მწარეს ბლოგი

chez moi

Confessions of the Shopa… No, Bookaholic

არც ერთ სუნამოს არ აქვს ისეთი მაგარი არომატი, როგორც წიგნს! მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორებისა და კომენტარების რაოდენობის მიხედვით, სულაც არ მოგწონთ, წიგნებზე რომ ვწერ, მაგრამ who cares?! მოგეხსენებათ, ბლოგი ჩემია და როიალს დღეს აივანზე დავდგამ!

გეკითხებით, ალკოჰოლიკის შეშვება შეიძლება იშვიათი ღვინოებით სავსე მარანში?! ასე არ შეიძლება ჩემი შეშვება წიგნის მაღაზიაში! შეიძლება მეძვიროს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სუნამო ან ნებისნმიერი ნივთი, მაგრამ წიგნი არასოდეს! თუ იურიდიულ ლიტერატურაზე მიდგა საქმე, ხომ საერთოდ! ამ შემთხვევაში ყველაფერი მინდა, რასაც ვხედავ, მერე რა რომ მათ დიდ ნაწილს არასოდეს გადავშლი! მხატვრული ლიტერატურის შემთხვევაში ასეთი ნირაზბორჩივი არ ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი მწერალი ბევრია და ყოველთვის მხვდება წიგნი, რომელსაც სიამოვნებით დავტაცებ ხოლმე ხელს!

შესავალი იქით იყოს და დარწმუნებული ვარ, ყველანი კარგად ხართ ინფორმირებული თბილისის წიგნის ფესტივალის შესახებ, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ იგი დღეს დაიწყო და გრძელდება 21 მაისამდე, ფილარმონიაში (ივენთჰოლი და ჯანდაბა არ ვიცი მე), დეტალები კი ნახეთ აქ ან აქ . ჰოდა, მეც როგორც კი სამსახურიდან გაძვრომა მოვახერხე (შეფობა ჩემს ბლოგს არ კითხულობს :)), მაშინვე ვესტუმრე ამ ფესტივალს. სტენდების დანახვისთანავე მივხვდი, რომ ძველი ჩანთა კიდევ გამომდგებოდა და ახალს ჯერ არ ვიყიდდი! 🙂  დისკომფორტს აუტანელი სიცხე მიქმნიდა მხოლოდ!

“ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ შანელია და თან ასეთ ფასად” – იყვირებდა ნებისმიერი ბუტიკში სეილზე მისული ქალბატონი! მე კი ვიძახდი: “როგორ შეიძლება მარკესი არ ვიყიდო, თან ამ კრებულიდან არც ერთი მოთხრობა არ წამიკითხავს!”

თავად ფესტივალს რაც შეეხება, საკმაოდ შთამბეჭდავი ფასდაკლებებია, ჯეოსელის კლუბ ზუმის წევრებს დამატებით 25%–იანი ფასდაკლება გელით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებზე, არჩევანიც დიდია! ძალიან მომეწონა “კარცერ–ლუქსის” იდეა, ოღონდ დიდი რიგი იყო გაჭიმული და არ მიმიღია მონაწილეობა. ხო, კიდევ, გიხაროდეთ!  “ბინდი” წარმოდგენილია ყველა ენაზე და ძალიან უხვად! კიდევ დარია დონცოვას მოთხრობები შემხვდა რაღაც უსაზღვრო ოდენობით! იურიდიულ ლიეტრატურასაც გადავავლე თვალი, მაგრამ რაც იქ იყო წარმოდგენილი უკვე მაქვს და რაც არ მაქვს არცაა საჭირო რომ მქონდეს! 😉

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სიმდიდრეს: Read the rest of this entry »

17 კომენტარები »

ძველი ჩანაწერი

ხომ ვამბობდი, ძველი დღიურების გადაკითხვა სასარგებლოა-მეთქი. ერთ საინტერესო ჩანაწერს გადავაწყდი და გადავწვიტე მზის (ვორდპრესის) შუქი ვაჩვენო. ძალიან მკაცრადაც ნუ შეაფასებთ, 16 წლის ასაკშია დაწერილი. შეუსწორებლად ვდებ.

13 ივლისი, სამშაბათი

დღეს და ბედისწერის შესახებ კამათობდნენ. ლ ამბობდა, რომ ბედისწერა არ არსებოს და ყველა თავისი თავის ბატონ-პატრონია, ა კი – პირიქით. ამ კამათში არ ჩავრეულვარ, მაგრამ ახლა მომინდა ჩემთვის გავერკვე რა და როგორ მჯერა.

