მწარეს ბლოგი

chez moi

No more media!

დაგპირდით, ყოველდღიურობაზე დავწერ-მეთქი, ჰოდა, აი, ბატონო! დღის ბოლოს ჩათბუნებული იატაკზე ვზივარ და ვცდილობ, საკუთარ სასემინარო ნაშრომზე მოვახდინო ყურადღების კონცენტრირება! რაღაც არ გამომდის! ისევ პოსტი იყოს! 🙂

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, ყველაზე დიდი ბოროტება, რაც ადამიანს შეუქმნია, მედიაა, რა თქმა უნდა, ატომური ბომბის და სხვა მასობრივი განადგურების იარაღების შემდეგ! სამაგიეროდ, მედია ტვინის გალაყების მასობრივი საშუალებაა. ვიღაცა შენს ნაცვლად წყვეტს, რა აზრი უნდა შეგექმნას ამა თუ იმ საკითხზე და ყველაფერს ისე გაწვდის, როგორც მას უნდა რომ დაინახო! თუ შეიძლება, ჩემს პოსტში ხელისუფლების მხრიდან მედიასაშუალებების კონტროლთან დაკავშირებულ წუხილს ნუ დაინახავთ! არ ვიცი, ვინ ვის აკონტროლებს,თუ საერთოდ აკონტროლებს,  ვინ ვისი ინტერესების გამტარებელია და არც მაინტერესებს! არც ქართულ უხარისხო ტელეგადაცემებზე წუწუნს ვაპირებ, რამეთუ ძალიან დიდი ხანია, არც ერთი მათგანი მინახავს! ზოგადად, მედიის ფენომენზე მაქვს საუბარი, რომელიც, გადაცემების ხარისხს და ჟურნალისტების პროფესიონალიზმს თუ არ ჩავთვლით, საქართველოშიც, ამერიკაშიც და ერაყშიც ერთნაირია. ყველა შემთხვევაში ვიღაცის მსოფლმხედველობის ტყვე ვართ და საკუთარი ობიექტური აზრის ჩამოყალიბებს საშუალება არა გვაქვს!

ყოველთვისაც ვიცოდი, ტელევიზორი რომ კლავდა, პრესაც, ზოგ შემთხვევაში, უბრალოდ ეს დღეები უფრო ახლოს ვნახე, როგორ ხდება ფაქტების უხეშად დამახინჯება, სიტყვების გადათამაშება, კონკრეტული გვარების სრულიად უადგილოდ მიბმა და საკითხის ისე წარმოჩენა, როგორც ეს ვიღაცას სჭირდება, როგორც საზოგადოება უკეთესად გადაყლაპავს სატყუარას! It’s annoying!

ყველაფერი ამის ფონზე, რა კარგია ჭკუა რომ მეყო და ჟურნალისტი არ გავხდი! და კიდევ… არც ადვოკატი! ადვოკატები რაღა შუაშია? იხილეთ ჩემი ძველი პოსტი მათზე!

Advertisements
დატოვე კომენტარი »

გვაქვს ყური?

ზოგადად, თითქმის არ ვწერ ქართულ ტელე-პროექტებზე და გადაცემებზე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ, პრაქტიკულად, თვალს არ ვადევნებ. ”ნიჭიერი” გამონაკლისი იყო. შემიძლია ვთქვა, რომ მართლა მომწონდა ეს შოუ (გარკვეულ მომენტებს თუ გამოვტოვებთ), თუმცა, გუშინდელი ფინალის შემდეგ, ვნატრობ, საერთოდ არ მეყურებინა! ამ შემთხვევაში, ჩემი აღშფოთების ადრესატი არც თავად შოუა და მითუმეტეს არც ჟიური (მაგათ სხვა ”ცოდვებიც” ეყოფათ)! პრობლემა ჩვენშია! ჩვენი განვითარების და მუსიკალური გემოვნების ნათელი ილუსტრაცია ვიხილეთ გუშინ!

რა მაბრაზებს? უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანმა მოუსმინო ანი ხანჩალიანის ან მარიამ კახელიშვილის სიმღერას და მათ სხვა ამჯობინო!

