მწარეს ბლოგი

chez moi

ახალი წელი და მეორე გარდატეხის ასაკი

ესეც 2012 წლის პირველი პოსტი! მშვიდად ჩაიარა ახალმა წელმა ჩემთან, ყოველგვარი ზედმეტი ფანფარების და დუდუკების გარეშე! საერთოდ, ბოლო რამდენიმე წელია, აღარ მაქვს ახალი წლის მიმართ ის განცდა და მოლოდინი. წელს, მითუმეტეს, არანაირი განსაკუთრებული ემოციები არ მქონია და კიდევ ერთხელ, მთელი სიცხადით შევიგრძენი, რომ ამ დღესასწაულით კალენდარი იცვლება მხოლოდ! No more magic! ერთადერთი, რაც ისევ ძველებურად მიყვარს, საახალწლო ნაძვის ხის მორთვაა! საჩუქრების მიღებას და მეგობრების შეხვედრას რაც შეეხება, ვითომ მაგას რამე დღესასწაული სჭირდება? 😉 თუმცა, არც საჩუქრები მიმიღია წელს, გარდა იმისა, რაც თავად ვაჩუქე ჩემს თავს.

1 იანვარს ლილუსთან შევიკრიბეთ. ცოტა დავლიე, უფრო ცოტა ვილაპარაკე, ახლა რომ მახსენდება! 🙂 მოვლენის ამსახველი ფოტოები, რა თქმა უნდა, ფეისბუკზეა განთავსებული. დღეს კი, ჩემთან იყვნენ გოგოები გამოსულები. მერე რუსთაველზე გავისეირნეთ, წიპა სურათები გადავიღეთ. ისინი მეტროთი წავიდნენ და მე ფეხით წამოვბოდიალდი. გზაში სურათებს ვიღებდი. ყველაფერს გადავუღე, განათებულ შენობებსაც, “ლუსტრებსაც”, ავტობუსებსაც კი. რომ გითხრათ, ეს ყველაფერი ძალიან მელამაზებოდა-თქო, ტყუილი იქნება! ამ ყვითელ “ლუსტრებზე” საერთოდ ვივარაჩივაეტ, მაგრამ უფრო იმიტომ ვიღებდი, გამვლელების იდიოტური რექციების დაკიდება რომ  მესწავლა. რატომღაც, მარტო მობოდიალე, ფოტოაპარატიანი გოგო ისევ დიდი სანახაობაა თბილისში! მე კი, სერიოზულად მძაბავს ხოლმე უცხო ხალხის ყურადღება. თუმცა, ამისგანაც ვთავისუფლდები ნელ-ნელა. ფოტოებს არ დავდებ, ისედაც ყელში გაქვთ ამოსული  ეს საახალწლო განათებები.

ერთ რამეს ვხვდები: ვიზრდები! გარდატეხის ასაკი რამდენიმეჯერ აქვს ადამიანს, ვინც რა უნდა ის თქვას! პირველმა დამიგვიანა, სადღაც 19-20 წლის მიჯნაზე დამიდგა და მეორე – წელს, კიარადა უკვე შარშან! ვერ ვიტყვი, რომ უკვე ყველაფერი გავაკრვიე და დავალაგე საკუთარ ცხოვრებაში-მეთქი, მაგრამ აღარ ვშფოთავ! აღარც არანორმალურად მარტოსულად ვგრძნობ თავს! ყველაფერს ერთი პასუხი ჰქონდა, საბოლოოდ!

ერთადერთი, რაც აუცილებლად მჭირდება, საკუთარი თავი მაგიდასთან დავსვა და ხმამაღლა ვკითხო: “ხათუნა, რა გინდა ამ ცხოვრებაში?!” ოღონდ არა რიტორიკულად, არამედ, ზუსტი პასუხი უნდა მივიღო! მერე ყველაფერი გაადვილდება და მეცოდინება რა გავაკეთო!

საბოლოოდ კი, აჰა თქვენ, არა “ლუსტრები”, არამედ ლამპიონები!

