მწარეს ბლოგი

chez moi

Open your eyes!

საერთოდ, ჩემი პრინციპია, რომ ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო! იმის გამო, რომ ბუნებით საკმაოდ ფიცხი ადამიანია ვარ, ასე გაბრაზებულზე მიღებული გადაწყვეტილებით წარსულში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი. სწორედ ამიტომ, დავნერგე წესად, რომ არაფერს არ გავაკეთებ მანამ, სანამ პირველი ემოციები არ ჩაივლის. ეს მეტ–ნაკლებად ჩემს ბლოგსაც ეტყობა, იმიტომ, რომ ყველა სკანდალურ და აღმაშფოთებელ საკითხზე პოსტებს ფაქტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვწერ, რადგანაც არ მინდა პირველმა ემოციებმა ხელი შემიშალოს რაღაცეების სწორად შეფასებაში, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, მე უბრალო ადამიანი ვარ, არ მომეთხოვება ყოველთვის მართალი ვიყო! თანაც ის ფაქტი, რომ საკუთარ თავს დაფიქრების საშუალებას ვაძლევ, არ გამორიცხავს, რომ მაინც არასწორად ვაფასებდე რაღაცეებს. მოკლედ, ეს პრინციპი გუშინ დავარღვიე, როცა “იმედის” იმიტირებულ სპეცრეპორტაჟზე მაშინვე დავწერე პოსტი. ის რაც გუშინ ნახეთ, პირველადი, გულწრფელი ემოციები იყო, მაგრამ რას ვფიქრობ დღეს, დასვენებულზე და გამოძინებულზე?

დღეს ბევრისგან მოვისმინე, როგორ ვერ მიხვდი, იმიტაცია რომ იყო, ჩვენ ეს მაშინვე შევამჩნიეთო?!

რასაკვირველია, მე რომ მთელი დღე ტელევიზორისთვის მეყურებინა მივხვდებოდი, ასე უცბათ ამხელა ამბები ვერ მოხდებოდა.

ან სხვა არხზე რომ გადამერთო;

ან თავიდანვე მეყურებინა იმ ვაი–ქრონიკისთვის და ანონსი მომესმინა;

ან დავფიქრებულიყავი იმაზე, რაც ჩემმა თვალმა აღიქვა და გონებამ ვერა – რომ სროლის კადრები უკვე ნანახი მქონდა!

მაგრამ როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის ვაკუუმში მყოფმა ადამიანმა ტელევიზორი ჩავრთე და პირველი რაც გავიგე იყო სიტყვები, რუსეთმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღოო, მექნებოდა რამის შემოწმების თავი?!

თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ ერთ–ერთი ვარიანტი დაგიხატეთ, თუ რატომ შეიძლებოდა ადამიანს სიმართლედ ჩაეთვალა ეს ვითომ–სპეცრეპორტაჟი.

ვფიქრობ, მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიჯერეთ ასე ადვილად ეს ნიუსი, ისაა, რომ შინაგანად ველოდებით მოვლენების ამგავრ განვითარებას! ყველამ ვიცით, რომ აქვე, ხელისგაწვდენაზე სხვა ქვეყნის ჯარია დაბანაკებული, რაც მთავარია, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც არანაირი “ტორმუზი” არ გააჩნია და რომელმაც არაერთგზის ხელყო ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი!  ვიცით, რომ (საზოგადოების ნაწილმა მაინც)  ჩვენი პოლიტიკანები დაუფუქრებლად წავლენ გარიგებაზე სკამების მისაღებად და მტერსაც თვითონ გაუხსნიან ციხე–სიმაგრის კარს! ისიც ვიცით, ყველაფერი ასეც რომ განვითარდეს, მსოფლიო ერთხელ შეშფოთდება და მერე დამშვიდდება! გულის სიღმეში ყველას გვჯერა, რომ ოდესმე რუსეთი მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას!

ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ვიცით, გამორიცხავს ჩვენი ასეთი ფორმით გამოფხიზლების აუცილებლობას!

რაც შეეხება იმას, თუ რას ვგრძნობ დღეს: ისევ გაბრაზებული ვარ “იმედზე” არაპროფესიონალურად, ყოველგვარი წესების დარღვევით მომზადებული სიუჟეტის გამო, ხალხს რომ ამხელა სტრესი განაცდევინეს, იმის გამოც, საკუთარი თავი რომ დაისამარეს მაგისთვისაც და კიდევ იმისთვის, რომ ბურჯანაძისნაირებს ამ ყველაფრის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა მისცეს!

