მწარეს ბლოგი

chez moi

ვის აქვს სამოთხის გასაღები?

ჰმმ–მმმ! დარწმუნებული ვარ, უკვე გადაიღეჭებოდა ეს თემა, მაგრამ მეც ჩემი უნდა ვთქვა! დიდი ტვინის დაძაბვა არ იქნება საჭირო იმისათვის, რომ მიხვდეთ, სამშაბათის “სიმართლის დროს” ვგულისხმობ.

სანამ უშუალოდ გადაცემით მიღებულ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებზე გადავიდოდე, მცირე განცხადება: ამ გადაცემის ხილვამდე განსაკუთრებული სიმპათიით არც ერთი ქალბატონის მიმართ ვიყავი განმსჭვალული, რაც, ვფიქრობ, სასრგებლოა ობიექტურად შეფასებისათვის.

მე და თეა თუთბერიძე ერთ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, დაახლოებით ერთ პერიოდში. ის მაშინ თავის მისიად უნივერსიტეტის  გადარჩენას ისახავდა. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში იმ დროისათვის არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით თეა უმეტესწილად მართალი იყო, ხშირად მაინც მაღიზიანებდა მისი თავდასხმები აკადემიურ პერსონალზე საკუთარი სუბიექტური პრობლემების გამო. არ მომწონდა მისი მოღვაწეობა “კმარაში”, არც ამ გზით გაკეთებული კარიერა, ისევე როგორც ზოგი შემდგომი განცხადება (აგერ, ბატონო, პოსტიც)!  ერთი სიტყვით, მე ეს გოგო ყოველთვის იაფფასიან პოპულისტად მიმაჩნდა.

ასეთი ხანგრძლივი ანტიპათიის მიუხედავად, ვინმეს რომ თეას პირისპირ დავესვი, მის მიმართ აგრესიას არ გამოვიჩენდი!

რაც შეეხება ნანკა კალატოზიშვილს, პრინციპში, არაფერს ვერჩოდი, გარდა იმისა, რომ მაინცდამაინც ნიჭიერ მსახიობად არ ვთვილიდი.

გადავიდეთ გადაცემაზე! მეგობრებო, “იმედმა” ყველა ჩვენგანის ჯავრი იყარა! გამაოგნა აგრესიის იმ ტალღამ ნანკამ თუთბერიძეს რომ დაატეხა თავს! ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ პირადი ბოღმა ჰქონდა დაგროვილი და ბოლოსდაბოლოს ამოაფრქვია. გასაგებია, რომ გადაცემაზე ერთი პირი არ მუშაობს და, სავარაუდოდ, ვიღაცა დაუწერდა ტექსტს ნანკას, მაგრამ იმ მიმიკის, გამოხედვის, რომლითაც პატივცემული წამყვანი სტუმარს განგმირავდა ხოლმე, წინასწარ მომზადება შეუძლებელია! მტრული დამოკიდებულება გულწრფელი იყო!

ჰოი, საოცრებავ! გარკვეულწილად ასევე სკანდალური ნანკა კალატოზიშვილი გადაცემაში რელიგიის და პატრიარქის შეუპოვარ დამცველად მოგვევლინა! მას თურმე არ შეუძლია ამ თემაზე მშვიდად საუბარი და სულ რამდენიმე წუთში ახადა ფარდა თუთბერიძის მზაკვრულ ჩანაფიქრს! სამოთხეში ადგილს იმზადებ? არაფერი გამოგივა!– მიახალა მან “კმარელ” ჟანა დ’არკს.  კი მაგრამ, ვინ მისცა ნანკა კალატოზიშვილს სამოთხის გასაღები, რომ გადაწყვიტოს იქ ვინ შევა და ვინ არა?! ცუდი შედარებაა, ალბათ, მაგრამ დუმბაძის “მზიანი ღამე” გამახსენა, მოკლე კაბიანებს და ვიწრო შარვლიანებს კომუნიზმში არ შევუშვებთო! პრინციპში, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ფსევდო–მორწმუნე ადამიანები სხვის ბედს ისე განაგებენ, თითქოს თავად იყვნენ ღმერთები! მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ხალხი აყენებს ჩრდილს ეკლესიასაც და პატრიარქსაც, ამახინჯებენ რა მართლმადიდებლობის ყველა ფუძემდებლურ პრინციპებს! მათი ქრისტიანობის დასაცავდ შემართული ბრძოლის დამსახურებაა ეკლესიის მიმართ ის უნდობლობა, რომელიც ბოლო პერიოდში ფეხს იკიდებს საზოგადოებაში!

