მწარეს ბლოგი

chez moi

Sort of coming back

არა, დიდი ხანია, მეტ-ნაკლებად მეთანაღრებოდა გული ჩემს ბლოგზე, მაგრამ დღეს დაბრუნების განსაკუთრებული სურვილი ვიგრძენი. მე მჭირდება პოსტვა! სოფის ამ პოსტმაც მომცა მცირე ბიძგი! ისეთი პოსტები მწყურიაო, სადაც ადამიანები საკუთარცხოვრებაზე ისაუბრებენ და ყოველდღიურ ამბებს მოყვებიანო! მე ვწერდი ასეთ პოსტებს და ასეთი ბლოგებიც მომწონდა! ახლაც მომწონს!

წელიწადზე მეტი პაუზის შემდეგ, დაბრუნება ადვილი არ იქნება, ცხადია! სავარაუდოდ, იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც ჩემი პოსტები მოსწონდა, აქაურობის „მისამართი“ დაავიწყდებოდა უკვე. ისიც გასათვალისწინებელია, არ ვიცი, რამდენად ხშირად დავპოსტავ, როდემდე მენდომება წერა და წასვლას ისევ როდის გადავწყვეტ, მაგრამ ახლა აქ ვარ! ისევ ისე გავაგრძელებ! დავწერ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, წაკითხულ წიგნებზე, ფილმებზე, ჩემს შეხედულებებსა და მოსაზრებებზე! Just let me be!

Advertisements
6 კომენტარები »

Kiss Me Good-bye, I’m Defying Gravity!

მწარეს პოსტვა აღარ უნდა! აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი ამ დღეებში! აღარ მომიწევს გული აქ. მარტო ბლოგზე კი არა, საერთოდ ინტერნეტსამყაროში. სამსახურიდან დაბრუნებული კომპიუტერს თითქმის აღარ ვრთავ. რაღაცნაირად მეორე ხარისხოვანი გახდა, ვინ რას ტვიტავს ან აშეარებს ფეისბუქზე! შედეგად, უფრო მეტი მძინავს, დასვენებული ვარ და მეტს ვურთიერთობ რეალურ ადამიანებთან. პოსტვის შეწყვეტის პარალელურად, დღიურის წერა განვაახლე. ყოველ საღამოს ვწერ განვლილი დღის შესახებ, აბსოლუტურად გულახდილად და შეულამაზებლად, რაც ანალიზის მეტ საშუალებას მაძლევს. ბლოგზეც ყოველთვის გულახდილი ვიყავი, უბრალოდ, არის რაღაცეები, რასაც აქ არ გამოვფენ, მისი პირადი ხასიათის მიუხედავად!

არ იფიქროთ, რამე ცუდი ხდებოდეს, პირიქით, კარგად ვარ! მართლა კარგად!  როგორც იქნა, მე და მე მეგობრები გავხდით! დიდი ხანია, ასეთი სიმშვიდე და ჰარმონია არ მიგრძვნია (ნუ დღეს პმს-მა ამრია ცოტა, მაგრამ ეს არ ითვლება)! ამგვარი ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, უკვე რამდენიმე თვეა აქეთკენ მოვდივარ, მაგრამ გასულ კვირას ყველაფერი საბოლოოდ დალაგდა თავის ადგილას! არასოდეს ვყოფილვარ ასეთი თავდაჯერებული და ძლიერი! ვგრძნობ, როგორ ვტოვებ წარსულში ბევრ პრობლემას და შიშს! მზად ვარ, ყოველგვარი წინააღმდეგობა დავძლიო და ვიბრძოლო, თუ დამჭირდა!