ზოგადად, არც ლევან შავაძეს ვერჩი რამეს, თავის ჟანრში მშვენივრად იმღერა და ძალიან არ მომეწონა მის გამარჯვებასთან დაკავშირებული კომენტარები, არიქა, სოფლელებმა წაგვეკესო! ამ ხალხს დაღუპავს საქართველოს მარტო თბილისით განსაზღვრისადმი ეგზომ აქტიური მიდრეკილება! რა შუაშია სოფელი და ქალაქი?! აქ იმაზეა საუბარი, ვის უფრო ეკუთვნოდა გამარჯვება, დაბადების ადგილის მიუხედავად! ლევან შავაძე ვაკეში დაბადებულ-გაზრდილიც რომ ყოფილიყო და ანი ხანჩალიანი (ან მარიამი) ძიმითში, მაინც ვიტყოდი, რომ გამარჯვებას ეს უკანაკნელი უფრო იმსახურებდა!

როდესაც საუკეთესოს არჩევაზეა საუბარი, გამარჯვებულის ტიტული მას ნამდვილად არ ეკუთვნოდა! შოუში, ზემოთდასახელებულების გარდა, რამდენიმე მონაწილე იყო, რომელიც მასზე მეტად იმსახურებდა ყველაზე ნიჭიერის წოდებას! თუმცა მე  ჩემს ფავორიტებზე შევჩერდები.

თავიდანვე ანი ხანჩალიანი და მარიამ კახელიშვილი მომწონდა. აღარც ვიცოდი, რომლისთვის მეგულშემატკივრა! დარწმუნებული ვიყავი, ერთ-ერთი გაიმარჯვებდა!

საბოლოოდ, მარიამმა  ჩემი გული მთლიანად მოიგო და შოუს მსვლელობისას მობილური არ გამიშვია ხელიდან! ყველა მანამდე არსებული პროექტის ყურებისას მხოლოდ პასიური გულშემატკივრის როლში ვიყავი, არავისთვის დამიმესიჯებია. ეს ბავშვი პირველი გამონაკლისი იყო!

რა მივიღეთ შედეგად? ხანჩალიანი სამეულშიც ვერ მოხვდა, მარიამმა კი ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო სამ რჩეულს შორის (მეორე ადგილზე გულნაზ გოლეთიანი გავიდა)! შედეგების გამოცხადებისთანავე ტელევიზორი გამოვრთე და ცოფების ყრას შევუდექი! კი ვიცოდი ჭკუასა და გემოვნებაში ძალიან რომ გვიჭირდა, მაგრამ ყურები თუ საერთოდ არ გვქონდა, არ მეგონა!

ძალიან კარგად მახსოვს, მარიამმა კასტინგზე რომ თქვა, არც ერთ კონკურში გამიმარჯვიაო. გავოგნდი მაშინ, როგორ შეიძლება ასეთი მონაცემების წინაშე ყველა კარი არ გაიღოს-მეთქი! თურმე ჯერ სად ხარ?! რა უნდა ვთქვა, იმის გარდა, რაც ჩემამდეც ბევრმა აღნიშნა უკვე – რესტორნის მენტალიტეტს ვერ გასცდა ეს ხალხი!

სადღაც მოვკარი ყური (თუ თვალი) და არ ვიცი, სიმართლეა თუ არა, რომ მარიამს სიმღერისთვის თავის დანებება უნდოდა და თუ პროექტში ვერ გაიმარჯა, ასეც მოიქცევაო! ამაზეც მინდა ორი სიტყვა დავწერო!

მოქმედება ჰოლივუდური მელოდრამაში რომ მიმდინარეობდეს, მარიამი აუცილებლად გაიმარჯვებდა და ოცნებას აისრულებდა, მაგრამ ეს ფილმი არაა, ცხოვრებაა, სადაც გაცილებით რთულია დასახული მიზნებისაკენ სვლა! ყველაფერი ისე არ მოდის, როგორც გვინდა და როგორც ვიმსახურებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს გაჩერების უფლებას!

