მწარეს ბლოგი

chez moi

plans, plans, plans

დაბრუნების მიუხედავად დიდად აქტიური არ ვარ, არა? რას ვიზამთ, დაძაბული რიტმის შედეგია! გადავწვიტე ჩემს ბლოგს ახალი დანიშნულება მოვუძებნო, თვითდისციპლინის გამყარებისა და დღის ბოლოს “დაცლისათვის” გამოვიყენო! „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ თუ გაქვთ წაკითხული (დიდი არაფერი საკითხავია, ერთადერთი გამონაკლისია, როცა ფილმი უფრო მომეწონა, ვიდრე წიგნი) იქ აკეთებს ყველა ჩანაწერის წინ რეზუმეს იმ დღის განმავლობაში რამდენი კალორია და ჭიქა ალკოჰოლი მიიღო, რამდენი ღერი სიგარეტი მოწია და რამდენი იდიოტური აზრი მოუვიდა თავში. ჰოდა, მეც დაახლოებით იგივეს გავაკეთებ! სიგარეტი და ალკოჰოლი არ იქნება ჩემს სიაში, მაგრამ კალორიები და იდიოტური აზრები, რამდენიც გინდათ! ასევე დავამატებ ვარჯიშის შესახებ ინფორმაციას და თუ რომელიმე აკრძალულ პროდუქტზე ხელი წამიცდა, ამასაც აღვნუსხავ! სასწორზე ხელდადებული ვიფიცებ, რომ მონაცემები სწორი იქნება! 😉 რაც შეეხება წონას, აი, მაგის გამოქვეყნებას ნუ მომთხოვთ! პერიოდულად მხოლოდ დაკლებული კილოგრამების რაოდენობას მივუთითებ. ასევე დღის ბოლოს ჩამოვწერ მოკლე მონახაზს მეორე დღის გეგმებისთვის და სამსახურის შემდეგ ვიქოთქოთებ ხოლმე, თუ შესაბამისი განწყობა მექნება. ვეცდები, ეს ყველაფერი იმ ფორმით გავაკეთო, რომ არც თქვენთვის იყოს მოსაწყენი და ჩემს თავს დავეხმარო, პირველ რიგში!

მოკლედ დავიწყოთ: დღეს მიღებული კალორიები – სადღაც 1400-მდე (ბუუუუუ!), ვარჯიში – გავაცდინე, მაგრამ ობიექტური მიზეზის გამო (ჰმ), იდიოტური აზრები – იყო ერთი-ორი ცალი, მაგრამ არა აბეზარი და მალე გამოვიბერტყე თავიდან! (:yes:) აკრძალული საკვები –  შემწვარი კარტოფილი, ძალიან ცოტა! (ბუუუუ!)

გეგმები ხვალისათვის: ჩემი 1100-1300 კკალორიან კვების რეჟიმში ჩატევა! ვარჯიში, თუ იგივე მიზეზი ხვალაც არ მექნება! შრომითი დავების შესახებ ერთი ყოვლად მოსაწყენი სტატიის კითხვის დამთავრება (მჭირდება, რა ვქნა) და პლუს რამდენიმე პირადი პუნქტი, რომლებსაც აქ არ მოვიყვან.

სოკოს სუპს ვამზადებ ხვალისთვის ამ რეცეპტით, ოღონდ, ჩემი ინიციატივით, 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი დავუმატე და წყლის რაოდენობა ცოტა შევამცირე, ძალიან ბევრი მეჩვენა. ვნახოთ, რა გამოვა!

საქოთქოთო დღეს არაფერი მაქვს, ასე რომ ხვალამდე! 😉

დატოვე კომენტარი »

New Year resolution

შარშან საახალწლოდ “to-do list” არ ჩამომიწერია, შესაბამისად, შესრულებული პუნქტებით თავს ვერ მოვიწონებ, ამიტომ უბრლოდ გეტყვით, რა ხდებოდა. გარკვეულ დასკვნებს ისედაც გააკეთებდით წინა პოსტებიდან გამომდინარე და მეც გეტყვით, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი მქონდა! მთავარი სირთულეები არაა. ერთ წიგნში წავიკითხე: “Pain is an event. It happens to you and how you handle it, that’s your business!”  მე ყველაზე უსუსური მეთოდი ავირჩიე: დივანზე წოლა და არაფრის კეთება! ერთი სტყვით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს იმედები სერიოზულად გავუცრუვე! თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება! საერთოდ, ახალ წელს ხშირად უკავშირებენ ახალ გეგმებს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს და ა.შ. რაც, თავის მხრივ, სისულელეა, თუ რამეს შეცვლა გინდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და კალენდარს არ დაელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ისე გამოვიდა, რომ ჩემი გონზე მოსვლა წინასაახლწლო პერიოდს დაემთხვა! ასე რომ, ფიგურალურად, ძველ “მეს” ძველ წელში ვტოვებ!