მოკლედ, სამომავლოდ ვაპირებ მთელი ძალისხმევა  და დრო ჩემი გეგმების განხორციელებისაკენ მივმართო, რომლებიც როგორც პირადულ საკითხებს, ისე პროფესიულს მოიცავს! ბლოგს რაც შეეხება, I just don’t belong here! ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მეჩვენება! ბოლო პერიოდში მოვალეობის მოხდის გამოღა ვწერდი, რაც არასწორია! არ მინდა, აქაურობა ნაძალადევი პოსტებით გადავავსო! არ იმსახურებს ეს ბლოგი სიყალბეს! საამისოდ მეტისმეტად მიყვარს! სათქმელი კი, ამ ეტაპზე, აღარ დამრჩა, მგონი! აღარც სხვის ნაწერებს ვკითხულობ დიდად, მხოლოდ რამდენიმე საყვარელ ბლოგს, რომლებსაც სანამ თვითონ დავიწყებდი წერას, მანადეც ვსტუმრობდი! მოკლედ, მგონია, რომ მეყოფა!

ეს არაა საზეიმო გამომშვიდობება! ოფიციალურად არსად მივდივარ, არც ბლოგს წავშლი! იყოს, ვის რას უშლის! თუ ისევ ამექავა ხელები საწერად, დავბრუნდები, თუ არა, რას ვიზამთ, ბევრი კარგი ბლოგია ინტერნეტსივრცეში! არც იმას გამოვრიცხავ, სხვა, განსხვავებული შინაარსის ბლოგი გავაკეთო, რომლებიც სრულებით არაპირადულ საკითხებს დაეთმობა ან ისევ ამას შევუცვალო პროფილი! ერთი სიტყვით, For a while და ვნახოთ, მომავალში რა იქნება! ეს კი სიმღერა, რომელიც სრულად შეეფერება ჩემს განწყობას! სორი, უკეთესი ვიდეო ვერ ვიპოვე!

7 კომენტარები »

First Anniversary!

ვუალა! ჩვენ ერთი წლის ვართ! შარშან, ამ დღეს ამ ბლოგზე პირველი პოსტი გამოქვეყნდა! გულწრფელად გეტყვით, როდესაც ვიწყებდი, მეგონა აქამდე ვერ მოვაღწევდი! ჩვეულებრივ, დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ, მაგრამ მალევე მბეზრდება. ასე კი იმიტომ მეგონა, რომ მაშინ კარგად გაცნობიერებული არ მქონდა აქაურობის მთელი ხიბლი! იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ბლოგი და მისი განვითარების ეტაპებზე ერთხელ უკვე დავწერე, აღარც კი ვიცი, რა უნდა დავამატო! წარმატებული ბლოგერები აქ, ალბათ, სტატისტიკით და ბლოგოსფეროში საკუთარი მყარი ადგილით მოიწონებდნენ თავს. მე ამ თვალსაზრისით სატრაბახო ნაკლებად მაქვს, მაგრამ ეს იმდენად არ მაწუხებს. იმავე წამრატებული ბლოგერების მაგალითზე შევამჩნიე, რომ როდესაც ბლოგი მხოლოდ ციფრებად იქცევა, ის კვდება!

მაინც, რა ხიბლი აქვს აქაურობას ისეთი, რომ ვეღარ ვეშვები და ყოველთვის უკან ვბრუნდები? ოოო, უნიკალური სამყაროა! აქ შენ ხარ ყველაფრის ბატონ–პატრონი და “სტენკას” სადაც გინდა იქ დადგამ! დაწერ რაზეც გინდა, როგორც გინდა და რამდენსაც გინდა! იმაზეც კი, რაზეც არ საუბრობ ხმამაღლა და ამას სრულიად ბუნებრივად აღიქვამ!

