მწარეს ბლოგი

chez moi

Open your eyes!

საერთოდ, ჩემი პრინციპია, რომ ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედო! იმის გამო, რომ ბუნებით საკმაოდ ფიცხი ადამიანია ვარ, ასე გაბრაზებულზე მიღებული გადაწყვეტილებით წარსულში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი. სწორედ ამიტომ, დავნერგე წესად, რომ არაფერს არ გავაკეთებ მანამ, სანამ პირველი ემოციები არ ჩაივლის. ეს მეტ–ნაკლებად ჩემს ბლოგსაც ეტყობა, იმიტომ, რომ ყველა სკანდალურ და აღმაშფოთებელ საკითხზე პოსტებს ფაქტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ვწერ, რადგანაც არ მინდა პირველმა ემოციებმა ხელი შემიშალოს რაღაცეების სწორად შეფასებაში, მაგრამ, ბოლოსდაბოლოს, მე უბრალო ადამიანი ვარ, არ მომეთხოვება ყოველთვის მართალი ვიყო! თანაც ის ფაქტი, რომ საკუთარ თავს დაფიქრების საშუალებას ვაძლევ, არ გამორიცხავს, რომ მაინც არასწორად ვაფასებდე რაღაცეებს. მოკლედ, ეს პრინციპი გუშინ დავარღვიე, როცა “იმედის” იმიტირებულ სპეცრეპორტაჟზე მაშინვე დავწერე პოსტი. ის რაც გუშინ ნახეთ, პირველადი, გულწრფელი ემოციები იყო, მაგრამ რას ვფიქრობ დღეს, დასვენებულზე და გამოძინებულზე?

დღეს ბევრისგან მოვისმინე, როგორ ვერ მიხვდი, იმიტაცია რომ იყო, ჩვენ ეს მაშინვე შევამჩნიეთო?!

რასაკვირველია, მე რომ მთელი დღე ტელევიზორისთვის მეყურებინა მივხვდებოდი, ასე უცბათ ამხელა ამბები ვერ მოხდებოდა.

ან სხვა არხზე რომ გადამერთო;

ან თავიდანვე მეყურებინა იმ ვაი–ქრონიკისთვის და ანონსი მომესმინა;

ან დავფიქრებულიყავი იმაზე, რაც ჩემმა თვალმა აღიქვა და გონებამ ვერა – რომ სროლის კადრები უკვე ნანახი მქონდა!

მაგრამ როდესაც, გარკვეული მიზეზების გამო, თითქმის ვაკუუმში მყოფმა ადამიანმა ტელევიზორი ჩავრთე და პირველი რაც გავიგე იყო სიტყვები, რუსეთმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღოო, მექნებოდა რამის შემოწმების თავი?!

თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ ერთ–ერთი ვარიანტი დაგიხატეთ, თუ რატომ შეიძლებოდა ადამიანს სიმართლედ ჩაეთვალა ეს ვითომ–სპეცრეპორტაჟი.

ვფიქრობ, მიზეზი იმისა, თუ რატომ დავიჯერეთ ასე ადვილად ეს ნიუსი, ისაა, რომ შინაგანად ველოდებით მოვლენების ამგავრ განვითარებას! ყველამ ვიცით, რომ აქვე, ხელისგაწვდენაზე სხვა ქვეყნის ჯარია დაბანაკებული, რაც მთავარია, ეს ის ქვეყანაა, რომელსაც არანაირი “ტორმუზი” არ გააჩნია და რომელმაც არაერთგზის ხელყო ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი!  ვიცით, რომ (საზოგადოების ნაწილმა მაინც)  ჩვენი პოლიტიკანები დაუფუქრებლად წავლენ გარიგებაზე სკამების მისაღებად და მტერსაც თვითონ გაუხსნიან ციხე–სიმაგრის კარს! ისიც ვიცით, ყველაფერი ასეც რომ განვითარდეს, მსოფლიო ერთხელ შეშფოთდება და მერე დამშვიდდება! გულის სიღმეში ყველას გვჯერა, რომ ოდესმე რუსეთი მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას!

ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი ვიცით, გამორიცხავს ჩვენი ასეთი ფორმით გამოფხიზლების აუცილებლობას!

რაც შეეხება იმას, თუ რას ვგრძნობ დღეს: ისევ გაბრაზებული ვარ “იმედზე” არაპროფესიონალურად, ყოველგვარი წესების დარღვევით მომზადებული სიუჟეტის გამო, ხალხს რომ ამხელა სტრესი განაცდევინეს, იმის გამოც, საკუთარი თავი რომ დაისამარეს მაგისთვისაც და კიდევ იმისთვის, რომ ბურჯანაძისნაირებს ამ ყველაფრის საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გამოყენების შესაძლებლობა მისცეს!

