მწარეს ბლოგი

chez moi

True love ანუ ჩემი შესაძლო არჩევანი

სულ სხვა საკითხზე ვაპირებდი დაწერას, მაგრამ ბლოგს რომ თვალი გადავავლე, მივხვდი, უსამართლობაა ამ თემაზე პოსტი, პრაქტიკულად, რომ არ მაქვს. რაც არ უნდა იყოს, პირადი ბლოგია ეს და ჩემი ცხოვრების უდიდეს სიყვარულზე რომ თითქმის არაფერი მიწერია, არ უნდა იყოს მთალდ სწორი! ასე რომ, მეგობრებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი ყველაზე დიდი, ვნებიანი, the truest of true loves – კერძო სამართალი!

დიახ, ესაა სფერო სადაც ვმუშაობ და სანამ საფეთქელთან თითს დაიტრიალებდეთ, დამაცადეთ აგიხსნათ, თუ რა ხიბლი აქვს მას! კერძო სამართალი ესაა სამართლის დარგი, რომელიც აწესრიგებს პირთა ქონებრივ და ასევე პირად არაქონებრივ (სახელის უფლება, მაგალითად) უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს. მინდა გითხართ, რომ ეს უნიკალური სფეროა, ერთადერთი მიზეზის –აბსტრაქტულობის გამო. მაგალითისთვის სისხლის სამართალს რომ შევადაროთ, სამოქალაქო სამართალი ყველგანმავალი ჯიპი იქნება, სისხლის სამართალი კი ტროლეიბუსი, ოღონდ არა იმიტომ, რომ წინა საუკუნისაა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ტროლეიბუსი ვერ გასცდებოდა თავის ხაზს, ისე იურისტი ვერ გასცდება იმას, რაც სისხლის სამართლის კოდექსში უწერია. იქ თუ რამე არ წერია, ე.ი არ არსებობს.

როდესაც ჩემს სფეროში მოსამართლე ხარ, ნორმის ინტერპრეტაციის ძალიან დიდი უნარი უნდა გაგაჩნდეს, იმიტომ, რომ ის საკითხები, რომლებიც ამ ტიპის დავებთან მიმართებით წარმოიშობა, ყოველთვის პირდაპირ მოწესრიგებული არაა კოდექსით, ან თუ არის –არასრულად. სულ თითზე ჩამოსათვლელი საკითხები თუ იქნება სამოქალაქო კოდექსით დეტალურად და ამომწურავად გაწერილი. ეს ნაკლი კი არაა, პირიქით, თვითონ იმ საზოგადოებრივი ურთიერთობების დინამიურობიდან გამომდინარე, რომელსაც ეს დარგი აწესრიგებს, ასეთი ზოგადი მოწესრიგების გარეშე, თვეში ერთხელ ახალი კოდექსის მიღება თუ არა, კაკ მინიმუმ, რამდენიმე მუხლის შეცვლა გახდებოდა საჭირო.

შესაბამისად, აქ მარტო საჭირო მუხლის მოძებნით ვერ შემოიფარგლები, კარგ იურისტთან ერთად, ზოგადად, ტვინგახსნილი უნდა იყო და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაც გაგაჩნდეს, იმიტომ, რომ მრავალი ფაქტორის გათვალისწინება გიწევს: კანონიერების, მხარეთა ინტერესების, საზოგადოების მოთხოვნილების, მართლწესრიგის, სამართლიანობის. ამ პროცესების ფარული, მაგრამ ძალიან აქტიური მონაწილე ვარ მე – ის დეკორატორი, გრიმიორი, კოსტიუმების მკერავი, გამნათებელი, რეჟისორის თანაშემწე, ყველა ერთად, ვარ, რომელსაც მაყურებელი ვერასოდეს ხედავს და მინდა გითხართ, რომ  არ არსებობს იმაზე დიდი სიამოვნება, როდესაც საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შემოწმების, კანონის მისადაგების, მისი განმარტების, სტრიქონებს შორის წაკითხვის შედეგად დავას სწორად გადაჭრი! ესაა ჩემი ადრენალინიც, აზარტი და კაიფიც!

