მწარეს ბლოგი

chez moi

ვის აქვს სამოთხის გასაღები?

ჰმმ–მმმ! დარწმუნებული ვარ, უკვე გადაიღეჭებოდა ეს თემა, მაგრამ მეც ჩემი უნდა ვთქვა! დიდი ტვინის დაძაბვა არ იქნება საჭირო იმისათვის, რომ მიხვდეთ, სამშაბათის “სიმართლის დროს” ვგულისხმობ.

სანამ უშუალოდ გადაცემით მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, მცირე განცხადება: ამ გადაცემის ხილვამდე განსაკუთრებული სიმპათიით არც ერთი ქალბატონის მიმართ ვიყავი განმსჭვალული, რაც, ვფიქრობ, სასრგებლოა ობიექტურად შეფასებისათვის.

მე და თეა თუთბერიძე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, დაახლოებით ერთ პერიოდში. ის მაშინ თავის მისიად უნივერსიტეტის  გადარჩენას ისახავდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში იმ დროისათვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თეა უმეტესწილად მართალი იყო, ხშირად მაინც მაღიზიანებდა მისი თავდასხმები აკადემიურ პერსონალზე საკუთარი სუბიექტური პრობლემების გამო. არ მომწონდა მისი მოღვაწეობა “კმარაში”, არც ამ გზით გაკეთებული კარიერა, ისევე როგორც ზოგი შემდგომი განცხადება (აგერ, ბატონო, პოსტიც)!  ერთი სიტყვით, მე ეს გოგო ყოველთვის იაფფასიან პოპულისტად მიმაჩნდა.

ასეთი ხანგრძლივი ანტიპათიის მიუხედავად, ვინმეს რომ თეას პირისპირ დავესვი, მის მიმართ აგრესიას არ გამოვიჩენდი!

რაც შეეხება ნანკა კალატოზიშვილს, პრინციპში, არაფერს ვერჩოდი, გარდა იმისა, რომ მაინცდამაინც ნიჭიერ მსახიობად არ ვთვილიდი.

გადავიდეთ გადაცემაზე! მეგობრებო, “იმედმა” ყველა ჩვენგანის ჯავრი იყარა! გამაოგნა აგრესიის იმ ტალღამ ნანკამ თუთბერიძეს რომ დაატეხა თავს! ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირადი ბოღმა ჰქონდა დაგროვილი და ბოლოსდაბოლოს ამოაფრქვია. გასაგებია, რომ გადაცემაზე ერთი პირი არ მუშაობს და, სავარაუდოდ, ვიღაცა დაუწერდა ტექსტს ნანკას, მაგრამ იმ მიმიკის, გამოხედვის, რომლითაც პატივცემული წამყვანი სტუმარს განგმირავდა ხოლმე, წინასწარ მომზადება შეუძლებელია! მტრული დამოკიდებულება გულწრფელი იყო!

ჰოი, საოცრებავ! გარკვეულწილად ასევე სკანდალური ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში რელიგიის და პატრიარქის შეუპოვარ დამცველად მოგვევლინა! მას თურმე არ შეუძლია ამ თემაზე მშვიდად საუბარი და სულ რამდენიმე წუთში ახადა ფარდა თუთბერიძის მზაკვრულ ჩანაფიქრს! სამოთხეში ადგილს იმზადებ? არაფერი გამოგივა!– მიახალა მან “კმარელ” ჟანა დ’არკს.  კი მაგრამ, ვინ მისცა ნანკა კალატოზიშვილს სამოთხის გასაღები, რომ გადაწყვიტოს იქ ვინ შევა და ვინ არა?! ცუდი შედარებაა, ალბათ, მაგრამ დუმბაძის “მზიანი ღამე” გამახსენა, მოკლე კაბიანებს და ვიწრო შარვლიანებს კომუნიზმში არ შევუშვებთო! პრინციპში, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ფსევდო–მორწმუნე ადამიანები სხვის ბედს ისე განაგებენ, თითქოს თავად იყვნენ ღმერთები! მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ხალხი აყენებს ჩრდილს ეკლესიასაც და პატრიარქსაც, ამახინჯებენ რა მართლმადიდებლობის ყველა ფუძემდებლურ პრინციპებს! მათი ქრისტიანობის დასაცავდ შემართული ბრძოლის დამსახურებაა ეკლესიის მიმართ ის უნდობლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხს იკიდებს საზოგადოებაში!

