მწარეს ბლოგი

chez moi

პარასკევი და გაშვებული შანსები

პარასკევი საღამოა, ხვალ არსად მივდივარ, საქმეც არაფერი მაქვს, მყუდროდ მოკალათებული ჩაის ვსვამ და ფილმს ვუყურებ. აი, ამას ვუყურე:

რუსულ-იტალიური ფილმია, რომელიღაც ფესტივალისთვის გადაღებული. სიმართლე გითხრათ, საკმაოდ მოსაწყენად მომეჩვენა, თუმცა თავად ფილმის მხატვრული ღირებულებების გარჩევას არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ არ მესმის ისეთი ხალხის, როგორც მთავარი პერსონაჟები არიან! მათ პირველი დანახვისთანავე უყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა 10 წელი მოანდომეს ამის აღიარებას,!დადიან მიმა და ოკალა, იცვლიან პარტნიორებს, საცოხვრებელ ადგილს, აჩენენ შვილებს სხვასთან, პლაკაიუტ ვ ჟილეტკუ დრუგ-დრუგუ, მთავარ სათქმელს კი ვერ ამბობენ! ნამდვილად ვიცი, ეს ისტორია ბევრს მოეჩვენება რომანტიულად, მე კი მაღიზიანებს!

დაახლოებით ამდაგვარი მეორე ფილმი გამახსენდა, თუმცა ის ამაზე ბევრად უარესი გულისამრევი მარაზმია – Love me if you dare! აი, ეგეც ძალიან რომანტიულ ისტორიადაა მიჩნეული, მე კი რომანტიკის ნასახსაც ვერ ვხედავ! ორი ადამიანი მთელი მონდომებით ანგრევს ერთმანეთის ცხოვრებას, ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ ტკივილს მიაყენებს და ჰოი, საოცრებავ, მათ ერთმანეთი უყვართ! That’s not romantic, that’s seriously sick!

მოკლედ, მთელი ჩემი გაბრაზებული პათოსი იმას ემსახურება, რომ არ მესმის ამ გაუბედავი ადამიანების, რომლებიც ბედნიერების შანსს ხელს ჰკრავენ, დროს გაუგებარ ყოყმანში კარგავენ! დრო მეტისმეტად სწარაფდ გადის საიმოსოდ, ამხელა ფუფუნების უფლება რომ მივცეთ თავს! რად გვინდა ფილმები?! ცოტა ვიცით მსგავსი ამბავი? რამდენი მათგანი დასრულდა ჰეფი ენდით? ასეთ სიტუაციაში ხშირად ის მომენტიც ფიგურირებს (საქართველოში მაინც) –  მე ქალი ვარ და რატომ უნდა გადავდგა პირველი ნაბიჯი, ეს არ შემეფერება?! სისულელეა! არ ვითვლები ძალიან გაბედულ და გრძნობებს ამყოლ ადამიანად, მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ დამჭირდება, პირველ ნაბიჯსაც გადავდგამ, სათქმელსაც მე ვიტყვი და ერთი სტყვით, ვიბრძოლებ, რომ მერე გული არ დამწყდეს! დაშვებული შეცდომის მონელება უფრო ადვილია, ვიდრე გაშვებული ბედნიერების! მაინც რამდენი წელი გვაქვს ამ დედამიწაზე?! საცოდავი 60 ან 70! მეტისმეტად მცირე დროა რამეზე უარის სათქმელად და შენი მომენტის გასაშვებად!

3 კომენტარები »

ზღვა v. მთა

დავბრუნდი! რაც იმას ნიშნავს, რომ მოვედი და კარგა ხანს აღარ წავალ! ჩემი შვებულება სექტემბრის პირველ დღეებში დასრულდა, შესაბამისად, უთენია ადგომას, მთელი დღით ოთახში გამოკეტვას და კიდევ სხვა არასასიამოვნო რამეებს თავიდან უნდა შევეჩვიო!

შვებულებისა რა გითხრათ?! არ ვაპირებ, სკოლის მოსწავლესავით თემა დავწერო ზაფხულის არდადეგებზე, აქ ვიყავი, იქ ვიყავი, ეს ვქენი, ის ვქენი! მხოლოდ ზოგადად გეტყვით, რაც გეგმაში მქონდა, ყველაფერი ავისრულე! ერთადერთი რაც არ შემისრულები, არაფერი მიმეცადინია! ვიფიქრე, მოსამართლეთა საკავალიფიკაციო გამოცდებისათვის საქმეს წინ წავიგდებ და რაღაცეებს გადავხედავ-მეთქი! შედეგად, “მეწეარმეთა შესახებ” კანონი თავისი კომენტარებიანად ჯერ ბაკურიანში წავაპორწიალე, მერე გურიაში და მერე ზღვაზე! მთელი წელი ჯანმრთელად იქნება,  ჰაერი იმდენჯერ გამოიცვალა!

