მწარეს ბლოგი

chez moi

გაზაფხული შემოსულა?

მარტის მეორე დღეა და ყველა ჩემს გარშემო ბედნიერია გაზაფხულის მოსვლით! ზოგს ზამთრის დასრულება უხარია, ზოგს სჯერა, რომ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად რამე შეიცვლება, ზოგს საკუთარი გულის იოლად გრძნობამორევის პერპექტივა ხიბლავს და ა.შ. მაგრამ არა მე! ვერ ვიტან გაზაფხულს და ვერც ვერასოდეს ვიტანდი! არა ნუ პრინციპში მთლიან სეზონს კი არა, უფრო მარტს და აპრილის დიდ ნაწილს. გაზაფხული მიყვარს იმ მომენტიდან, როცა პირველი ბალახი ამოდის და ხეებიც ნელ-ნელა მწვანდება! რით ვერ დაიმსახურა გიჟმა მარტმა ჩემი სიმპათია?  აგერ მიზეზებიც:

  • ალერგია;
  • უაზრო ამინდები;
  • ალერგიის ან კიდევ რაღაცის შედეგად გაგიჟებული სახის კანი, რომელიც გონზე ვერაფრით მომყავს;
  • ვნებამორეული კატები
  • ვერ ვგრძნობ ბუნების გაღვიძება-გამოცოცხლებას

ადრე ამ ყველაფერს ზამთრის დროიდან ზაფხულის დროზე გადასვლაც ემატებოდა! მარტო იმისთვის ვიქნებოდი სააკაშვილის მადლიერი, საათს აქეთ-იქით რომ აღარ დაარბენინებს! ერთი სიტყვით, დათვი რომ ვიყო, ზამთარში კი არა, ახლა დავიძინებდი! ან უბრალოდ, დროის ამ მონაკვეთს გამოვტოვებდი და პირდაპირ მაისში ან ივნისში გადავხტებოდი! ახლა ნახავს ამ პოსტს, გამოუსწორებელ რომანტიკოსთა დაჯგუფება და აყვავებული ატამ-ტყემლებით შემიჭამს ტვინს! არ მინდა, ბატონო, ეს თქვენი თეთრი სპეტაკი ტყემლის ყვავილები (თუ რასაც ეძახით) და ძალაა?!

… я не люблю весны;

Скучна мне оттепель; вонь, грязь — весной я болен;

Кровь бродит; чувства, ум тоскою стеснены.

Суровою зимой я более доволен,

Люблю ее снега; в присутствии луны!

ჩემამდე დაწერა ეს პუშკინმა!

Oh, ჩემმა იმ ნაწილმა, რომელიც ყველაფერში დადებითს ეძებს, რაღაც შემახსენა! არა, დატოვეთ  აპრილი თავის ადგილას, იმიტომ, რომ იები მიყვარს (მარტს მაინც ვერაფერი შველის)! ვერ ვიტან გაზაფხულს, მაგრამ მიყვარს იები! ოღონდ ბაღის წვრილი იები, დამათრობელი სურნელი რომ აქვს და არა ის მუტანტობა, თბილისში რომ ყიდიან!

ჩემი პაწუკები, თავიანთი მოკრძალებული, ნაზი სილამაზით!

ესეც ასე, ამასობაში ცოტა ხასიათი გამომიკეთდა! გადავიტან როგორმე ამ მარტს! მერე კი მოვა იები, სითბო, მზე და ლურჯი ცა!

5 კომენტარები »

ვის აქვს სამოთხის გასაღები?

ჰმმ–მმმ! დარწმუნებული ვარ, უკვე გადაიღეჭებოდა ეს თემა, მაგრამ მეც ჩემი უნდა ვთქვა! დიდი ტვინის დაძაბვა არ იქნება საჭირო იმისათვის, რომ მიხვდეთ, სამშაბათის “სიმართლის დროს” ვგულისხმობ.

სანამ უშუალოდ გადაცემით მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, მცირე განცხადება: ამ გადაცემის ხილვამდე განსაკუთრებული სიმპათიით არც ერთი ქალბატონის მიმართ ვიყავი განმსჭვალული, რაც, ვფიქრობ, სასრგებლოა ობიექტურად შეფასებისათვის.

