მწარეს ბლოგი

chez moi

In my dreams

on თებერვალი 18, 2010

ფობიები, სიზმრები და,  ამ ბოლოს, “ავატარი”, ის თემებია რაზეც ბლოგერების უმრავლესობა წერს. ფობიები სხვა დროს იყო, “ავატარზე” და საძიებო ფრაზებზე დავწერე, სიზმრებიღა დამრჩა!

“სიზმრისეულ ხილვებს იმ მნიშვნელობას ანიჭებენ, რასაც ისინი არ იმსახურებენ.” – წერდა ფრანგი პოეტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი. ნაწილობრივ მართალიც იყო, რამდენჯერ მოგისმენიათ სიზმარში ბავშვი ავადმყოფობას ნიშნავს, კბილის ტკივილი უსიამოვნებასო და ა.შ. ერთი რამ ცხადია, სწავლულები, ფსიქოლოგებიც და უბრალო მოკვდავებიც დიდი ხანია ცდილობენ სიზმრის ფენომენის გაშიფვრას. რამდენად წარმატებულად, ეგ სხვა საკითხია.

პოსტის მიზანი ნამდვილად არაა ახალი კარაბადინის შედგენა, ან  ძია ფროიდის დაჩრდილვა! სიზმრის ახსნის სფეროში მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. პირადად ჩემთვის მისაღები და ლოგიკურია ის მოსაზრება, რომ სიზმარი ტვინის რომელიღაც უჯრედში დალექილი ინფრომაციაა, რომელიც ამ გზით პოულობს გამოვლინებას. ეს ინფორმაცია შეიძლება ჩვენი დაფარული სურვილები, შიში, ოცნებები ან ის ფაქტები იყოს, რასაც ვამჩნევთ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ. არის შემთხვევბი, როდესაც ინტუიციით, ქვეშეცნობიერის დონეზე ვამჩნევთ რაღაცეებს, რასაც თვალი და გონება ვერ აღიქვამს. ამგვარი სიგნალები ჩვენს ტვინში ილექება და ასახვას სიზმარში პოულობს, ესეც ჩვენი “წინასწარმეტყველური” უნარი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ, სხეულის რომელიმე ნაწილი ტვინს სიგნალს აწვდის მიჭირსო და ეს სიგნალი გადადის სიზმარში. ჩემს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამგვარ “SOS”–ს ფარისებრი ჯირკვალი უშვებდა – დაახლოებით 2 თვე მესიზმრებოდა ყელზე წაჭერილი თოკი, რომელიც სუნთქვას მიშლიდა.

დავანებოთ თავი თეორიებს, დაე, მეცნიერებმა მიხედონ ამ ნაწილს! პირადად ჩემთვის, სიზმრები ზღაპრული სამყაროა, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. ამ ბოლო პერიოდში კი ამ სამყაროს, უმეტესწილად, მოწყვეტილი ვარ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რამე, ძირითადად, გათიშულს მძინავს. ზდაიოტსა მნე, რომ ეს ჩემი წამლების დამსახურებაა! სამაგიეროდ, ადრე მესზიმრებოდა ფერადი, ულამაზესი ზმანებები, ისეთები, ნეტავ არ გამღვიძებოდაო, დილით რომ მითქვამს! რაც უცნაურია, არასოდეს დამსიზმრებია კოშმარები! არც შუაღამისას საშინელებათა ფილმის ყურება, არც სტრესი ან სხვა რამ ჩემს ძილში არ იჭრება. ერთადერთი შემთხვევა, როცა გულგახეთქილს გამეღვიძა, რამდენიმე წლის წინ იყო და მართლაც საზიზღარი სიზმარი მესიზმრა: თითქოს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვიცოდი, რომ რაღაცის გამო ისინი დაიხოცებოდნენ, მე კი გადავრჩებოდი (რითი უნდა მომკვდარიყვნენ, აღარ მახსოვს)! ჟუწ! მადლობა ღმერთს, ყველა ვინც მაშინ მესიზმრა, თავს გადასარევად გრძნობს! ყველაზე ლამაზ სიზმარს, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, უბრალოდ ვერ აღვწერ. ულამაზეს ადგილას ვიყავი, სადაც ისეთი ყვავილები და მცენარეები იყო, როგორიც ბუნებაში არ არსებობს (ყოველშემთხვეაში, მე არ შემხვედრია)! თვითონაც ლამაზი ვიყავი, სხვანაირი და თეთრი კაბით, არა საქორწინო, უბრალოდ თეთრი, სადა კაბით.