კიდევ რითია განსაკუთრებული? ამას წინათ, ყოფილმა სტაჟიორმა, ასევე ბლოგერმა ფეისბუქზე დამიმატა და მერე მომწერა, ამდენი ხანია ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ ავტორი შენ თუ იყავი, არ ვიცოდიო! მე რაც შემეხება, ერთ–ერთი პირველი იყო, ვის პოსტებსაც ვკითხულობდი და სანამ ფოტო არ დადო, ვერ მივხვდი ვინ წერდა. ასეთია ბლოგოსფერო! ვინ იცის, ახლა რამდენი ჩემი ნაცნობი კითხულობს ამ პოსტს და ვერც ხვდება, მათ გვერდით მჯდომმა წყნარმა და ნაკლებად კომუნიკაბელურმა გოგომ რომ დაწერა! ან, იქნებ, მე ვიყავი გუშინ საღამოს შესული იმ ცისფერთვალება გოგოს ბლოგზე, ავტობუსში ჩემს წინ რომ იდგა და მისი ოცნებების ან დაფარული სურვილების შესახებ წავიკითხე! დიახ, ეს ის სამყაროა, რომლის მონაწილეებსაც არ ვიცნობ პირადად, სამაგიეროდ სულ ზეპირად ვიცი მათი დღის წესრიგი, ფეხმძიმობის დეტალები ან მეუღლესთან კონფლიქტები, მისწრაფებები, გემოვნება (ასე თუ ისე) და გეგმები, ვგულშემატკივრობ და მიხარია მათი წარმატებები! მახოსვს, როგორ გავბრაზდი ერთხელ ფეისზე “ნიჭიერის” ბლოგერებზე “იაზვური” კომენტარები რომ ვნახე! ხომ ვთქვი, მაინც ჩემიანები არიან, თუმცა არც ერთს ვიცნობ პირადად! ჩვენ ყველა ერთ სახლში ვცხოვრობთ! აქვს კი პირად ნაცნობობას რამე მნიშვნელობა? ჩემს რეალურ ნაცნობებს შორის ცოტა თუ მოიძებენება ისეთი, ვისთანაც იმდენივე მაქვს საერთო, როგორც ზოგიერთ ბლოგერთან.

კიდევ? აი, ჰაუსის ბოლო სერია ხომ ნახეთ, ბლოგერ პაციენტზე? იქ ამბობს ის გოგო, ინტერნეტსამყარო იმიტომ მიყვარს, რომ მარტო აღარავინააო, ნებისმიერ წამოწყებაში 10 თანამოაზრეს მაინც იპოვიო! Exactly! მაშინაც კი, როცა გრიპზე და გაზაფხულზე ვწუწუნებ, ხუთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც რჩევას მაძლევს და მალე გამოჯანმრთელებას მისურვებს!

რაც შეეხება იმას თუ როგორ გავიზარდე მე ამ ერთი წლის მანძილზე! როდესაც ქართულ ბლოგებს პირველად გავეცანი, გულუბრყვილოდ წამოვიძახე –ასე ხომ მეც შემიძლია– და მაშინვე მომინდა ჩემი გამეკეთებინა! რარიგად ვცდებოდი! თურმე რა ძნელი ყოფილა სხვისთვის საინტერესო იყო! ზუსტად ამიტომ, წინა ორი ბლოგი არ წაშლილა, მაგრამ უპატრონოდ იმტვერება სადღაც ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში. რაც შეეხება ამ ბლოგს, არც ახლა ვცდილობ, ვინმეზე მორგებას, მაგრამ არც ყოველგვარ ნაბოდვარს ვაქვეყნებ! საერთო ჯამში, რაც ნათლად დავაფიქსირე ისაა, რომ უკეთესად ვწერ სტილის თვალსაზრისით! გადახედეთ პირველ პოსტებს შესადარებლად. იქ უფრო სასამართლო დოკუმეტების ენით ვწერ! აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბლოგის არსებობა ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. მიხარია, რომ იმ ნეგატივმა, რაც მაკრავდა, ბლოგზე მხოლოდ რამდენჯერმე გადმოჟონა! გარკვეულწილად კი, ბლოგი მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში. ამიტომაც ვარ აქ!

დასასრულს გეტყვით, რომ ძვლის ტვინამდე მოწამლული ვარ აქაურობით და აწი პოსტვას ვერაფერი გადამაჩვევს! სანამ ერთი კომენტარი მაინც დამხვდება, ერთი მკითხველი მაინც მეყოლება, აუცილებლად დავწერ!

9 კომენტარები »

ჩემი ბლოგი ანუ chez moi!

