მწარეს ბლოგი

chez moi

ზღვა v. მთა

დავბრუნდი! რაც იმას ნიშნავს, რომ მოვედი და კარგა ხანს აღარ წავალ! ჩემი შვებულება სექტემბრის პირველ დღეებში დასრულდა, შესაბამისად, უთენია ადგომას, მთელი დღით ოთახში გამოკეტვას და კიდევ სხვა არასასიამოვნო რამეებს თავიდან უნდა შევეჩვიო!

შვებულებისა რა გითხრათ?! არ ვაპირებ, სკოლის მოსწავლესავით თემა დავწერო ზაფხულის არდადეგებზე, აქ ვიყავი, იქ ვიყავი, ეს ვქენი, ის ვქენი! მხოლოდ ზოგადად გეტყვით, რაც გეგმაში მქონდა, ყველაფერი ავისრულე! ერთადერთი რაც არ შემისრულები, არაფერი მიმეცადინია! ვიფიქრე, მოსამართლეთა საკავალიფიკაციო გამოცდებისათვის საქმეს წინ წავიგდებ და რაღაცეებს გადავხედავ-მეთქი! შედეგად, “მეწეარმეთა შესახებ” კანონი თავისი კომენტარებიანად ჯერ ბაკურიანში წავაპორწიალე, მერე გურიაში და მერე ზღვაზე! მთელი წელი ჯანმრთელად იქნება,  ჰაერი იმდენჯერ გამოიცვალა!

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთის შვილი უფრო ვარ, ვიდრე ზღვის! წყალი მიყვარს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ცურვა ვისწავლე და შიში დავძლიე! ზღვის მიმართაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ! ყოველთვის, როცა ნერვები მაქვს მოშლილი, არ მეძინება ან რაღაც ამდაგვარი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ტალღებს, შრიალით რომ იმსხვრევიან ნაპირთან!

ამის მიუხედავად, როდესაც ზღვიდან მოვდივარ, არასოდეს მაქვს შეგრძნება, რომ გული იქ მრჩება! საერთოდაც, ზვისადმი ჩემი სიყვარული გალაკტიონისეული ფრაზით გამოიხატება ყველაზე კარგად – “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”! მთელი წელი ვათვალიერებ სურათებს, ვოცნებობ იმ დროზე, როცა ბარგს ჩავალაგებ და სანაპიროს მივაშურებ, მერე კი, როცა ეს დრო დადგება და ბოლოსდაბოლოს ზღვამდე მივაღწევ, უკან გამოქცევა მინდება!

მთა კი სულ სხვაა! ჩემი safest place! ძნელი ასახსნელია, რატომ მიყვარს ასე! უბრალოდ, როგორც კი მთაში მოვხვდები, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს ჩემი ადგილი ვიპოვე ამ სამყაროში! ალბათ, სილაღის და თავისუფლების ის განცდა მიყვარს, იქაური პეიზაჟები რომ მიქმნიან და კიდევ, იქ ბევრი, ძალიან ბევრი მწვანეა! ბევრი მეკითხებოდა, ბაკურიანში რამ წაგიყვანა ამ ზაფხულში, არ გწყინდებოდაო? როგორ უნდა ავუხსნა ამ ადამიანებს, რომ არასოდეს მწყინდება იმ გარემოში, სადაც ბევრი მინდვრები, ტყეები და მთის ყვავილებია?! საათობით შემიძლია ვიჯდე სადმე ნაძვის ქვეშ, არაფერი ვაკეთო, არაფერზე ვიფიქრო და უბრალოდ ტყეს ვუსმინო! აი, გიგა წერდა ადრე ბუდისტურ ძენზე თავისთან, ჰოდა, ალბათ, ჩემი ძენი ესაა! მოკლედ რომ ვთქვა, მთა სულიერად მამთლიანებს და ეს მთლიანობის განცდა დიდხანს მომყვება!

ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, ბოლომდე შევიგრძენი ამ ზაფხულს! ამჟამინდელ მდგომარეობაზე კი რა გითხრათ?! კარგად ვარ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით! დამშვიდებული, სულიერად სავსე, თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად ვგრძნობ! სანამ მთაში ძენს ვიჭერდი, მივიღე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მაქვს გეგმები მათ შესასრულებლად! ყველაფერი ეს მომავალ პოსტებში! ახლა კი სცადეთ, ცოტა ხნით თქვენს safest place-ებს ეწვიოთ! მე თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ იქ ვარ, სადაც ბევრი მწვანეა და წიწვების სუნი მომდის!

3 კომენტარები »

Au revoir!

დღეიდან დამსახურებულ შვებულებაში ვარ! ხვალ თბილისიდან გავდივარ. ჯერ სოფელში და მერე ლაჟვარდოვან სანაპიროს ვესტუმრები. ამ დროის მანძილზე ყველანაირად ვეცდები მოვწყდე ინტერნეტს, ტელევიზორს და, შეძლებისდაგვარად, ტელეფონსაც.  აქამდე შვებულებას/არადადეგებს იმისთვის ვიყენებდი, რომ დაგროვილი საქმეები გამეკეთებინა. ამჯერად ვაპირებ უბრალოდ დავისვენო და მთელი დრო ძალების აღდგენას დავუთმო. მოვიმარაგე ფილმები, რომლებსაც უნდა ვუყურო და წიგნები, რომლებსაც დასვენების ჟამს წავიკითხავ, თუმცა ყველაზე დიდ დროს ბუნებაში გავატარებ, გადავიღებ ფოტოებს და, ვფიქრობ, ხატვასაც განვაახლებ. ათასი წელია ფუნჯი ხელში არ მჭერია. ასე რომ, გარკვეული პერიოდი ბლოგი არ განახლდება. დროებით გემშვიდობებით! ყველას სასიამოვნო დასვენებას და კარგი დროის გატარებას გისურვებთ! მე კი ცოტა ხანში განახლებული ძალით დაგიბრუნდებით!

3 კომენტარები »