მაგრამ “იმედზე” მეტად იმ ხალხზე ვარ გაბრაზებული, ვინც  მოღალატეებს ვერ ხედავს, ვინც “იმედის” წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე ბურჯანაძეს დაუკრა ტაში, იმაზეც, რაც დოდკამ თავისთან დაწერა და ერთი სიტყვით, ყველა იმ ადამიანზე, ვინც ამ ვაი–პოლიტიკოსებს, ვაი–პატრიოტებს საკუთარი თავის გამოყენების საშუალებას აძლევს!

დიახ, მე ვარ უბრალო იურისტი, რომელსაც არ უნდა პოლიტიკასთან რამე აკავშირებდეს, მაგრამ თვალები გამაჩნია, ხალხო!

დატოვე კომენტარი »

აჯაფსანდალ

რაც უფრო დიდ პაუზას ვაკეთებ პოსტებს შორის, მით უფრო მიჭირს აქ დაბრუნება! ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი რეჟიმში ჩავსვა! ყოველდღე წერა არ გამომივა, მაგრამ გპირდებით, ყოველ მესამე დღეს დავპოსტავ. ასე რომ, ხუთშაბათს აქ თუ ახალს ვერაფერს ნახავთ, ნებას გრთავთ სიტყვის გამტეხი მიწოდოთ, ან რაც გაგიხარდებათ, ის! 😉 ვნახოთ, დავიწყებ და თუ შევატყე, რომ ნაძალადევ პოსტებს ვწერ მხოლოდ გრაფიკის დასაცავად, კურსს შევცვლი.

ბოლო დროს მომიმრავლდა აჯაფსანდლური პოსტები, ანუ როდესაც ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვწერ. დღესაც იგივეს გავიმეორებ.

ახლა, რატომ გადავწყვიტე თქვენი ყურადღების მიტაცება! დიდი ხანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებს არ შევხებივარ, მაგრამ პარასკევს ღამით გადაცემა პატრულის ერთმა სიუჟეტმა გამიღვიძა ეს სურვილი. მოკლედ, საქმე ისაა, რომ იმ გამოშვებაში აჩვენეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ახალგაზრდა წევრი, რომელიც ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისა და კონტროლიორებისადმი დაუმორჩილებლობა/უხეშობის გამო ჰყავდა პატრულს დაკავებული. ბიჭი ამაყად აცხადებდა, რომ მოძრაობა 7 ნომებრის წევრი იყო და ბილეთი არ აიღო იმიტომ, რომ ამით დაუპირისპირდა უგულავა-სააკაშვილის რეჟიმს.  ამ შემთხვევაში მედლის ერთი მხარე ისაა, რომ ის ბაჭი პოლიტიკური კუთვნილების გამო „გაატელევიზორეს“, წიპა, აი, ნახეთ ამათი ნამდვილი სახე! მაგრამ მეორე და უარესი მხარეც არსებობს, კერძოდ კი, ის, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ მერი ან პრეზიდენტი არ მოგწონს, მათ მიერ დადგენილ კანონს არ უნდა დაემორჩილო და ამით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებ. განსაკუთრებით, თუ ის კანონი, ისეთ უწყინარ მოთხოვნას შეიცავს, როგორიც ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის აღებაა. მერწმუნეთ, ის ბიჭი მარტო არაა. მისნაირად ბევრი ფიქრობს და ვერ ვიტყვი, რომ ეს გასაგიჟებლად კარგია.

აქვე ერთ ისტორიას მივაბამ, მაინც „რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“-ს ციკლიდანაა. მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ბიჭმა სატელეფონო საუბრისას გამომიცხადა: „შენ შეზღუდული აზროვნების ადამიანი ხარ. კანონს ემორჩილები. აი, მე კიდევ, სულით თავისუფალი ვარ. იმდენად თავისუფალი, რომ როცა შუქნიშანზე წითელი ანთია, არასოდეს არ ვჩერდები და გზას ვაგრძელებ! შეზღუდვებს ვერ ვეგუები!“ მდა, აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ როცა ქალზე ეფექტის მოხდენა გინდა, შეზღუდული აზროვნების ხარო არ უნდა უთხრა, არც ის, რომ ასეთ იმბეცილებს ვიზიდავ, პრობლემა სწორედაც იმაშია, რომ ამ ყმაწვილის აზრით, სულიერი თავისუფლება წითელზე გავლაში გამოიხატება და კანონმორჩილება გონებრივ შეზღუდულობას უდრის. არც ეს ბიჭია საქართველოში მარტო და ეს თქვენც იცით!  წესით, აქ თავში ხელები უნდა შემოვირტყა და ტრაგიკული ხმით ვიკითხო „ეს სად ვკვდები, ბლინ?!“ მაგრამ არ ვიზამ ამას, უჩემოდაც ბევრი ჰყავს საქართველოს მოთქმით დამტირებელი!