2 კომენტარები »

New Year resolution

შარშან საახალწლოდ “to-do list” არ ჩამომიწერია, შესაბამისად, შესრულებული პუნქტებით თავს ვერ მოვიწონებ, ამიტომ უბრლოდ გეტყვით, რა ხდებოდა. გარკვეულ დასკვნებს ისედაც გააკეთებდით წინა პოსტებიდან გამომდინარე და მეც გეტყვით, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი მქონდა! მთავარი სირთულეები არაა. ერთ წიგნში წავიკითხე: “Pain is an event. It happens to you and how you handle it, that’s your business!”  მე ყველაზე უსუსური მეთოდი ავირჩიე: დივანზე წოლა და არაფრის კეთება! ერთი სტყვით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს იმედები სერიოზულად გავუცრუვე! თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება! საერთოდ, ახალ წელს ხშირად უკავშირებენ ახალ გეგმებს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს და ა.შ. რაც, თავის მხრივ, სისულელეა, თუ რამეს შეცვლა გინდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და კალენდარს არ დაელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ისე გამოვიდა, რომ ჩემი გონზე მოსვლა წინასაახლწლო პერიოდს დაემთხვა! ასე რომ, ფიგურალურად, ძველ “მეს” ძველ წელში ვტოვებ!

ა, ხო, გასულ წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე და კიდევ ერთხელ, ნებაყოფლობით გავხდი თსუ-ს მარად დაულაგებელი სასწავლო სისტემის მსხვერპლი! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, თუ იცოდი, რაც გელოდა, რაღას მიდიოდიო! კარგი კითხვაა, კაცმა რომ თქვას! თუმცა, მეგობრებო, ისიც გაითვალისწინეთ, ქართულ რეალობაში, მართლა ხარისხიანი იურიდიული განათლება, მათ შორის ზემდგომი საფეხურები, უტოპიური ოცნებაა! ჰოდა, ისევ თსუ იყოს, სხვა ვითომ დონე და პეროებგარჭობილი სასწავლებლების, სადაც ფასები არაგონივრულია და ხარისხი უარესი თუ არა, იგივე, ნერვი არა მაქვს! 😉

რაც შეეხება მომავალი წლისათვის შესასრულებელ პუნქტებს, ჩემი მოკლე, უახლოესი პერიოდისათვის განკუთვნილი “to do list” ერთმა მეგობარმა უკვე მომიწონა და თავის მხრივ 3 პუნქტი მიმიმატა:

  • დაანებებ თავს დეპრესიებს და აღარ იქნები სულელურად ცუდ ხასიათზე;
  • ნერვებს არ მოიშლი სხვის მწარე რეპლიკებზე;
  • ცხოვრების წესად გაიხდი მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას!!!

ამ პუნქტების სერიოზულად მოვეკიდები, თუმცა, პირველის გარდა, ვერავის დავპირდები, რომ აუცილებლად შევასრულებ! 🙂 რაც შეეხება  ჩემს მიერ შედგენილ სავალდებულო პუნქტებს, აგერ იხილეთ:

  • შევეცდები, ვიცხოვრო სწორად! სწორად ჩემი რწმენიდან, სუბიექტური დამოკიდებულებებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე;
  • განუხრელად შევასრულებ ექიმის მითითებებს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში და, ბოლოსდაბოლოს, დავიკლებ ამ იდიოტურ ზედმეტ კილოგრამებს;
  • რეგულარულად ვივარჯიშებ;
  • მეტ დროს დავუთმობ სადოქტორო ნაშრომის თემატიკას და, ზოგადად, საკუთარ პროფესიულ განვითარებას;
  • არ “ვიშოპაჰოლიკებ”, მათ შორის, არც ონლაინ მაღაზიებში :);
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას! მერე რა, რომ შარშანაც ვაპირებდი და მითხრეს, რა გეჩქარებაო :);
  • ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმარის დროს დავუთმობ მეგობრებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს! ვოლანდის მეთოდოლიგიის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, დროის შეჩერებასთან დაკავშირებით, მაინც!
  • რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ჩემს თავს ამ ზომამდე არ მივიყვან!

ამ ეტაპზე სულ ესაა! ღმერთმა მომცეს ძალა ამ ყველაფრის შესასრულებლად! თქვნ კი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველა სურვილის ასრულებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! არ გინდათ? კი ბატონო!

6 კომენტარები »

My great 2010

რადგანაც საქმის ბოლო წუთამდე მიყვანა მჩვევია ხოლმე, 2010 წლის რეზოლუციასაც ახლა გავაკეთებ, როცა ახალი წლის დადგომამდე ორიოდე საათიღაა დარჩენილი! ისე, საინტერესო დამოკიდებულება მაქვს ბლოგთან, ვითომ წავედი აქედან, მაგრამ მაინც ვბრუნდები შიგადაშიგ, თუმცა ამაზე სხვა დროს!