მე და თეა თუთბერიძე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, დაახლოებით ერთ პერიოდში. ის მაშინ თავის მისიად უნივერსიტეტის  გადარჩენას ისახავდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში იმ დროისათვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თეა უმეტესწილად მართალი იყო, ხშირად მაინც მაღიზიანებდა მისი თავდასხმები აკადემიურ პერსონალზე საკუთარი სუბიექტური პრობლემების გამო. არ მომწონდა მისი მოღვაწეობა “კმარაში”, არც ამ გზით გაკეთებული კარიერა, ისევე როგორც ზოგი შემდგომი განცხადება (აგერ, ბატონო, პოსტიც)!  ერთი სიტყვით, მე ეს გოგო ყოველთვის იაფფასიან პოპულისტად მიმაჩნდა.

ასეთი ხანგრძლივი ანტიპათიის მიუხედავად, ვინმეს რომ თეას პირისპირ დავესვი, მის მიმართ აგრესიას არ გამოვიჩენდი!

რაც შეეხება ნანკა კალატოზიშვილს, პრინციპში, არაფერს ვერჩოდი, გარდა იმისა, რომ მაინცდამაინც ნიჭიერ მსახიობად არ ვთვილიდი.

გადავიდეთ გადაცემაზე! მეგობრებო, “იმედმა” ყველა ჩვენგანის ჯავრი იყარა! გამაოგნა აგრესიის იმ ტალღამ ნანკამ თუთბერიძეს რომ დაატეხა თავს! ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირადი ბოღმა ჰქონდა დაგროვილი და ბოლოსდაბოლოს ამოაფრქვია. გასაგებია, რომ გადაცემაზე ერთი პირი არ მუშაობს და, სავარაუდოდ, ვიღაცა დაუწერდა ტექსტს ნანკას, მაგრამ იმ მიმიკის, გამოხედვის, რომლითაც პატივცემული წამყვანი სტუმარს განგმირავდა ხოლმე, წინასწარ მომზადება შეუძლებელია! მტრული დამოკიდებულება გულწრფელი იყო!

ჰოი, საოცრებავ! გარკვეულწილად ასევე სკანდალური ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში რელიგიის და პატრიარქის შეუპოვარ დამცველად მოგვევლინა! მას თურმე არ შეუძლია ამ თემაზე მშვიდად საუბარი და სულ რამდენიმე წუთში ახადა ფარდა თუთბერიძის მზაკვრულ ჩანაფიქრს! სამოთხეში ადგილს იმზადებ? არაფერი გამოგივა!– მიახალა მან “კმარელ” ჟანა დ’არკს.  კი მაგრამ, ვინ მისცა ნანკა კალატოზიშვილს სამოთხის გასაღები, რომ გადაწყვიტოს იქ ვინ შევა და ვინ არა?! ცუდი შედარებაა, ალბათ, მაგრამ დუმბაძის “მზიანი ღამე” გამახსენა, მოკლე კაბიანებს და ვიწრო შარვლიანებს კომუნიზმში არ შევუშვებთო! პრინციპში, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ფსევდო–მორწმუნე ადამიანები სხვის ბედს ისე განაგებენ, თითქოს თავად იყვნენ ღმერთები! მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ხალხი აყენებს ჩრდილს ეკლესიასაც და პატრიარქსაც, ამახინჯებენ რა მართლმადიდებლობის ყველა ფუძემდებლურ პრინციპებს! მათი ქრისტიანობის დასაცავდ შემართული ბრძოლის დამსახურებაა ეკლესიის მიმართ ის უნდობლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხს იკიდებს საზოგადოებაში!

პატივცემულო ნანკა, ჩემი მხრიდან ზედმეტი პატივმოყვარეობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ შენ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ მაინც გაითვალისწინე: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვის რა ცოდვა მიეტევება და ვის რას მიაგებს უფალი! სწორედ ამიტომ, ყველას საკუთარ სულებზე ზრუნვა გვაბარია და არა სამოთხესა და ჯოჯოხელთში სხვებისათვის ადგილების განაწილება!