ბოლოს, თუ აჯაფსანდალია, აჯაფსანდალი იყოს და სექსსაც შევეხოთ! მოკლედ, იცით, რომ შაბათს „იმედზე“ დაიწყო შორენა ბეგაშვილის (ნუ წამყვანი ესაა და იდეის ავტორის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას) გადაცემა „ღამე შორენასთან.“ ზოგადად, არც სიტყვა „სექსის“ ხსენებაზე მემართება ინფარქტი და არც ამ თემატიკაზე გადაცემის არსებობის იდეას ვებრძვი ხმალამოღებული, ოღონდ თუ ის ხარისხიანი იქნება. აქ იგულისმება შინაარსიც და ნორმალური წამყვანიც. რაც შეეხება ბეგაშვლის, დიდი ხანია ასეთი უნიჭო არსება არ მინახავს. კარგი, მე შეფასების უნარი არ მაქვს, ეგებ, მაგრამ თქვენ მითხარით, რომელს მიგაჩნიათ მისი დაყენებული ხმით საუბარი, ტყლარჭვა და თვალების ნაბვა სექსუალურად ან მაცდურად! თუმცა, ცხადია, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანი ასეთ „შარში“ თავს არ გაჰყოფს, შესაბამისად, კატები ყეფენ ბედნიერად!

სულ ეს იყო, რისთვისაც მოგაცდინეთ! როგორც ძველ ანეკდოტშია, „გკოცნით, გეხვევით, ბებიათქვენი აღათი“, კიარადა, წავედი „ანა კარენინას“ ორი გვერდი მაინც უნდა ჩავიკითხო ძილის წინ! ან იმას რაც ვერჩი, ან საკუთარ თავს, მაინც ვერ გავიგე!

9 კომენტარები »

უბრალოდ პოსტი

აღმოვაჩინე, რომ შიგადაშიგ პაუზების გაკეთება სასარგებლო ყოფილა, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ბლოგი საშინლად გენატრება და მზად ხარ ნებისმიერ თემაზე დაპოსტო. მეც მიმოვიხილავ რა ხდებოდა ჩემს თავს ამ დღეების განმავლობაში.

ე.ი. პირველ რიგში, ამ პოსტის გაგრძელებად უნდა აღვნიშნო, რომ, საბლოოო ჯამში, ოპოზიცია ჩვენს სამსახურს მაინც ესტუმრა. პარასკევს, საღამოს 8 საათისთვის იყვნენ ამოსულები, როდესაც შენობაში კაციშვილი აღარ იყო დარჩენილი. რაღაც ფილმის ჩვენება მოაწყეს და დაახლოებით 1,5 საათში დაიშალნენ. არც დერეფნები დაუდგამთ და არც ვინმე უცემიათ. ვერ გავიგე, ჩვენ ხალხი არ ვიყავით?!

შაბათს სემინარს ვესწრებოდი იუტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრში. უნდა ვაღიარო, რომ პროდუქტიული სემინარები და ტრენინგები საკმაოდ იშვიათობაა, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე დიდი დროის ფლანგვა იყო ჩემს ცხოვრებაში, უმაღლესი მატემატიკის ლექციის შემდეგ, რა თქმა უნდა. სემინარი, იდეაში, უცხოური სასამართლო გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხებზე უნდა ყოფილიყო, თუმცა, რეალურად, მთელი დრო დაეთმო აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს შორის კამათს, როგორ უნდა მოახდინონ ერთმანეთის ინფორმირება და  რა უყონ არქივს. ჩვენ რა შუაში ვიყავით, მაინც ვერ გავიგე!

კვირა ფრიად სასიამოვნოდ გავატარე მეგობრებთან ერთად, ამ ბოლო დროს იშვიათად თუ ვხვდები ვინმეს, ხოდა, ასეც არ შეიძლება რა!

