მწარეს ბლოგი

chez moi

Sort of coming back

არა, დიდი ხანია, მეტ-ნაკლებად მეთანაღრებოდა გული ჩემს ბლოგზე, მაგრამ დღეს დაბრუნების განსაკუთრებული სურვილი ვიგრძენი. მე მჭირდება პოსტვა! სოფის ამ პოსტმაც მომცა მცირე ბიძგი! ისეთი პოსტები მწყურიაო, სადაც ადამიანები საკუთარცხოვრებაზე ისაუბრებენ და ყოველდღიურ ამბებს მოყვებიანო! მე ვწერდი ასეთ პოსტებს და ასეთი ბლოგებიც მომწონდა! ახლაც მომწონს!

წელიწადზე მეტი პაუზის შემდეგ, დაბრუნება ადვილი არ იქნება, ცხადია! სავარაუდოდ, იმ ადამიანების დიდ ნაწილს, ვისაც ჩემი პოსტები მოსწონდა, აქაურობის „მისამართი“ დაავიწყდებოდა უკვე. ისიც გასათვალისწინებელია, არ ვიცი, რამდენად ხშირად დავპოსტავ, როდემდე მენდომება წერა და წასვლას ისევ როდის გადავწყვეტ, მაგრამ ახლა აქ ვარ! ისევ ისე გავაგრძელებ! დავწერ ჩემი ერთფეროვანი ცხოვრების შესახებ, წაკითხულ წიგნებზე, ფილმებზე, ჩემს შეხედულებებსა და მოსაზრებებზე! Just let me be!

6 კომენტარები »

My great 2010

რადგანაც საქმის ბოლო წუთამდე მიყვანა მჩვევია ხოლმე, 2010 წლის რეზოლუციასაც ახლა გავაკეთებ, როცა ახალი წლის დადგომამდე ორიოდე საათიღაა დარჩენილი! ისე, საინტერესო დამოკიდებულება მაქვს ბლოგთან, ვითომ წავედი აქედან, მაგრამ მაინც ვბრუნდები შიგადაშიგ, თუმცა ამაზე სხვა დროს!

ერთიანობაში თვალი რომ გადავავლე გასულ წელს, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში! მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რაიმე დრამატული ცვლილებები არ მქონია, ანუ არც სამსახური შემიცვლია, არც სტატუსი და არც საოცხვრებელი ადგილი, მე თვითონ ვიცვლებოდი ძალიან აქტიურად! მრავალნაირი მე წარსდგა საზოგადოების წინაშე, სანამ ისევ ის არ გავხდი, ვინც რეალურად ვარ – ემოციური, ყველაფრის გულთან მიმტანი, მაგრამ მაინც ძლიერი და მებრძოლი, ცხოვრებაზე შეყვარებული და საშინლად ფიცხი!

ახლა კი უფრო დეტალურად: წელი ახალი ლეპ-ტოპის ყიდვითა და საზეიმო ფიცით დავიწყე! ასეთი განწყობის მიუხედავად, წლის დასაწყისი არც ისე კარგი იყო: კვლავ არცთუ სახარბიელო ანალიზები, ჩავარდნილი გეგმები, შემდეგ ჩემი ძვირფასი უფროსის წასვლა და ამასთან დაკავშირებული ნერვიულობა, ტრადიციულად გაღიზიანება გაზაფხულით, პერიოდული ოპტიმიზმის შემოტევებით! აქვე, შუალედში, პირველი დაბადების დღე ვიზეიმეთ, პლუს, შეცვლის თვალსაზრისით პირველი სიმპტომები დავაფიქსირე!

ზაფხულისკენ ყველაფერმა გამოსწორება დაიწყო: ჩემმა ჯანმრთელობამ, ფაქტიურად, გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო გაუმჯობესება, ახალი უფროსი მომივიდა, რომელსაც ძველზე არანაკლებ კარგად შევეგუე, თმა შევიჭერი და ცურვა ვისწავლე! სამაგიეროდ, ნელ-ნელა პოსტვას მოვუკელი!  შემდეგ თმა შევიღებე წითლად და აღმოვაჩინე, რომ შემეძლო მკაცრი ვყოფილიყავი! შემდეგ იყო ფანტასტიური შვებულება, რომელიც ზუსტად ისე გავატარე, როგორც მინდოდა! დასვენების და განტვირთვის პარალელურად, ჩემი მომავალი დავგეგმე და რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე!

