მწარეს ბლოგი

chez moi

მე ვარ მორწმუნე!

თურმე, რამდენი რამე შეცვლილა ვორდპრესზე, მას შემდეგ რაც აქ ბოლოს შემოვიხედე! მიტოვებული სახლივითაა ჩემი ბლოგი, მოუვლელი და დროში გაყინული, თუმცა, ეს ის არაა, რაზეც მინდოდა დამეწერა! სუულ რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოვედი და ალბათ, მეტად აღარც შეგაწყენთ თავს!

მოკლედ, გადავედით საქმეზე! ზოგადად, მაშინაც კი, როდესაც აქტიურად ვპოსტავდი, თითქმის არ ვეხებოდი რელიგიის თემას! გულწრფელად რომ ითქვას, უბრალოდ თავის ტკივილს ვერიდებოდი და კიდევ, რატომღაც, არ მინდოდა, ვინმეს ჩამორჩენილი ადამიანი ვგონებოდი (კი, მრცხვენია ამ შიშისათვის!), ეკლესიურობა ხომ დღეს პროგრესულად მოაზრონვე ახალგაზრდობაში მოდური არ არის! მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ არ მადარდებდეს სად და რომელ კატეგორიაში მიმიჩენენ ადგილს სხვები!

იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ფეისბუქზე კი, მით უმეტეს, სრულიად ჭრელი საზოგადოება მყავს მეგობრებში, ბევრნაირი განსხვავებული აზრის მოსმენა/წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც თავს დიდ ლიბერალობაზე, განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და „პრადვინუტობაზე“ დებენ, ჩვევაში კი გადაუვიდათ ცინიკური, ქედმაღლური და ზოგჯერ, აგრესიული მოსაზრებების გამოთქმა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე! არა, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობაა „გიომობა“, თორემ, არსად მინახავს, რომელიმე მათგანს, მაგალითად იაღოველებზე გასცინებოდათ, რომლებიც გაფრენის იმედად მთებიდან ხტებიან ხოლმე! ეს, ისე, სიტყვის მასალად, თორემ, მე სულაც არ დავცინი ვინმეს შეხედულებებს! ბევრისთვის ქრისტიანობა გონებრივი ჩამორჩენილობის სინონიმად იქცა! 

მილიონობით ასეთი ცინიკურ-გამკილავი-კრიტიკული პოსტი შემხვედრია და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი „ეს ჩემი პრობლემა არაა“ სახით, მაგრამ დღეს სურვილი მაქვს, ჩემი განწყობა დავაფიქსირო და ყველა იმ გვერდავლილი პოსტის პასუხად ვწერ შემდეგს:

  1. მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგი ადამიანი ქრისტიანობის სახელით ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რაც აღნიშნული რელიგიისათვის საერთოდ მიუღებელია, ზოგადად, მორწმუნეობა გონებაჩლუნგობას არ ნიშნავს;
  2. თუ სხვას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და საკუთარი ცხოვრების წესი საჯაროდ განიხილოს, მეც მაქვს უფლება მსგავსი საქციელი ჩემს რწმენასთან შეუთავსებლად მივიჩნიო და ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადო (ამ გახსენებაზე, ვიღაც წერდა ადრე ბლოგზე, ლოგინს შუა ქუჩაში დაგიდგამენ და მერე მოითხოვენ ჩვენს თეთრეულში ნუ იქექებითო! გონებამახვილური შენიშვნაა!);

ასევე, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მთელი გულით მინდა, ძალიან ხმამაღლა შემდეგი სიტყვები გითხრათ:

  • მე ვარ მორწმუნე და ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე მეტად თუ არა, ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი არ ვარ და, ეგებ, მთელ რიგ საკითხებზე უფრო პროგრესული და თანამედროვე აზრიც გამაჩნდეს;
  • მე ვარ მორწმუნე და არავინ მიზღუდავს ნების თავისუფლებას, არც ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ სწორედ უფალმა შეგვქმნა თავის-უფალ სუბიექტებად;
  • მე ვარ მორწმუნე და, პტივცემულო ვითომ ლიბერალებო, თქვენზე ბევრად მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გამაჩნია მოყვასის მიმართ, მათი შეხედულებების, ცხოვრების წესისა და თუ სხვა დანარჩენი მახისათებლების მიუხედავად;
  • ერთი სიტყვით, მე ვარ მორწმუნე და არ ვარ „ბნელი!“ ბოლოს კი, მინდა გითხრათ, მე პატივს ვცემ თქვენს ურწმუნოებას, მაგრამ ნება იბოძეთ და თქვენც ეცით პატივი ჩემს რწმენას, იმიტომ რომ, თუ აქამდე არ იცოდით,  თავისუფლება და თანასწორობა სწორედაც რომ ესა!

სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა! ჩემს დროს მეტად აღარ დავხარჯავ, ისე კი, მიხარია, რომ მე რაღაც მართლა ღირებული და ფასეული გამაჩნია!  

11 კომენტარები »

ინკვიზიცია?

