მწარეს ბლოგი

chez moi

ველოდებით ოპოზიციას!

დღეს ოპოზიცია ჩემს სამსახურთან მართავს აქციას! აქამდეც იყვნენ ორჯერ მოსულები, თუმცა ცოტა ხნით და მცირე შემადგენლობით. ამჯერად უფრო საფუძვლიანად მოდიან. ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა მსჯელობს, სირცხვილის დერეფნების დადგმის შემთხვევაში, როგორ გაიკეთებენ დიდ სათვალეს, ჩამოიშლიან თმებს, დაიხურავენ ქუდებს, მოკლედ, ყველა შესაძლო ფორმით დამალავენ სახეს და  თავდახრილები სწრაფად გაივლიან იქ. არ ვიცი, დერეფნები მოეწყობა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გავლა მომიწევს, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ სახეს და არ დავხრი თავს!  ამათი მიზანი ზუსტად ეგაა, აჩვენონ ჩვენი, ანუ ბოროტების მსახურების დარცხვენელი სახეები. ამ სიამოვნებას მე პირადად არ მივანიჭებ! არ მრცხვენია! ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ სახელმწიფოსათვის საზიანო საქმეს ვაკეთებ –  პირიქით, ძალიანაც სასარგებლო ვარ! მეც და ის ხალხიც, ვინც ახლა ჩემთან ერთადაა, ოღონდ, რატომღაც, თვითონ არ ესმით ეს. სიმართლე გითხართ, ამ წუთას ჩემს თანამშრომლებზე უფრო ვბრაზობ ამგვარი დამოკიდებულების გამო! ისე გამოსდით, თითქოს მართლა რამეს ვაშავებდეთ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. მესმის, რომ სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ვინმე სამარცხვინოა დღევანდელ საქართველოში, ეს თავად ოპოზიციაა, ასე რომ თავად დახარონ თავი! რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ არაფერს შეცვლის მე როგორ გავივლი იმ დერეფანში. არ ვარ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩემმა თავის დახრა-არდახრამ რამე განსაზღვროს, მაგრამ საკუთარ შინაგან დამოკიდებულებას ხომ გამოვხატავ?! მე ხომ ვიქნები მორალურად კმაყოფილი?! ხოდა, ესეც საქმეა!

მოკლედ, სტუმრების მოსვლამდე დარჩა დაახლოებით 8 საათი! გკოცნით, გეხვევით და მერე დაწვრილებით დავწერ აქციის შესახებ.

Update: ოპოზიციამ, მოსალოდნელი გრიგალის გამო, ჩვენს სამსახურთან ამოსვლა გადაიფიქრა. აგერ წყაროც. ასე რომ, სირცხვილის დერეფნიდან სხვა დროს მოგიკითხავთ და დაგიქნევთ ხელს! ახლა მთავარია, ნავარაუდევ გრიგალსაც ასევე წარმატებით გადავურჩეთ!

5 კომენტარები »

შეხლა-შემოხლა დიღომში

ბევრი კუნტრუშის შემდეგ, ოპოზიციამ ასე ნანატრი ცემა-ტყეპა მიიღო! ოპოზიციის მხარდამჭერებმა შსს მთავარი სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს, გაჩეჩილაძე ღობეზე გადაძვრა. ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღოო, აცხადებენ საინფორმაციო საშუალებები და ა.შ და ა.შ. აქამდე პოლიცია ხელს არ ატოკებდა მათ უმსგავსობაზე, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს. ახლა ატეხენ ერთ ამბავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ ხალხზე ხელი აღმართა, კიდევ ერთი ცხრა აპრილი მოუწყო თავის ერს, უსწორდებიან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ ლიდერებს, ბლა-ბლა-ბლა!