პოსტის დაწერა კი იმან შთამაგონა, რომ ამ საღამოს ერთ ფილმს ვუყურე (სახელი არ ვიცი, დაწყებული იყო უკვე). ამ ფილმში გოგონა, რომელსაც საკუთარი ბიძა ხელოვნურად ამყოფებს კომაში, ახერხებს მეზობელი ბიჭის სიზმრებში შეღწევას და აგებინებს თავისი გასაჭირის შესახებ. დიახ, ეს რეჟისორის ფანტაზიაა, მაგრამ ადამიანის ტვინს იმდენი დაფარული შესაძლებლობა აქვს, რომ ვინ იცის?


9 responses to “In my dreams

  1. Giga ამბობს:

    შენა, თეთრი ფეხსაცმელიც ხო არ გეცვა?:)

  2. unaamarga ამბობს:

    🙂 არც ისე ვ სკორომ გამოდის, იმიტომ, რომ ძველი სიზმარია, ერთი 3 წელი კი იქნება გასული, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო, დამამახსოვრდა.

  3. Sophie Golden ამბობს:

    სიზმრები ჩემი საყვარელი თემაა, ხომ იცი. უსასრულოდ შემიძლია საუბარი.
    ამაზე ლექციებიც მქონდა ბერლინში – ერთი, რომ სიზმარში ის ხდება, რაც სინამდვილეში გვინდა; მეორე – განვლილ დღეს ვაჯამებთ თავისებურად და მესამე, ყველაზე მისტიკური – ძილის პერიოდში ადამიანი კვდება და სხეულს ტოვებს, შესაბამისად, მისი სული სრული სიმძაფრით შეიგრძნობს ყველაფერს, რაც სიზმარში გადახდება, იქნება ეს უფსკრულში ჩავარდნა, თუ გაქცევა რომ გინდა და ფეხებს ვერ იმორჩილებ.
    სიზმრების ახსნას რაც შეეხება, ბიბლიაში იოსები იყო პირველი, რომელის წინასწარმეტყველურად ხსნიდა სიზმრებს და ესეც იმიტომ, რომ ფარაონი მას უჯერებდა.
    დასკვნა: თუ გვჯერა, სიზმარიც ახდება და ყველაფერიც, საბოლოოდ все в нашей голове.

  4. Lalena ამბობს:

    ტაკ! ყოველი დილა იწყება ბებიაჩემის ფრაზით:წუხელ მეზმანა (ნუ იმერელი ქალია:) )
    ხოოოდა, წარმოუდგენელია, მაგრამ თითქმის ყოველ ღამე ხედავს სიზმარს და დღე თავს იმტვრევს მისი ახსნით.

    მე? მე არასოდეს ვხდედავ, უფრო სწორად ვხედავ და არ მახსენდება, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ ადრე ფერად სიზმრებს ვხედავდი და ჩემ სიზმარში ადამიანებს სახეები არ ჰქონდათ, არ ვიცი რატომ, ისე მე კი ვხვდებოდი ვინ ვინ იყო და არც ის მიკვირდა, რომ სახე არ ჰქონდათ… უცნაურია ნამდვილად 🙂

    • unaamarga ამბობს:

      ბებიაჩემიც იგივენაირად იქცევა!:) ღმერთმა არ ქნას, ვინმე გარდაცვლილი დაესიზმროს, 1 კვირა ნერვიულობს, მეც ხომ არ ვკვდებიო!

Leave a reply to Giga კომენტარის გაუქმება