პატივცემულო ნანკა, ჩემი მხრიდან ზედმეტი პატივმოყვარეობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ შენ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ მაინც გაითვალისწინე: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვის რა ცოდვა მიეტევება და ვის რას მიაგებს უფალი! სწორედ ამიტომ, ყველას საკუთარ სულებზე ზრუნვა გვაბარია და არა სამოთხესა და ჯოჯოხელთში სხვებისათვის ადგილების განაწილება!

კარგი ბატონო, დავუშვათ, რელიგია ისეთი მტკივნეული თემაა კალატოზიშვილისათვის, რომ თავს ვერ იკავებს და სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ეს გარეგნობასთან დაკავშირებული გაუთავებელი “იაზვობა” რაღა იყო?! თეას თმების გასუფთავების სიხშირე ჯერ კიდევ “კმარას” პერიოდში იყო ხოლმე აქტუალური ზოგისთვის, ამიტომაც, არ გამკვირვებია გადაცემაშიც რომ დაისვა ეს კითხვა, მაგრამ მოგვინებით, ქალის მომხიბვლელობაზე საუბრისას ნანკას სახეზე აღბეჭდილი გამომეტყველება, შე საცოდავო, ნეტა რას გავხარო, მეტისმეტი იყო!

მოკლედ, გადაცემის შედეგად არც თეა თუთბერიძე “გასხივოსნებულა” ჩემს თვალში და არც საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვაპირებ, დედა, ამ სპეტაკ ადამიანზე რა ცუდი აზრის ვყოფილვარ–მეთქი! მე შთაბეჭდილებებს შოუს გავლენით არ ვიქმნი! არც ნანკა კალატოზიშვილი გახდება ჩემი ზიზღის ობიექტი, მისი “გმირობანი” იმაზე მალე დამავიწყდება, ვიდრე უმაღლესი მათემატიკის ლექციების თემატიკა უნივერსიტეტშ, მაგრამ ახლა, დღეს, ჩემი აზრი უნდა დამეფიქსირებინა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი გამოჩნდება ისეთი ვინც იტყვის: “ყოჩაღ ნანკას, ეს საზიზღარი, ქართული ტრადიციების, ჩვენი ღირსების მტერი და სოროსის აგენტი თეა თუთბერიძე მეტის ღირსია!” (დღეს სამსახურში მოვისმინე ასეთი აზრი, მაგალითად).  მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებისაგან, ვის აზრსაც პატივს ვცემ, მსგავსი რამ არ გამიგია. ხოდა, პატივცემულებო, როგორიც არ უნდა იყოს თეა თუთბერიძე, კარგად დაფიქრდით, ვინ უფრო ამაზრზენი იყო ამ შოუში?!

P.S. ის–ის იყო, პოსტი ამ მინაწერის გარეშე უნდა გამომექვეყნეებინა, რომ მივხვდი, თეას ადგილზე ნანკას ძალიან მადლობელი ვიქნებოდი, ამ გადაცემის შემდეგ მის მიმართ სიმპათიას კიდევ ბევრი ადამიანი გამოხატავს, როგორც ეს პატრიარქის შარჟების გამო ატეხილი აგრესიული კამპანიის დროს მოხდა! ასე რომ, საბოლოოდ, მაინც ვისი საქმე გააკეთა ნანკამ და “იმედმა?!” 🙂

5 კომენტარები »

აჯაფსანდალ

რაც უფრო დიდ პაუზას ვაკეთებ პოსტებს შორის, მით უფრო მიჭირს აქ დაბრუნება! ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი რეჟიმში ჩავსვა! ყოველდღე წერა არ გამომივა, მაგრამ გპირდებით, ყოველ მესამე დღეს დავპოსტავ. ასე რომ, ხუთშაბათს აქ თუ ახალს ვერაფერს ნახავთ, ნებას გრთავთ სიტყვის გამტეხი მიწოდოთ, ან რაც გაგიხარდებათ, ის! 😉 ვნახოთ, დავიწყებ და თუ შევატყე, რომ ნაძალადევ პოსტებს ვწერ მხოლოდ გრაფიკის დასაცავად, კურსს შევცვლი.