ყველაფერი ზემოდან მოდის, შემთხვევით ხიდან ფოთოლიც კი არ ვარდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარიონეტები ვართ. ჩემი აზრით, წინასწარდადგენილი და განსაზღვრულია ძირითადი ფაქტები, გარემოებები, რომლებსაც ადგილი უნდა ჰქონდეს შენს ცხოვრებაში, ხოლო როგორ იმოქმედებ ამ გარემოებებში, შენზეა მონდობილი. მაგალითად, წინასწარაა გადაწყვეტილი, რომ შენ ავარიაში უნდა მოყვე და დაინვალიდდე. ამ ფაქტის შემდეგ  შეიძლება მიეცე სასოწარკვთილებას და თავი მოიკლა, ან იპოვო ძალა საკუთარ თავში, ცხოვრება გააგრძელო, მაინც გააკეთო რაღაც ღირებული, ან, უბრალოდ, გაეგოისტდე და სხვები ტანჯო. ასე რომ, შენი მოქმედების დიაპაზონი ფართოა. ცხოვრება გამოცდაა, იმისათვის რომ ბოლომდე გაიშიფრო, საჭიროა ხან მწვერვალზე აღმოჩნდე, ხან კი უცბათ უფსკრულში გადაიჩეხო. ეს ღმერთისგან მოდის, განგებისგან ბედისწერისგან ან ეშმაკისგან, მაგრამ საიდანღაც მოდის, შეიძლება სწორედ იმ კოსმიური გენისაგან და ვარსკვლავებისაგან, რომლებსაც ასტროლოგები აღიარებენ, ყოველ შემთხვევაში, შენს ნებაზე არაა დამოკიდებული. სამაგიეროდ, შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევი, ზოგადად რომ ვთქვათ, ადამიანად დარჩები თუ გაპირუტყვდები. ასე რომ, ლ ცდება, ყველაფერს ჩვენ თვითონ ვერ წარვმართავთ. ეს აზრი შესანიშნავად აქვს გადმოცმეული ბულგაკოვს „ოსტატი და მარგარიტას“ პირველივე თავში, რომელიც სულ ახლახან წავიკითხე. ვოლანდის სტილში რომ ვთქვათ, რა უნდა წარვმართოთ, როცა ისიც არ ვიცით, რომელ წამს დადგება ჩვენი აღსასრული. ჩვენს ზემოთ არის რაღაც ძალა, რომელიც ჩვენი ცხოვრების სცენარს წერს, ოღონდ ბევრი დაუსრულებელი ეპიზოდით, რომელიც ჩვენვე უნდა შევავსოთ.

აქ ჯერ კიდევ არ ვარ მორწმუნე. ბედის შესახებ  უფრო დაწვრილებით ნახეთ ჩეშირსკაიასთან, ამ პოსტში. განწყობისთვის კი N_D-დან ერთ ვიდეოს დავდებ, რომელიც სწორედ ბედისწერაზეა.

9 კომენტარები »

12 v. 24

ძველი დღიურების გადაკითხვა ფრიად სასარგებლო საქმეა. გარდა იმისა, რომ ბევრი დავიწყებული და სასიამოვნო ამბავი გავიხსენე ორი, არცთუ სასიამოვნო რამ აღმოვაჩინე:

  1. სამყაროს ფერებში აღქმის უნარი დავკარგე (ადრე ყველაფერს სხვა თვალით ვხედავდი. ახლა ძალიან რეალისტი გავხდი);
  2. მხატვრულად წერა აღარ მეხერხება. ეს, ალბათ, პირველ პუნქტსაც უკავშირდება, თუმცა ამაში დამნაშავე ჩემი პროფესიაცაა, ისე ჩამომიყალიბდა და სისხლში გამიჯდა მშრალად, მძიმე ტერმინებით წერა, რომ უკვე ვეღარასოდეს დავწერ ისე, როგორც ახალგაზრდობაში. რას ვიზამთ, ყველაფერი დაბალანსებულია. თუ ჩემი პროფესიული წერის სტილი მოწოდების სიმაღლეზეა, სამაგიეროდ მხატვრულად წერის უნარი დამიქვეითდა.

გარდა ზემოაღნიშნულისა ერთ-ერთ დღიურში წავაწყდი ჩემი „დიდობის გეგმებს,“ ანუ 12 წლისას როგორი წარმომედგინა ჩემი თავი 25 წლის ასაკში. მთლად 25-ის არ ვარ ჯერ, მაგრამ ნოემბრამდე ბევრი არაფერი შეიცვლება, ასე რომ შედარების გაკეთება ახლაც შესაძლებელია.

მაშ ასე, 12 წლისას მეგონა, რომ:

25 წლის ასაკში ვიქნებოდი მაღალი და გამხდარი (დაბალი და მსუქანი ვარ);

ვიქნებოდი მხატვარი  (არაფერიც, იურისტი ვარ. დიდი ხანია, აღარ ვხატავ) ;

არასოდეს შევიღებავდი თმას და ვიხმარდი კოსმეტიკას (ჯერ კიდევ შარშან ქერა ვიყავი. კოსმეტიკასაც ვიყენებ შიგადაშიგ);

აუცილებლად ვიქნებოდი გათხოვილი საყვარელ ადამიანზე და მეყოლებოდა ტყუპები (ნოემბრამდე ვერანაირად ვერ მოვასწრებ, ხო?);

მიუხედავად ოჯახისა, ვიქნებოდი დამოუკიდებელი, ძლიერი ქალი, საოჯახო საქმეების ნაცვლად, დროს ჩემს პროფესიას დავუთმობდი (ამას ჯერჯერობით ვასრულებ);

ჩემი მეუღლე ზედა პუნქტს გაგებით მოეკიდებოდა (საქართველოში? ვრიად ლი!);

აღარ ვატარებდი სათვალეს (ეს შევასრულე);

დიდ ყურადღებას დავუთმობდი საკუთარ გარეგნობას (ჰმ!).

მოკლედ, როგორც ხედავთ, სულაც არა ვარ ისეთი, როგორიც 12 წლისას მინდოდა ვყოფილიყავი. მსგავსი პოსტი ადრე აქ წავიკითხე. დამთხვევაა, რომ მე ჩემს დღიურში იმავე ასაკში გაკეთებულ ჩანაწერს წავაწყდი. თუმცა მეორე დამთხვევაცაა, ორივე შემთხვევაში, არც ერთი ვართ ისეთი, როგორიც 12 წლის ასაკში გვინდოდა.

ახლა კი უფრო სერიოზულზე, კიდევ ერთხელ გადავიკითხე ბულგაკოვის Собачье сердце. უფრო მყარად დავრწმუნდი, რომ ბულგაკოვი ყველზე მეტადაა „ჩემი“. ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ, თქვენი მშურს, რადგან წინ გელით პირველად წაკითხვის ბედნიერება 🙂 ელ. ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

16 კომენტარები »