მწარეს ბლოგი

chez moi

The Host

აუტანელი ამინდის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, პრაქტიკულად, შინაპატიმრობაში ვარ! მოსაწყენია! ეს დღეები სტეფანი მაიერის სათაურში მითითებული დასახელების წიგნს ვკითხულობ. დიახ, ეს იგივე სტეფანი მაიერია, ყბადაღებული “ბინდის” ავტორი! აქ, სცენარის მიხედვით, ირონიული ღიმილის დროა, წიპა სულ გამოშტერებულა, რეებს კითხულობსო! შეგიძლიათ ეს აზრი ხმამაღლა დააფიქსიროთ კომენტარებში, მე მაინც არ მეწყინება! 😉 რაც გინდათ ის მითხარით, მაგრამ ამ ქალის მოთხრობებს ერთი დიდი ხიბლი ნამდვილად აქვს – ისე გადმოსცემს საკუთარი პერსონაჟების განცდებს და გრძნობებს, რომ შენც მათ ნაწილად გაქცევს! თვით დიდ კლასიკოსებსაც არ გამოსდით ყოველთვის ასე! “ბინდი” ბოლომდე ზუსტად ამ მიზეზით წავიკითხე, თუმცა “ჰოსტი” სხვა საქმეა! საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია! თვით მეც კი, რომელსაც ღრმა ბავშვობის შემდეგ sci-fi- ს სერიიდან აღარაფერი წამიკითხავს და არც ამ ჟანრის ფილმებს ვწყალობ დიდად, მომეწონა წიგნის ეს მხარე! ბრჭყვიალა ვამპირებისაგან განსხვავებით, აქ საქმე სერიოზულადაა! 🙂 ამჯერად უხვად არიან სხვა გალაქტიკის მცხოვრებლები, უცხოპლანეტელები, რომლებიც თავს სულებს უწოდებენ და ადამიანის სხეულში სახლდებიან (სწორედ ამ სხეულს ეძახიან “ჰოსტს”), კიდევ სიყვარული და ბრძოლა დედამიწის გადასარჩენად. დეტალებს აღარ მოგიყვებით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ (თუ ასეთი საერთოდ გაგიჩნდათ).  თუმცაღა, პირადად ჩემთვის, “ჰოსტი” სხვა კუთხითაა საინტერესო.

საერთოდ, ნებიმისერი წიგნის (ფილმის, მუსიკის, სერიალის და ა.შ.), საინტერესოობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება შენთვის! გეუბნება რაიმე შენთვის ახალს? რაღაცაზე ჩაგაფიქრა ან სხვა თვალით დაგანახა გარკვეული საკითხები? უბრალოდ შენს ემოციებზე ითამაშა და ეს მოგეწონა? საკუთარი თავი იცანი? ესეიგი, კარგი ყოფილა და რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს დანარჩენი 5 მილიარდი თავიანთ ექსპერტ–კრიტიკოსებიანად?! I like what I like and not what I am supposed to like! ეს ისე, მცირე განმარტებასავით, რადაგანც ვიცი, ბევრი იტანჯება ამ უცნაური კომპლექსით – მე ეს მომწონს, მაგრამ ხმამაღლა რომ ვთქვა, ვაიდა, ნაკლებად განათლებული ან ჭკვიანი გამოვჩნდეო!