შემოდგომა და დეკემბის დასაწყისი მაინც ყველაზე გადატვირთული გამოდგა! თავიდან იყო პოზიტივის მოზღვავება და გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა მეპოსტა! შემდეგ პირადი დრამა, რომელმაც ჩემი ემოციური ფონი სერიოზულად შეარყია, თუმცა კი გარეშე თვალისათვის ყველაფერმა შეუმჩნევლად ჩაიარა, პეროდული “სწერვულ” გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით! ძალიან ჩამოვშორდი ინტერნეტსამყაროს, სოციალური ქსელების ცათვლით, სულიერ წონასწორობა ხან მიბრუნდებოდა, ხან ისევ აპათიაში ვიყავი! ამ “ციმციმში” მოექცა ჩემი 26-ე დაბადების დღე, პირველი სიგარეტი და გადაწყვეტილება, რომ ამ სისულელეს აღარ გავიმეორებდი, თმის ბუნებრივი ფერის დაბრუნება, მცირე ცვლილებები სამსახურში, ყელამდე საქმეები და პერიოდული გაღიზიანებები!

დეკემბერს რაც შეეხება, აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყო, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის მოსამართლედ დანიშვნა! ვერც წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, მრავალი მიზეზის გამო! ❤ ამის შემდეგ ბევრი აპათია, მცირე დეპრესიონერა და მგავსი სისულელე იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერმა ჩაიარა! ახლა უკვე ჩვეულ ხალისიან ნოტაზე ვარ და  ამ განწყობას იოლად ვერაფერი შემირყევს! რაც ყველაზე მთავარია, ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე – ყოველთვის, როცა ცუდად ვარ და სამყარო მუქ ფერებში მეხატება, ჩემს გვერდით აუცილებლად  აღმოჩნდება ადამიანი, who will put me together! ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ვგულისხმობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარტო არ ვარ! ეს შემთხვევით არ ხდება! სოფის ტერმინი რომ გამოვიყენო, ვიცი, ამ ადამიანებს საყვარელი სცენარისტი მიგზავნის და მისი მადლობელი უნდა ვიყო იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს!

ერთი სიტყვით, წლის მიწურულს ვხვდები, რომ გავიზარდე! ძალინ ბევრი ისეთი რაღაცის “გატარება” ვისწავლე, რაზეც მანამდე გულს გავიხეთქავდი! ასევე მოვახერხე და საბოლოოდ დავემშვიდობე წარსულს. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე ვიხსენებ და ვაფასებ ბევრ რამეს! ოპტიმიზმით სავსე ვარ და მზად ვარ ჩემი სურვილების ასასრულებლად ვიბრძოლო!

და ბოლოს, აქვე გაგაცნობთ რა შევასრულე შარშანდელი ‘to-do’ list-იდან:

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს – Done
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს – in progress
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას – not done
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია- in progress
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა – soon to be done
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს –Done
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები –in progress

პუნქტები “შევეცდები” სიიდან:

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან –Done
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა –not done and not planned
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ) -თავიდანვე მკვდარი პუნქტი იყო 🙂
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება -In progress, I guess
  • გამოვჯანმრთელდე – in progress
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე – in progress
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო  – ვროძი ბი, სულ წავედი! 🙂

წერაში დრო როგორ გავიდა, ვერც გავიგე! თითქმის მოვიდა ახალი წელი! ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ! ტრადიციულად, თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას გისურვებთ და ვფიქრობ, გაისადაც არაერთხელ შევხვდებით! 😉

5 კომენტარები »

ცოცხალ!

