მწარეს ბლოგი

chez moi

ჩემი პირველი სამართალდარღვევა, ანუ სადაა იღბალი?!

ახლა მოგიყვებით, როგორ ჩავიდინე პირველი კანონდარღვევა (დიდი იმედი მაქვს უკანასკნელიც)! მოკლედ ასე, გუშინ სამსახურიდან გამოვგოგმანდი, დაღმართზე ჩამოვგოგმანდი და ჩვენთვის ყველასათვის საყვარელ ყვითელ ავტობუსს მივაშურე. რასაკვირველია პატიოსნად საფულეს დავუწყე ძებნა ბილეთი რომ ამეღო, მაგრამ სადაა საფულე?! მცირე შეშფოთების შემდეგ გამახენდა, რომ მას შემდეგ რაც ჩემს კოლეგას 20-ლარიანი დავუხურდავე, საფულე როგორც დავაგდე მაგიდაზე, ისევე დავტოვე. რა მექნა? ადრე რომ შემემჩნია ცოცხალი თავით არ ავიდოდი ტრანსპორტის ზემოთდასახელებულ სახეობაში (მართლა, მართლა), მაგრამ უკვე იქ ვიყავი, ხოდა, მორალურად მოვამზადე საკუთარი თავი უბილეთოდ მგზავრობისათვის (ხუმრობა იქით იყოს და ჩემთვის ეს სეიორზული ამბავია. ავადმყოფობამდე კანონმორჩილი ვარ, სხვანაირად ფიზიკურად არ შემიძლია)! ნუ, მოკლედ, თავი დავიმშვიდე, ეს მეტად არ განმეორედება, ერთხელ რა უშავს, ვის არ მოსვლია-მეთქი და ა.შ.

ის ის იყო ჩამოვგოგმანდი ჩემს გაჩერებაზე, რომ ვითარცა წიწილას ძერა, კონტროლიორი კისერში მწვდა, აბა ბილეთიო! გულში საკუთარ იღბალს 5 ენაზე შევაგინე და მშვიდად ვაღიარე, რომ ბილეთი არ ამიღია! ამ მომენტში პირველ კონტროლიორს ორი სხვა შემოუერთდა, ერთი ახალგაზრდა და მეორე უფრო ვ ვოზრასტე. ახალგაზრდამ კატეგორიულად მომთხოვა პირადობის მოწმობის წარდგენა. ნუ, აქ კიდევ ერთხელ შევიგინე გულში, იმიტომ, რომ პირადობის მოწმობაც და სხვა ყველაფერიც იმ წყეულ საფულეში იდო! სამსახურის მოწმობა მქონდა თან, რომელიც შენობიდან გამოსვლისას ჯიბეში ჩავიტენე სასწრაფოდ. ასეც ვუთხარი და მიზეზიც ავუხსენი. ისევ იმ ახალგაზრდამ კატეგორიულად გამომიცხადა, რომ პირადობის მოწმობა სჭირდებოდა და რომ წინააღმდეგ შემთხვევაში განყოფილებაში გადამიყვანდა. რა მექნა, იგივე გავიმეორე და მოწმობა მაინც მივაწოდე. ახალგაზრდამ შეისწავლა, მაგრამ ტონი არ შეურბილებია. მე კი ამ წუთას კარგადნაცნობ სპაზმს ვგრძნობდი ყელში, რომელიც ნევრიულობისას მსტუმრობს. შიში და სხვა რამე კი არა, არანორმალურად შემრცხვა! როგორია? საკმაოდ ხმამაღალი სამსახურის წარმომადგენელს, არცთუ თინეიჯერულ ასაკში, იჭერენ ავტობუსით უბილეთოთ მგზავრობის ფაქტზე!!! ბლიაჰ! სულ ფერები გადამდიოდა, მაგრამ ბნელოდა და არ ჩანდა. ამის შემდეგ იყო ჩემი რეჩი, რომ საშინლად მრცხვენია, თვითონ სამართალდამცავმა კანონი რომ დავარღვიე, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს და ა.შ. ამაზე ასაკოვანი კონტროლიორი აღფრთოვანდა, ნახე რა ვაჟკაცი გოგოაო, ახალგაზრდას უთხრა და სად ცხოვრობო მკითხა. ახალგაზრდამ გაატარა და მირჩია პირადობის მოწმობა მომეძებნა. რაც არ მქონდა, რას მოვძებნიდი? ვუთხარი, პასპორტს ჩამოგიტან სახლიდან, სხვა არეფერი შემიძლია-მეთქი. მგონი, გაუკვირდათ, რომ არ დავიწყე, აი, ხომ ხედავთ, მეც კოლეგა ვარ, დავივიწყოთ ეს ამბავი და მისთანები. წადი და მოიტანეო, თან სამსახურის მოწმობა დაიტოვა. 5 ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული მომბრუნეს. ასაკოვანმა ისევ მითხრა, ვაჟკაცი გოგო ხარო და ღმერთმა გაგიმარჯოსო, ახალგაზრდას კი ფლირტის უნიჭო მცდელობა ჰქონდა, რომ არ გაგიშვა, ქმარი გაგიბრაზდებაო, მეც ინსტინქტურად წამოვროშე, არ ვარ გათხოვილი-მეთქი. იმანაც, რა კარგი გოგო ხარო, რას ელოდებიო, რამდენი წლის ხარო. მერე ბლოკნოტი გადაშალა, არა ნომრის გამორთმევას ვერ შემოგბედავ, თორემ ისე კი შეგხვდებოდი მერეცო. სახეზე ეწერა იმედი, რომ ჩემით ვეტყოდი, მადლიერების ნიშნად, მაგრამ მე მარტო გავუღიმე და წამოვედი. რა უმადური ვარ, ღმერთო ჩემო!