მიუხედავად იმისა, გქვია თუ არა პროექტის გამარჯვებული, ჩვენთვის, შენი გულშემატკივრებისათვის, მარიამ, შენ ყველაზე ნიჭიერი ხარ და ესაა მთავარი! ღმერთმა დაიფაროს, რომ სიმღერა აღარ გააგრძელო! როდესაც ასეთი ნიჭი გაქვს მომადლებული, მასზე უარის თქმის უფლება უბრალოდ არ გაგაჩნია!

საბოლოოდ კი ერთადერთი რამ მაქვს სათქმელი, ამ მომენტიდან არც ნიჭიერის შემდეგ სეზონებს და არც სხვა ქართულ შოუებს თვალს აღარ ვადევნებ! ჩემი ნერვები მეცოდება!

10 კომენტარები »

The Host

აუტანელი ამინდის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, პრაქტიკულად, შინაპატიმრობაში ვარ! მოსაწყენია! ეს დღეები სტეფანი მაიერის სათაურში მითითებული დასახელების წიგნს ვკითხულობ. დიახ, ეს იგივე სტეფანი მაიერია, ყბადაღებული “ბინდის” ავტორი! აქ, სცენარის მიხედვით, ირონიული ღიმილის დროა, წიპა სულ გამოშტერებულა, რეებს კითხულობსო! შეგიძლიათ ეს აზრი ხმამაღლა დააფიქსიროთ კომენტარებში, მე მაინც არ მეწყინება! 😉 რაც გინდათ ის მითხარით, მაგრამ ამ ქალის მოთხრობებს ერთი დიდი ხიბლი ნამდვილად აქვს – ისე გადმოსცემს საკუთარი პერსონაჟების განცდებს და გრძნობებს, რომ შენც მათ ნაწილად გაქცევს! თვით დიდ კლასიკოსებსაც არ გამოსდით ყოველთვის ასე! “ბინდი” ბოლომდე ზუსტად ამ მიზეზით წავიკითხე, თუმცა “ჰოსტი” სხვა საქმეა! საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია! თვით მეც კი, რომელსაც ღრმა ბავშვობის შემდეგ sci-fi- ს სერიიდან აღარაფერი წამიკითხავს და არც ამ ჟანრის ფილმებს ვწყალობ დიდად, მომეწონა წიგნის ეს მხარე! ბრჭყვიალა ვამპირებისაგან განსხვავებით, აქ საქმე სერიოზულადაა! 🙂 ამჯერად უხვად არიან სხვა გალაქტიკის მცხოვრებლები, უცხოპლანეტელები, რომლებიც თავს სულებს უწოდებენ და ადამიანის სხეულში სახლდებიან (სწორედ ამ სხეულს ეძახიან “ჰოსტს”), კიდევ სიყვარული და ბრძოლა დედამიწის გადასარჩენად. დეტალებს აღარ მოგიყვებით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ (თუ ასეთი საერთოდ გაგიჩნდათ).  თუმცაღა, პირადად ჩემთვის, “ჰოსტი” სხვა კუთხითაა საინტერესო.

საერთოდ, ნებიმისერი წიგნის (ფილმის, მუსიკის, სერიალის და ა.შ.), საინტერესოობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება შენთვის! გეუბნება რაიმე შენთვის ახალს? რაღაცაზე ჩაგაფიქრა ან სხვა თვალით დაგანახა გარკვეული საკითხები? უბრალოდ შენს ემოციებზე ითამაშა და ეს მოგეწონა? საკუთარი თავი იცანი? ესეიგი, კარგი ყოფილა და რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს დანარჩენი 5 მილიარდი თავიანთ ექსპერტ–კრიტიკოსებიანად?! I like what I like and not what I am supposed to like! ეს ისე, მცირე განმარტებასავით, რადაგანც ვიცი, ბევრი იტანჯება ამ უცნაური კომპლექსით – მე ეს მომწონს, მაგრამ ხმამაღლა რომ ვთქვა, ვაიდა, ნაკლებად განათლებული ან ჭკვიანი გამოვჩნდეო!