ახლა კი “ჰოსტს” დავუბრუნდეთ! რა მითხრა ამ წიგნმა ახალი? წიგნში აღწერილი უცხოპლანეტელი სულები ძალიან კეთილები, პატიოსნები, слишком правильные არიან და დედამიწის დაპყობას იმით ამართლებენ, რომ ადამიანებს ძალადობისკენ, სისასტიკისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ, მათ გარეშე სამყარო უკეთესი იქნება! წარმოიდგინეთ, არავითარი ომები, სერიული მკვლელობები, გაუპატიურებები და სხვა დანარჩენი სიბინძურე, რისი ჩადენაც ჩვენ შეგვიძლია! სამოთხეა, ფაქტიურად! თუმცა მერე სულები ხვდებიან, რომ ადამიანები უნიკალური არსებები ვართ და ცუდათან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი პოტენციალი გაგვაჩნია! ზუსტად ამაზე უნდა დავწერო! საქმე ისაა, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი წყალობა, მადლი, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ! ესაა ჩვენი ემოციები, გრძნობების მრავალფეროვნება! ის, რომ კარგთან ერთად, ცუდი საქციელისკენაც გვაქვს მიდრეკილება და პირიქით! არ ვართ დაყოფილები თეთრებად და შავებად (კანის ფერს არ ვგულისხმობ), ცუდებად და კარგებად! ყველაფერი დაბალანსებულია. ყველა სიკეთეში დევს ბოროტების მარცვალი და ყველა ბოროტში სიკეთის! ინი და იანი! არჩევანის საშუალება კარგსა და ცუდს შორის!!! ზუსტად ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, არსებობის უფლება გაგვაჩნია! მტრისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალი გადაწონის ჩვენი თანამოძმეების მიერ ჩადენილ სერიულ მკვლელობებს და სხვის გადასარჩენად გაწირული ერთი სიცოცხლე გამოისყიდის ათასობით წართმეულს, ჩვენზე უფრო მშიერითვის გაყოფილი პურის უკანასკნელი ნაჭერი კი სხვათა სიხარბეს და მომხვეჭელობას! ადამიანის გარდა, რომელ არსებას შეუძლია მისთვის უცხო თავისნაირის გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ცეცხლში შევარდეს ან  აბობოქრებულ მდინარეში გადახტეს? ის, რომ ამგვარი საქციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება იყოს, მას მნიშვნელობას არ უკარგავს!  ამ ყველაფერთან ერთად კი, ბოროტიც საჭიროა! სინათლეს ვამჩნევთ იმიტომ, რომ ვიცით როგორია სიბნელე! წარმოიდგინეთ სამყარო, ყოველგვარი ნეგატიური ემოციის გარეშე, ყველას ყველა რომ მოსწონდეს, არასოდეს ვბრაზობდეთ და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ სიმართლეს ვამბობდეთ, არავითარი ცდუნება და არავითარი კონკურენცია! ნებისმიერი სწორი საქციელი ჩვენი არჩევანი კი არა, გენეტიკური მახასიათებელი რომ იყოს! No fun, right?! მოკლედ, საბოლოო ჯამში, მთელი ეს პათოსი იმას ემსახურებოდა, რომ, ჩემი აზრით, იდეალურად правильный სამყაროში ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა!

და ბოლოს, ეს ყველაფერი სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არსებულ კეთილ ძალებს უფრო მეტი გასაქანი არ უნდა მივცეთ!

7 კომენტარები »

მეორე შანსი, აუცილელობა თუ თავის მოტყუება?

მრავალჯერ გვსმენია, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს, რომ ერთმანეთს შეცდომები უნდა ვაპატიოთ და ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვოროთ.

რა ხდება სინამდვილეში? დღეს საკუთარ თავზე ავმაღლდი და ერთ ადამიანს ვაპატიე თავისი საქციელი, მეორე შანსი მივეცი და რა მერე?! ნახევარი საათიც არ გასულა, ისევ ისე მოიქცა! წესით, გული უნდა მტკენოდა, მაგრამ არ მეტკინა. უნდა მწყენოდა, მაგრამ არ მეწყინა. არც კი გამკვირვებია, რადგან მისგან სწორედ ამას ველოდი.

ჩემი ძვირფასებო, არ არსებობს არავითარი მეორე შანსის უფლება! აზრი არ აქვს ადამიანს აპატიო და შეურიგდე, ის მაინც იგივეს გააკეთებს! არ დაიჯეროთ, რომ ვინმე თქვენს მიმტევებლობას დააფასებს! მე იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა დავიბოღმოთ და ყველა წყენისათვის შური ვიძიოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანს თქვენთან ურთერთობაში რამე შეეშალა, მას უბრალოდ უნდა გაეცალოთ, ყოველგვარი მეორე შანსის და მსგავსი სისულელეების გარეშე. ადამიანები არ იცვლებიან. ყველა ვართ ის, ვინც ვართ! ეს მარტო საპნის ოპერებში ხდება, მონსტრს უცბათ  თვალები რომ აეხილება, ყველაფერს მოინანიებს და სიკეთის ფრქვევას იწყებს. საპნის ოპერები მხოლოდ ტელევიზორში გადის, თანაც ოხრად, ცხოვრება კი სულ სხვაა. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები არ იცვლებიან! ასე, რომ ყოველგვარი მეორე შანსის უფლება თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

8 კომენტარები »