კარგი ბატონო, დავუშვათ, რელიგია ისეთი მტკივნეული თემაა კალატოზიშვილისათვის, რომ თავს ვერ იკავებს და სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ეს გარეგნობასთან დაკავშირებული გაუთავებელი “იაზვობა” რაღა იყო?! თეას თმების გასუფთავების სიხშირე ჯერ კიდევ “კმარას” პერიოდში იყო ხოლმე აქტუალური ზოგისთვის, ამიტომაც, არ გამკვირვებია გადაცემაშიც რომ დაისვა ეს კითხვა, მაგრამ მოგვინებით, ქალის მომხიბვლელობაზე საუბრისას ნანკას სახეზე აღბეჭდილი გამომეტყველება, შე საცოდავო, ნეტა რას გავხარო, მეტისმეტი იყო!

მოკლედ, გადაცემის შედეგად არც თეა თუთბერიძე “გასხივოსნებულა” ჩემს თვალში და არც საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვაპირებ, დედა, ამ სპეტაკ ადამიანზე რა ცუდი აზრის ვყოფილვარ–მეთქი! მე შთაბეჭდილებებს შოუს გავლენით არ ვიქმნი! არც ნანკა კალატოზიშვილი გახდება ჩემი ზიზღის ობიექტი, მისი “გმირობანი” იმაზე მალე დამავიწყდება, ვიდრე უმაღლესი მათემატიკის ლექციების თემატიკა უნივერსიტეტშ, მაგრამ ახლა, დღეს, ჩემი აზრი უნდა დამეფიქსირებინა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი გამოჩნდება ისეთი ვინც იტყვის: “ყოჩაღ ნანკას, ეს საზიზღარი, ქართული ტრადიციების, ჩვენი ღირსების მტერი და სოროსის აგენტი თეა თუთბერიძე მეტის ღირსია!” (დღეს სამსახურში მოვისმინე ასეთი აზრი, მაგალითად).  მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებისაგან, ვის აზრსაც პატივს ვცემ, მსგავსი რამ არ გამიგია. ხოდა, პატივცემულებო, როგორიც არ უნდა იყოს თეა თუთბერიძე, კარგად დაფიქრდით, ვინ უფრო ამაზრზენი იყო ამ შოუში?!

P.S. ის–ის იყო, პოსტი ამ მინაწერის გარეშე უნდა გამომექვეყნეებინა, რომ მივხვდი, თეას ადგილზე ნანკას ძალიან მადლობელი ვიქნებოდი, ამ გადაცემის შემდეგ მის მიმართ სიმპათიას კიდევ ბევრი ადამიანი გამოხატავს, როგორც ეს პატრიარქის შარჟების გამო ატეხილი აგრესიული კამპანიის დროს მოხდა! ასე რომ, საბოლოოდ, მაინც ვისი საქმე გააკეთა ნანკამ და “იმედმა?!” 🙂

5 კომენტარები »

Switzerland?

მოპარასკევდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის ბოლო სამუშაო დღეა, რომელსაც ესოდენ საყვარელი შაბათ-კვირა მოჰყვება. მოხედვასაც ვერ ვასწრებ, ისე სწრაფად გადის დრო! თითქოს გუშინ იყო ორშაბათი და მერე, თვალისდახამხამებაში, უკვე პარასკევია ხოლმე. თუმცა გვერდზე გადავდოთ დროის საკითხი, პოსტი ამაზე არაა.