მე, როგორც იურისტი, ცალსახად ვაღიარებ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, მაგრამ, როდესაც გაურკვეველი ხალხი თვითნებურად იწყებს შევარდნას სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელს უშლიან მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და იწყებენ სხვა პირების უფლებების შეზღუდვას, ეს უკვე მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს სცილდება და ჩემი აზრით, სრულ უფლებას აძლევს შესაბამის ორგანოებს აღადგინონ მართლწესრიგი (რასაკვირველია დაბალანსებული ღონისძიებების გამოყენებით). ნებისმიერ დემოკრატიულ სახლემწიფოში 500 კაცი, რომელიც არღვევს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ნორმალურ რეჟიმს, ისჯება. ევროკავშირის არაერთ წევრს მოუხდენია ძალისმიერი მეთოდებით მანიფესტაციების დაშლა, ასევე სხვა მისაბაძი დემოკრატიის მქონე ქვეყნები იყენებენ ძალას თავგასული მომიტინგეების  დასაშოშმინებლად და წესრიგის აღსადგენად, იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ უმცირესობას არ აქვს უფლება უმრავლესობას თავისი თამაშის წესები მოახვიოს თავს. ასეთ შემთხვევბში, თავად უმცირესობა იწყებს უმრავლესობის უფლებების შელახვას, რაც საერთოდ არაა შესაბამისობაში დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

ვთვლი, რომ ეს აქცია დიდი ხნის წინ იყო დასაშლელი და რაც უფრო მალე მოეღება ბოლო ამ თავგასული ბრბოს ნავარდს, მით უკეთესი!

6 კომენტარები »

ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!

რაც ქვეყანაში ხდება, ასე თუ ისე, ყველამ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ყველამ ვიხილეთ შსს-ს გავრცელებული კადრები, ასე რომ, ამ ფაქტების აღწერას აღარ შევუდგები. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ხალხის სიბეცე მაგიჟებს! დღევანდელის მიუხედავად, ცხადზე უცხადესს ვერ ხედავენ ცხვირწინ. ყალბ კერპებს ისევ თაყვანს სცემენ თბილისში. ოპოზიციის „ბჟუტურის“ მიუხედავად, ეჭვი არ შემაქვს კადრების ნადვილობაში! არც 7 ნოემბრის შემდგომ გავრცელებულ მასალებში შემპარვია ეჭვი, თავის დროზე.

მესმის, რომ როდესაც შენს ქვეყანას „გაედო“, არაა იმის დრო, იქედნურად ჩაიცინო და თქვა: მე ამას ველოდი. არც იმის დროა, საზოგადოება რამეში დაადანაშაულო, მაგრამ მაინც უნდა მოვიყვანო ფრაზა, რომელიც მთელი დღეა თავში მიტრიალებს  „ასეთები ვართ ჩვენ, სამშობლო ქვეყნის გამყიდველები, მოღალატეები და მარადი ქონდრისკაცები.“ დიახ, ბატონებო, ქართველებს გვჩვევია ქვეყნის ფოჩიან კანფეტებზე გაცვლა. ისტორიაში ჩახედულ ადამიანს  უამრავი ფაქტი გაახსენდება.  დემნ ით! ის მოგვდის რასაც ვიმსახურებთ!

ასეა თუ ისე, ბუნტის ორგანიზატორები დაკავებულები არიან და იმედს ვიტოვებ, რომ კანონის მთელის სიმკაცრით მოეთხოვებათ პასუხი, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეშია!

როდემდე, ხალხო?! როდემდე შეგვრჩება საკუთარი ქვეყნისათვის, ქართული ახალფეხადგმული სახელმწიფოებრიობისათვის ძირის გამოთხრა! რამდენჯერ გადავრჩებით?!

სხივის არ ვიცი, მაგრამ მე მეშინია!

6 კომენტარები »

აქცია, რომლითაც შეიძლება იამაყო

დღეს ქართული ენის დღე იყო, თუმცა ამ ისტერიაში არც არავის გახსენებია, მე მგონი! რასაკვირველია, 1978 წელს იდეაშიც არ ვიყავი, მაგრამ რა ინფორმაციაც გამაჩნია, ეს ისაა, რომ ჩვენს „უფროს ძმას“ უნდოდა საბჭოთა საქართველოს ახალ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად რუსული ყოფილიყო დაფიქსრებული.  ხალხი წინ აღუდგა ამას და სურვილი სურვილად დარჩა.

ასეთი აქციით შეიძლება იამაყო ადამიანმა. ეს იყო ხალხის ერთსულოვნების გამოვლინება, ერის თავისუფალი ნების გამოხატვა, ბრძოლა სამართლიანობისათვის, სწორი პროტესტი! ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი თარიღი იყო საქართველოს ისტორიაში. დიახ, მეგობრებო, ამგვარი აქციით შეიძლება იამაყო და არა იმით რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხდება.

8 კომენტარები »