მაგრამ “იმედზე” მეტად იმ ხალხზე ვარ გაბრაზებული, ვინც  მოღალატეებს ვერ ხედავს, ვინც “იმედის” წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ბურჯანაძეს დაუკრა ტაში, იმაზეც, რაც დოდკამ თავისთან დაწერა და ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ ვაი–პოლიტიკოსებს, ვაი–პატრიოტებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს!

დიახ, მე ვარ უბრალო იურისტი, რომელსაც არ უნდა პოლიტიკასთან რამე აკავშირებდეს, მაგრამ თვალები გამაჩნია, ხალხო!

დატოვე კომენტარი »

ტელევიზორი კლავს

ესეიგი რა ხდება, მაქვს გრიპი, მაღალი სიცხე, ლიჟუ სებე, ნიკავო ნი ტროგაიუ, ფაქტიურად მთელი დღე მძინავს! ვიღვიძებ საღამოს და რატომღაც ვრთავ ტელევიზორს (სიცხემ იცის უცნაური აზრები), თან რატომღაც ტელეიმედს! ვრთავ და რას ვხედავ – რუსების ტანკები მოდიან თბილისისკენ, ქრონიკის წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი აცხადებს, რომ დილით მოხდა კოკითზე თავდასხმა, მედვედევმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი დაიღუპა და ჩამოყალიბდა სახალხო მთავრობა ბურჯანაძე–ნოღაიდელით სათავეში! შიში, უიმედობა, ბრაზი, ტკივილი, სიძულვილი და უმწეობის ყოვლისმომცველი გრძნობა ერთმანეთში ამერია! აგვისტოს დღეები თავიდან გავიარე! ამ დროს კი, გამოკეკლუცდა წამყვანი, მეუბნება, რომ რაც ვნახე, იმიტირებული იყო, სიმართლეს არ შეეფერებოდა და არხეინად აწვდის მიკროფონს ვიღაცას სტუდიაში!

… ??? !!!

პირველი ორიოდე წამი არ მჯეროდა, რომ ეს დადგმა იყო! ვერაფრით მივხვდი, ვის უნდა ეხუმრა ასე სასტიკად! მერე შვების ცრემლები წამსკდა და ბოლოს სიბრაზემ მომიცვა!

თუ ვინმე ხართ ისეთი, ვინც ვერ მიხვდით, რაზე ვლაპარაკობ, გაცნობებთ, რომ დღეს საღამომ ტელეიმედმა გაუშვა იმიტირებული სპეცრეპორტაჟი, მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ! ამ რეპორტაჟის მიხედვით, საქართველო რუსეთის კოლონიის სტატუსით “ამთავრებს არსებობას”. იმიტირებულ რეპორტაჟს არსად ეტყობოდა, რომ ის იმიტირებული იყო, და სადღაც ნახევარი საათი გრძელდებოდა! გადაცემის დასრულების შემდეგ, არხეინად დაიწყო კომედიური ტელესერიალი  “შუა ქალაქში”!

ახლა, ამ წუთებში ხალხი აქციას მართავს ზემოაღნიშნულ ტელეკომპანიასთან! ეს თავისთავად კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა ადვილია ხალხის პროვოცირება, მათ გულწრფელ ემოციებზე თამაშით. გრიპი რომ არ მქონდეს,მეც წავიდოდი! აი, ცხოვრებაში არცერთ აქცია–მიტინგზე არ ვმდგარვარ, მაგრამ ახლა წავიდოდი! რაც “იმედმა” გააკეთა, არაპროფესიონალიზმის, არაეთიკურობის და უვიცობის პიკი იყო! გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტი ჩვენს გამოფხიზლებას ისახავდა მიზნად.  კარგით, რა! გამოფხიზლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს იმ ფორმით გაკეთდეს, რომ არც კანონმდებლობა დაირღვეს, არც ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი და არც ხალხს გამოვაცდევინოთ ამხელა სტრესი?!! აბსოლუტურად ვეთანხმები ქაბატონ მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც გადაცემის მეორე ნაწილში პრეზიდენტის სახელით უკმაყოფილება გამოთქვა გადაცემის მისამართით და აღნიშნა, რომ რეპორტაჟის მსვლელობისას მითითებული უნდა ყოფილიყო იმიტაციის თაობაზე! გარდა ამისა, შინაარსის გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფელიც კი იყო იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყანას აგვისტოში!

ბოლო თვეების მანძილზე ტელევიზორს პრაქტიკულად აღარ ვუყურებ და ჯობდა არც დღეს მომსვლოდა ასეთი რამ აზრად! თუ ვინმე გონივრულ მიზეზს დამისახელებს ამ რეპორტაჟის ასეთი სახით გაშვებისათვის, მადლობელი ვიქნები!

7 კომენტარები »