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთის შვილი უფრო ვარ, ვიდრე ზღვის! წყალი მიყვარს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ცურვა ვისწავლე და შიში დავძლიე! ზღვის მიმართაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ! ყოველთვის, როცა ნერვები მაქვს მოშლილი, არ მეძინება ან რაღაც ამდაგვარი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ტალღებს, შრიალით რომ იმსხვრევიან ნაპირთან!

ამის მიუხედავად, როდესაც ზღვიდან მოვდივარ, არასოდეს მაქვს შეგრძნება, რომ გული იქ მრჩება! საერთოდაც, ზვისადმი ჩემი სიყვარული გალაკტიონისეული ფრაზით გამოიხატება ყველაზე კარგად – “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”! მთელი წელი ვათვალიერებ სურათებს, ვოცნებობ იმ დროზე, როცა ბარგს ჩავალაგებ და სანაპიროს მივაშურებ, მერე კი, როცა ეს დრო დადგება და ბოლოსდაბოლოს ზღვამდე მივაღწევ, უკან გამოქცევა მინდება!

მთა კი სულ სხვაა! ჩემი safest place! ძნელი ასახსნელია, რატომ მიყვარს ასე! უბრალოდ, როგორც კი მთაში მოვხვდები, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს ჩემი ადგილი ვიპოვე ამ სამყაროში! ალბათ, სილაღის და თავისუფლების ის განცდა მიყვარს, იქაური პეიზაჟები რომ მიქმნიან და კიდევ, იქ ბევრი, ძალიან ბევრი მწვანეა! ბევრი მეკითხებოდა, ბაკურიანში რამ წაგიყვანა ამ ზაფხულში, არ გწყინდებოდაო? როგორ უნდა ავუხსნა ამ ადამიანებს, რომ არასოდეს მწყინდება იმ გარემოში, სადაც ბევრი მინდვრები, ტყეები და მთის ყვავილებია?! საათობით შემიძლია ვიჯდე სადმე ნაძვის ქვეშ, არაფერი ვაკეთო, არაფერზე ვიფიქრო და უბრალოდ ტყეს ვუსმინო! აი, გიგა წერდა ადრე ბუდისტურ ძენზე თავისთან, ჰოდა, ალბათ, ჩემი ძენი ესაა! მოკლედ რომ ვთქვა, მთა სულიერად მამთლიანებს და ეს მთლიანობის განცდა დიდხანს მომყვება!

ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, ბოლომდე შევიგრძენი ამ ზაფხულს! ამჟამინდელ მდგომარეობაზე კი რა გითხრათ?! კარგად ვარ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით! დამშვიდებული, სულიერად სავსე, თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად ვგრძნობ! სანამ მთაში ძენს ვიჭერდი, მივიღე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მაქვს გეგმები მათ შესასრულებლად! ყველაფერი ეს მომავალ პოსტებში! ახლა კი სცადეთ, ცოტა ხნით თქვენს safest place-ებს ეწვიოთ! მე თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ იქ ვარ, სადაც ბევრი მწვანეა და წიწვების სუნი მომდის!

3 კომენტარები »

Bad Luck

იღბალზე წუწუნი მეტ-ნაკლებად ყველას გვჩვევია! მრავალი მიზეზით შეგვაქვს ეჭვი საკუთარ ქუდბედიანობაში. ავტობუსმა ორი წამით გაგასწროთ და სამსახურში დაგაგვინდათ? ბედია! ქუჩაში წყნარად მიდიოდით და უახლოესი კორპუსიდან გადმოსროლილი ნაგვის პარკი მაინცდამაინც თქვენ დაგეხეთქათ თავზე? ეგეც ბედია! ერთადერთხელ იმგზავრეთ უბილეთოდ და მაშინაც კონტროლიორებმა დაგიჭირეს? ეგ ხომ ბედია და ბედი!

სხვაზე რა ვილაპარაკო, მე თვითონ სისტემატურად ვწუწუნებ უიღბლობის შესახებ! საკმარისია მცირე შეფერხება გეგმებში და მაშინვე ბედის არქონას ვუჩივი! ეს ისე, გაუაზრებლად ხდება, ავტომატურ რეჟიმში, იმიტომ, რომ რეალურად, ისიც გასარკვევია, მჯერა თუ არა ბედის, მაგრამ წუწუნით კი ბევრს ვწუწუნებ! არადა, სულ ტყუილად!