ახლა კი “ჰოსტს” დავუბრუნდეთ! რა მითხრა ამ წიგნმა ახალი? წიგნში აღწერილი უცხოპლანეტელი სულები ძალიან კეთილები, პატიოსნები, слишком правильные არიან და დედამიწის დაპყობას იმით ამართლებენ, რომ ადამიანებს ძალადობისკენ, სისასტიკისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ, მათ გარეშე სამყარო უკეთესი იქნება! წარმოიდგინეთ, არავითარი ომები, სერიული მკვლელობები, გაუპატიურებები და სხვა დანარჩენი სიბინძურე, რისი ჩადენაც ჩვენ შეგვიძლია! სამოთხეა, ფაქტიურად! თუმცა მერე სულები ხვდებიან, რომ ადამიანები უნიკალური არსებები ვართ და ცუდათან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი პოტენციალი გაგვაჩნია! ზუსტად ამაზე უნდა დავწერო! საქმე ისაა, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი წყალობა, მადლი, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ! ესაა ჩვენი ემოციები, გრძნობების მრავალფეროვნება! ის, რომ კარგთან ერთად, ცუდი საქციელისკენაც გვაქვს მიდრეკილება და პირიქით! არ ვართ დაყოფილები თეთრებად და შავებად (კანის ფერს არ ვგულისხმობ), ცუდებად და კარგებად! ყველაფერი დაბალანსებულია. ყველა სიკეთეში დევს ბოროტების მარცვალი და ყველა ბოროტში სიკეთის! ინი და იანი! არჩევანის საშუალება კარგსა და ცუდს შორის!!! ზუსტად ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, არსებობის უფლება გაგვაჩნია! მტრისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალი გადაწონის ჩვენი თანამოძმეების მიერ ჩადენილ სერიულ მკვლელობებს და სხვის გადასარჩენად გაწირული ერთი სიცოცხლე გამოისყიდის ათასობით წართმეულს, ჩვენზე უფრო მშიერითვის გაყოფილი პურის უკანასკნელი ნაჭერი კი სხვათა სიხარბეს და მომხვეჭელობას! ადამიანის გარდა, რომელ არსებას შეუძლია მისთვის უცხო თავისნაირის გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ცეცხლში შევარდეს ან  აბობოქრებულ მდინარეში გადახტეს? ის, რომ ამგვარი საქციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება იყოს, მას მნიშვნელობას არ უკარგავს!  ამ ყველაფერთან ერთად კი, ბოროტიც საჭიროა! სინათლეს ვამჩნევთ იმიტომ, რომ ვიცით როგორია სიბნელე! წარმოიდგინეთ სამყარო, ყოველგვარი ნეგატიური ემოციის გარეშე, ყველას ყველა რომ მოსწონდეს, არასოდეს ვბრაზობდეთ და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ სიმართლეს ვამბობდეთ, არავითარი ცდუნება და არავითარი კონკურენცია! ნებისმიერი სწორი საქციელი ჩვენი არჩევანი კი არა, გენეტიკური მახასიათებელი რომ იყოს! No fun, right?! მოკლედ, საბოლოო ჯამში, მთელი ეს პათოსი იმას ემსახურებოდა, რომ, ჩემი აზრით, იდეალურად правильный სამყაროში ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა!

და ბოლოს, ეს ყველაფერი სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არსებულ კეთილ ძალებს უფრო მეტი გასაქანი არ უნდა მივცეთ!

7 კომენტარები »

Open your eyes!

საერთოდ, ჩემი პრინციპია, რომ ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო! იმის გამო, რომ ბუნებით საკმაოდ ფიცხი ადამიანია ვარ, ასე გაბრაზებულზე მიღებული გადაწყვეტილებით წარსულში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი. სწორედ ამიტომ, დავნერგე წესად, რომ არაფერს არ გავაკეთებ მანამ, სანამ პირველი ემოციები არ ჩაივლის. ეს მეტ–ნაკლებად ჩემს ბლოგსაც ეტყობა, იმიტომ, რომ ყველა სკანდალურ და აღმაშფოთებელ საკითხზე პოსტებს ფაქტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვწერ, რადგანაც არ მინდა პირველმა ემოციებმა ხელი შემიშალოს რაღაცეების სწორად შეფასებაში, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, მე უბრალო ადამიანი ვარ, არ მომეთხოვება ყოველთვის მართალი ვიყო! თანაც ის ფაქტი, რომ საკუთარ თავს დაფიქრების საშუალებას ვაძლევ, არ გამორიცხავს, რომ მაინც არასწორად ვაფასებდე რაღაცეებს. მოკლედ, ეს პრინციპი გუშინ დავარღვიე, როცა “იმედის” იმიტირებულ სპეცრეპორტაჟზე მაშინვე დავწერე პოსტი. ის რაც გუშინ ნახეთ, პირველადი, გულწრფელი ემოციები იყო, მაგრამ რას ვფიქრობ დღეს, დასვენებულზე და გამოძინებულზე?

