მწარეს ბლოგი

chez moi

In my dreams

ფობიები, სიზმრები და,  ამ ბოლოს, “ავატარი”, ის თემებია რაზეც ბლოგერების უმრავლესობა წერს. ფობიები სხვა დროს იყო, “ავატარზე” და საძიებო ფრაზებზე დავწერე, სიზმრებიღა დამრჩა!

“სიზმრისეულ ხილვებს იმ მნიშვნელობას ანიჭებენ, რასაც ისინი არ იმსახურებენ.” – წერდა ფრანგი პოეტი და ფილოსოფოსი პოლ ვალერი. ნაწილობრივ მართალიც იყო, რამდენჯერ მოგისმენიათ სიზმარში ბავშვი ავადმყოფობას ნიშნავს, კბილის ტკივილი უსიამოვნებასო და ა.შ. ერთი რამ ცხადია, სწავლულები, ფსიქოლოგებიც და უბრალო მოკვდავებიც დიდი ხანია ცდილობენ სიზმრის ფენომენის გაშიფვრას. რამდენად წარმატებულად, ეგ სხვა საკითხია.

პოსტის მიზანი ნამდვილად არაა ახალი კარაბადინის შედგენა, ან  ძია ფროიდის დაჩრდილვა! სიზმრის ახსნის სფეროში მე ახალს ვერაფერს ვიტყვი. პირადად ჩემთვის მისაღები და ლოგიკურია ის მოსაზრება, რომ სიზმარი ტვინის რომელიღაც უჯრედში დალექილი ინფრომაციაა, რომელიც ამ გზით პოულობს გამოვლინებას. ეს ინფორმაცია შეიძლება ჩვენი დაფარული სურვილები, შიში, ოცნებები ან ის ფაქტები იყოს, რასაც ვამჩნევთ, მაგრამ ვერ ვიაზრებთ. არის შემთხვევბი, როდესაც ინტუიციით, ქვეშეცნობიერის დონეზე ვამჩნევთ რაღაცეებს, რასაც თვალი და გონება ვერ აღიქვამს. ამგვარი სიგნალები ჩვენს ტვინში ილექება და ასახვას სიზმარში პოულობს, ესეც ჩვენი “წინასწარმეტყველური” უნარი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ზოგჯერ, სხეულის რომელიმე ნაწილი ტვინს სიგნალს აწვდის მიჭირსო და ეს სიგნალი გადადის სიზმარში. ჩემს შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამგვარ “SOS”–ს ფარისებრი ჯირკვალი უშვებდა – დაახლოებით 2 თვე მესიზმრებოდა ყელზე წაჭერილი თოკი, რომელიც სუნთქვას მიშლიდა.

დავანებოთ თავი თეორიებს, დაე, მეცნიერებმა მიხედონ ამ ნაწილს! პირადად ჩემთვის, სიზმრები ზღაპრული სამყაროა, რომელიც ყოველთვის მიყვარდა. ამ ბოლო პერიოდში კი ამ სამყაროს, უმეტესწილად, მოწყვეტილი ვარ. ძალიან იშვიათად მესიზმრება რამე, ძირითადად, გათიშულს მძინავს. ზდაიოტსა მნე, რომ ეს ჩემი წამლების დამსახურებაა! სამაგიეროდ, ადრე მესზიმრებოდა ფერადი, ულამაზესი ზმანებები, ისეთები, ნეტავ არ გამღვიძებოდაო, დილით რომ მითქვამს! რაც უცნაურია, არასოდეს დამსიზმრებია კოშმარები! არც შუაღამისას საშინელებათა ფილმის ყურება, არც სტრესი ან სხვა რამ ჩემს ძილში არ იჭრება. ერთადერთი შემთხვევა, როცა გულგახეთქილს გამეღვიძა, რამდენიმე წლის წინ იყო და მართლაც საზიზღარი სიზმარი მესიზმრა: თითქოს მეგობრებთან ერთად ვიყავი და ვიცოდი, რომ რაღაცის გამო ისინი დაიხოცებოდნენ, მე კი გადავრჩებოდი (რითი უნდა მომკვდარიყვნენ, აღარ მახსოვს)! ჟუწ! მადლობა ღმერთს, ყველა ვინც მაშინ მესიზმრა, თავს გადასარევად გრძნობს! ყველაზე ლამაზ სიზმარს, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, უბრალოდ ვერ აღვწერ. ულამაზეს ადგილას ვიყავი, სადაც ისეთი ყვავილები და მცენარეები იყო, როგორიც ბუნებაში არ არსებობს (ყოველშემთხვეაში, მე არ შემხვედრია)! თვითონაც ლამაზი ვიყავი, სხვანაირი და თეთრი კაბით, არა საქორწინო, უბრალოდ თეთრი, სადა კაბით.

