მწარეს ბლოგი

chez moi

ლითლი, ძაღლები და ბაყაყები, ანუ მორიგი update

უჰ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტვინი გამიდნა და გაურკვეველი ფერის თხევად მასად იქცა! დღეებს ვითვლი შვებულებამდე, ერთი სული მაქვს ამ თონედან თავი დავაღწიო! შავი ზღვა მოუთმენლად ელოდება ჩემს სტუმრობას! თუმცა, სიცხეზე საწუწუნოდ არ შემიწუხებიხართ, პატივცემულო მკითხველებო! მინდა, მორიგი აფდეითი გავაკეთო, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

განსაკუთრებული არც არაფერი, კაცმა რომ თქვას, ზუსტად ამიტომაც, კატასტროფულად იკლო ბლოგზე პოსტების რაოდენობამ! იმდენად ცხელა და თან ბევრი საქმე მაქვს, რომ საინტერესო საკითხებზე ფიქრი მეზარება ხოლმე! დიახ, დიახ, ასეთი რამეც ხდება, როცა ფიქრი გეზარება! უფრო სწორად, მეზარებაც არ ჰქვია ამას, სამსახურში მაგის დრო არ მაქვს და როცა სახლში ვარ, უმეტესად მძინავს, ხოდა, როდისღა ვიფიქრო?!  სიცხის ბრალი უნდა იყოს, წესით, სადაც თავს მივდებ, იქვე ვითიშები ხოლმე! 😦

წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი” წავიკითხე. ვამ ტოჟე რეკამენდუიუ, მე მომეწონა!

ჩემი რჩევა იქნება, თუ ხელი მიგიწვდებათ ორიგინალზე, თარგმანს არც გაეკაროთ! ისეთი ენითაა დაწერილი, პირდაპირ ითხოვს, ინგლისურად წამიკითხეო! რაც შეეხება წიგნის შინაარს, თუ გინდათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მოზარდი, რომლის დედას სერიოზულად აქვს “შიფერი დაცურებული”, გოგოსთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა, მისმა ერთადერთმა მეგობრამა ნახევარი სკოლა დახოცა და ამ დანაშაულის “შეტენვას” პოლიცია მისთვის ცდილობს, ამ ყველაფერთან ერთად კი, ჟურნალისტები თითოეულ მის ნაბიჯს აშუქებენ, თან ისე, როგორც თვითონ გაეხარდებათ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ! მეტს არაფერს გეტყვით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ!

ახლია კი კინემატოგრაფიისაკენ გადმოვინაცვლოთ! ორ ფილმზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

1. გახსოვდე

როგორც ყველას გეცოდინებათ, მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და ემილი დე რავინი ასრულებენ. პატინსონი სამ სრულიად განსხვავებულ როლში მყავს ნანახი: ეგზომ ცნობილი ვამპირის, სალვადორ დალის და, ამ ფილმში, მეამბოხე ახალგაზრდა ბიჭის, რომელსაც ჰგონია, რომ ვერავინ გაუგებს. სრულიად განსხვევბული სახეებია, მაგრამ საერთო ერთი აქვთ: ბატონო რობი სამივეს ერთნაირად ასრულებს, ზედაპირულად, მშრალად და უემოციოდ! თვითონ ფილმს რაც შეეხება, არაა ცუდი! კარგი სცენარია, ლამაზი ტექსტი და პრინციპში, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ფინალის გულისთვის ღირს ყურება!

2. Hachiko

ეს ფილმი დიდი ხანია გამოსულია. ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა საიტზე ძრომიალისას, მაგრამ რატომღაც არ ვიწერდი! როგორც ჩანს, ინტუიცია მკარნახობდა, რომ არ უნდა მენახა! ოღონდ, არ იფიქროთ ცუდი ფილმი იყოს! იმიტომ არ უნდა მენახა, რომ გავსკდი ტირილით!  ძაღლის პატრონისადმი ერთგულების შესახებ ამბები მილიონობით ვიცით, მაგრამ ჰატიკოს (თუ ჰაჩიკოს) ისტორია მაინც განსაკუთრებულია, გულშიჩამწვდომი და თან რეალური, რომელიც მართლა მოხდა იაპონიაში! ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს იაპონიის ერთ–ერთი ქალაქის რკინიგზის სადგურზე! მოკლედ, თუ არ გინახავთ, აუცილბელად ნახეთ ეს ფილმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხოველები არ გიყვართ, მერე კი მოდით და დამიწერეთ, ასეთი ძაღლი რით ვერ ჯობია ბევრ ადამიანს?!