დასკვა ინციდენტიდან:

  1. მტერი დადგა ჩემი იღბლის იმედად;
  2. არც ისეთი მახინჯი ვარ, მე რომ მგონია! Read the rest of this entry »
13 კომენტარები »

დამიბრუნეთ “მე”!!!

ისევ სამსახურიდან ვპოსტავ. გამწარებული ვამზადებდი უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ პრაქტიკის ანალიზს და უცებ რაღაცამ წამომიარა, რაღაც უცნაურმა ნოსტალგიამ – საკუთარი თავის ნოსტალგიამ, თუ შეიძლება ასე ითქვას. უბრალოდ, მუშაობისას, რაღაც მომენტში ფიქრები გამექცა. ნელ-ნელა კი იქამდე მივედი, რომ გამახსენდა როგორი ვიყავი რამდენიმე წლის წინ. ხოდა, არანორმალურად მომინდა იმ გულუბრყვილო ბავშვის უკან დაბრუნება. დამიბრუნეთ ჩემი გულჩვილი მწარე, რომელსაც არაერთხელ უტირია წიგნის ან ფილმის ფინალის გამო! ჩემი პუტკუნა, სათვალიანი და წითელბერეტიანი მწარე, ერთ ცნობილ ნახატს რომ ადარებდნენ სამხატვრო სკოლაში! მწარე (მაშინ მწარე სულაც არ იყო), რომელიც წვიმაში სეირნობდა და ვალერი მელაძეს უსმენდა ღრმა ბავშვობაში! სიცოცხლე რომ არ ეზარებოდა! ნებისმიერ ამინდში კარგ ხასიათზე რომ იყო! თავისი ასაკისათვის სერიოზულ წიგნებს კითხულობდა და ასევე შეუფერებლად “დიდურად” წერდა (როგორც ქართულის მასწავლებელი ამბობდა)! ლექსებს რომ წერდა და ხატავდა აი, ის მეოცნებე გოგო დამიბრუნეთ ვინმემ! სპექტაკლში რომ ითამაშა ნამდვილი მსახიობების გვერდით და მერე დიდხანს, გულის შორეულ კუნჭულში მსახიობობაზე ოცნებას ატარებდა, თუმცა კი არაფერი გააკეთა მის ასახდენად, რადგან საკუთარი შესაძლებლობების არ სჯეროდა! ადამიანების რომ სწამდა! რომ არ თამაშობდა! საკუთარი აზრების გამოთქმის არ ეშინოდა! ლამაზი, კეთილი ჩანახატები რომ ჰქონდა ბუნებაზე და ღრუბლებზე! ისტორიებს რომ თხზავდა, რომელიც სინამდვილეში არასოდეს გადახდენია! თაყვანისმცემლებს რომ იგონებდა თინეიჯერობის პერიოდში, რომლებიც არ არსებობდნენ!