ფეისბუქზეც ვისროლე უკმაყოფილო რეპლიკა/სტატუსი და აქაც უნდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს, როცა ხალხი საკუთარ კონფლიქტებში ჩემს ჩათრევას ცდილობს! ყოველთვის მშვიდობისმოყვარე ადამიანი ვიყავი, მაგრამ აქ მარტო ეგ მომენტი არაა. არასწორად მიმაჩნია, ისეთ საკითხებში მესამე პირის ჩაჩხერა, როლებიც ამ ორ ადამიანს შორისაა მხოლოდ. ვთვლი, რომ აქ ერთგულება-არაერთგულების საკიტხი არ დგას, უბრალოდ, მესამე პირის ჩარევა უფრო ართულებს ხოლმე ყველაფერს, როგორც წესი. კიდევ უფრო უარესია, როდესაც ვიღაცა მის მაგივრად გთხოვს პრობლემის მოგვარებას და შენს ზურგს ეფარება. კი, მაგრამ მე ვისი ყვავი ჩხიკვის მამიდა ვარ, საკითხავია? ასევე არასწორად მიმაჩნია, ვიღაცასთან გადაკიდება იმის გამო, რომ მას შენი სხვა ახლობელი ეჩხუბა. მითუმეტეს არ ვერევი, როდესაც კონფლიქტი ჩემს არაახლობლებს შორისაა. სანამ მე არ შემეხებიან, ჩემთვის წყნარად ვზივარ. არადა, არის მომენტები, როდესაც რომელიმე შენი ორი მეგობარი/ახლობელი/კოლეგა ჩხუბობს და შენგან ელოდებიან, შენ თუ ჩემიანი ხარ, დაამტკიცე ეს და შენც ეჩხუბე ან ყოველშემთხვევაში, კარგ ურთიერთობაში ნუღარ იქნები იმ მეორესთან. ამ შემთხვეაში, როგორც წესი, ცნობილი ნაწარმოების არანაკლებ ცნობილი პერსონაჟის პოზიციაში ვარ: I’m Switzerland!

მაგრამ არის მომენტები, როდესაც ნეიტრალიტეტს ვერ დაიცავ, როდესაც ვალდებული ხარ არჩევანი გააკეთო და ყველასთვის კარგი ტიპი ვეღარ იქნები! ვისთან უნდა იყო ასეთ დროს? ვინც უფრო გიყვარს! ან, თუ ორივე თანაბრად ძვირფასია შენთვის, ვინც მართალია! დღეს ზუსტად ასეთი არჩევანის გაკეთება მიწევს! არ მსიამოვნებს, მაგრამ მეტი გზა არ არის. ერთი შეღავათი მაინც მაქვს: სიმართლის მხარეს ვიქნები!

3 კომენტარები »

ინკვიზიცია?

თეა თუთბერიძესა და პატრიარქის შარჟებზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და დაიწერა. მეც, ცოტა დაგვიანებით, ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. მართალია, თავიდან ყურიც არ შემიბერტყავს არც ზემოხსენებული ქალბატონის მიერ ამ ვიდეოების თავის გვერდზე დადების, არც მის წინააღმდეგ ატეხილი აგრესიის და ახლა უკვე მის დასაცავად წამოწყებული ისტერიის გამო, მაგრამ ამ დღეებში ისე შემაწუხეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა, რომ სულ რამდენიმე წინადადებით ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწვიტე.

თუ ვინმეს შემდეგში ეჭვი შეეპარება: ვარ და ყოველთვის ვიყავი მორწმუნე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია უმაღლესი სასულიერი პირის გაშარჟება, დაცინვა და ა.შ, ასევე კრიტიკაც, თუ იგი არაობიექტურია! სწორედ ამიტომ, თავში აზრადაც არ მომსვლია, არც თავიდან და არც ახლა, მენახა ეს ყბადაღებული ვიდეო!

როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერზე მორწმუნე ადამიანს – ნორმალურ მორწმუნე ადამიანს?! ან საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია, ან ეთქვა ღმერთო შეუნდეო და უფრო გულმხურვალედ ელოცა ჩვენი ცოდვების შენდობისათვის, ან ბოლო-ბოლო დაეფიქსირებინა თავისი აღშფოთება, მიეთითებინა მსგავსი შინაარსის მასალის მიუღებლობაზე, ოღონდ კორექტულად, მშვიდი ტონით!