ა, ხო, გასულ წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე და კიდევ ერთხელ, ნებაყოფლობით გავხდი თსუ-ს მარად დაულაგებელი სასწავლო სისტემის მსხვერპლი! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, თუ იცოდი, რაც გელოდა, რაღას მიდიოდიო! კარგი კითხვაა, კაცმა რომ თქვას! თუმცა, მეგობრებო, ისიც გაითვალისწინეთ, ქართულ რეალობაში, მართლა ხარისხიანი იურიდიული განათლება, მათ შორის ზემდგომი საფეხურები, უტოპიური ოცნებაა! ჰოდა, ისევ თსუ იყოს, სხვა ვითომ დონე და პეროებგარჭობილი სასწავლებლების, სადაც ფასები არაგონივრულია და ხარისხი უარესი თუ არა, იგივე, ნერვი არა მაქვს! 😉

რაც შეეხება მომავალი წლისათვის შესასრულებელ პუნქტებს, ჩემი მოკლე, უახლოესი პერიოდისათვის განკუთვნილი “to do list” ერთმა მეგობარმა უკვე მომიწონა და თავის მხრივ 3 პუნქტი მიმიმატა:

  • დაანებებ თავს დეპრესიებს და აღარ იქნები სულელურად ცუდ ხასიათზე;
  • ნერვებს არ მოიშლი სხვის მწარე რეპლიკებზე;
  • ცხოვრების წესად გაიხდი მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას!!!

ამ პუნქტების სერიოზულად მოვეკიდები, თუმცა, პირველის გარდა, ვერავის დავპირდები, რომ აუცილებლად შევასრულებ! 🙂 რაც შეეხება  ჩემს მიერ შედგენილ სავალდებულო პუნქტებს, აგერ იხილეთ:

  • შევეცდები, ვიცხოვრო სწორად! სწორად ჩემი რწმენიდან, სუბიექტური დამოკიდებულებებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე;
  • განუხრელად შევასრულებ ექიმის მითითებებს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში და, ბოლოსდაბოლოს, დავიკლებ ამ იდიოტურ ზედმეტ კილოგრამებს;
  • რეგულარულად ვივარჯიშებ;
  • მეტ დროს დავუთმობ სადოქტორო ნაშრომის თემატიკას და, ზოგადად, საკუთარ პროფესიულ განვითარებას;
  • არ “ვიშოპაჰოლიკებ”, მათ შორის, არც ონლაინ მაღაზიებში :);
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას! მერე რა, რომ შარშანაც ვაპირებდი და მითხრეს, რა გეჩქარებაო :);
  • ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმარის დროს დავუთმობ მეგობრებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს! ვოლანდის მეთოდოლიგიის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, დროის შეჩერებასთან დაკავშირებით, მაინც!
  • რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ჩემს თავს ამ ზომამდე არ მივიყვან!

ამ ეტაპზე სულ ესაა! ღმერთმა მომცეს ძალა ამ ყველაფრის შესასრულებლად! თქვნ კი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველა სურვილის ასრულებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! არ გინდათ? კი ბატონო!

6 კომენტარები »

Kiss Me Good-bye, I’m Defying Gravity!

მწარეს პოსტვა აღარ უნდა! აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებამდე მივედი ამ დღეებში! აღარ მომიწევს გული აქ. მარტო ბლოგზე კი არა, საერთოდ ინტერნეტსამყაროში. სამსახურიდან დაბრუნებული კომპიუტერს თითქმის აღარ ვრთავ. რაღაცნაირად მეორე ხარისხოვანი გახდა, ვინ რას ტვიტავს ან აშეარებს ფეისბუქზე! შედეგად, უფრო მეტი მძინავს, დასვენებული ვარ და მეტს ვურთიერთობ რეალურ ადამიანებთან. პოსტვის შეწყვეტის პარალელურად, დღიურის წერა განვაახლე. ყოველ საღამოს ვწერ განვლილი დღის შესახებ, აბსოლუტურად გულახდილად და შეულამაზებლად, რაც ანალიზის მეტ საშუალებას მაძლევს. ბლოგზეც ყოველთვის გულახდილი ვიყავი, უბრალოდ, არის რაღაცეები, რასაც აქ არ გამოვფენ, მისი პირადი ხასიათის მიუხედავად!

არ იფიქროთ, რამე ცუდი ხდებოდეს, პირიქით, კარგად ვარ! მართლა კარგად!  როგორც იქნა, მე და მე მეგობრები გავხდით! დიდი ხანია, ასეთი სიმშვიდე და ჰარმონია არ მიგრძვნია (ნუ დღეს პმს-მა ამრია ცოტა, მაგრამ ეს არ ითვლება)! ამგვარი ცვლილებები ერთ დღეში არ ხდება, უკვე რამდენიმე თვეა აქეთკენ მოვდივარ, მაგრამ გასულ კვირას ყველაფერი საბოლოოდ დალაგდა თავის ადგილას! არასოდეს ვყოფილვარ ასეთი თავდაჯერებული და ძლიერი! ვგრძნობ, როგორ ვტოვებ წარსულში ბევრ პრობლემას და შიშს! მზად ვარ, ყოველგვარი წინააღმდეგობა დავძლიო და ვიბრძოლო, თუ დამჭირდა!