პატივცემულო ნანკა, ჩემი მხრიდან ზედმეტი პატივმოყვარეობა იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ შენ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ მაინც გაითვალისწინე: არც ერთმა ჩვენგანმა არ იცის, ვის რა ცოდვა მიეტევება და ვის რას მიაგებს უფალი! სწორედ ამიტომ, ყველას საკუთარ სულებზე ზრუნვა გვაბარია და არა სამოთხესა და ჯოჯოხელთში სხვებისათვის ადგილების განაწილება!

კარგი ბატონო, დავუშვათ, რელიგია ისეთი მტკივნეული თემაა კალატოზიშვილისათვის, რომ თავს ვერ იკავებს და სიმშვიდის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, მაგრამ ეს გარეგნობასთან დაკავშირებული გაუთავებელი “იაზვობა” რაღა იყო?! თეას თმების გასუფთავების სიხშირე ჯერ კიდევ “კმარას” პერიოდში იყო ხოლმე აქტუალური ზოგისთვის, ამიტომაც, არ გამკვირვებია გადაცემაშიც რომ დაისვა ეს კითხვა, მაგრამ მოგვინებით, ქალის მომხიბვლელობაზე საუბრისას ნანკას სახეზე აღბეჭდილი გამომეტყველება, შე საცოდავო, ნეტა რას გავხარო, მეტისმეტი იყო!

მოკლედ, გადაცემის შედეგად არც თეა თუთბერიძე “გასხივოსნებულა” ჩემს თვალში და არც საჯაროდ ბოდიშის მოხდას ვაპირებ, დედა, ამ სპეტაკ ადამიანზე რა ცუდი აზრის ვყოფილვარ–მეთქი! მე შთაბეჭდილებებს შოუს გავლენით არ ვიქმნი! არც ნანკა კალატოზიშვილი გახდება ჩემი ზიზღის ობიექტი, მისი “გმირობანი” იმაზე მალე დამავიწყდება, ვიდრე უმაღლესი მათემატიკის ლექციების თემატიკა უნივერსიტეტშ, მაგრამ ახლა, დღეს, ჩემი აზრი უნდა დამეფიქსირებინა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ბევრი გამოჩნდება ისეთი ვინც იტყვის: “ყოჩაღ ნანკას, ეს საზიზღარი, ქართული ტრადიციების, ჩვენი ღირსების მტერი და სოროსის აგენტი თეა თუთბერიძე მეტის ღირსია!” (დღეს სამსახურში მოვისმინე ასეთი აზრი, მაგალითად).  მოხარული ვარ, რომ იმ ადამიანებისაგან, ვის აზრსაც პატივს ვცემ, მსგავსი რამ არ გამიგია. ხოდა, პატივცემულებო, როგორიც არ უნდა იყოს თეა თუთბერიძე, კარგად დაფიქრდით, ვინ უფრო ამაზრზენი იყო ამ შოუში?!

P.S. ის–ის იყო, პოსტი ამ მინაწერის გარეშე უნდა გამომექვეყნეებინა, რომ მივხვდი, თეას ადგილზე ნანკას ძალიან მადლობელი ვიქნებოდი, ამ გადაცემის შემდეგ მის მიმართ სიმპათიას კიდევ ბევრი ადამიანი გამოხატავს, როგორც ეს პატრიარქის შარჟების გამო ატეხილი აგრესიული კამპანიის დროს მოხდა! ასე რომ, საბოლოოდ, მაინც ვისი საქმე გააკეთა ნანკამ და “იმედმა?!” 🙂

5 კომენტარები »

ინკვიზიცია?

თეა თუთბერიძესა და პატრიარქის შარჟებზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და დაიწერა. მეც, ცოტა დაგვიანებით, ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. მართალია, თავიდან ყურიც არ შემიბერტყავს არც ზემოხსენებული ქალბატონის მიერ ამ ვიდეოების თავის გვერდზე დადების, არც მის წინააღმდეგ ატეხილი აგრესიის და ახლა უკვე მის დასაცავად წამოწყებული ისტერიის გამო, მაგრამ ამ დღეებში ისე შემაწუხეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა, რომ სულ რამდენიმე წინადადებით ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწვიტე.