დრო გადის და ყველა ვიცვლებით. წლების წინ, როდესაც საკუთარი მომავალი, ცხოვრების წესი და გასავლელი გზა ავირჩიე, ამ ბუთხუზა გოგოს ზურგი ვაქციე. მას შემდეგ ნელ-ნელა ვკლავდი მას ჩემში. დღეს ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბოლომდე მოვკალი და ცუდად ვარ!

12 კომენტარები »

მოლოდინსა და კომპლექსებზედ

მიზანმიმართულად არ ვეკარებოდი ბლოგს, რადგანაც საზიზღარ ხასიათზე ვარ და ვიცოდი, ემო ჩანაწერებით გავავსებდი აქაურობას! წინა პოსტსაც ეტყობა, დაუმთავრებელი, ნაძალადევი “რამდენი ხანია არ დამიწერია, რამეს მაინც დავწერს” ტიპის რომ იყო. მართალია, ვემხრობი პრინციპს, რომ ბლოგი ჩემია და რასაც მინდა დავწერ, მაგრამ მაინც არ მიყვარს ემო რაღაცეების პოსტვა, გარკვეული დროის შემდეგ რომ ვკითხულობ, ნერვები მეშლება! ფეისბუქზე ნასროლი ერთი-ორი რეპლიკაც სავსებით საკმარისად ჩავთვალე, თუმცა დღეს მაინც დავწერ ცოტას იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება.

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ისევ სკოლაში დავბრუნდი, რადგან ისევ თავიდან მიწევს რაღაცეების გავლა, რაც იმ პერიოდში მაწუხებდა. მაინც რა უბედურებაა, ყველა რომ თავს ვალდებულად თვლის, გასწავლოს როგორ უნდა გამოიყურებოდე და რა არის შენთვის კარგი?! სკოლის პერიოდისათვის ეს კიდევ ნორმალურია, მაგრამ ვითომ 24 წელი არაა საკმარისი, ადამიანს რომ საკუთარი თავი ებას?! არა, ბატონო, ქართულ საზოგადოებაში ყველამ შენზე კარგად იცის, რა გინდა (ნუ, არამარტო ქართულში, ალბათ)!

აი, ავიღოთ ერთი მაგალითი: ყველა ჩემი მკითხველისათვის ცნობილია ის პრობლემა, რომელიც ძალიან მთრგუნავს – ჭარბი წონა. ხოდა, ვერ ვხდები რა აუცილებელია, ყველამ ჩემს დანახვაზე შეიცხადოს, ეს რას დამსგავსებულხარო და მერე ტვინი მიბურღოს ათასგვარი რჩევებით ან სულელეური, უკბილი ხუმრობებით განწყობა გამიფუჭოს! არადა, ისეთი პონტია, შუბლზე აბრას ხომ არ დაიკრავ, იცით, ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და ასე იმიტომ გამოვიყურები და არა იმიტომ, რომ ერთ ძროხას ვჭამ ერთ ჭამაზე! არც მაქვს სურვილი, ყველას ანგარიში ვაბარო. ცოტა უხეშად თუ უთხარი ვინმეს რამე, აქეთ მოგამადლიან, შენთვის კარგი გვინდაო!  არადა, ჩემზე უკეთესად არც ერთმა არ იცის, რა არის კარგი და როგორ უნდა გამოვიყურებოდე! ასე რომ, ჭკუისდამრიგებლებო, მოწყალება მოიღეთ და თავი დამანებეთ! ისედაც საკმარისად მაქვს კომპლექსები, კიდევ თქვენ რომ არ დამიმატოთ! ერთხელაც გავრბაზდები და ყველას ერთ ადგილას გაგაზავნით! ხოდა, მერე იტყვით უზრდელიაო! 😛