რა მოხდა სინამდვილეში?  სარწმუნოების ჭეშმარიტმა დამცველებმა ატეხეს გინების კორიანტელი, ისმოდა და ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარა თეა თუთბერიძის მიმართ და ა.შ! შეიძლება ეს ნორმალური იყოს? რომელ სარწმუნოებას იცავთ ასეთი საქციელით?! ქრისტიანობას? მართლმადიდებლობას? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ეს ხალხი სხვადასხვა ღმერთზე ვლოცულობთ!

მოდით, გვერდზე გადავდოთ დემოკრატია, გამოხატვის თავისფულება და მსგავსი ფუნდამენტური უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ სარწმუნოების თვალით შევხედოთ! ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყოველთვის სწორედაც რომ სიყვარულის და მიტევების რელიგია იყო, საწმუნოება, რომელიც გეუბნება შენს მტერსაც კი მიუტევე და გიყვარდესო, რომელიც გასწავლის, როცა გდევნიან დაითმინე, ილოცე შენთვის და შენი მდევნელებისათვისო! ეს რელიგია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ხალხის წინააღმდეგ ომს, რომლებსაც არ სწამთ შენნაირად, ან საერთოდ არ სწამთ, იმათ წინააღმდეგ ომსაც კი არ ითვალისწინებს, ვინც შენს რელიგიას შეურაცყოფს. ერთადერთი გზა მის დასაცავდ არის ლოცვა, გულმხურვალე ლოცვა საკუთარი თავისთვის და მდევნელებისთვის, ხოლო თუ ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიაზე და სასულიერო პირებზე, ჩაქოლვით გავუსწორდებით, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა, ინკვიზიცია იქნება და, მე პირადად, არ ვაპირებ ამის ნაწილი ვიყო!

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს უნდოდა „კმარას“  ეპოქის შემდეგ კიდევ ერთხელ ყოფილიყო უსამართლოთ დაჩაგრული ჟანა დ’არკი ქართულ საზოგადოებაში! გამორიცხულია, არ სცოდნოდა რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი ვიდეოების გავრცლება! ამ „სარწმუნოების დამცველების“ ქმედებების შედეგად მან მიიღო რაც უნდოდა! საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა იგი უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნია და სიმპათით განიმსჭვალა, რადგანაც, მათი აზრით, ის საკმარისად გაბედულია, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას რომ რისკავს. ასობით ადამიანი გულზე მჯიღს იბაგუნებს და ქალბატონი თუთბერიძის პირად მცველობას საკუთარ თავზე იღებს! ხოდა, ვისი ინტერესები დაიცვა ამ ხალხმა საბოლოოდ?

მე რაც შემეხება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რომელი მიმართულებით იცურავებს თეა თუთბერიძე და საერთოდ რას მოიმოქმედებს მომავალში საკუთარი სახელის „უკვდასაყოფად“, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც რელიგიის დაცვას აგრესიისა და ბილწსიტყვაობის გზით ცდილობენ! ეს არ შეეფერება იმ სარწმუნოებას, რომლის წარმომადგენლადაც მე თავს მივიჩნევ, ხოლო, თუ რამე არასწორად მესმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მითხარით და ხვალიდან მოვძებნი რელიგიას, რომელიც ჩემს შეხედულებებს დაემთხვევა!

8 კომენტარები »

How to Choose?

თითოეულ ადამიანს მილიონობით არჩევანის გაკეთება გვიწევს ამ ცხოვრებაში. ყოველდღიურად ბევრ რამეს ვირჩევთ, წვრილმანს ან მსხვილმანს და მე მჯერა, რომ ყველა ჩვენი არჩევანი ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ყველაზე უმნიშვნელოც კი! თითოეული ჩვენგანი დაბადებულია ამ უნიკალური უნარით – არჩევანის უნარით! ყველგან, ყოველთვის არსებობს ალტერნატიული ვარიანტი – კარგი ან ცუდი, ნუ, ესეც შეფასებითი კატეგორიაა, მაგრამ მაინც. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ ამ უნარს არ ვიყენებთ, ვიღაცის აზრის, რაღაც კლიშეების, საკუთარი უუნარობის და ა.შ გამო, ვთრგუნავთ, ჩვენს თავში ვკლავთ ყველაზე უნიკალურ თვისებას, რომლითაც შემოქმედმა დაგვაჯილდოვა! თუმცა მოდით ეს ზოგადი საუბრები გვერდზე გადავდოთ! დღეს მინდა საკუთარი არჩევანის გაკეთების პრინციპის შესახებ გიამბოთ!

