მწარეს ბლოგი

chez moi

აქა ამბავი, როგორ უნდა შევიცვალო და მოვიშალო მავნე ჩვევები!

დასაწყისისთვის: კარგად ვარ! მშვენიერ ხასიათზე ვარ და ყველაფერი კარგად მიდის! დიდ დროს ვხარჯავ სამსახურსა და სწავლაზე, როგორც პრე-დეპრესიულ პერიოდში, “თიდანში” სიარული განვაახლე  და სისულეებზე თითქმის არ ვფიქრობ!

მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვარ, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს, ზოგჯერ ხასიათი მიფუჭდება! მაგალითად, დღეს საღამოს! წინა სამსახურის სურათებს ვათვალიერებდი და გავოგნდი! რეალურად სხვა ადამიანი ვიყავი! არა, მესმის, რომ 4 წელი ცოტა არაა და ყველა ვიცვლებით, მაგრამ ასეთი მეტამორფოზა მეტისმეტია! რა ვუქენი საკუთარ თავს?!

დეპრესიაში არა ვარ, უბრალოდ, ის გოგო მინდა დავაბრუნო! ღია ღია წაბლისფერი თმით, გამხდარი, ფართო, ნათელი თვალებით, მრგვალი ლოყების და ღაბაბის გარეშე! იდეალისტურ შეხედულებებსა და მთელი სამყაროს შეცვლის სურვილს, ალბათ, უკვე აღარაფერი ეშველება, მაგრამ “ფასადი” მაინც უნდა დავიბრუნო! 😉 ამისათვის კი, წინა და წინისწინისწინა პოსტში დასახული გეგმები აუცილებლად უნდა შევასრულო! გეგმები რომ შევასრულო, რაღაცეებს უნდა გადავჩვიო! ჰოდა, ვის მოვუყვე ამის შესახებ, თუ არა ჩემს საყვარელ ბლოგს?!

გადაუდებელი დახმარების სახით, აი, რაზე უნდა ვთქვა უარი:

კითხვის/ტელევიზორის ყურების/ინტერნეტში ძრომიალის დროს ჭამას. ჩვეულებრივ, ასე ხდება: “ახლა 1 ცალ ვაშლს ავიღებ, მწვანე ჩაის დავისხამ და რომელიმე სერიალს ვუყურებ!’ საბოლოოდ, 1 ვაშლი 5-ად იქცევა და ნახევარი მაცივარი საჭმელიც ემატება! იმ ზომამდე ვარ მისული, რომ საჭმელს გემოს ვერ ვატან, თუ რამეს არ ვკითხულობ ან ვუყურებ! ეს უნდა შეწყდეს!

აღარ ვჭამო ტკბილეული, როცა განერვიულებული ვიქნები. ბოლო ერთი თვე დღის წესრიგში არ დამდგარა, მაგრამ ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა! გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც დროის მანძილზე სულ ცუდ ხასიათზე ვიყავი, ჩემს მიერ შთანთქმულმა ტკბილეულობამ სეეერიოზული დაღი დამატყო წელის მიდამოში! ეს ფაქტი ისე მაწუხებდა, ერთხელაც ავდექი და ვცადე, შოკოლადი დაბალკალორიული საშუალებით ჩამენაცვლებინა! უფრო კონკრეტულად -სიგარეტით! ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტიზმია, რაც ამ ცხოვრებაში გამიკეთებია! კიდევ კარგი, ესეც ჩვევაში არ გადავიყვანე! არ გადავიყვანე რა, შოკოლადი უფრო მომწონს! 🙂 ჰოდა, მოკლედ, გამომდინარე იქიდან, რომ არც შოკოლადი, არც სიგარეტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მწვადი არაფერს შველის ცხოვრებაში, ისევ ჯობია, პრობლემების გადასაჭრელად სხვა მეთოდები მოვძებნო!

თუ ამ ორ პუნქტს შევასრულებ, შევჭამ მხოლოდ მაშინ, როცა მშიერი ვიქნები და, სავარაუდოდ, იმდენს, რამდენიც შიმშილის დასაკმაყოფილებლად მეყოფა!

მესამე და არანაკლებ მნიშვნელოვანი პუნქტი: არასოდეს, არც ერთხელ არ გავაცდინო ვარჯიში! აქ სიტუაცია ამგვარადაა: თავად ვარჯიში არ მეზარება, მაგრამ ჭირივით მეზიზღება ფიტნეს ცენტრამდე მისვლის პროცესი! “თიდანი” ჩემს სამსახურთან არც ისე ახლოსაა და დაახლოებით 25-30 წუთის გატარება პიკის საათის დროს ავტობუსში მთლად საამო რომ ვერაა, თქვენც დამეთანხმებით, ხოდა, შედეგად, ყოველ საღამოს ჩნდება ცდუნება: ხომ არ წავიდე სახლში, რბილ დივანზე წამოვწვე და პირველი პუნქტში განხილული პროცედურის განხორციელბა დავიწყო?!  ჰოდა, არა! საკუთარი თავის ყურით წათრევა რომ დამჭირდეს, კვირაში 4-ჯერ  აუცილებლად ვივარჯიშებ! “თიდანის” პროგრამის შესაძლებლობები შემოდგომაზე რომ დავდიოდი, მაშინ გამოვცადე, ასე რომ, ამ მსხვერპლის გაღებად ნამდვილად მიღირს!