ცოცხალი ვარ, არაფერი მომსვლია! რამდენიმე საათით ვარ თბილისში, ამ დილით ჩამოვედი ბაკურიანიდან და საღამოს სოფელში მივდივარ. ისე გავვარდი ქალაქიდან, ბლოგზეც კი არ დამიბარებია, მივდივარ-მეთქი, მაგრამ არც მაგის თავი მქონდა, სიმართლე რომ ითქვას! როდესაც მუსიკის ხმაზე კივილი მომინდა, ბავშვის სიცილის გაგონებისას კი მისთვის შემორტყმა, მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე! შესაბამისად, გადაუდებელი საქმეები დავასრულე, დანარჩენი ყველაფერი მივყარე და ქალაქს გავეცალე. ბუნებამ და სიმშვიდემ შედეგი მალევე გამოიღო, ახლა მშვენიერ ხასიათზე ვარ და ცხოვრებით ვტკბები, თუმცა ინტერნეტსამყაროს ჯერ არ ვუბრუნდები. 10 დღე გავატარე ამ ყველაფრის გარეშე და ერთხელაც არ მომნატრებია, ანუ ჩემი ედიქშენი არც ისე მძიმე ფორმის ყოფილა (ნუ, მობილურით ფეისზე ატვირთული ერთი-ორი სურათი და განახლებული სტატუსი არ ითვლება)! შვებულებით ბოლომდე დატკბობა მაქვს გეგმაში, ამ საღამოს სოფელში წავალ, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ზღვაზე გადავინაცვლებ! სექტემბრის დასაწყისში კი დედაქალაქს და სამსახურს დავუბრუნდები. ბლოგზეც სადღაც მაგ დროისთვის გამოვჩნდები, თუ მანამდე არ მეწვია პოსტვის დაუოკებელი სურვილი (რაც ძალიან მეეჭვება)! მოკლედ, ძვირფასებო, have fun და დრო ისე გაირბენს, ვერც მე გავიგებ,  ვერც თქვენ!

ეს კი ისე, ბონუსად! წარწერა ბაკურიანის ერთ-ერთ პარკში:

10 კომენტარები »

Update

მოკლედ ასე, სანამ რამდენიმე თავისუფალი წუთი მიპოვია, თავს შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! ისეთი დაკავებული ვარ, სუნთქვა ავტომატურად რომ არ ხდებოდეს და დრო ან ძალისხმევა სჭირდებოდეს, ვერც მაგას მოვახერხებდი ალბათ.

ფბ-ს უკვე ვახარე ახალი უფროსი რომ მომივიდა სამსახურში. დღეში მილიონჯერ ვწირავ ღმერთს მადლობას, რომ ასეთი ადამიანი გამომიგზავნა და არა ვიღაც გიჟი, თორემ წინა უფროსი იმდენად კარგი მყავდა, სხვანაირს ვეღარც შევეგუებოდი ალბათ! ასე რომ, თითქმის ორთვიანი უსაქმურობის ხანა დასრულებულია!  სამსახრუშიც საგრძნობლად დატვირთული ვარ, პლუს კიდევ სხვა რაღაცეები და მოკლედ, ჩემი ერთადერთი სამოვნება ის დაახლოებით ერთი საათია, რომელსაც აუზზე ვატარებ ხოლმე!

მეორე მაგარი ამბავი, რომელიც ასევე ვახარე სოციალურ ქსელებს არის ის, რომ 2 ზომით დავპატარავდი! 🙂 ჩემი ბლოგის მკითხველებმა კარგად იციან, რაოდენ მტკივნეული საკითხია ჩემთვის წონა და როგორ ვწვალობ მისგან გასათავისუფლებლად! ასე რომ, მომილოცეთ! ეს პირველი სერიოზული შედეგია რასაც ამ დროის მანძილზე მივაღწიე!

ასევე საკუთარი თავის შესაგონებლად დაწერილი წინა პოსტის გავლენით, ვცდილობ რაღაცეების სხვა დროისათვის გადადებას, ასევე საქმის დედლაინამდე მიყვანას და მერე გაკეთებას მეტ-ნაკლებად შევეშვა! რომ იცოდეთ, ცხოვრება როგორ გამიიოლდა!

მოკლედ, ამ დროისათვის სულ ეს იყოს! ერთი გემრიელი პოსტის დაწერა მაქვს განზრახული, მაგრამ ცოტა მეტი დრო რომ მექნება, მერე იყოს! არ მოიწყინოთ უჩემოდ და ძალიანაც ნუ დახოცავთ ერთმანეთს! 😉

P.S. როგორც ხედავთ, ბლოგის თემფლეითი ისევ შევცვალე. თუ რაიმე დისკომფორტს გიქმნით (ცუდად იტვირთება, თვალებს გიღლით, “გოიმურია” და ა.შ.) აუცილებლად მამცნეთ კომენტარებში.