დღეს ბევრისგან მოვისმინე, როგორ ვერ მიხვდი, იმიტაცია რომ იყო, ჩვენ ეს მაშინვე შევამჩნიეთო?!

რასაკვირველია, მე რომ მთელი დღე ტელევიზორისთვის მეყურებინა მივხვდებოდი, ასე უცბათ ამხელა ამბები ვერ მოხდებოდა.

ან სხვა არხზე რომ გადამერთო;

ან თავიდანვე მეყურებინა იმ ვაი–ქრონიკისთვის და ანონსი მომესმინა;

ან დავფიქრებულიყავი იმაზე, რაც ჩემმა თვალმა აღიქვა და გონებამ ვერა – რომ სროლის კადრები უკვე ნანახი მქონდა!

მაგრამ როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის ვაკუუმში მყოფმა ადამიანმა ტელევიზორი ჩავრთე და პირველი რაც გავიგე იყო სიტყვები, რუსეთმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღოო, მექნებოდა რამის შემოწმების თავი?!

თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ ერთ–ერთი ვარიანტი დაგიხატეთ, თუ რატომ შეიძლებოდა ადამიანს სიმართლედ ჩაეთვალა ეს ვითომ–სპეცრეპორტაჟი.

ვფიქრობ, მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიჯერეთ ასე ადვილად ეს ნიუსი, ისაა, რომ შინაგანად ველოდებით მოვლენების ამგავრ განვითარებას! ყველამ ვიცით, რომ აქვე, ხელისგაწვდენაზე სხვა ქვეყნის ჯარია დაბანაკებული, რაც მთავარია, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც არანაირი “ტორმუზი” არ გააჩნია და რომელმაც არაერთგზის ხელყო ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი!  ვიცით, რომ (საზოგადოების ნაწილმა მაინც)  ჩვენი პოლიტიკანები დაუფუქრებლად წავლენ გარიგებაზე სკამების მისაღებად და მტერსაც თვითონ გაუხსნიან ციხე–სიმაგრის კარს! ისიც ვიცით, ყველაფერი ასეც რომ განვითარდეს, მსოფლიო ერთხელ შეშფოთდება და მერე დამშვიდდება! გულის სიღმეში ყველას გვჯერა, რომ ოდესმე რუსეთი მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას!

ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ვიცით, გამორიცხავს ჩვენი ასეთი ფორმით გამოფხიზლების აუცილებლობას!

რაც შეეხება იმას, თუ რას ვგრძნობ დღეს: ისევ გაბრაზებული ვარ “იმედზე” არაპროფესიონალურად, ყოველგვარი წესების დარღვევით მომზადებული სიუჟეტის გამო, ხალხს რომ ამხელა სტრესი განაცდევინეს, იმის გამოც, საკუთარი თავი რომ დაისამარეს მაგისთვისაც და კიდევ იმისთვის, რომ ბურჯანაძისნაირებს ამ ყველაფრის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა მისცეს!

მაგრამ “იმედზე” მეტად იმ ხალხზე ვარ გაბრაზებული, ვინც  მოღალატეებს ვერ ხედავს, ვინც “იმედის” წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ბურჯანაძეს დაუკრა ტაში, იმაზეც, რაც დოდკამ თავისთან დაწერა და ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ ვაი–პოლიტიკოსებს, ვაი–პატრიოტებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს!

დიახ, მე ვარ უბრალო იურისტი, რომელსაც არ უნდა პოლიტიკასთან რამე აკავშირებდეს, მაგრამ თვალები გამაჩნია, ხალხო!