კერძო სამართალში მოსამართლე თვითონაცაა კანონშემოქმედი, იმიტომ, რომ ზოგჯერ შეიძლება ნორმას ის დატვრითვა მისცეს, რაც კანონმდებელს მასში არ ჩაუდია და კიდევ, სასამართლო პრაქტიკას ყველა მახინჯი მუხლის გასწორება შეუძლია კანონის შეცვლის გარეშე. მთავარი ნებაა! ვთვლი, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ მას შემდეგ, რაც პრაქტიკული საქმიანობა დავიწყე, მუდამ იმ ხალთან ვმუშაობდი, ვისგანაც ძალიან ბევრს ვსწავლობდი! ღმერთმა განსაკუთრებით მოწყალე თვალით შემომხედა და ბოლო ორი წელი იმ ადამიანის თანაშემწე ვიყავი, რომელიც ყველა ზემოთჩამოთვლილ მოთხოვნას აკმაყოფილებდა, რომელსაც არასოდეს შეშინების ნორმის თამამად განმარტება სწორი შედეგის დასაყენებლად! ის ნებაც გააჩნდა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრე! ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ, მინდა თუ არა მოსამართლეობა და საბოლოოდ, თუ ამ კითხვას დადებით პასუხს გავცემ, სწორედ ამ ადამიანის დამსახურება იქნება! არა მარტო იმიტომ, რომ როგორც იურისტი ძალიან გამზარდა მასთან მუშაობამ, არამედ პირველ რიგში იმიტომ, რომ ნათლად დამანახა, რას ნიშნავს იყო ნამდვილი მოსამართლე! დამიჯერეთ, მის ძალას ახლა კიდევ უფრო ვგრძნობ, ამ სისტემაში რომ აღარ არის!

დაახლოებით სამი წელი მჭირდება მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლება რომ მქონდეს. თუ ამ დროის გასვლის შემდეგ ასეთ გაადწყვეტილებას მივიღებ, ძალიან კარგად ვიცი, ვისაც უნდა მივბაძო! ალბათ, იდეალისტი ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, არ არსებობს იმაზე დიდი ჯილდო ან მადლობა, როგორც სამართლიანობააღდგენილი მხარის თვალები და იმის შეგრძნება, რომ რაღაც მართლა ღირებული გააკეთე!

10 კომენტარები »

გესთ პოსტი და სხვა დანარჩენი

პირველ რიგში რა უნდა გითხრათ! ბოლოს და ბოლოს მოვაბი თავი და ლილუს გესთ–პოსტი დავუწერე! ლილუ, მაპატიე ამდენი ხანი რომ გალოდინე, უბრალოდ მინდოდა რაღაც განსაკუთრებული დამეწერა (ან კაკ მინიმუმ აზრიანი :))! ხოდა, განსაკუთრებულ პოსტებს განსაკუთრებული მუზა უნდა, ხომ იცით! ერთი სიტყვით, დაუყოვნებლივ გაეშურეთ ამ არაჩვეულებრივ ბლოგზე და დატკბით!

ვინაიდან და რადგანაც განსაკუთრებული პოსტებისთვის მუზა დღეში ორჯერ არ მომდის ხოლმე, უბრალოდ მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს! არც არაფერი ისეთი, პრინციპში. როგორც წინის წინა პოსტში გავიძახოდი, რაღაც მართლაც შეიცვალა და ჩემი იდეალური უფროსი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. ვარ ახლა ასე უუფროსოდ, უპატრონოდ და უსაქმოდ! ისე კი, ეგ იქით იყოს და არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ დამშვიდობებისას ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი ჩვენს ოფისში ტენიანობის მომატების აშკარა საფრთხეს ქმნიდა! რა გითხრათ, აბა?! ყველა ვინც გაიგებს, რომ უფროსი წამივიდა და განვიცდი, მამშვიდებს, შენ არავინ გამოგიშვებსო, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მინერვიულია ამის გამო! თავისთავად ამ ადამიანის წასვალს განვიცდი ასე და მარტო იმიტომ არა, რომ ფანტასტიური უფროსი იყო! აი, ხომ იბადებიან ხოლმე მსახიობებად, მხატვრებად, მომღერლებად?! ხოდა, ეს კაცი მოსამართლედ დაიბადა და მისი სასამართლო სისტემიდან წასვლა შეუვსებელი დანაკლისია! არა მგონია საზოგადოებისათვის  გასაგები იყოს, რას ვგულისმობ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეები მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ სარგებლობენ დღეს, მაგრამ მე ხომ ვიცი?! დიახ მე, მისმა თანაშემწემ და კიდევ გარკვეულმა ხალხმა ვიცით რას აკეთებდა ეს ადამიანი და მისი წასვლა უბრალოდ გამოუსწორებელი შეცდომაა! თუ ოდესმე მოსამართლეობაზე ვიფიქრებ, რაც ამ წუთას ძალიან მეეჭვება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც ვგავდე! ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებ, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა, მაგრამ რატომღაც არ მჯერა!