ბოლო დროს მომიმრავლდა აჯაფსანდლური პოსტები, ანუ როდესაც ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვწერ. დღესაც იგივეს გავიმეორებ.

ახლა, რატომ გადავწყვიტე თქვენი ყურადღების მიტაცება! დიდი ხანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებს არ შევხებივარ, მაგრამ პარასკევს ღამით გადაცემა პატრულის ერთმა სიუჟეტმა გამიღვიძა ეს სურვილი. მოკლედ, საქმე ისაა, რომ იმ გამოშვებაში აჩვენეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ახალგაზრდა წევრი, რომელიც ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისა და კონტროლიორებისადმი დაუმორჩილებლობა/უხეშობის გამო ჰყავდა პატრულს დაკავებული. ბიჭი ამაყად აცხადებდა, რომ მოძრაობა 7 ნომებრის წევრი იყო და ბილეთი არ აიღო იმიტომ, რომ ამით დაუპირისპირდა უგულავა-სააკაშვილის რეჟიმს.  ამ შემთხვევაში მედლის ერთი მხარე ისაა, რომ ის ბაჭი პოლიტიკური კუთვნილების გამო „გაატელევიზორეს“, წიპა, აი, ნახეთ ამათი ნამდვილი სახე! მაგრამ მეორე და უარესი მხარეც არსებობს, კერძოდ კი, ის, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ მერი ან პრეზიდენტი არ მოგწონს, მათ მიერ დადგენილ კანონს არ უნდა დაემორჩილო და ამით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებ. განსაკუთრებით, თუ ის კანონი, ისეთ უწყინარ მოთხოვნას შეიცავს, როგორიც ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის აღებაა. მერწმუნეთ, ის ბიჭი მარტო არაა. მისნაირად ბევრი ფიქრობს და ვერ ვიტყვი, რომ ეს გასაგიჟებლად კარგია.

აქვე ერთ ისტორიას მივაბამ, მაინც „რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“-ს ციკლიდანაა. მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ბიჭმა სატელეფონო საუბრისას გამომიცხადა: „შენ შეზღუდული აზროვნების ადამიანი ხარ. კანონს ემორჩილები. აი, მე კიდევ, სულით თავისუფალი ვარ. იმდენად თავისუფალი, რომ როცა შუქნიშანზე წითელი ანთია, არასოდეს არ ვჩერდები და გზას ვაგრძელებ! შეზღუდვებს ვერ ვეგუები!“ მდა, აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ როცა ქალზე ეფექტის მოხდენა გინდა, შეზღუდული აზროვნების ხარო არ უნდა უთხრა, არც ის, რომ ასეთ იმბეცილებს ვიზიდავ, პრობლემა სწორედაც იმაშია, რომ ამ ყმაწვილის აზრით, სულიერი თავისუფლება წითელზე გავლაში გამოიხატება და კანონმორჩილება გონებრივ შეზღუდულობას უდრის. არც ეს ბიჭია საქართველოში მარტო და ეს თქვენც იცით!  წესით, აქ თავში ხელები უნდა შემოვირტყა და ტრაგიკული ხმით ვიკითხო „ეს სად ვკვდები, ბლინ?!“ მაგრამ არ ვიზამ ამას, უჩემოდაც ბევრი ჰყავს საქართველოს მოთქმით დამტირებელი!