დღეს გადავწყვიტე, ჩემი ბლოგის შესახებ გიამბოთ! უფრო სწორად, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულების შესახებ. იყო დრო, წარმოდგენაც არ მქონდა ამ ყველაფერზე. მიუხედავად იმისა, რომ მასალების ძებნისას ბევრი ცნობილი იურისტის ბლოგზე შევსულვარ, კარგად არასოდეს მესმოდა, რას ნიშნავდა მაგიური სიტყვა „ბლოგი“! შარშან, დაახლოებით ამ პერიოდში, ინტერნეტში ქექვისას ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე მოვხვდი. დიდად ვერ დამაინტერესა, მაგრამ მისგან სხვებთან გადავედი და … დაიწყო! პირველი, ვინც მართლა მომხიბლა, დოდკა იყო, რომელიც თავიდან ბიჭი მეგონა! 🙂 სადღაც მე-5 პოსტს ვკთხულობდი, როცა მივხვდი, რომ გოგო წერდა! მისი მეშვეობით სხვა ძალიან კარგ ბლოგებს გავეცანი. არ ჩამოვთვლი, ბევრი გამომივა, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის სოფის ბლოგის აღმოჩენა! ვინმეს გტოვებთ გულგრილს ეს საოცრად თბილი, კეთილი და მზიანი პოსტები? არც მე! მოკლედ, არ გაგიკვირდებათ, რომ დავინტერესდი, ჩემზე კარად იცით ამ სამყაროს ხიბლი! მეც მომინდა წერა და დავიწყე კიდეც. ამ ბლოგს წინ ორი სხვა უსწრებდა. არც ერთი ვარგოდა რამედ და სრულიად სამართლიანად განადგურდა! თავიდან მეგონა, ბლოგი ვორდის ფაილის ინტერნეტ-ვერსია იყო და ნებისმიერ სისულელეს თუ დავწერდი, რაც იმ წუთას თავში მომივიდოდა, საინტერესო იქნებოდა.

მესამე ბლოგი შედარებით უფრო გააზრებულად გავაკეთე. თავიდან კარგად დავფიქრდი, რა მქონდა სათქმელი. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, არ მინდოდა თემატური ბლოგი, იმიტომ, რომ ერთადერთი სფერო, სადაც ბოლომდე ვერკვევი და სადაც სხვასაც შემიძლია რამე გავუზიარო, სამართალია. შესაძლოა, ამგვარი გვერდი უფრო სასარგებლო ყოფილიყო, მაგრამ მე არ მინდოდა იურიდიულ საკითხებზე წერა! ეს პროფესიაა და ისედაც დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში! ასე რომ, ისევ ძველ ხაზს მივყვები! ვწერ ყველაფერზე, რაც თავში მომივა და რისი გაზიარებაც მინდება! შესაშური სტატისტიკა ნამდვილად არ მაქვს და თვითონაც ძალიან კარგად ვიცი, რა აკლია ამ ბლოგს, მაგრამ, მაინც არის ხალხი, ვისაც მოსწონს ჩემი ნაწერი და მე ეს მყოფნის! ბუნებრივია, შემიძლია მივყვე, მაგალითად, სვითის გაკვეთილებს, დავგეგმო პოსტები ისე, როგორც სამუშაოს ვგეგმავ და კიდევ სხვა გზებს მივმართო აქაურობის გასაუმჯბესებლად, მაგრამ ასე წერა მომწონს, სპონტანურად და მხოლოდ იმაზე, რაც კონკრეტულ მომენტში მაწუხებს ასე უფრო გულწრფელი და უფრო ჩემეული ნაწერი გამომდის, თითქოს (სხვები მე ნუ დამიჯერებთ! სვითის და სხვა გამოცდილი ხალხის რჩევებს მიყევით)!