ცოტა ხნით წარსულს დავუბრუნდეთ! რამდენიმე წლის წინ ძალიან გამიჭირდა მომავალი პროფესიის არჩევა. მეტისმეტად ბევრი რამ მაინტერესებდა და, ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბევრიც გამომდიოდა. არ მქონია ერთი კონკრეტული მოწოდება ან ერთი, მკვეთრად გამოხატული ნიჭი, რომელიც უნდა განმევითარებინა (მარტივად რომ ვთქვათ, საშუალო ვიყავი ყველაფერში და არაფერში მართლა ნიჭიერი)! თუ ჩემს ბლოგს თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ, რომ ძველი დღიურების გადაკითხვა დავიწყე. ხოდა, გამაოცა იმ ფაქტმა, რომ დაახლოებით მე-9-მე-10 კლასებში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით, ერთადერთი მიუღებელი პროფესია ჩემთვის იურისტობა იყო! ვწერდი, რომ თუ იურისტი გავხდებოდი, სული დამიმახინჯდებოდა და ჩემში ყველაფერ საუკეთესოს მოვკლავდი! უფრო საინტერესო კი ისაა, რომ ვერსად ვიპოვე ჩანაწერი იმის შესახებ, თუ რატომ გადავწყვიტე იურიდიულზე ჩაბარება. ერთი ფაქტია, ეს არ იყო ჩემი მშობლების ან ვინმე სხვისი არჩევანი, მათ ჩემი იურისტობა არ უნდოდათ. ეს იყო ჩემი არჩევანი, მაგრამ რატომ?! რეალურად ეს ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო და არ მახსოვს არავითარი კონკრეტული მოტივები. ასეა თუ ისე, ვთვლი, რომ არჩევანმა გამიმართლა!

ერთი სიტყვით, საკუთარ ცხოვრებას რომ გადავავლე თვალი, ყველა მნიშვნელოვანი არჩევანი ასე სპონტანურად მაქვს გაკეთებული, მაშინ, როდესაც ბევრს ვყოყმანობ და ვწონი წვრილმანებს! სპონტანურად, წამიერად ავირჩიე პროფესია, ასევე დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება ჩემი პირველი სამსახურის შესახებ, ისევე როგორც მოგვიანებით ამჟამინდელ სამსახურში გადმოსვლა გადავწყვიტე, არადა, მანამდე რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაზე ვთქი უარი და ა.შ. ყველა გადაწყვეტილებას აქ არ ჩამოვთლი, უბრალოდ, სიტყვაზე მენდეთ, რომ ყველა მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება წამიერადაა მიღებული! რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასოდეს მინანია ეს გადაწყვეტილება შემდგომში, მაშინ, როდესაც ბევრი ფიქრის და განსჯის შედეგად ხშირად ვუშვებ შეცდომას. არ ვიცი, ამ დროს რა არის განმსაზღვრელი ფაქტორი, ინტუიცია, მეექვსე გრძნობა, თუ მფარველი ანგელოზი მკარნახობს სწორ გზას, მაგრამ ფაქტი ერთია – ყველა წამიერი, იმპულსური არჩევანი სწორი აღმოჩნდა! თავიდან რომ თითქოს არაფერი, საბოლოო ჯამში, ისეთმა გადაწყვეტილებებმაც კი ჩემთვის სასიკეთო შედეგამდე მიმყვანა. ხოდა, იბადება კითხვა, ხომ არ გავუშვა ლოგიკა და ჭკუა (თუკი მაქვს) პენსიაზე და მთლიანად ინტუიციის იმედად ხომ არ ვიყო?

7 კომენტარები »