ბოლოს, თუ აჯაფსანდალია, აჯაფსანდალი იყოს და სექსსაც შევეხოთ! მოკლედ, იცით, რომ შაბათს „იმედზე“ დაიწყო შორენა ბეგაშვილის (ნუ წამყვანი ესაა და იდეის ავტორის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას) გადაცემა „ღამე შორენასთან.“ ზოგადად, არც სიტყვა „სექსის“ ხსენებაზე მემართება ინფარქტი და არც ამ თემატიკაზე გადაცემის არსებობის იდეას ვებრძვი ხმალამოღებული, ოღონდ თუ ის ხარისხიანი იქნება. აქ იგულისმება შინაარსიც და ნორმალური წამყვანიც. რაც შეეხება ბეგაშვლის, დიდი ხანია ასეთი უნიჭო არსება არ მინახავს. კარგი, მე შეფასების უნარი არ მაქვს, ეგებ, მაგრამ თქვენ მითხარით, რომელს მიგაჩნიათ მისი დაყენებული ხმით საუბარი, ტყლარჭვა და თვალების ნაბვა სექსუალურად ან მაცდურად! თუმცა, ცხადია, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანი ასეთ „შარში“ თავს არ გაჰყოფს, შესაბამისად, კატები ყეფენ ბედნიერად!

სულ ეს იყო, რისთვისაც მოგაცდინეთ! როგორც ძველ ანეკდოტშია, „გკოცნით, გეხვევით, ბებიათქვენი აღათი“, კიარადა, წავედი „ანა კარენინას“ ორი გვერდი მაინც უნდა ჩავიკითხო ძილის წინ! ან იმას რაც ვერჩი, ან საკუთარ თავს, მაინც ვერ გავიგე!

9 კომენტარები »

ინკვიზიცია?

თეა თუთბერიძესა და პატრიარქის შარჟებზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და დაიწერა. მეც, ცოტა დაგვიანებით, ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. მართალია, თავიდან ყურიც არ შემიბერტყავს არც ზემოხსენებული ქალბატონის მიერ ამ ვიდეოების თავის გვერდზე დადების, არც მის წინააღმდეგ ატეხილი აგრესიის და ახლა უკვე მის დასაცავად წამოწყებული ისტერიის გამო, მაგრამ ამ დღეებში ისე შემაწუხეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა, რომ სულ რამდენიმე წინადადებით ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწვიტე.

თუ ვინმეს შემდეგში ეჭვი შეეპარება: ვარ და ყოველთვის ვიყავი მორწმუნე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია უმაღლესი სასულიერი პირის გაშარჟება, დაცინვა და ა.შ, ასევე კრიტიკაც, თუ იგი არაობიექტურია! სწორედ ამიტომ, თავში აზრადაც არ მომსვლია, არც თავიდან და არც ახლა, მენახა ეს ყბადაღებული ვიდეო!

როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერზე მორწმუნე ადამიანს – ნორმალურ მორწმუნე ადამიანს?! ან საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია, ან ეთქვა ღმერთო შეუნდეო და უფრო გულმხურვალედ ელოცა ჩვენი ცოდვების შენდობისათვის, ან ბოლო-ბოლო დაეფიქსირებინა თავისი აღშფოთება, მიეთითებინა მსგავსი შინაარსის მასალის მიუღებლობაზე, ოღონდ კორექტულად, მშვიდი ტონით!

რა მოხდა სინამდვილეში?  სარწმუნოების ჭეშმარიტმა დამცველებმა ატეხეს გინების კორიანტელი, ისმოდა და ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარა თეა თუთბერიძის მიმართ და ა.შ! შეიძლება ეს ნორმალური იყოს? რომელ სარწმუნოებას იცავთ ასეთი საქციელით?! ქრისტიანობას? მართლმადიდებლობას? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ეს ხალხი სხვადასხვა ღმერთზე ვლოცულობთ!