დღეისათვის სულ ეს იყო! წავალ, რომელიმე აფრიკულ ღმერთს შევთხოვ, წვიმა გამოგვიგზავნოს ან სადმე ბაყაყებს ვიპოვი და გავჟუჟავ ერთიანად (ტყული, ტყუილი, ტყუილი, ისე მეშინია მაგათი, სათოფეზეც ვერ გავეკარები)!

7 კომენტარები »

Confessions of the Shopa… No, Bookaholic

არც ერთ სუნამოს არ აქვს ისეთი მაგარი არომატი, როგორც წიგნს! მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორებისა და კომენტარების რაოდენობის მიხედვით, სულაც არ მოგწონთ, წიგნებზე რომ ვწერ, მაგრამ who cares?! მოგეხსენებათ, ბლოგი ჩემია და როიალს დღეს აივანზე დავდგამ!

გეკითხებით, ალკოჰოლიკის შეშვება შეიძლება იშვიათი ღვინოებით სავსე მარანში?! ასე არ შეიძლება ჩემი შეშვება წიგნის მაღაზიაში! შეიძლება მეძვიროს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სუნამო ან ნებისნმიერი ნივთი, მაგრამ წიგნი არასოდეს! თუ იურიდიულ ლიტერატურაზე მიდგა საქმე, ხომ საერთოდ! ამ შემთხვევაში ყველაფერი მინდა, რასაც ვხედავ, მერე რა რომ მათ დიდ ნაწილს არასოდეს გადავშლი! მხატვრული ლიტერატურის შემთხვევაში ასეთი ნირაზბორჩივი არ ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, კარგი მწერალი ბევრია და ყოველთვის მხვდება წიგნი, რომელსაც სიამოვნებით დავტაცებ ხოლმე ხელს!

შესავალი იქით იყოს და დარწმუნებული ვარ, ყველანი კარგად ხართ ინფორმირებული თბილისის წიგნის ფესტივალის შესახებ, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ იგი დღეს დაიწყო და გრძელდება 21 მაისამდე, ფილარმონიაში (ივენთჰოლი და ჯანდაბა არ ვიცი მე), დეტალები კი ნახეთ აქ ან აქ . ჰოდა, მეც როგორც კი სამსახურიდან გაძვრომა მოვახერხე (შეფობა ჩემს ბლოგს არ კითხულობს :)), მაშინვე ვესტუმრე ამ ფესტივალს. სტენდების დანახვისთანავე მივხვდი, რომ ძველი ჩანთა კიდევ გამომდგებოდა და ახალს ჯერ არ ვიყიდდი! 🙂  დისკომფორტს აუტანელი სიცხე მიქმნიდა მხოლოდ!

“ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ შანელია და თან ასეთ ფასად” – იყვირებდა ნებისმიერი ბუტიკში სეილზე მისული ქალბატონი! მე კი ვიძახდი: “როგორ შეიძლება მარკესი არ ვიყიდო, თან ამ კრებულიდან არც ერთი მოთხრობა არ წამიკითხავს!”

თავად ფესტივალს რაც შეეხება, საკმაოდ შთამბეჭდავი ფასდაკლებებია, ჯეოსელის კლუბ ზუმის წევრებს დამატებით 25%–იანი ფასდაკლება გელით ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნებზე, არჩევანიც დიდია! ძალიან მომეწონა “კარცერ–ლუქსის” იდეა, ოღონდ დიდი რიგი იყო გაჭიმული და არ მიმიღია მონაწილეობა. ხო, კიდევ, გიხაროდეთ!  “ბინდი” წარმოდგენილია ყველა ენაზე და ძალიან უხვად! კიდევ დარია დონცოვას მოთხრობები შემხვდა რაღაც უსაზღვრო ოდენობით! იურიდიულ ლიეტრატურასაც გადავავლე თვალი, მაგრამ რაც იქ იყო წარმოდგენილი უკვე მაქვს და რაც არ მაქვს არცაა საჭირო რომ მქონდეს! 😉

ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს სიმდიდრეს: Read the rest of this entry »

17 კომენტარები »