ამ დღეებში, ასევე, ქართულ ბლოგებს გადავავლე თვალი (არა იმათ, რომლებსაც რეგულარულად ვკითხულობ, სხვებს). ხოდა, პირადი ბლოგების ქილიკის მორიგი ტენდენცია აღმოვაჩინე. ისევ და ისევ მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ ვანიავებთ ამ ძვირფას რესურსს, რასაც ბლოგი ჰქვია, საკუთარი კბილების გამოხეხვისა და დილით გაღვიძების შესახებ წერით. ამ საკითხზე მე ორი რამ მაქვს სათქმელი: 1. ახლად გამოჩეკილი ბლოგერი, პირველივე პოსტს სხვების კრიტიკას რომ დაუთმობ, ამას გზის გაკვალვის მცდელობა უფრო უნდა ერქვას, ვიდრე ბლოგსფეროს გულშემატკივრობა და 2. ზოგადად, ყველას გასაგონად უნდა ვთქვა, ვისაც მოგვწონს, გაგვატარეთ!

ამ ბოლო დროს სასტიკად არ მომწონს საკუთარი ვიზუალური მხარე! ნუ, ის რომ წონაში მოვიმატე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია უკვე, მაგრამ მარტო ეგეც არაა. რაღაცნაირად მოუვლელად გამოვიყურები. სულ ავიღე საკუთარ თავზე ხელი! აი, ხომ გინახავთ ტიპური დიასახლისები, ქმარ-შვილის მოვლა იმდენ დროს რომ ართმევთ, თავისთვის საერთოდ აღარ რჩებათ და მუდმივად გადაღლილად რომ გამოიყურებიან. ვერც თავს აქცევენ ყურადღებას და რაც პირველი ხელში მოხვდებათ, ის აცვიათ. ეგეთ ვიდზე ვარ ზუსტად!  მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი არ მაცლის სიქას, ენერგია მაინც არ მყოფნის. ამბათ, ანემიის ბრალია. თუმცა ეს დავიკიდოთ!

კიდევ, იმის თქმა მინდოდა, რომ ამ ბოლო დროს ხშირად ვუბრუნდები ადრე წაკითხულ წიგნებს. საქმე ისაა, რომ კლასიკოსებს საკმაოდ ადრეულ ასაკში შევეჭიდე და ახლა რომ ვკითხულობ, ბევრ რამეს  სულ სხვაგვარად აღვიქვამ. კლასიკა არაა, მაგრამ ამ დღეებში ხელში ჩამივარდა ძალინ დიდი ხნის წინ წაკითხული მარტი ლარნის “მეოთხე მალა”, ხოდა, შანსი არ გავუშვი და გადავიკითხე. წიგნი ერთ ფინელ პროფესორზეა, რომელიც ამერიკაში გადადის საცხოვრებლად. ავტორი აშარჟებს ამერიკულ საზოგადოებას, რიგითი ამერიკელების ცხოვრების წესსა და განათლებას. ბევრი საინტერესო მომენტი აქვს დაჭერილი, სხვათაშორის. მთლიანობაში კარგად იკითხება, თუმცა პირველ ჯერზე უფრო მომეწონა, ვიდრე ახლა. აქვე რამდენიმე ფრაზას მოვიყვან წიგნიდან, რომლებიც ჩემს ყოველდღიურ ლექსიკონშიც ჩნდებიან ხოლმე:

Множество людей верит в бога, но немного находится таких, которым верит бог;

общественное мнение есть лишь чье-то частное мнение, послужившее началом эпидемии;

Ложь – очень неполновесный заменитель правды, однако все-таки имеет широкое хождение среди людей;

Миллионы людей верят, что земля круглая, потому что им когда-то случилось увидать глобус;

Антикварная вещь такова, что цена ее возрастает по мере того, как потребительная стоимость падает;

Лучшее лекарство от перхоти – гильотина.

8 კომენტარები »

ველოდებით ოპოზიციას!