მოდით, გვერდზე გადავდოთ დემოკრატია, გამოხატვის თავისფულება და მსგავსი ფუნდამენტური უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ სარწმუნოების თვალით შევხედოთ! ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყოველთვის სწორედაც რომ სიყვარულის და მიტევების რელიგია იყო, საწმუნოება, რომელიც გეუბნება შენს მტერსაც კი მიუტევე და გიყვარდესო, რომელიც გასწავლის, როცა გდევნიან დაითმინე, ილოცე შენთვის და შენი მდევნელებისათვისო! ეს რელიგია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ხალხის წინააღმდეგ ომს, რომლებსაც არ სწამთ შენნაირად, ან საერთოდ არ სწამთ, იმათ წინააღმდეგ ომსაც კი არ ითვალისწინებს, ვინც შენს რელიგიას შეურაცყოფს. ერთადერთი გზა მის დასაცავდ არის ლოცვა, გულმხურვალე ლოცვა საკუთარი თავისთვის და მდევნელებისთვის, ხოლო თუ ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიაზე და სასულიერო პირებზე, ჩაქოლვით გავუსწორდებით, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა, ინკვიზიცია იქნება და, მე პირადად, არ ვაპირებ ამის ნაწილი ვიყო!

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს უნდოდა „კმარას“  ეპოქის შემდეგ კიდევ ერთხელ ყოფილიყო უსამართლოთ დაჩაგრული ჟანა დ’არკი ქართულ საზოგადოებაში! გამორიცხულია, არ სცოდნოდა რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი ვიდეოების გავრცლება! ამ „სარწმუნოების დამცველების“ ქმედებების შედეგად მან მიიღო რაც უნდოდა! საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა იგი უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნია და სიმპათით განიმსჭვალა, რადგანაც, მათი აზრით, ის საკმარისად გაბედულია, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას რომ რისკავს. ასობით ადამიანი გულზე მჯიღს იბაგუნებს და ქალბატონი თუთბერიძის პირად მცველობას საკუთარ თავზე იღებს! ხოდა, ვისი ინტერესები დაიცვა ამ ხალხმა საბოლოოდ?

მე რაც შემეხება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რომელი მიმართულებით იცურავებს თეა თუთბერიძე და საერთოდ რას მოიმოქმედებს მომავალში საკუთარი სახელის „უკვდასაყოფად“, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც რელიგიის დაცვას აგრესიისა და ბილწსიტყვაობის გზით ცდილობენ! ეს არ შეეფერება იმ სარწმუნოებას, რომლის წარმომადგენლადაც მე თავს მივიჩნევ, ხოლო, თუ რამე არასწორად მესმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მითხარით და ხვალიდან მოვძებნი რელიგიას, რომელიც ჩემს შეხედულებებს დაემთხვევა!

8 კომენტარები »

მოლოდინსა და კომპლექსებზედ

მიზანმიმართულად არ ვეკარებოდი ბლოგს, რადგანაც საზიზღარ ხასიათზე ვარ და ვიცოდი, ემო ჩანაწერებით გავავსებდი აქაურობას! წინა პოსტსაც ეტყობა, დაუმთავრებელი, ნაძალადევი “რამდენი ხანია არ დამიწერია, რამეს მაინც დავწერს” ტიპის რომ იყო. მართალია, ვემხრობი პრინციპს, რომ ბლოგი ჩემია და რასაც მინდა დავწერ, მაგრამ მაინც არ მიყვარს ემო რაღაცეების პოსტვა, გარკვეული დროის შემდეგ რომ ვკითხულობ, ნერვები მეშლება! ფეისბუქზე ნასროლი ერთი-ორი რეპლიკაც სავსებით საკმარისად ჩავთვალე, თუმცა დღეს მაინც დავწერ ცოტას იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სკოლაში დავბრუნდი, რადგან ისევ თავიდან მიწევს რაღაცეების გავლა, რაც იმ პერიოდში მაწუხებდა. მაინც რა უბედურებაა, ყველა რომ თავს ვალდებულად თვლის, გასწავლოს როგორ უნდა გამოიყურებოდე და რა არის შენთვის კარგი?! სკოლის პერიოდისათვის ეს კიდევ ნორმალურია, მაგრამ ვითომ 24 წელი არაა საკმარისი, ადამიანს რომ საკუთარი თავი ებას?! არა, ბატონო, ქართულ საზოგადოებაში ყველამ შენზე კარგად იცის, რა გინდა (ნუ, არამარტო ქართულში, ალბათ)!