ერთიანობაში თვალი რომ გადავავლე გასულ წელს, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში! მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რაიმე დრამატული ცვლილებები არ მქონია, ანუ არც სამსახური შემიცვლია, არც სტატუსი და არც საოცხვრებელი ადგილი, მე თვითონ ვიცვლებოდი ძალიან აქტიურად! მრავალნაირი მე წარსდგა საზოგადოების წინაშე, სანამ ისევ ის არ გავხდი, ვინც რეალურად ვარ – ემოციური, ყველაფრის გულთან მიმტანი, მაგრამ მაინც ძლიერი და მებრძოლი, ცხოვრებაზე შეყვარებული და საშინლად ფიცხი!

ახლა კი უფრო დეტალურად: წელი ახალი ლეპ-ტოპის ყიდვითა და საზეიმო ფიცით დავიწყე! ასეთი განწყობის მიუხედავად, წლის დასაწყისი არც ისე კარგი იყო: კვლავ არცთუ სახარბიელო ანალიზები, ჩავარდნილი გეგმები, შემდეგ ჩემი ძვირფასი უფროსის წასვლა და ამასთან დაკავშირებული ნერვიულობა, ტრადიციულად გაღიზიანება გაზაფხულით, პერიოდული ოპტიმიზმის შემოტევებით! აქვე, შუალედში, პირველი დაბადების დღე ვიზეიმეთ, პლუს, შეცვლის თვალსაზრისით პირველი სიმპტომები დავაფიქსირე!

ზაფხულისკენ ყველაფერმა გამოსწორება დაიწყო: ჩემმა ჯანმრთელობამ, ფაქტიურად, გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო გაუმჯობესება, ახალი უფროსი მომივიდა, რომელსაც ძველზე არანაკლებ კარგად შევეგუე, თმა შევიჭერი და ცურვა ვისწავლე! სამაგიეროდ, ნელ-ნელა პოსტვას მოვუკელი!  შემდეგ თმა შევიღებე წითლად და აღმოვაჩინე, რომ შემეძლო მკაცრი ვყოფილიყავი! შემდეგ იყო ფანტასტიური შვებულება, რომელიც ზუსტად ისე გავატარე, როგორც მინდოდა! დასვენების და განტვირთვის პარალელურად, ჩემი მომავალი დავგეგმე და რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე!

შემოდგომა და დეკემბის დასაწყისი მაინც ყველაზე გადატვირთული გამოდგა! თავიდან იყო პოზიტივის მოზღვავება და გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა მეპოსტა! შემდეგ პირადი დრამა, რომელმაც ჩემი ემოციური ფონი სერიოზულად შეარყია, თუმცა კი გარეშე თვალისათვის ყველაფერმა შეუმჩნევლად ჩაიარა, პეროდული “სწერვულ” გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით! ძალიან ჩამოვშორდი ინტერნეტსამყაროს, სოციალური ქსელების ცათვლით, სულიერ წონასწორობა ხან მიბრუნდებოდა, ხან ისევ აპათიაში ვიყავი! ამ “ციმციმში” მოექცა ჩემი 26-ე დაბადების დღე, პირველი სიგარეტი და გადაწყვეტილება, რომ ამ სისულელეს აღარ გავიმეორებდი, თმის ბუნებრივი ფერის დაბრუნება, მცირე ცვლილებები სამსახურში, ყელამდე საქმეები და პერიოდული გაღიზიანებები!

დეკემბერს რაც შეეხება, აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყო, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის მოსამართლედ დანიშვნა! ვერც წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, მრავალი მიზეზის გამო! ❤ ამის შემდეგ ბევრი აპათია, მცირე დეპრესიონერა და მგავსი სისულელე იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერმა ჩაიარა! ახლა უკვე ჩვეულ ხალისიან ნოტაზე ვარ და  ამ განწყობას იოლად ვერაფერი შემირყევს! რაც ყველაზე მთავარია, ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე – ყოველთვის, როცა ცუდად ვარ და სამყარო მუქ ფერებში მეხატება, ჩემს გვერდით აუცილებლად  აღმოჩნდება ადამიანი, who will put me together! ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ვგულისხმობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარტო არ ვარ! ეს შემთხვევით არ ხდება! სოფის ტერმინი რომ გამოვიყენო, ვიცი, ამ ადამიანებს საყვარელი სცენარისტი მიგზავნის და მისი მადლობელი უნდა ვიყო იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს!

