიტინგებს მართლაც არა აქვთ აზრი.
    რა სისულელეა და საერთოდ, რა საჭიროა მათი გაკეთება. ნუ, მარკეტინგისთვის საჭიროა, ოქეი.
    მე კიდევ – პირიქით, ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი ისეთი წიგნი მაქვს წაკითხული, რომელიც იმ პერიოდში მოდაში იყო ან ყველას უნდა ჰქონოდა წაკითხული, ამ დროს არაფერი მოუცია ჩემთვის.

    შენმა პოსტმა ჩამაფიქრა…
    გუშინ პოსტს რომ ვწერდი, მივხვდი, რომ გამსახურდიას წიგნებმა დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე; უცნაურია, მაგრამ რამდენჯერაც თორაში იაკობის და ბოროტი ანგელოზის თემას გავდივართ, იმდენჯერ არსაკიძის ნახატი მიდგება თვალწინ.
    გამსახურდია ROCKS – ჩემი ვერდიქტი (“მთვარის მოტაცებასაც” ხშირად ვიხსენებ და “დავით აღმაშენებელსაც”).
    ასევე ხშირად ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებს, მიხეილ ჯავახიშვილის.
    ამ წიგნების გარეშე მართლა ბევრი რამე დამაკლდებოდა, მაგრამ რისთვის გავტენე სახლი კუნდერას და კოელიოს წიგნებით, ვერ ვხვდები… საერთოდ არ მახსოვს არც სიუჟეტები, არც გმირები – არაფერი!!!

    • unaamarga ამბობს:

      კოელიოს წიგნებიდან სულ ორი ეპიზოდი მახსოვს: კოვზზე დასხმული ზეთის ორი წვეთის ეპიზოდი “ალქიმიკოსიდან” და მადლის ბანკი “ზაჰირიდან”, მაგრამ თუნდაც ამ ორი ეპიზოდისთვის მიღირდა მისი შემოქმედების გაცნობა.

  4. თაა ამბობს:

    მწარე რატომ ხარ? 🙂

  5. თაა ამბობს:

    მადლის ბანკი “ზაჰირიდან”,

    ძალიან ძალიან მაგარი ნაწარმოები 🙂

  6. rodrigo ამბობს:

    “მითუმეტეს, რომ ნებისმიერი რეიტინგი, საბოლოო ჯამში, მაინც სუბიექტურია და ერთადერთ ჭეშმარიტებასთან არ უნდა გავაიგივოთ.”

    martali xar:))

  7. Gio Rgashvili ამბობს:

    პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ მოოხარული ვარ, რომ ამ თემას მიუძღვენი პოსტი.

    პოსტი იყო საინტერესო!

    უბრალოდ, ერთი რამ მინდა დავწერო, მოდით ნუ მივუდგებით ამ ორმოცდაათეულს ისე, რომლის არ წაკითხვაზე დაგინებულია :დ

    პროექტის ანოტაციაში გარკვევით წერია, რომ ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს, თუმცა შერჩეული 50 წიგნი შეუძლებელია ასახავდეს მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება. წიგნები, რომელსაც ერთად შევარჩევთ!

    გამოკითხვა 5-10 წლის შემდეგ კვლავ განმეორდება …

    მოდით, ამას ასე მივუდგეთ: ეს არის წიგნები, რომელსაც ერთმანეთს ვურჩევთ.
    ამასწინათ ვფიქრობდი, რა მაგარია, როდესაც ხარ მოზარდი, უკვე წაკითხული გაქვს ისეთი ტიპის წიგნები, როგორიცაა ”ბიძიას თომას ქოხი”, ”პეპი გრძელიწინდა” ისა ესა… და ფიქრობ, რა წაიკითხო მომავალში… სწორედ ამ დროს, მოზარდს შეუძლია აიღოს იმ 50 წიგნის ჩამონათვალი, რომელიც არა ერთი, არამედ ათასობით ადამიანის რჩევებს მოიცავს!

    აქვე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში პროექტისათვის სპეციალური გვერდი მომზადდება, სადაც განთავსდება სპეციალური ფორმა, რომელიც ხმის მიცემის პროცესს უფრო მოსახერხებელს და კომფორტულს გახდის …

    • unaamarga ამბობს:

      დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისათვის! ამ კუთხით მართლა არ შემიხედავს მაგ გამოკითხვისთვის!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: