მწარეს ბლოგი

chez moi

ინკვიზიცია?

თეა თუთბერიძესა და პატრიარქის შარჟებზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და დაიწერა. მეც, ცოტა დაგვიანებით, ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. მართალია, თავიდან ყურიც არ შემიბერტყავს არც ზემოხსენებული ქალბატონის მიერ ამ ვიდეოების თავის გვერდზე დადების, არც მის წინააღმდეგ ატეხილი აგრესიის და ახლა უკვე მის დასაცავად წამოწყებული ისტერიის გამო, მაგრამ ამ დღეებში ისე შემაწუხეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა, რომ სულ რამდენიმე წინადადებით ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწვიტე.

თუ ვინმეს შემდეგში ეჭვი შეეპარება: ვარ და ყოველთვის ვიყავი მორწმუნე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია უმაღლესი სასულიერი პირის გაშარჟება, დაცინვა და ა.შ, ასევე კრიტიკაც, თუ იგი არაობიექტურია! სწორედ ამიტომ, თავში აზრადაც არ მომსვლია, არც თავიდან და არც ახლა, მენახა ეს ყბადაღებული ვიდეო!

როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერზე მორწმუნე ადამიანს – ნორმალურ მორწმუნე ადამიანს?! ან საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია, ან ეთქვა ღმერთო შეუნდეო და უფრო გულმხურვალედ ელოცა ჩვენი ცოდვების შენდობისათვის, ან ბოლო-ბოლო დაეფიქსირებინა თავისი აღშფოთება, მიეთითებინა მსგავსი შინაარსის მასალის მიუღებლობაზე, ოღონდ კორექტულად, მშვიდი ტონით!

რა მოხდა სინამდვილეში?  სარწმუნოების ჭეშმარიტმა დამცველებმა ატეხეს გინების კორიანტელი, ისმოდა და ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარა თეა თუთბერიძის მიმართ და ა.შ! შეიძლება ეს ნორმალური იყოს? რომელ სარწმუნოებას იცავთ ასეთი საქციელით?! ქრისტიანობას? მართლმადიდებლობას? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ეს ხალხი სხვადასხვა ღმერთზე ვლოცულობთ!

მოდით, გვერდზე გადავდოთ დემოკრატია, გამოხატვის თავისფულება და მსგავსი ფუნდამენტური უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ სარწმუნოების თვალით შევხედოთ! ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყოველთვის სწორედაც რომ სიყვარულის და მიტევების რელიგია იყო, საწმუნოება, რომელიც გეუბნება შენს მტერსაც კი მიუტევე და გიყვარდესო, რომელიც გასწავლის, როცა გდევნიან დაითმინე, ილოცე შენთვის და შენი მდევნელებისათვისო! ეს რელიგია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ხალხის წინააღმდეგ ომს, რომლებსაც არ სწამთ შენნაირად, ან საერთოდ არ სწამთ, იმათ წინააღმდეგ ომსაც კი არ ითვალისწინებს, ვინც შენს რელიგიას შეურაცყოფს. ერთადერთი გზა მის დასაცავდ არის ლოცვა, გულმხურვალე ლოცვა საკუთარი თავისთვის და მდევნელებისთვის, ხოლო თუ ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიაზე და სასულიერო პირებზე, ჩაქოლვით გავუსწორდებით, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა, ინკვიზიცია იქნება და, მე პირადად, არ ვაპირებ ამის ნაწილი ვიყო!

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს უნდოდა „კმარას“  ეპოქის შემდეგ კიდევ ერთხელ ყოფილიყო უსამართლოთ დაჩაგრული ჟანა დ’არკი ქართულ საზოგადოებაში! გამორიცხულია, არ სცოდნოდა რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი ვიდეოების გავრცლება! ამ „სარწმუნოების დამცველების“ ქმედებების შედეგად მან მიიღო რაც უნდოდა! საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა იგი უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნია და სიმპათით განიმსჭვალა, რადგანაც, მათი აზრით, ის საკმარისად გაბედულია, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას რომ რისკავს. ასობით ადამიანი გულზე მჯიღს იბაგუნებს და ქალბატონი თუთბერიძის პირად მცველობას საკუთარ თავზე იღებს! ხოდა, ვისი ინტერესები დაიცვა ამ ხალხმა საბოლოოდ?

მე რაც შემეხება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რომელი მიმართულებით იცურავებს თეა თუთბერიძე და საერთოდ რას მოიმოქმედებს მომავალში საკუთარი სახელის „უკვდასაყოფად“, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც რელიგიის დაცვას აგრესიისა და ბილწსიტყვაობის გზით ცდილობენ! ეს არ შეეფერება იმ სარწმუნოებას, რომლის წარმომადგენლადაც მე თავს მივიჩნევ, ხოლო, თუ რამე არასწორად მესმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მითხარით და ხვალიდან მოვძებნი რელიგიას, რომელიც ჩემს შეხედულებებს დაემთხვევა!

8 კომენტარები »

მეორე შანსი, აუცილელობა თუ თავის მოტყუება?

მრავალჯერ გვსმენია, რომ ყველა იმსახურებს მეორე შანსს, რომ ერთმანეთს შეცდომები უნდა ვაპატიოთ და ყველამ ერთად ბედნიერად ვიცხოვოროთ.

რა ხდება სინამდვილეში? დღეს საკუთარ თავზე ავმაღლდი და ერთ ადამიანს ვაპატიე თავისი საქციელი, მეორე შანსი მივეცი და რა მერე?! ნახევარი საათიც არ გასულა, ისევ ისე მოიქცა! წესით, გული უნდა მტკენოდა, მაგრამ არ მეტკინა. უნდა მწყენოდა, მაგრამ არ მეწყინა. არც კი გამკვირვებია, რადგან მისგან სწორედ ამას ველოდი.

ჩემი ძვირფასებო, არ არსებობს არავითარი მეორე შანსის უფლება! აზრი არ აქვს ადამიანს აპატიო და შეურიგდე, ის მაინც იგივეს გააკეთებს! არ დაიჯეროთ, რომ ვინმე თქვენს მიმტევებლობას დააფასებს! მე იმას კი არ ვამბობ, რომ უნდა დავიბოღმოთ და ყველა წყენისათვის შური ვიძიოთ. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუ ადამიანს თქვენთან ურთერთობაში რამე შეეშალა, მას უბრალოდ უნდა გაეცალოთ, ყოველგვარი მეორე შანსის და მსგავსი სისულელეების გარეშე. ადამიანები არ იცვლებიან. ყველა ვართ ის, ვინც ვართ! ეს მარტო საპნის ოპერებში ხდება, მონსტრს უცბათ  თვალები რომ აეხილება, ყველაფერს მოინანიებს და სიკეთის ფრქვევას იწყებს. საპნის ოპერები მხოლოდ ტელევიზორში გადის, თანაც ოხრად, ცხოვრება კი სულ სხვაა. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები არ იცვლებიან! ასე, რომ ყოველგვარი მეორე შანსის უფლება თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

8 კომენტარები »