დღეს ოპოზიცია ჩემს სამსახურთან მართავს აქციას! აქამდეც იყვნენ ორჯერ მოსულები, თუმცა ცოტა ხნით და მცირე შემადგენლობით. ამჯერად უფრო საფუძვლიანად მოდიან. ჩემი თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა მსჯელობს, სირცხვილის დერეფნების დადგმის შემთხვევაში, როგორ გაიკეთებენ დიდ სათვალეს, ჩამოიშლიან თმებს, დაიხურავენ ქუდებს, მოკლედ, ყველა შესაძლო ფორმით დამალავენ სახეს და  თავდახრილები სწრაფად გაივლიან იქ. არ ვიცი, დერეფნები მოეწყობა თუ არა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, თუ გავლა მომიწევს, არავითარ შემთხვევაში არ დავმალავ სახეს და არ დავხრი თავს!  ამათი მიზანი ზუსტად ეგაა, აჩვენონ ჩვენი, ანუ ბოროტების მსახურების დარცხვენელი სახეები. ამ სიამოვნებას მე პირადად არ მივანიჭებ! არ მრცხვენია! ერთი პროცენტითაც არ ვთვლი, რომ სახელმწიფოსათვის საზიანო საქმეს ვაკეთებ –  პირიქით, ძალიანაც სასარგებლო ვარ! მეც და ის ხალხიც, ვინც ახლა ჩემთან ერთადაა, ოღონდ, რატომღაც, თვითონ არ ესმით ეს. სიმართლე გითხართ, ამ წუთას ჩემს თანამშრომლებზე უფრო ვბრაზობ ამგვარი დამოკიდებულების გამო! ისე გამოსდით, თითქოს მართლა რამეს ვაშავებდეთ ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. მესმის, რომ სასიამოვნო მომენტი ნამდვილად არ იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ თუ ვინმე სამარცხვინოა დღევანდელ საქართველოში, ეს თავად ოპოზიციაა, ასე რომ თავად დახარონ თავი! რა თქმა უნდა, ისიც მესმის, რომ არაფერს შეცვლის მე როგორ გავივლი იმ დერეფანში. არ ვარ ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჩემმა თავის დახრა-არდახრამ რამე განსაზღვროს, მაგრამ საკუთარ შინაგან დამოკიდებულებას ხომ გამოვხატავ?! მე ხომ ვიქნები მორალურად კმაყოფილი?! ხოდა, ესეც საქმეა!

მოკლედ, სტუმრების მოსვლამდე დარჩა დაახლოებით 8 საათი! გკოცნით, გეხვევით და მერე დაწვრილებით დავწერ აქციის შესახებ.

Update: ოპოზიციამ, მოსალოდნელი გრიგალის გამო, ჩვენს სამსახურთან ამოსვლა გადაიფიქრა. აგერ წყაროც. ასე რომ, სირცხვილის დერეფნიდან სხვა დროს მოგიკითხავთ და დაგიქნევთ ხელს! ახლა მთავარია, ნავარაუდევ გრიგალსაც ასევე წარმატებით გადავურჩეთ!

5 კომენტარები »

შეხლა-შემოხლა დიღომში

ბევრი კუნტრუშის შემდეგ, ოპოზიციამ ასე ნანატრი ცემა-ტყეპა მიიღო! ოპოზიციის მხარდამჭერებმა შსს მთავარი სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს, გაჩეჩილაძე ღობეზე გადაძვრა. ატეხილი შეხლა-შემოხლის გამო, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღოო, აცხადებენ საინფორმაციო საშუალებები და ა.შ და ა.შ. აქამდე პოლიცია ხელს არ ატოკებდა მათ უმსგავსობაზე, მაგრამ ზღვარი ყველაფერს აქვს. ახლა ატეხენ ერთ ამბავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართველ ხალხზე ხელი აღმართა, კიდევ ერთი ცხრა აპრილი მოუწყო თავის ერს, უსწორდებიან განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ ლიდერებს, ბლა-ბლა-ბლა!

მე, როგორც იურისტი, ცალსახად ვაღიარებ მშვიდობიანი პროტესტის უფლებას, მაგრამ, როდესაც გაურკვეველი ხალხი თვითნებურად იწყებს შევარდნას სახელმწიფო დაწესებულებებში, ხელს უშლიან მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და იწყებენ სხვა პირების უფლებების შეზღუდვას, ეს უკვე მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს სცილდება და ჩემი აზრით, სრულ უფლებას აძლევს შესაბამის ორგანოებს აღადგინონ მართლწესრიგი (რასაკვირველია დაბალანსებული ღონისძიებების გამოყენებით). ნებისმიერ დემოკრატიულ სახლემწიფოში 500 კაცი, რომელიც არღვევს საზოგადოებრივი და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ნორმალურ რეჟიმს, ისჯება. ევროკავშირის არაერთ წევრს მოუხდენია ძალისმიერი მეთოდებით მანიფესტაციების დაშლა, ასევე სხვა მისაბაძი დემოკრატიის მქონე ქვეყნები იყენებენ ძალას თავგასული მომიტინგეების  დასაშოშმინებლად და წესრიგის აღსადგენად, იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ უმცირესობას არ აქვს უფლება უმრავლესობას თავისი თამაშის წესები მოახვიოს თავს. ასეთ შემთხვევბში, თავად უმცირესობა იწყებს უმრავლესობის უფლებების შელახვას, რაც საერთოდ არაა შესაბამისობაში დემოკრატიასა და გამოხატვის თავისუფლებასთან.

ვთვლი, რომ ეს აქცია დიდი ხნის წინ იყო დასაშლელი და რაც უფრო მალე მოეღება ბოლო ამ თავგასული ბრბოს ნავარდს, მით უკეთესი!

6 კომენტარები »