ერთი სიტყვით, წლის მიწურულს ვხვდები, რომ გავიზარდე! ძალინ ბევრი ისეთი რაღაცის “გატარება” ვისწავლე, რაზეც მანამდე გულს გავიხეთქავდი! ასევე მოვახერხე და საბოლოოდ დავემშვიდობე წარსულს. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე ვიხსენებ და ვაფასებ ბევრ რამეს! ოპტიმიზმით სავსე ვარ და მზად ვარ ჩემი სურვილების ასასრულებლად ვიბრძოლო!

და ბოლოს, აქვე გაგაცნობთ რა შევასრულე შარშანდელი ‘to-do’ list-იდან:

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს – Done
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს – in progress
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას – not done
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია- in progress
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა – soon to be done
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს –Done
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები –in progress

პუნქტები “შევეცდები” სიიდან:

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან –Done
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა –not done and not planned
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ) -თავიდანვე მკვდარი პუნქტი იყო 🙂
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება -In progress, I guess
  • გამოვჯანმრთელდე – in progress
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე – in progress
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო  – ვროძი ბი, სულ წავედი! 🙂

წერაში დრო როგორ გავიდა, ვერც გავიგე! თითქმის მოვიდა ახალი წელი! ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ! ტრადიციულად, თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას გისურვებთ და ვფიქრობ, გაისადაც არაერთხელ შევხვდებით! 😉

5 კომენტარები »

End of the year!

დასაწყისისთვის, ის, რაც ყველამ უნდა ნახოთ! ქართველო ბლოგერების საახალწლო მილოცვა! უბრალოდ არაჩვეულებრივია! მადლობა სვითის!

ახლა კი გავაგრძელოთ! ვინაიდან ეს წელი, პრაქტიკულად, მიიწურა და არც მომდევნო ორი დღისაგან ველი რამე განსაკუთრებულს, შემაჯამებელ პოსტს დავწერ, მით უფრო, რომ 31-ში ამის საშუალება არ მექნება, ინტერნეტს მოწყვეტილი ვიქნები!

მდა, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ფაქტიურად მთელი წელი საკუთარი ჯანმრთელობის აღდგენას დავუთმე და ჯერ კიდევ ვაგრძელებ მკურნალობას.  პლუს კატასტროფულად მომატებული კილოგრამები, რომლებსაც ასევე ვებრძვი და არც თუ დიდი წარმატებით! ყველაფერმა ამან ჩემს განწყობაზე საკმაოდ ნეგატიურად იმოქმედა! რამდენჯერმა მქონდა დეპრესია-პანიკის შემოტევები (გემახსოვრებათ ამ შინაარსის პოსტები), თუმცა, საბოლოოდ თავი ხელში ავიყვანე! ახლა მშვიდად ვარ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება!

არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ ყოფილა ამ წლის მანძილზე, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მარტში ჩემი ძვირფასი და უსაყვარელისი ბლოგი მოევლინა ინტერნეტსამყაროს, კიარადა როგორცაა! არ შემიცვლია სამსახური, არ მქონია რამე მნიშვნელოვანი წარმატება, არაფერი შეცვლილა პირად ცხოვრებაში! მოკლედ, სტაბილური ერთფეროვნება და ჯანმრთელობის პრობლემები, სულ ეს იყო 2009 წლის მახასიათებლები ჩემთვის, პლუს, რამდენიმე კარგი ადამიანის გარდაცვალება, რომლებმაც ძალიან დამწყვიტეს გული! არა, საუკეთესო წელი ნამდვილად არ ყოფილა და გასახსენებელიც ბევრი არაფერი მაქვს!

ისე კი, ამდენი ნეგატივის მიუხედავად, არაფერს ვნანობ (აქ მხოლოდ იმას ვგულისხმობ, რაც უშუალოდ ჩემს თავს ხდებოდა)! შეიძლებოდა უარესიც ყოფილიყო! ყველაფერი რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ხომ მართალია?! ხოდა, მეც ვთვლი, რომ ბევრად უფრო ძლიერი და მებრძოლი ვარ, ვიდრე მანამდე!