მოკლედ, სამომავლოდ ვაპირებ მთელი ძალისხმევა  და დრო ჩემი გეგმების განხორციელებისაკენ მივმართო, რომლებიც როგორც პირადულ საკითხებს, ისე პროფესიულს მოიცავს! ბლოგს რაც შეეხება, I just don’t belong here! ყოველ შემთხვევაში ახლა ასე მეჩვენება! ბოლო პერიოდში მოვალეობის მოხდის გამოღა ვწერდი, რაც არასწორია! არ მინდა, აქაურობა ნაძალადევი პოსტებით გადავავსო! არ იმსახურებს ეს ბლოგი სიყალბეს! საამისოდ მეტისმეტად მიყვარს! სათქმელი კი, ამ ეტაპზე, აღარ დამრჩა, მგონი! აღარც სხვის ნაწერებს ვკითხულობ დიდად, მხოლოდ რამდენიმე საყვარელ ბლოგს, რომლებსაც სანამ თვითონ დავიწყებდი წერას, მანადეც ვსტუმრობდი! მოკლედ, მგონია, რომ მეყოფა!

ეს არაა საზეიმო გამომშვიდობება! ოფიციალურად არსად მივდივარ, არც ბლოგს წავშლი! იყოს, ვის რას უშლის! თუ ისევ ამექავა ხელები საწერად, დავბრუნდები, თუ არა, რას ვიზამთ, ბევრი კარგი ბლოგია ინტერნეტსივრცეში! არც იმას გამოვრიცხავ, სხვა, განსხვავებული შინაარსის ბლოგი გავაკეთო, რომლებიც სრულებით არაპირადულ საკითხებს დაეთმობა ან ისევ ამას შევუცვალო პროფილი! ერთი სიტყვით, For a while და ვნახოთ, მომავალში რა იქნება! ეს კი სიმღერა, რომელიც სრულად შეეფერება ჩემს განწყობას! სორი, უკეთესი ვიდეო ვერ ვიპოვე!

7 კომენტარები »

Plans for 2010

როგორც ნათქვამია, праздник окончен, начинаются будни! ვიცი, ვიცი, რომ ძველით ახალი წელი ისევ წინაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ მეორე ახალი წლის არსებობის იდეას ვერასოდეს ვიგებდი, პირადად ჩემთვის ზამთრის დღესასწაულები დასრულებულია! მით უფრო, რომ 14 სამუშაო დღეა! არ მოგიყვებით, როგორ შევხვდი ახალ წელს! არის მოგონებები, რომლებიც არავის უნდა გაუმხილო, მარტო შენთვის უნდა შეინახო, ზამთრის ცივ ღამეებში რომ  გაგათბოს! დღესასწაულის შედეგი: სასწორს ვერ ვეკარები შიშით!

რაც შეეხება 2010 წლის პირველ დღეებს, ერთი ჩემეული საქციელის ჩადენა უკვე მოვასწარი! ახალი ლეპ–ტოპი შევიძინე. არ მჭირდებოდა, ძველიც ახალი იყო და მისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ვიყენებდი რეალურად! ჩემნაირი “ჩაინიკსითვის ” საკმარისი კი არა, ზე–საკმარისი იყო, მაგრამ ისტერიულად მომინდა უფრო უკეთესის ყიდვა, ხოდა ასეც მოვიქეცი! არგუმენტი – ახალი წლიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ და ეს ცვლილებების დასაწყისი უნდა იყოს! სიგიჟეა! ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყება თუ უნდა, ლეპ–ტოპი რა შუაშია, მაგრამ მე თუ რამე ავიჩემე, ლოგიკისა და გონივრული არგუმენტების მოშველიებას აზრი არ აქვს! ხოდა ვიჯექი გუშინ ჩემს მაგიდასთან, ორ ლეპტოპმომარჯვებული და სენტიმენტალურად ვუხდიდი ძველს ბოდიშს, მიტოვებისათვის! ზუსტად ჩემს სტილშია, ვცდილობდე რაღაცის შეცვლას და ვდარდობდე წარსულზე, unable to move on!

ამდენად, უფლება და მიზეზი აღარ მაქვს იმისათვის, რომ არ შევცვალო ის ყველაფერი, რაც სასტიკად არ მომწონს! ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს წელი წინას არ ჰგავდეს! ბარემ აქვე ჩამოვწერ 2010 წლის ‘to do’ list-ს, დიდად არასოდეს მეხმარებოდა, იმიტომ, რომ რისი გაკეთებაც მეზარებოდა ან არ მინდოდა, მაინც არ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ, ეგებ ასე უფრო შემაწუხოს სინდისმა! მაშ ასე, წელს აუცილებლად

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს;
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს;
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას;
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია!
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა!
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს;
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები!

ვეცდები

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან;
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა;
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ);
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება;
  • გამოვჯანმრთელდე!!!
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე;
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო!

ყველას თუ არა, ამ პუნქტების დიდ უმრავლესობას თუ შევასრულებ, საკუთარ თავს დიიიიიიდ საჩუქარს გავუკეთებ. რას არ ვიცი, მაგრამ იქამდე მოვიფიქრებ!

11 კომენტარები »