7 კომენტარები »

მოცურავე მოკლეთმიანი!

ეს პერიოდი თითქმის ყოველდღიურად შემოვდივარ ბლოგზე, ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას და ვუყურებ! არ გამომდის წერა. არა, ნუ გეგონებათ, რომ არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ ყველა აზრი, რომელიც ჩემს თავში დარბის, წმინდად სამართლებრივია და თქვენ ნაკლებად მოგეწონებათ! უბრალოდ, მარტივად მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს:

როგორც უკვე იცით, ცურვის სწავლა დავიწყე. თითქოს ამაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ადამიანისათვის, რომელსაც წყლის თითქმის ციფიანივით ეშინია, ძალიანაც მნიშვნელოვანი მოვლენაა! პირველად რომ ჩავედი აუზზე, კიბეს ხელს არ ვუშვებდი, მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავძლიე შიში. ჯერ კიბეზე ხელმოკიდებული გავწექი, მერე პენაპლასიტის (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია) დახმარებით, ბოლოს დამოუკიდებლად. ოღონდ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ იმხელა წყალში ვცურავ, სადაც ვიცი, რომ ფეხს აუცილებლად მივაწვდენ.  ვერც წარმოიდგენთ, რა მაგარი გრძნობა იყო, როცა პირველად გავცურე, იმის სრული შეგრძნებით, რომ ჩემს ერთ-ერთ სისუსტეს მოვერიე! ვინც ჩემსავით იტანჯებით წყლის შიშით, რამდენიმე მარტივ რჩევას მოგცემთ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით:

  1. პირველ რიგში მიეჩვიეთ სახის ჩაყოფას და სწორად სუნთქვას;
  2. აუზში როგორც კი ჩახვალთ, ღმად შეისუნთქეთ და ჩაჯექით ისე, რომ წყალმა ბოლომდე დაგფაროთ. ამით დარწმუნედებით, რომ ა) წყალი აუცილებლად ამოგაგდებთ უკან და ბ) ასეც რომ არ მოხდეს, იმდენ ხანს გაძლებას შეძლებთ, სანამ ვინმე არ მოგეშველებათ;
  3. არ იჩქაროთ და ყველაფერ ახალს ნელ–ნელა მიეჩვიეთ, თორემ პირველ ჯერზე რამე რომ არ გამოვიდეს, უარესად დაფრთხებით;
  4. თუ არ გარისკეთ, მზად არასოდეს იქნებით! პირველი გასრიალებაა ძნელი, თორემ მერე აღარ შეგეშინდებათ;
  5. და ბოლოს, არ იფიქროთ არაფერზე, უბრალოდ ინსტინქტებს და საკუთარ სხეულს მიენდეთ! როგორც მივხვდი, წყალზე წოლა ადამიანისათვის იმაზე უფრო ბუნებრივია,  ვიდრე სკამზე ჯდომა, მაგალითად! მერწმუნეთ, ვისაც ჯანმრთელი, ძლიერი ფილტვები გაქვთ, თქვენთვის ცურვის სწავლა ისევე ადვილია, კაკ რასპლიუნუწ!

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ გუშინ გავრისკე და თმა მოკლედ შევიჭერი. ბოლო სამი წელია სულ ერთნაირ ვარცხნილობას ვატარებდი, ხოდა, ავდექი და რაღაც ახალი მოვსინჯე, რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ მქონია. “რომაული არდადეგებში” გახსოვთ პარიკმახერი რომ უბრაზდება ჰეპბერნის პერსონაჟს და გაბუსხული ჭრის თმას?! აი, დაახლოებით ეგეთი სცენები მქონდა სალონში, თუმცა საბოლოოდ, ჩემმა ურყევმა ნებამ გაიმარჯვა და აი, ბატონო, შედეგიც:

დილით საკუთარი თავის ცნობა გამიჭირდა!

ა, ხო, კედელს ნახშირი! პირველად დავდე ბლოგზე საკუთარი სურათი! მოკლედ, ვინც ფბ–ზე არ მემეგობრობით, ამიერიდან იცოდეთ ჩემი ნამდვილი სახე! 🙂 კმაყოფილი ვარ მე, ექსპერიმენტი ცუდად არ დასრულებულა, თანაც ბრმად გარისკვა ვცადე, შედარებით უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ მაინც!

8 კომენტარები »