მწარეს ბლოგი

chez moi

გესთ პოსტი და სხვა დანარჩენი

პირველ რიგში რა უნდა გითხრათ! ბოლოს და ბოლოს მოვაბი თავი და ლილუს გესთ–პოსტი დავუწერე! ლილუ, მაპატიე ამდენი ხანი რომ გალოდინე, უბრალოდ მინდოდა რაღაც განსაკუთრებული დამეწერა (ან კაკ მინიმუმ აზრიანი :))! ხოდა, განსაკუთრებულ პოსტებს განსაკუთრებული მუზა უნდა, ხომ იცით! ერთი სიტყვით, დაუყოვნებლივ გაეშურეთ ამ არაჩვეულებრივ ბლოგზე და დატკბით!

ვინაიდან და რადგანაც განსაკუთრებული პოსტებისთვის მუზა დღეში ორჯერ არ მომდის ხოლმე, უბრალოდ მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს! არც არაფერი ისეთი, პრინციპში. როგორც წინის წინა პოსტში გავიძახოდი, რაღაც მართლაც შეიცვალა და ჩემი იდეალური უფროსი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. ვარ ახლა ასე უუფროსოდ, უპატრონოდ და უსაქმოდ! ისე კი, ეგ იქით იყოს და არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ დამშვიდობებისას ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი ჩვენს ოფისში ტენიანობის მომატების აშკარა საფრთხეს ქმნიდა! რა გითხრათ, აბა?! ყველა ვინც გაიგებს, რომ უფროსი წამივიდა და განვიცდი, მამშვიდებს, შენ არავინ გამოგიშვებსო, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მინერვიულია ამის გამო! თავისთავად ამ ადამიანის წასვალს განვიცდი ასე და მარტო იმიტომ არა, რომ ფანტასტიური უფროსი იყო! აი, ხომ იბადებიან ხოლმე მსახიობებად, მხატვრებად, მომღერლებად?! ხოდა, ეს კაცი მოსამართლედ დაიბადა და მისი სასამართლო სისტემიდან წასვლა შეუვსებელი დანაკლისია! არა მგონია საზოგადოებისათვის  გასაგები იყოს, რას ვგულისმობ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეები მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ სარგებლობენ დღეს, მაგრამ მე ხომ ვიცი?! დიახ მე, მისმა თანაშემწემ და კიდევ გარკვეულმა ხალხმა ვიცით რას აკეთებდა ეს ადამიანი და მისი წასვლა უბრალოდ გამოუსწორებელი შეცდომაა! თუ ოდესმე მოსამართლეობაზე ვიფიქრებ, რაც ამ წუთას ძალიან მეეჭვება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც ვგავდე! ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებ, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა, მაგრამ რატომღაც არ მჯერა!

ხო,  ამის გარდა, კიდევ ერთხელ გამაცოფეს ექიმებმა! აღარ ვიცი უკვე რა უნდა მოვიმოქმედო, სერიოზული არაფერი მჭირს, მკურნალობა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, განთქმულ სეპციალისტებთანაც დავდივარ და ამის მიუხედავად, ამდენთვიანი მკურნალობის შემდეგ, ჩემი ანალიზები იმაზე უარეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე! What the hell?! არ მახოსვს, მედიცინის ღმერთს რა ერქვა სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში, მაგრამ ფაქტია, რაღაც სერიოზულად ვაწყენინე!

დღეს რამდენჯერმე დავფიქრდი მთელი ჩემი მკურნალობის პროცესზე, ყველა იმ სპეციალისტზე, რომელიც გარანტიას მაძლევდა, უფ, სულ მალე გიშველიო, ყველა იმედგაცრუებაზე და იცით, რა მიხარია? არც ერთხელ თავში არ გამივლია “ამდენი ფული რაში დავხარჯე?!” ფულები არც მუთაქებში მიწყვია და არც მედიცინა უჯდება ვინმეს იაფი, თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ ყველა იმ ფაქტიურად უნიტაზში ჩარეცხილ თანხებზე ერთ წვეთ სინანულსაც არ ვგრძნობ! მე ეს მომწონს და თქვენი არ ვიცი!