პოსტის დაწერა კი იმან შთამაგონა, რომ ამ საღამოს ერთ ფილმს ვუყურე (სახელი არ ვიცი, დაწყებული იყო უკვე). ამ ფილმში გოგონა, რომელსაც საკუთარი ბიძა ხელოვნურად ამყოფებს კომაში, ახერხებს მეზობელი ბიჭის სიზმრებში შეღწევას და აგებინებს თავისი გასაჭირის შესახებ. დიახ, ეს რეჟისორის ფანტაზიაა, მაგრამ ადამიანის ტვინს იმდენი დაფარული შესაძლებლობა აქვს, რომ ვინ იცის?

9 კომენტარები »

ისევ ემო

არა, არ მიყვარს ბლოგზე ემო რაღაცეების წერა! პირველ რიგში, იმიტომ, რომ ზოგადად საკუთარი ნეგატიური განწყობის სხვებისთვის თავს მოხვევა არ მიყვარს და მეორეც იმიტომ, რომ ბლოგი არაა პირადი დღიური. მოკლედ, ჩემი რჩევაა, გამოტოვეთ ეს პოსტი! ამას ჩემთვის ვწერ, მე მჭირდება და თქვენ მისი წაკითხვა არაფერს მოგცემთ!

ამ წუთას სერიოზულად მიჭირს! თითქოს ახალი არ უნდა ყოფილიყო, ის რაც მოხდა. ჯერ კიდევ სექტემბერში ვიცოდი, რომ ეს ამ პერიოდისათვის დაიწყებოდა, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი პანიკამ მომიცვა! ვიხრჩობი! 8-თვიანი კოშმარი იწყება ჩემს ცხოვრებაში და მე ამისთვის მზად არ ვარ, არც ფიზიკურად, არც მორალურად! არ ვიცი, რას ემსახურება ეს 8 თვე და მართლა მჭირდება თუ არა. არც ის ვიცი, ჩემთვის სასიკეთო შედეგი თუ დადგება! მოკლედ, ბრმად დავდივარ სიბნელეში და დიდი იმედი მაქვს, კისერს არსად მოვიტეხ.

ზოგადად, ჩემი თავი ძლიერი მეგონა, მაგრამ იმდენად შევიცვალე ამ ბოლო დროს, რომ აღარც ეგ შეეფერება სინამდვილეს! ერთადერთი რაც ამ წუთას მინდა, ესაა ადამიანი, რომელიც ჩემთან იქნება სანამ ცუდად ვარ, ჭკუას არ დამარიგებს, უბრალოდ ჩამეხუტება ვიდრე თავს უკეთესად ვიგრძნობდე, ან არც ჩახუტება მინდა, უბრალოდ ჩემს გვერდით იჯდება და მეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება! როგორც ყოველთვის, ახლაც, ასეთი ადამიანი არ მყავს! ყოველთვის, ყველაფერს მარტო ვუმკლავდებოდი და თუ ოდესმე იქამდე მივალ, რომ თავს მოვიკლავ, ეს ზუსტად ამის ბრალი იქნება!

ჩემი “პირადი ფსიქოლოგი” მენატრება, რომელთანაც უკვე მრავალი თვეა არც კი მილაპარაკია! ეგოისტი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი, არასოდეს მიფიქრია, მისთვის რამდენად ასატანი იყო, ჩემი „გაჭედვები“, არც ახლა ვფიქრობ, უბრალოდ, მასთან საუბარი მამშვიდებდა ხოლმე, მახსოსვს! ცუდად ვარ, დემნ ით! ნუ იფიქრებთ, ადვილი იყოს ჩემთვის საკუთარი სისუტის საჯაროდ აღიარება, მაგრამ, უბრალოდ მეტი აღარ შემეძლო! სადმე, უკაცრიელ ადგილას მინდა ვიყო, რომ ბოლო ხმაზე ვიკივლო, ხმის ჩაწყვეტამდე, ყელის ჩახევამდე და ფილტვების გახეთქვამდე (თუ როგორცაა), რომ ეს დაგროვილი ემოციები ბოლომდე ამოვიღო. არც ეს შეიძლება! ყველაზე დიდი საშინელება კი იმის დაფიქსირებაა, როგორ ვიცვლები, უფრო სწორად, როგორ მცვლის ჩემში ჩასახლებული ეს  უბედურება!