რას ველი მომავალი წლისაგან? ძნელი სათქმელია! ალბათ, ყველა იმას ვიღებთ, ასე თუ ისე, რის მიღებასაც ვცდილობთ და რა თქმა უნდა, სიურპრიზებიც გვხდება ზოგჯერ. მე რისი მიღება მინდა? სიმართლე გითხართ, ამ წუთას ცოტა დაბნეული ვარ და კარგად არ ვიცი! არ გადამიწყვეტია, რა გზას მინდა რომ დავადგე! რამდენიმე არჩევანი მაქვს გასაკეთებელი. შესაძლოა ცოტა გარისკვაც მომიწიოს. მოკლედ, ჯერ არ ვიცი! რაღაც დოზით, საკუთარი თავის ძიებაში ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება! ყველაფერში გავერკვევი და სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემი გადმოსახედიდან სწორს, ყოველ შემთხვევაში!.. ალბათ!

სულ ეს იყო რისი თქმც მინდოდა. ყველას წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! კეთილი სურვილების დიდოსტატი არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ, იმას გისურვებთ, რაც ყველაზე გონივრულად მიმაჩნია: რაც თქვენ გინდათ, ყველაფერი აგსრულებოდეთ! მე კი წავედი,რამდენიმე დღე დავისვენებ და, ეგებ, რამე პრაზრენიეც მომევლინოს ამ პერიოდში! თქვენ პირველები გაიგებთ!

6 კომენტარები »

დეკემბერი და ვამპირები

დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი, კიარადა საგრძნობლად გამომიკეთდა გუნება-განწყობა! აღარ ვპანიკობ და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში ვარ. მიყვარს ეს თვე! როცა ზამთარი ნელ-ნელა გავლებს კბილებს! როცა ამდენი დღესასწაულია წინ! თუმცა მერე, როცა ეს ყველაფერი ჩავლის და ცივი დღეები უსაშველოდ გაიწელება, ატანა აღარ მაქვს ხოლმე. თუმცა წუწუნი შემდეგისთვის გადავდოთ, ახალი კი თოვლი მინდა ბევრი, ბევრი თოვლი და უფრო მეტი პოზიტივი!

აი, დაახლოებით ამდენი თოვლი მინდა, და ასეთივე სახლში მინდა ცოტა ხნით დარჩენა. ოღონდ არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, არც შუქი, არაფერი რომ არ იყოს! სამაგიეროდ ბუხარი ენთოს!

თბილისის ქუჩები უკვე გაალამაზეს. ყოველ საღამოს სამსახურიდან რომ მოვდივარ და განათებულ რუსთაველს მოვუყვები თავისუფლების მოედნამდე, სიხარულით ვივსები. ბავშვობიდან მომყვება ახალი წლის და ბრჭყვიალა სათამაშოების სიყვარული!

უკვე მაქვს წინასაახალწლო განწყობა, თუმცა რამე განსაკუთრებულს ამ დღესასწაულზე არ მოველი. საერთოდ, მიყვარს ლოდინის პროცესი, როცა კარგს ველოდები. დიდხანს, ძალიან დიდხანს შემიძლია დავტკბე იმაზე ფიქრით, რომ რაღაც სასიამოვნო მელოდება წინ, ლოდინით ვისიამოვნო და … ისე გადავტკბე, რომ ვეღარც მივხვდე ის ნანატრი მოვლენა როგორ განხორციელდა!  გული მიგრძნობს, ახლაც ასე იქნება! 🙂

ახლა კი არასაახლწლო თემაზე. ამ დღეებში ვცადე წამეკითხა ენ რაისის „ინტერვიუ ვამპირთან“. რას გადავეკიდე ვამპირებს ამ ბოლო დროს, მაინც ვერ გავიგე, არასოდეს მიზიდავდა ამ ჟანრის ფილმები ან წიგნები! მოკლედ, სადღაც შუამდე მივედი და მერე მივატოვე, ვეღარ გავუძელი ამდენ სისხლს და საფლავიდან გამოქცეულ მიცვალებულებს, თუმცა საშინელებათა ჟანრის თაყვანისმცემლებს აუცილებლად მოგეწონებათ!

8 კომენტარები »