აი, ავიღოთ ერთი მაგალითი: ყველა ჩემი მკითხველისათვის ცნობილია ის პრობლემა, რომელიც ძალიან მთრგუნავს – ჭარბი წონა. ხოდა, ვერ ვხდები რა აუცილებელია, ყველამ ჩემს დანახვაზე შეიცხადოს, ეს რას დამსგავსებულხარო და მერე ტვინი მიბურღოს ათასგვარი რჩევებით ან სულელეური, უკბილი ხუმრობებით განწყობა გამიფუჭოს! არადა, ისეთი პონტია, შუბლზე აბრას ხომ არ დაიკრავ, იცით, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ასე იმიტომ გამოვიყურები და არა იმიტომ, რომ ერთ ძროხას ვჭამ ერთ ჭამაზე! არც მაქვს სურვილი, ყველას ანგარიში ვაბარო. ცოტა უხეშად თუ უთხარი ვინმეს რამე, აქეთ მოგამადლიან, შენთვის კარგი გვინდაო!  არადა, ჩემზე უკეთესად არც ერთმა არ იცის, რა არის კარგი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე! ასე რომ, ჭკუისდამრიგებლებო, მოწყალება მოიღეთ და თავი დამანებეთ! ისედაც საკმარისად მაქვს კომპლექსები, კიდევ თქვენ რომ არ დამიმატოთ! ერთხელაც გავრბაზდები და ყველას ერთ ადგილას გაგაზავნით! ხოდა, მერე იტყვით უზრდელიაო! 😛

საერთოდაც, ალბათ, ყველას ჰქონია ის მომენტი, რომ გარშემომყოფები მისგან რაღაცას ელიან, როცა რაღაც ვირტუალურ პორტრეტს ქმნიან და მოითხოვენ, მას შეესაბამებოდე! აი, მაგალითად, რა უნდა ჩემს გარშემო ხალხს: Read the rest of this entry »

10 კომენტარები »

შელახული რეპუტაცია და ტოლერანტობა

175px-HumanStainPoster

გუშინ საღამოს ვუყურე „The Human Stain“-ს. „შელახული რეპუტაცია“ (როგორც ქართულ სივრცეში  ითარგმნა) რამდენიმე წლის წინ გამოვდა ეკრანებზე და მაშინაც ვნახე, მაგრამ თითქმის აღარ მახსოვდა. ამჯერად უენთუორთ მილერის გამო უფრო ვუყურე. ძალიან მინდოდა, ილინოისელი ინჟინერი სხვა ამპლუაში მენახა. ვაღიარებ, გამაოცა. ტალანტლივი სუკინ სინ! ვისაც ეს ყმაწვილი მოგწონთ, მისი არტისტული მონაცემების სრულად შესაფასებლად The Human Stain უნდა ნახოთ. თუმცა პოსტი არც მილერს ეძღვნება და არც ამ ფილმს, როგორც ასეთი.