12 კომენტარები »

დურა!!!

იდიოტად ვგრძნობ თავს, სრულ იდიოტად! შენ დარჩი და მე წამოვედი. აღარაფერი მაკავშირებს შენთან, ერთი მუჭა ნაცნობების გარდა! საქმიანობის სფეროც კი აღარ გვაქვს საერთო! შენი არ მესმის და შენ კიდევ ჩემი! მაშინ რატომ ვგრძნობ თავს ასე უცნაურად?! რატომ, რატომ მიჩერდება გული ყოველთვის, როცა რომელიმე ჩვენს ნაცნობათან შენს ფოტოს გადავაწყდები?! უფრო სწორად კი შენ გადაგაწყდები ფოტოზე! შტო ზა ჩორტ?! ვინმემ შემომილაწუნეთ, რა! არა, შემოლაწუნება არ მიშველის, თავში ჩამცხეთ კარგად!

სასიზღრობა ბლოგზე ასეთი იდიოტიზმის წერა, მაგრამ ძალიან მჭირდებოდა ემოციების ამოფრქვევა!

4 კომენტარები »

ოცნება თუ სურვილი?

პიკასოს დაწყებულმა ახალმა ტეგ-თამაშმა კიკიტოს მეშვეობით ჩემამდეც მოაღწია, რაც იმიას ნიშნავს, რომ   ოცნებების შესახებ უნდა გიამბოთ, თანაც ილუსტრირებულად.

ჰმ, ოცნება! ყოველთვის მდიდარი წარმოსახვა მქონდა! ძალიან, ძალიან ხშირად მითქვამს ან მიფიქრია „გმადლობ, ღმერთო, რომ არ მაძლევ ყველაფერს, რასაც ვნატრობ!“ მეტისმეტად მავნე სურათებს მიხატავს ხოლმე, ზოგჯერ, ჩემი ფანტაზია!

საკმაოდ მეოცნებე ბავშვი ვიყავი, რამდენადაც მახსოვს! ყველაფერი იყო ჩემს ოცნებებში, ზღაპრული უფლისწულებიც, სასახლეებიც, ცნობილი ადამიანები, წიგნის გმირები და მეც, სხვადასხვა სახით თუ სტატუსით. საერთოდ, ოცნება ჩემთვის ყოველთვის რაღაც არარეალურთან ასოცირდებოდა, რაღაც ისეთთან, რისი მიღწევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, არასოდეს მოიცნებია (ჩემი გაგებით) რაღაც ნივთებზე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ნივთი მიღებადია. ამ ეტაპზე კი, შეიძლება ითქვას, ოცნებები აღარ მაქვს. ყველაფერი, რასაც ქვევით ჩამოვწერ, ჩემეული განსაზღვრებიდან, სურვილებია, რადგანაც, არც ერთი მათგანი არაა წარმოუდგენელი და აუხდენელი. ერთადერთი ოცნება, მართლა ოცნება, რომელიც ამჟამად მაქვს, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა, ყოველგვარი შიდა და გარე საფრთხეების გარეშე! თუმცა, ამ საკითხს აღარ შევეხები, პირად ოცნება-სურვილებზე გადავალ.

მაშ ასე, ჩემი პირველი სურვილი:

76317811.CSY08xgr.IMG_0005Ah_V6.jpg

პაწაწინა სახლი მინდა, წინ ბაღით და ბევრზე ბევრი ყვავილებით. ზუსტად ასეთი არა, მაგრამ, ესეც გამოდგება!

ჩემი შემდეგი სურვილი:

302984_D013_00164_S_CROP

გეცნობათ, არა? ძაღლის ყოლა მინდა, განსაკუთრებით კი სენბერნარის! ამ ეტაპზე არც საცხოვრებელი ფართი და არც ცხოვრების წესი ამის საშუალებას არ მაძლევს. პირველი სურვილის ასრულების შემთხვევაში, ესეც განხორციელდება!

დალშე:

world_map_IHO

მოგზაურობა! მინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანას ვესტუმრო და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცნო!

მეოთხე სურვილი, ჰმ, ამას ფოტოთი ვერ გამოვხატავ! მინდა ჩემი ცხოვრება რაც შეიძლება საინტერესო და სისხლსავსე იყოს, უჩვეულო და მრავალფეროვანი! ჩემზეა დამოკიდებული, ალბათ, არა?!