დატოვე კომენტარი »

ტელევიზორი კლავს

ესეიგი რა ხდება, მაქვს გრიპი, მაღალი სიცხე, ლიჟუ სებე, ნიკავო ნი ტროგაიუ, ფაქტიურად მთელი დღე მძინავს! ვიღვიძებ საღამოს და რატომღაც ვრთავ ტელევიზორს (სიცხემ იცის უცნაური აზრები), თან რატომღაც ტელეიმედს! ვრთავ და რას ვხედავ – რუსების ტანკები მოდიან თბილისისკენ, ქრონიკის წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი აცხადებს, რომ დილით მოხდა კოკითზე თავდასხმა, მედვედევმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი დაიღუპა და ჩამოყალიბდა სახალხო მთავრობა ბურჯანაძე–ნოღაიდელით სათავეში! შიში, უიმედობა, ბრაზი, ტკივილი, სიძულვილი და უმწეობის ყოვლისმომცველი გრძნობა ერთმანეთში ამერია! აგვისტოს დღეები თავიდან გავიარე! ამ დროს კი, გამოკეკლუცდა წამყვანი, მეუბნება, რომ რაც ვნახე, იმიტირებული იყო, სიმართლეს არ შეეფერებოდა და არხეინად აწვდის მიკროფონს ვიღაცას სტუდიაში!

… ??? !!!

პირველი ორიოდე წამი არ მჯეროდა, რომ ეს დადგმა იყო! ვერაფრით მივხვდი, ვის უნდა ეხუმრა ასე სასტიკად! მერე შვების ცრემლები წამსკდა და ბოლოს სიბრაზემ მომიცვა!

თუ ვინმე ხართ ისეთი, ვინც ვერ მიხვდით, რაზე ვლაპარაკობ, გაცნობებთ, რომ დღეს საღამომ ტელეიმედმა გაუშვა იმიტირებული სპეცრეპორტაჟი, მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ! ამ რეპორტაჟის მიხედვით, საქართველო რუსეთის კოლონიის სტატუსით “ამთავრებს არსებობას”. იმიტირებულ რეპორტაჟს არსად ეტყობოდა, რომ ის იმიტირებული იყო, და სადღაც ნახევარი საათი გრძელდებოდა! გადაცემის დასრულების შემდეგ, არხეინად დაიწყო კომედიური ტელესერიალი  “შუა ქალაქში”!

ახლა, ამ წუთებში ხალხი აქციას მართავს ზემოაღნიშნულ ტელეკომპანიასთან! ეს თავისთავად კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა ადვილია ხალხის პროვოცირება, მათ გულწრფელ ემოციებზე თამაშით. გრიპი რომ არ მქონდეს,მეც წავიდოდი! აი, ცხოვრებაში არცერთ აქცია–მიტინგზე არ ვმდგარვარ, მაგრამ ახლა წავიდოდი! რაც “იმედმა” გააკეთა, არაპროფესიონალიზმის, არაეთიკურობის და უვიცობის პიკი იყო! გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტი ჩვენს გამოფხიზლებას ისახავდა მიზნად.  კარგით, რა! გამოფხიზლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს იმ ფორმით გაკეთდეს, რომ არც კანონმდებლობა დაირღვეს, არც ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი და არც ხალხს გამოვაცდევინოთ ამხელა სტრესი?!! აბსოლუტურად ვეთანხმები ქაბატონ მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც გადაცემის მეორე ნაწილში პრეზიდენტის სახელით უკმაყოფილება გამოთქვა გადაცემის მისამართით და აღნიშნა, რომ რეპორტაჟის მსვლელობისას მითითებული უნდა ყოფილიყო იმიტაციის თაობაზე! გარდა ამისა, შინაარსის გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფელიც კი იყო იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყანას აგვისტოში!

ბოლო თვეების მანძილზე ტელევიზორს პრაქტიკულად აღარ ვუყურებ და ჯობდა არც დღეს მომსვლოდა ასეთი რამ აზრად! თუ ვინმე გონივრულ მიზეზს დამისახელებს ამ რეპორტაჟის ასეთი სახით გაშვებისათვის, მადლობელი ვიქნები!

7 კომენტარები »