საქმე ისაა, რომ ამ ფილმმა ერთ საკითხზე ჩამაფიქრა. მოკლედ, ეს კრიტიკოსების მიერ დაგმობილი, მაგრამ, ჩემის აზრით, ფრიად საინტერესო კინონოველა კლასიკური ლიტერატურის პროფესორზეა, რომელიც მთელი ცხოვრება თავის წარმომავლობას მალავს, საბოლოოდ კი რასიზმის ბრალდებით გააგდებენ სამსახურიდან. დათხოვნის მიზეზად  ერთი პარადოქსული შემთხვევა ხდება. პროფესორი თავისი ორი სტუდენტის შესახებ, რომლებიც სემესტრის მანძილზე თვალითაც არ ჰყავდა ნანახი, კითხულობს „ისინი მართლა არსებობენ, თუ უბრალოდ მოჩვენებები (spooks) არიან?“ ამერიკულ ინგსლისურში კი spook, გადატანითი მნიშველობით, შავკანიანების დამცინავი მეტსახელია. ბედის ორინიით, ორივე სტუდენტი შავკანიანი აღმოჩნდება. ხოდა, ერთ-ერთი მათგანი თვალისდაუხამხამებლად დასდებს პროფესორს რასიზმში ბრალს. მაშინვე ჩემს ფაკულტეტზე მომხდარი ისტორია გამახსენდა. ჯგუფში ერი გოგონა გვყავდა პანკისის ხეობიდან, რომელიც ძალიან ბეჯითი იყო, მაგრამ ტვინდახშული.  ერთხელაც, გამოცდაზე ლექტორმა სამიანი დაუწერა (ჯერ ჯიდევ შეფასების ძველი სისტემა იყო მაშინ). გავარდა ეს გოგო დეკანატში, ქისტი რომ ვარ იმიტომ მჩაგრავსო. არადა, მასთან ერთად ვიყავი გამოცდაზე და ბილეთიდან ერთ საკითხს უპასუხა, ისიც ძვლივს. ნუ, რასაკვირველია, ამ ბრალდების საფუძველზე, იმ ლექტორისთვის პასუხი არავის მოუთხოვია. საქართველოში ვართ და მართლა რომ დაეჩაგრა ეთნიკური კუთვნილების გამო, არც ეს გააკვირვებდა ვინმეს, მაგრამ მე თავად ფაქტმა გამაცოფა. ასეთი ფაქტები კი მრავლად ხდება დღევანდელ სამყაროში. ხოდა, მაინტერესებს, რა არის ეს? ამ ხალხის წლების მანძილზე დაგროვილი კომპლექსი თუ ერთგვარი შურისძიება მჩაგვრელების მიმართ? თუ გვაქვს თანასწორობაზე პრეტენზია, რატომ ცდილობს ზოგიერთი მათი წარმომადგენელი პრივილეგირებულ მდგომარეობაში თავის ჩაყენებას?  თუ ეს სამართლიანობის აღდგენაა და პასუხი იმ ჩაგვრა-დაცმირების გამო, რაც მათმა წინაპრებმა გადაიტანეს? ცნობილია, რომ მაშტაბურ სილამაზის კონკურსებზე ფინალში ერთი ფერადკანიანი მაინც უნდა მოხვდეს, თორემ ჟიურის და კონკურსის მესვეურებს რასიზმის რალდება არ ასცდებათ. ისიც ცნობილია, რომ აშშ-ში, რომელიმე შესარჩევ კონკურსში თუ ერთად მონაწილეობს ერთნაირი მონაცემების მქონე ამერიკელი და ლათინო-ამერიკელი, საკუთარი ტოლერანტობის საჩვენებლად, უპირატესობას ამ უკანასკნელს ანიჭებენ. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ რა მოვლენაა ეს? მცდელობა, რომ რომის პაპზე უფრო წმინდანი გამოვჩნდეთ? ზედმეტი ტოლერანტობა? ასეთი ზედმეტი ტოლერანტობა არ შეიძლება ამ ხალხის მიმართ აგრესიის ახალი ტალღის წყარო გახდეს? ანუ, თუ, ვთქვათ, რომელიმე კონკურსში თეთრი და შავკანიანი იღებს მონაწილეობას და უპირატესობას შავკანიანს ანიჭებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ის შავკანიანია, უმეტეს შემთხვევაში, იმ თეთრს მტრული დამოკიდებულება გაუჩნდება. ვის საქმეს ვაკეთებთ ამ შემთხვევაში? გასაგებია, რომ რასიზმი დამღუპველია! დაუშვებელია ვინმეს დაჩაგვრა თავისი ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური ან რასობრივი კუთვნილების გამო, მაგრამ ასევე მავნეა ეს გადაჭარბებული ტოლერანტობა, თუ რაც ჰქვია. არ არსებობს თეთრი და შავი, ქირისტიანი და ბუდისტი, ყველანი ვართ ადამიანები და ყველა ერთი საწყისი წერტილიდან უნდა შევფასდეთ. ჭეშმარიტი თანასწორობა ესაა.

11 კომენტარები »