და ბოლოს, ყველაზე ამბიციური სურვილი! ეს მართლა ჰგავს ოცნებას, იმიტომ რომ ასრულების უმნიშვნელო შანსები არსებობს:

3970_l

ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა. დიდი სურვილი მაქვს ოდესმე, მრავალი წლის შემდეგ აქ მოსამართლე ვიყო!

მოკლედ, სულ ესაა! ყველას გისურვებთ თქვენი ოცნება-სურვილების ახდენას, ოღონდ ისეთების, რომლებიც მართლა გინდათ და გჭირდებათ! ჩემის მხრივ კი ვთაგავ:

  1. ჰიუსტონს;
  2. ლილუს;
  3. დალიელას;
  4. ლალენას;
  5. ქართველს.

5 კომენტარები »

Be positive!

ეს დღეები დიდად არც მჭირდება ამგვარი შეგონება, ისედაც საკმაოდ ხალისიან და ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ! მოხდა ის, რასაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდები, გუშინ საღამოს ჩემმა სასწორმა დააფიქსირა რომ მთელი 4 კგ დავიკელი! საერთო ჯამში ზღვაში წვეთია ეგ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რამდენიმეთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ პირველად დაფიქსირდა წონის კლება! ანუ ყინული დაიძრა! სტიმული მომეცა (ისე, ვატყობ, ჩემს ბლოგს სახელი უნდა შევუცვალო და დაკომპლექსებული მსუქანას ბლოგი დავარქვა ან რამე ეგეთი:))! ანალიზებშიც სასიკეთო ნიშნებია, თირეოტროპულმა ჰორმონმა კლება დაიწყო. ამის პარალელურად კი, გამომიკეთდა გუნება-განწყობილება, მომემატა ენერგია, ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამიქრა და თქვენ წარმოიდგინეთ, სახის გამომეტყველებაც კი შემეცვალა! ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა ყოველ დილით საგულდაგულოდ ვარჩევ ტანსაცმელს და აღარ ვიცვამ იმას, რაც პირველი ხელში მომხვდება! შედეგად, უფერული, ქმარ-შვილზე გადაყოლილი დიასახლისივით აღარ გამოვიყურები.

გარდა ამისა, ეს დღეები კიდევ რაღაც ცვლილებას ვამჩნევდი და ვერ ვხდებოდი, რას! ხოდა, დღეს თავში დამარტყა: ხმა! ხმა დამიბრუნდა! არ იფიქროთ, ნიჭიერი მეცო-სოპრანო ვიყო ან რამე ეგეთი, სიმღერის ნიჭი სულაც არ დამამადლა ღმერთმა, მაგრამ ეს სხვა ამბავია. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ისევ და ისევ ცნობილი პრობლემის გამო, ხმა მუდმუვად ჩახლეჩილი  მქონდა. ეს დღეები კი ისევ ჩემი ძველი ხმით ავლაპარაკდი! როგორ მიხარია!

ხო, ახლა კი სხვა ტალღაზე: ამ დღეებში წავიკითხე სტეფენი მეიერის სახელგანთქმული რომანი ” Twilight”. არ მქონდა წაკითხული და არც ფილმი მინახავს, ჩემს გარშემო ფილმის ახალი ნაწილის გამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ვიფიქრე ერთი გავიგო, რა ხილია-მეთქი. საკმაოდ სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ცხადია, იმიტომ, რომ წიგნში დასაფიქრებელი და ჩასაღრმავებელი არაფერია. ეს ბუნებრივიც იყო, სერიოზული წიაღსვლებს არც ველოდი. აი, მამიდაჩემი ყველა ზედაპირულ, არსერიოზულ წიგნს, ფილმს თუ გადაცემას “ტივნის გასამზეურებელს” ეძახის. (ტვინის გამზეურება მინდა, რამე მსუბუქი არაფერი გადის? ტვინს ვამზეურებ და იმიტომ ვკითხულობ და ა.შ.) ხოდა, ეგეც ტვინისგასამზეურებლების კატეგორიდანაა, რა, რომ წაიკითხავ, კითხვის პროცესში მოგწონს კიდეც, მაგრამ შემდეგ არაფერს გიტოვებს! მომდევნო ნაწილების წაკითხვას არ ვგეგმავ და ფილიმის ყურებას (თუ სერიალია?) ხომ საერთოდ.

7 კომენტარები »