მწარეს ბლოგი

chez moi

ტელევიზორი კლავს

ესეიგი რა ხდება, მაქვს გრიპი, მაღალი სიცხე, ლიჟუ სებე, ნიკავო ნი ტროგაიუ, ფაქტიურად მთელი დღე მძინავს! ვიღვიძებ საღამოს და რატომღაც ვრთავ ტელევიზორს (სიცხემ იცის უცნაური აზრები), თან რატომღაც ტელეიმედს! ვრთავ და რას ვხედავ – რუსების ტანკები მოდიან თბილისისკენ, ქრონიკის წამყვანი ლაშა ხარაზიშვილი აცხადებს, რომ დილით მოხდა კოკითზე თავდასხმა, მედვედევმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო, რომ, შესაძლოა, სააკაშვილი დაიღუპა და ჩამოყალიბდა სახალხო მთავრობა ბურჯანაძე–ნოღაიდელით სათავეში! შიში, უიმედობა, ბრაზი, ტკივილი, სიძულვილი და უმწეობის ყოვლისმომცველი გრძნობა ერთმანეთში ამერია! აგვისტოს დღეები თავიდან გავიარე! ამ დროს კი, გამოკეკლუცდა წამყვანი, მეუბნება, რომ რაც ვნახე, იმიტირებული იყო, სიმართლეს არ შეეფერებოდა და არხეინად აწვდის მიკროფონს ვიღაცას სტუდიაში!

… ??? !!!

პირველი ორიოდე წამი არ მჯეროდა, რომ ეს დადგმა იყო! ვერაფრით მივხვდი, ვის უნდა ეხუმრა ასე სასტიკად! მერე შვების ცრემლები წამსკდა და ბოლოს სიბრაზემ მომიცვა!

თუ ვინმე ხართ ისეთი, ვინც ვერ მიხვდით, რაზე ვლაპარაკობ, გაცნობებთ, რომ დღეს საღამომ ტელეიმედმა გაუშვა იმიტირებული სპეცრეპორტაჟი, მოვლენების შესაძლო განვითარების შესახებ! ამ რეპორტაჟის მიხედვით, საქართველო რუსეთის კოლონიის სტატუსით “ამთავრებს არსებობას”. იმიტირებულ რეპორტაჟს არსად ეტყობოდა, რომ ის იმიტირებული იყო, და სადღაც ნახევარი საათი გრძელდებოდა! გადაცემის დასრულების შემდეგ, არხეინად დაიწყო კომედიური ტელესერიალი  “შუა ქალაქში”!

ახლა, ამ წუთებში ხალხი აქციას მართავს ზემოაღნიშნულ ტელეკომპანიასთან! ეს თავისთავად კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა ადვილია ხალხის პროვოცირება, მათ გულწრფელ ემოციებზე თამაშით. გრიპი რომ არ მქონდეს,მეც წავიდოდი! აი, ცხოვრებაში არცერთ აქცია–მიტინგზე არ ვმდგარვარ, მაგრამ ახლა წავიდოდი! რაც “იმედმა” გააკეთა, არაპროფესიონალიზმის, არაეთიკურობის და უვიცობის პიკი იყო! გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს სიუჟეტი ჩვენს გამოფხიზლებას ისახავდა მიზნად.  კარგით, რა! გამოფხიზლების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს იმ ფორმით გაკეთდეს, რომ არც კანონმდებლობა დაირღვეს, არც ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი და არც ხალხს გამოვაცდევინოთ ამხელა სტრესი?!! აბსოლუტურად ვეთანხმები ქაბატონ მანანა მანჯგალაძეს, რომელმაც გადაცემის მეორე ნაწილში პრეზიდენტის სახელით უკმაყოფილება გამოთქვა გადაცემის მისამართით და აღნიშნა, რომ რეპორტაჟის მსვლელობისას მითითებული უნდა ყოფილიყო იმიტაციის თაობაზე! გარდა ამისა, შინაარსის გარკვეული ნაწილი შეურაცხმყოფელიც კი იყო იმ ხალხისთვის, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყანას აგვისტოში!

ბოლო თვეების მანძილზე ტელევიზორს პრაქტიკულად აღარ ვუყურებ და ჯობდა არც დღეს მომსვლოდა ასეთი რამ აზრად! თუ ვინმე გონივრულ მიზეზს დამისახელებს ამ რეპორტაჟის ასეთი სახით გაშვებისათვის, მადლობელი ვიქნები!

7 კომენტარები »