მოკლედ, ბლოგის შექმნის და მისი შეყვარების შემდეგ, იყო მისი ჩემს მიერ ოფიციალურად აღიარების ეტაპი! ახლავე აგიხსნით, რაზეა საუბარი!  თავიდან, როცა წერა დავიწყე, კატასტროფულად არ მინდოდა, ვინმეს იგი ჩემთან დაეკავშირებინა. თითქოს მე სხვა ვიყავი და ეს ვიღაც მწარე კიდევ სხვა! ამიტომაც არ არის ვორდპრესის ანგარიშში მითითებული ის მეილი, რომელსაც ჩვეულებრივ ვიყენებ (და რომელიც ჩემს სახელსა და გვარს შეიცავს), ბლოგი ასევე არ იყო ფეისბუქზე ჩემს აქაუნთთან დაკავშირებული და არც ამ ქსელში ქართველი ბლოგერების გვერდზე დავრეგისტრირებულავრ საკმაოდ დიდი ხანი, რომ ვაიდა, ვინმესათვის ცნობილი არ გამხდარიყო მისტიური მწარეს ვინაობა :D! ყოვლად არაჯანსაღი დამოკიდებულებაა, გეთანხმებით! განსაკუთრებით გული მისკდებოდა, რომელიმე ჩემი რეალური ნაცნობი არ მოხვედრილიყო აქ, თანამშრომელი, მეგობარი ან კიდევ სხვა ვინმე. მერე გავიარე ეს მომენტი და გადავწყვიტე ეს ორი, რეალური და ვირტუალური პიროვნება გამეერთიანებინა! ახლა ჩემი ბლოგი ყველა ჩემს სიგნიჩაშია (ნუ, არა სამსახურის მეილზე, ცხადია), ფეისბუქზე ჩემს პროფილთანაც მიბმულია, ქართველი ბლოგერების ჯგუფშიცაა და ჩემს მეგობრებშიც არიან სხვა ბლოგერები! ჩემი მეგობრები და კოლეგებიც შემოდიან ხოლმე აქ! თავიდან, საკუთარი თავის იდენტიფიცირება რომ მოვახდინე, მეგონა, ისე გულახდილად და პირდაპირ ვეღარ დავწერდი რაღაცეებს, მაგრამ არა! ისედაც მესმოდა ბლოგსა და პირად დღიურს შორის განსხვავება და რისი საჯაროდ გამოფენაც მინდა, იმას კი ისევ ისე ვწერ, როგორც მანამდე. თავისებური მუღამიც აქვს ამ ყველაფერს! ამ ხალხს იმ სამყაროში ვახედებ და სულის იმ ნაწილს ვუჩვენებ, რომელსაც, პრაქტიკულად, არასოდეს ვეხები პირადად საუბრისას. ვიღაცეებმა მართლა აღმოაჩინა, რომ არ ვყოფილვარ ისეთი უემოციო, როგორც ვჩანვარ!

ხოდა, ახლა მართლა ჩემი ნაწილია აქაურობა, მართლა შე მუა ხართ ყველა, ვინც შემოდიხართ! მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ წერა მეზარება, მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული და რეიტინგული ეს ბგლოგი ვერასოდეს იქნება, ჩემივე დამოკიდებულების გამო, აქაურობა მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს! მიტოვებაზე არ ვფიქრობ! იცით, განსაკუთრებით რთული შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ პოსტვის დაწყება იყო. ერთთვიანმა პაუზამ აქაურობას გადამაჩვია, მაგრამ რომ გადავიკითხე ძველო პოსტები და კომენტარები, აღმოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თურმე ჩემი ნაწერი მოსწონთ და საინტერესოდ ეჩვენებათ! ამან გამამხნევა და თავიდან დამაწყებინდა ყველაფერი. ხოდა, ვაგრძელებ ისე, როგორც მე მომწონს და სანამ ერთი ამგვარი კომენტარი მაინც დამხვდება, წერას არ შევწყვეტ!

და ბოლოს, ახლო წარსულში რამდენიმე ჩემმა კოლეგამ მკითხა, რაში გჭირდებაო ეს ბლოგი და არ გეშინია, მანდ გამოთქმულმა აზრებმა სამსახურებრივი კარიერა რომ გაგიფუჭოს შემდეგშიო! პირველ კითხვას, მგონი, პოსტმა გასცა პასუხი – არ მჭირდება, მიყვარს და ხომ მაქვს უფლება ვაკეთო რაღაც საკუთარი სიამოვნებისათვის? მეორე კითხვას რაც შეეხება, ამაზე ფიქრიც სისულელეა! ამ ბლოგს არ აქვს ისეთი შინაარსი, რომ რამენაირად დამაზარალოს, თანაც, რომც ჰქონდეს, მაინც არ შემეშინდებოდა, ეტა ტავო სტოილა ბი!

14 კომენტარები »