6 კომენტარები »

თოვლიანი ვითომ–პოსტი

შაბათს დილით როგორც კი გავიღვიძე და მეზობლის დათოვლილი სახურავი დავინახე, ჩემმა განწყობამ ერთი ოქტავით მაღლა აინაცვლა. ეს ამაღლებული ხასიათი გაგრძელდა ზუსტად იმ მომენტამდე, როცა თოვლმა ჩემს ჩექმებში დაიწყო დნობა!

არანორმალურად დატვირთული ვარ, ეს ერთადერთი არგუმენტი მაქვს გაქრობისათვის. სამაგიეროდ, ჩემი შრომის შედეგი ძალიან მალე დღის შუქს იხილავს და მიხარია! 🙂

როგორც კი წესიერად მოვიცლი, ბლოგის დიზაინს შევცვლი, ან ჰედერს მაინც. რაღა დროს ახალი წელია შუა თებერვალში, მაგრამ რაღაც ჩემეული მინდა მოვარგო და სანამ ეგეთი მომიფიქრებია, აიტანეთ ეს! დარწმუნებული ვარ, ჩემი სიბრძნეების წაკითხვაში ხელს არ შეგიშლით! 😉

ხო, ალბათ გაგიკვირდებოდათ, ეს ვითომ–პოსტი რაღააო, მაგრამ სამოქალაქო სამართალში თუ არსებობს ვითომ–კრედიტორის ცნება, ვითომ–პოსტი რომ იყოს რა დაშავდება! მარტივად რომ აგიხსნათ, ვითომ–კრედიტორი არის პირი, რომლის წინაშეც ვასრულებთ ვალდებულებას, რომლის შესრულებაც კანონით არ გვევალებოდა და არც მას ჰქონდა უფლება ეს შესრულება მიეღო. ანუ, სიტყვაზე,  თქვენმა ორგანიზაციამ, ფინანსურ დოკუმენტებში გაუგებრობის გამო, ხელფასი ორჯერ რომ გადაგიხადოთ, თქვენ მაშინვე ვითომ–კრედიტორი გახდებით (რატომ ჩავაკვეხე ეს აქ, მაინც ვერ გავიგე, პროფესია თავს არასოდეს მანებებს!:)).

სოფისთან წავიკითხე ადრე, ერთი დღე მაქვს გამოყოფილი წიგნებისათვის ინტერნეტის გარეშეო. იდეა მომეწონა და გადავწყვიტე კვირა დღე მეც უკომპიუტეროდ გავატარო ხოლმე (რა თქმა უნდა, რამე სასწრაფო საქმე თუ არ მექნება). ფილმების საყურებლადაც არ ჩავრთავ, იმიტომ, რომ როგორც დღევანდელმა პრაქტიკამ დაადასტურა, როცა კომპიუტერს იაკობი მხოლოდ ფილმისთვის ვრთავ, ხელი სხვაგანც მიცდება ხოლმე. ასე რომ, დღეიდან კვირის განრიგში  შედის ყველაფერი, რასაც ეს პატარა და ეგზომ საყვარელი ყუთი არ სჭირდება! წიგნებზე გამახსენდა, გუშინ იურიდიულ ლიტერატურას ვეძებდი და ერთ–ერთ საიტზე ჰიუ ლორის “The Gun Seller”-ს წავაწყდი. დიახ, არ მოგჩვენებიათ, წიგნის ავტორი სწორედაც ჰაუსის როლის დიდებული შემსრულებელია! უნდა ვნახო ერთი, ისევე კარგად თუ წერს, როგორც თამაშობს!

და ბოლოს, რამდენიმე სერიოზული თემა მიტრიალებს თავში საპოსტედ, როგორც კი ცოტას მოვიცლი, გადმოვაფრქვევ! შეხვედრამდე და გმადლობთ, რომ გყოფნით მოთმინება ჩემი იშვიათი გამობრწყინებებისათვის!

7 კომენტარები »