თუ ვინმეს შემდეგში ეჭვი შეეპარება: ვარ და ყოველთვის ვიყავი მორწმუნე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია უმაღლესი სასულიერი პირის გაშარჟება, დაცინვა და ა.შ, ასევე კრიტიკაც, თუ იგი არაობიექტურია! სწორედ ამიტომ, თავში აზრადაც არ მომსვლია, არც თავიდან და არც ახლა, მენახა ეს ყბადაღებული ვიდეო!

როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერზე მორწმუნე ადამიანს – ნორმალურ მორწმუნე ადამიანს?! ან საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია, ან ეთქვა ღმერთო შეუნდეო და უფრო გულმხურვალედ ელოცა ჩვენი ცოდვების შენდობისათვის, ან ბოლო-ბოლო დაეფიქსირებინა თავისი აღშფოთება, მიეთითებინა მსგავსი შინაარსის მასალის მიუღებლობაზე, ოღონდ კორექტულად, მშვიდი ტონით!

რა მოხდა სინამდვილეში?  სარწმუნოების ჭეშმარიტმა დამცველებმა ატეხეს გინების კორიანტელი, ისმოდა და ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარა თეა თუთბერიძის მიმართ და ა.შ! შეიძლება ეს ნორმალური იყოს? რომელ სარწმუნოებას იცავთ ასეთი საქციელით?! ქრისტიანობას? მართლმადიდებლობას? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ეს ხალხი სხვადასხვა ღმერთზე ვლოცულობთ!

მოდით, გვერდზე გადავდოთ დემოკრატია, გამოხატვის თავისფულება და მსგავსი ფუნდამენტური უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ სარწმუნოების თვალით შევხედოთ! ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყოველთვის სწორედაც რომ სიყვარულის და მიტევების რელიგია იყო, საწმუნოება, რომელიც გეუბნება შენს მტერსაც კი მიუტევე და გიყვარდესო, რომელიც გასწავლის, როცა გდევნიან დაითმინე, ილოცე შენთვის და შენი მდევნელებისათვისო! ეს რელიგია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ხალხის წინააღმდეგ ომს, რომლებსაც არ სწამთ შენნაირად, ან საერთოდ არ სწამთ, იმათ წინააღმდეგ ომსაც კი არ ითვალისწინებს, ვინც შენს რელიგიას შეურაცყოფს. ერთადერთი გზა მის დასაცავდ არის ლოცვა, გულმხურვალე ლოცვა საკუთარი თავისთვის და მდევნელებისთვის, ხოლო თუ ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიაზე და სასულიერო პირებზე, ჩაქოლვით გავუსწორდებით, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა, ინკვიზიცია იქნება და, მე პირადად, არ ვაპირებ ამის ნაწილი ვიყო!

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს უნდოდა „კმარას“  ეპოქის შემდეგ კიდევ ერთხელ ყოფილიყო უსამართლოთ დაჩაგრული ჟანა დ’არკი ქართულ საზოგადოებაში! გამორიცხულია, არ სცოდნოდა რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი ვიდეოების გავრცლება! ამ „სარწმუნოების დამცველების“ ქმედებების შედეგად მან მიიღო რაც უნდოდა! საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა იგი უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნია და სიმპათით განიმსჭვალა, რადგანაც, მათი აზრით, ის საკმარისად გაბედულია, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას რომ რისკავს. ასობით ადამიანი გულზე მჯიღს იბაგუნებს და ქალბატონი თუთბერიძის პირად მცველობას საკუთარ თავზე იღებს! ხოდა, ვისი ინტერესები დაიცვა ამ ხალხმა საბოლოოდ?

მე რაც შემეხება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რომელი მიმართულებით იცურავებს თეა თუთბერიძე და საერთოდ რას მოიმოქმედებს მომავალში საკუთარი სახელის „უკვდასაყოფად“, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც რელიგიის დაცვას აგრესიისა და ბილწსიტყვაობის გზით ცდილობენ! ეს არ შეეფერება იმ სარწმუნოებას, რომლის წარმომადგენლადაც მე თავს მივიჩნევ, ხოლო, თუ რამე არასწორად მესმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მითხარით და ხვალიდან მოვძებნი რელიგიას, რომელიც ჩემს შეხედულებებს დაემთხვევა!

8 კომენტარები »