თეა თუთბერიძესა და პატრიარქის შარჟებზე უკვე საკმარისზე მეტი ითქვა და დაიწერა. მეც, ცოტა დაგვიანებით, ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწყვიტე. მართალია, თავიდან ყურიც არ შემიბერტყავს არც ზემოხსენებული ქალბატონის მიერ ამ ვიდეოების თავის გვერდზე დადების, არც მის წინააღმდეგ ატეხილი აგრესიის და ახლა უკვე მის დასაცავად წამოწყებული ისტერიის გამო, მაგრამ ამ დღეებში ისე შემაწუხეს ორივე მხარის წარმომადგენლებმა, რომ სულ რამდენიმე წინადადებით ჩემი აზრის დაფიქსირება გადავწვიტე.

თუ ვინმეს შემდეგში ეჭვი შეეპარება: ვარ და ყოველთვის ვიყავი მორწმუნე, შესაბამისად, ჩემთვის მიუღებელია უმაღლესი სასულიერი პირის გაშარჟება, დაცინვა და ა.შ, ასევე კრიტიკაც, თუ იგი არაობიექტურია! სწორედ ამიტომ, თავში აზრადაც არ მომსვლია, არც თავიდან და არც ახლა, მენახა ეს ყბადაღებული ვიდეო!

როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ამ ყველაფერზე მორწმუნე ადამიანს – ნორმალურ მორწმუნე ადამიანს?! ან საერთოდ ყურადღება არ უნდა მიექცია, ან ეთქვა ღმერთო შეუნდეო და უფრო გულმხურვალედ ელოცა ჩვენი ცოდვების შენდობისათვის, ან ბოლო-ბოლო დაეფიქსირებინა თავისი აღშფოთება, მიეთითებინა მსგავსი შინაარსის მასალის მიუღებლობაზე, ოღონდ კორექტულად, მშვიდი ტონით!

რა მოხდა სინამდვილეში?  სარწმუნოების ჭეშმარიტმა დამცველებმა ატეხეს გინების კორიანტელი, ისმოდა და ისმის სხვადასხვა შინაარსის მუქარა თეა თუთბერიძის მიმართ და ა.შ! შეიძლება ეს ნორმალური იყოს? რომელ სარწმუნოებას იცავთ ასეთი საქციელით?! ქრისტიანობას? მართლმადიდებლობას? ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მე და ეს ხალხი სხვადასხვა ღმერთზე ვლოცულობთ!

მოდით, გვერდზე გადავდოთ დემოკრატია, გამოხატვის თავისფულება და მსგავსი ფუნდამენტური უფლებები და ამ ყველაფერს მხოლოდ სარწმუნოების თვალით შევხედოთ! ჩემთვის მართლმადიდებლური ქრისტიანობა ყოველთვის სწორედაც რომ სიყვარულის და მიტევების რელიგია იყო, საწმუნოება, რომელიც გეუბნება შენს მტერსაც კი მიუტევე და გიყვარდესო, რომელიც გასწავლის, როცა გდევნიან დაითმინე, ილოცე შენთვის და შენი მდევნელებისათვისო! ეს რელიგია არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ხალხის წინააღმდეგ ომს, რომლებსაც არ სწამთ შენნაირად, ან საერთოდ არ სწამთ, იმათ წინააღმდეგ ომსაც კი არ ითვალისწინებს, ვინც შენს რელიგიას შეურაცყოფს. ერთადერთი გზა მის დასაცავდ არის ლოცვა, გულმხურვალე ლოცვა საკუთარი თავისთვის და მდევნელებისთვის, ხოლო თუ ყველას, ვისაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრება აქვს რელიგიაზე და სასულიერო პირებზე, ჩაქოლვით გავუსწორდებით, ეს უკვე მართლმადიდებლობა კი არა, ინკვიზიცია იქნება და, მე პირადად, არ ვაპირებ ამის ნაწილი ვიყო!

ჩემი აზრით, თეა თუთბერიძეს უნდოდა „კმარას“  ეპოქის შემდეგ კიდევ ერთხელ ყოფილიყო უსამართლოთ დაჩაგრული ჟანა დ’არკი ქართულ საზოგადოებაში! გამორიცხულია, არ სცოდნოდა რა რეაქციას გამოიწვევდა ამგვარი ვიდეოების გავრცლება! ამ „სარწმუნოების დამცველების“ ქმედებების შედეგად მან მიიღო რაც უნდოდა! საზოგადოების გარკვეულ ნაწილმა იგი უსამართლოდ დაჩაგრულად მიიჩნია და სიმპათით განიმსჭვალა, რადგანაც, მათი აზრით, ის საკმარისად გაბედულია, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას რომ რისკავს. ასობით ადამიანი გულზე მჯიღს იბაგუნებს და ქალბატონი თუთბერიძის პირად მცველობას საკუთარ თავზე იღებს! ხოდა, ვისი ინტერესები დაიცვა ამ ხალხმა საბოლოოდ?

მე რაც შემეხება, აბსოლუტურად არ მაღელვებს, რომელი მიმართულებით იცურავებს თეა თუთბერიძე და საერთოდ რას მოიმოქმედებს მომავალში საკუთარი სახელის „უკვდასაყოფად“, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც რელიგიის დაცვას აგრესიისა და ბილწსიტყვაობის გზით ცდილობენ! ეს არ შეეფერება იმ სარწმუნოებას, რომლის წარმომადგენლადაც მე თავს მივიჩნევ, ხოლო, თუ რამე არასწორად მესმის ქრისტიანულ მოძღვრებაში, მითხარით და ხვალიდან მოვძებნი რელიგიას, რომელიც ჩემს შეხედულებებს დაემთხვევა!

8 კომენტარები »