საერთოდაც, ალბათ, ყველას ჰქონია ის მომენტი, რომ გარშემომყოფები მისგან რაღაცას ელიან, როცა რაღაც ვირტუალურ პორტრეტს ქმნიან და მოითხოვენ, მას შეესაბამებოდე! აი, მაგალითად, რა უნდა ჩემს გარშემო ხალხს: Read the rest of this entry »

10 კომენტარები »

სოფელში მინდა!

ჩემო კარგო მეგობარო, ძვირფასო ბლოგო! მომიტევე, რომ ამდენი ხნით მიგატოვე. საქმე ისაა, რომ სამსახურში წინასაშვებულებო ციებ-ცხელების გააქტიურების გამო, საქმეები ისე მომიმრავლდა, აღარაფრისთვის მცალია და სახლში რომ მივდივარ, მკვდარივით მეძინება. სხვის ბლოგებსაც ვეღარ ვკითხულობ ისე აქტიურად. 70 წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს ჩემი რიდერი, თუმცა, ამ დილით, სამუშაო დროს რამდენიმე წუთს მოვპარავ და ერთ პატარა პოსტს დავწერ ჩემს განწყობაზე.

ცოტა ხნის წინ თანამშრომლის მამის დაკრძალვაზე ვიყავით იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მოგეხსენებათ, დღესდღეისობით, მიტოვებული სახლები სოფლად  მრავლადაა, ხოდა ყველა ასეთი მიტოვებული სახლისა და მოუვლელი ეზოს დანახვაზე ყელში ბურთი მებჯინებოდა. არ ვაპირებ პოსტის წერას იმ პრობლემაზე, რომ ყველა ქალაქში გამორბის და სოფლები ცარილედება და ა.შ; უბრალოდ, ამ  ბოლო დროს, ორი გრძნობის აქტიური შემოტევა მაქვს: 1. არანორმალურად მეცოდებიან მოხუცები. აი, სადაც დავინახავ, მოხუც ბებოს ან ბაბუს, თავისთვის პურზე რომ მიბაჩუნობს ან, რა ვიცი, უბრალოდ ეზოში ზის და ჯოხზე დაყრდნობილი რაღაცაზე ფიქრობს, ცრემლები მაწვება და 2. ასევე არანორმალური სურვილი მაქვს მიწასთან ურთიერთობის. უფრო სწორად, იმის თქმა მსურდა, რომ სოფელში მინდა! ყველას უხვად გვაქვს ნანახი ქართული ფილმები სოფელზე, უბრალო ხალხზე, ან ამ შინაარსის წიგნები მაინც გვაქვს წაკითხული (თუნდაც დუმბაძის შემოქმედება) ხოდა, აი, იქ დახატულ სოფელში მინდა ცხოვრება! ტრადიციული ქართული სახლი მიდა, დასავლეთში როგორც იცოდნენ ძველად, ხის, მაღალ  ბოძებზე და წინ აივნით, დიდი, მოვლილი ეზო, ბევრი ყვავილებით, შინაური ცხოველები თავისთავად, კიდევ თბილი, თბილი და საყვარელი ბებო მინდა, შრომისაგან დაკოჟრილი ხელებით და დანაჭოებული სახით, მიწის და ბალახის სუნი რომ ასდის! გულში რომ ჩამიხუტებს და ახალმოწველილ რძეს დამახვედრებს დილაობით (რძეს ვერ ვიტან, მაგრამ ეგ არაფერი). მიდნარე მინდა, სადაც შუადღეზე საქონელი ჩავა გასაგრილებლად და სადაც სოფლის გოგო-ბიჭები იჭყუმპალავებენ! ჭორიკანა სოფლის ქალებიც მინდა, ამ მთისას და იმ ბარისას რომ განიხილავენ სადმე ხის ქვეშ ჩამომსხდარნი! ერთი სიტყვით, მე მგონი, კაი დროა, ის ტრაქტორისტი მოვძებნო, თინეიჯერობის ჟამს რომ მეტრფოდა ჩემს სოფელში,  თუ არ დაქორწინებულა, სასწრაფოდ ცოლად გავყვე და ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ, თუ დედამთილმა არ დამიწუნა, რა თქმა უნდა!