შაბათს იაშვილის კლინიკის ალერგოლოგიის ცენტრში ვიყავი, რაღაც სინჯები უნდა აეღოთ. სანამ მე მჩხვლეტდნენ, კიდევ ერთი პაციენტი შემოვიდა. ხანში შესული რუსის ქალი იყო, აეროზოლის და სხვა პრეპარატების გამოყენება-მიღების წესებს უხსნიდნენ. მედიცინის ბევრი არაფერი გამეგება და დიდი გულისყურით არც ვუსმენდი, მაგრამ  მათი საუბრიდან ის გავარკვიე, რომ ამ ქალს სიმსივნე ჰქონდა და იმ ერთადერთი პრეპარატის მიმართ, რომელსაც შეეძლო მდოგმარეობა შეემსუბუქებინა, ალერგიული აღმოჩნდა!

აი, უიღბლობა ამას ჰქვია! გამომადგება გაკვეთილად, ყველანაირ წვრილმანებზე შფოთს რომ არ მივეცე ხოლმე!

7 კომენტარები »

If tomorrow never comes

როდესაც შეცდომას ვუშვებთ, გვგონია, რომ მის გამოსწორებას ყოველთვის მოვასწრებთ. მთელი სამყარო ხომ ჩვენს ხელთაა! ჩვენ ვართ ყველაფრის ბატონ–პატრონები და პასუხისმგებლობის აღებას მერეც მოვახერხებთ! გვგონია, რომ განუსაზღვრელი დრო გვაქვს!

– 5 კილო მოვიმატე?! არაუშავს, ხვალიდან დიეტაზე გადავალ, დღეს კი საყვარელი ტორტით ვისიამოვნებ! – ამბობენ ჩემნაირები.

– ეს ბოლო ღერი სიგარეტია , ხვალიდან მოწევას თავს ვანებებ! – ამბობენ მწეველები.

– მშობლებისთვის არ დამირეკავს 1 თვეა?! ხვალ დავურეკავ! – ამბობენ დაკავებული შვილები.

– ჩემს ცოლ–შვილს ვეჩხუბე?! არაუშავს, ხვალ ვეტყვი, რომ ორივე ძალიან მიყვარს და ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება! – ამბობენ ქმრები.

– გამოცდებამდე ჯერ იმდენი დროა! ხვალიდან არც ერთ ლექციას გავაცდენ და ყველა სემინარს მოვამზადებ! – ამბობენ სტუდენტები.

და ა.შ. და ა.შ.

ხვალ კი არასოდეს დგება! გადადება სისხლში გვაქვს გამჯდარი! ვდებთ და ვდებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას სხვა დროისათვის, მოქმედებას კი არასოდეს ვიწყებთ!

მაგრამ დგება მომენტი, როდესაც  ყველა არდამდგარი ხვალისთვის პასუხი უნდა ვაგოთ! საკუთარი დღემეხვალიობის შედეგებს ვერ გავექცევით და სინანულს აზრი არ აქვს! არ არსებობს განუსაზღვრელი დრო, როგორც ასეთი! Every second, every heartbeat matters from now on, because they are limited!

“ხვალ” არ არსებობს! “ხვალ” დღესაა!

11 კომენტარები »

Surviving spring

ოდესღაც ვიღაცამ დამწყევლა, გაზაფხულზე ალერგია ალერგიად გკლავდეს და გრიპიც აუცილებლად გემართებოდესო! თუ ოდესმე გავციებულვარ ან რაიმე ვირუსი შემყრია, ეს აუცილებლად გაზაფხულზე ხდებოდა. არ ვიცი, ჩემს იმუნიტეტს სძინავს საღათას ძილით, თუ მართლა წყევლაა, მაგრამ ასე კი ხდება! არადა, იმდენი სხვადასხვა ვიტამინების კომპლექსს ვიღებ ბოლო თვეებია, ძარღვებში სისხლის მაგივრად C ვიტამინი უნდა მედგას, მაგრამ მაინც არაო! სამსახურიდან პრაქტიკულად მოვხოხდი და მთელი საღამო მეძინა. ახლაც ლეპ–ტოპი ზედ გულზე მადევს და ისე ვცდილობ დაპოსტვას! არ ვიმჩნევ, რომ ცუდად ვარ. ხვალ სახლში დავრჩები, მერე შაბათ–კვირაც მომისწრებს, ორშაბათამდე კი ან მოვკვდები ან მოვრჩები! 😉

მარტო ცხოვრების პირველი და ჯერ–ჯერობით ერთადერთი მინუსი: თუ სამზარეულომდე მიღწევის თავი არ გაქვს, ჩაის ვერ დალევ!

თავი საშინლად მტკივა და საკმარისია გვერდზე გადაბრუნება ვცადო, ვეღარ ვსუნთქავ! იმედია, ეგზომ მრისხანე ღორის გრიპი არ მჭირს! ეჰ, ჯობია ისევ დავიძინო, მეტი არაფერი ხეირი ჩემგან არაა! ა, ხო, მერიკო, თუ აქაც შემოხვალ და დამიწერ გაზაფხული რატომ არ გიყვარს, ის ხომ ასეთი კარგიაო, შედეგები შენს თავს დააბრალე! 😛

6 კომენტარები »