დასაწყისისთვის ეს იყოს! პრინციპში, სხვა მომაკვდინებელი ჩვევები არც მაქვს: არ ვარ ალკოჰოლიკი და ნარკომანი, არ ვეძალები აზარტულ თამაშებს, ფრჩხილებსაც კი არ ვიკვნეტ! არც მწეველი გავხდი, ჩემდა საბედნიეროდ!  რაც კარგია, იმიტომ, რომ ბევრად ნაკლები  პუნქტია ჩემს სიაში, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! პროკრუსტინაციის დამარცხებას შემდეგ ეტაპზე დავისახავ მიზნად, ჯერ ამათ მოვერიო!

3 კომენტარები »

პრაგრეს!

მწარე ცუდი გოგოა!–ლამაზი კალიგრაფიით 20–ჯერ უნდა დავწერო ეს ფრაზა! მოსწავლეებს სჯიდნენ ასე ოდესღაც, გამიგია. მე მოსწავლე არ ვარ, მაგრამ ის, რომ ცუდად ვიქცევი, ცხადია! ამაყად დავდე პირობა, ხშირად დავპოსტავ–მეთქი და ამის შემდეგ სულ დავიკარგე! საერთოდაც, ტრადიციულ შესავლად მექცა ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ ბლოგს დიდი ხნით ვტოვებ. მომაბეზრებელია, ალბათ, არა?

არა, არც ისე ცუდი გოგო ვარ, კაცმა რომ თქვას! წინა პოსტში ჩამოწერილი პუნქტების სისრულეში მოყვანას ვიწყებ. სიტუაცია არის შემდეგი: ერთი ექიმი კატეგორიულად მაფრთხილებს, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ვარჯიში არ შეიძლება, მეორე მეუბნება, რომ შეიძლება. მეც ავდექი და “ოქროს შუალედის” მოძებნა ვცადე – დავიწყებ ვარჯიშს, ოღონდ არასრული დატვირთვით! ანუ, რას ვგულისხმობ, ადრე აერობიკაზე რომ დავდიოდი, 1–საათიანი პროგრამა გვქონდა, კვირაში სამი დღე, ანუ კვირაში 180 წუთი.  თუ ყოველდღე 25 წუთს ვივარჯიშებ , ჯამში თითქმის იგივე დრო გამოდის და თან ისე ძაან არც დავიღლები. ლოგიკა აბსოლუტურად ჩემია და არ მაინტერესებს სწორია თუ არა! 🙂

გუშინ დიეტოლოგთანაც ვიყავი. კარგად შემახურა ახალ წლებზე არეული რეჟიმის გამო. დავიმსახურე, ვერაფერს იტყვი! ვიბრომასაჟორების გამოყენება მირჩია, დაგეხმარებაო! ხო, ვარჯიშის თემაზე, ახლო წარსულში, რომელიღაც რეკლამით “დაბოლებულმა” დედაჩემმა ეს მაჩუქა:

მაშინ ვარჯიში აკრძალული მქონდა და ვერ გავსინჯე, მაგრამ ახლა მივმართე. ჰმ, დიდად კმაყოფილი არ ვარ. ტრენაჟორის მთელი იდეაა ისაა, რომ საზურგეს როცა გადაწევ, გვერდებში დამაგრებულმა ზამბარებმა (აკა პრუჟინებმა), იგი თავისით საწყის მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს, რითაც ვარჯიში გაადვილდება, მაგრამ იმდენად სუსტი ზამბარები აქვს, რომ თავისით ვერაფერს შვება, თან ხერხემალი გტკივა. მუცლის კუნთებსაც ჩვეულებრივი პრესის ვარჯიშები უკეთესად ამუშავებს. მოკლედ, ნი რეკომენდუიუ!

გეგმის დანარჩენ ნაწილებში სიახლე არ არის, მაგრამ ეგეც დროის საკითხია! მე ხომ გარიგება დავდე საკუთარ თავთან, რომ თუ ახალ ლეპ–ტოპს ვიყიდდი, საკუთარ ცხოვრებას შევცვლიდი, როგორც იურისტი კი (თუმცა ეგ რა შუაშია), ყოველთვის ვასრულებ ნაკისრ ვალდებულებას, თუნდაც საკუთარი თავი წინაშე! პერიოდულად დავპოსტავ პროგრესის შესახებ!

5 კომენტარები »