სახლში რომ გამოვთქვი სოფელში გადაბარგების მწველი სურვილი, მამაჩემს სიცილადაც არ ეყო, ერთ კვირაში ისე მოგბეზრდება, კისრისტეხით გამოიქცევიო. ასეც იქნება, ალბათ, მაგრამ ახლა, ამ წუთას მგონია, რომ არ მომბეზრდებოდა და ბედნიერიც ვიქნებოდი!

8 კომენტარები »

ველოდებით ოპოზიციას!

დღეს ოპოზიცია ჩემს სამსახურთან მართავს აქციას! აქამდეც იყვნენ ორჯერ მოსულები, თუმცა ცოტა ხნით და მცირე შემადგენლობით. ამჯერად უფრო საფუძვლიანად მოდიან. ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა მსჯელობს, სირცხვილის დერეფნების დადგმის შემთხვევაში, როგორ გაიკეთებენ დიდ სათვალეს, ჩამოიშლიან თმებს, დაიხურავენ ქუდებს, მოკლედ, ყველა შესაძლო ფორმით დამალავენ სახეს და  თავდახრილები სწრაფად გაივლიან იქ. არ ვიცი, დერეფნები მოეწყობა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გავლა მომიწევს, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ სახეს და არ დავხრი თავს!  ამათი მიზანი ზუსტად ეგაა, აჩვენონ ჩვენი, ანუ ბოროტების მსახურების დარცხვენელი სახეები. ამ სიამოვნებას მე პირადად არ მივანიჭებ! არ მრცხვენია! ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ სახელმწიფოსათვის საზიანო საქმეს ვაკეთებ –  პირიქით, ძალიანაც სასარგებლო ვარ! მეც და ის ხალხიც, ვინც ახლა ჩემთან ერთადაა, ოღონდ, რატომღაც, თვითონ არ ესმით ეს. სიმართლე გითხართ, ამ წუთას ჩემს თანამშრომლებზე უფრო ვბრაზობ ამგვარი დამოკიდებულების გამო! ისე გამოსდით, თითქოს მართლა რამეს ვაშავებდეთ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. მესმის, რომ სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ვინმე სამარცხვინოა დღევანდელ საქართველოში, ეს თავად ოპოზიციაა, ასე რომ თავად დახარონ თავი! რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ არაფერს შეცვლის მე როგორ გავივლი იმ დერეფანში. არ ვარ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩემმა თავის დახრა-არდახრამ რამე განსაზღვროს, მაგრამ საკუთარ შინაგან დამოკიდებულებას ხომ გამოვხატავ?! მე ხომ ვიქნები მორალურად კმაყოფილი?! ხოდა, ესეც საქმეა!

მოკლედ, სტუმრების მოსვლამდე დარჩა დაახლოებით 8 საათი! გკოცნით, გეხვევით და მერე დაწვრილებით დავწერ აქციის შესახებ.

Update: ოპოზიციამ, მოსალოდნელი გრიგალის გამო, ჩვენს სამსახურთან ამოსვლა გადაიფიქრა. აგერ წყაროც. ასე რომ, სირცხვილის დერეფნიდან სხვა დროს მოგიკითხავთ და დაგიქნევთ ხელს! ახლა მთავარია, ნავარაუდევ გრიგალსაც ასევე წარმატებით გადავურჩეთ!

5 კომენტარები »