ხო,  ამის გარდა, კიდევ ერთხელ გამაცოფეს ექიმებმა! აღარ ვიცი უკვე რა უნდა მოვიმოქმედო, სერიოზული არაფერი მჭირს, მკურნალობა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, განთქმულ სეპციალისტებთანაც დავდივარ და ამის მიუხედავად, ამდენთვიანი მკურნალობის შემდეგ, ჩემი ანალიზები იმაზე უარეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე! What the hell?! არ მახოსვს, მედიცინის ღმერთს რა ერქვა სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში, მაგრამ ფაქტია, რაღაც სერიოზულად ვაწყენინე!

დღეს რამდენჯერმე დავფიქრდი მთელი ჩემი მკურნალობის პროცესზე, ყველა იმ სპეციალისტზე, რომელიც გარანტიას მაძლევდა, უფ, სულ მალე გიშველიო, ყველა იმედგაცრუებაზე და იცით, რა მიხარია? არც ერთხელ თავში არ გამივლია “ამდენი ფული რაში დავხარჯე?!” ფულები არც მუთაქებში მიწყვია და არც მედიცინა უჯდება ვინმეს იაფი, თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ ყველა იმ ფაქტიურად უნიტაზში ჩარეცხილ თანხებზე ერთ წვეთ სინანულსაც არ ვგრძნობ! მე ეს მომწონს და თქვენი არ ვიცი!

6 კომენტარები »

პროფესიული ეთიკის ზოგიერთ მომენტზე

ორი დღეა თავში ჩემი პროფესიის გარკვეული ასპექტები მიტრიალებს, კერძოდ, ის სირთულეები, მორალური კუთხით, რომელიც იურისტობას უკავშირდება, უფრო კონკრეტულად კი საადვოკატო საქმიანობას. თემა საკმაოდ ვრცელია და პრობლემაც ბევრია. თუმცა ამ შემთხვევაში, მხოლოდ ერთ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ვერ ვიტყვი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ თემაზე დავფიქრდი, თუმცა გუშინ მე და ერთი ჩემი კოლეგა ვმსჯელობდით. ის მიმტკიცებდა, რომ თუ პროფესიონალი ხარ, კარგი ადვოკატი, ემოციური მხარეები გვერდზე უნდა გადადო და დაიცვა ნებისმიერის ინტერესი, რადგანაც დაცვის უფლება ყველასთვისაა კანონით გათვალისწინებული. კი, კანონის გადასახედიდან მართლაც ასეა! კონვენციები, დეკლარაციები, კონსტიტუცია და საპროცესო კანონმდებლობა ყველასთავის თანაბრად ადგენს დამცველის ყოლის უფლებას/შესაძლებლობას, მაგრამ სუფთა ადამიანური პოზიციიდან, როგორაა ეს? ადამიანური სიმპათია-ანტიპათიის გვერდზე გადადება ძნელია. მართალია, არ ვარ ამ ეტაპზე ადვოკატი და არც სისხლის სამართლის სფეროში მოღვაწეობას ვგეგმავ ჯერ-ჯერობით, მაგრამ შესაბამისი ლიცენზია გამაჩნია და ამგვარი შესაძლებლობა გამორიცხული არაა. ხოდა, საინტერესოა, შევძლებდი ნებისმიერი ეჭვმიტანილის/ბრალდებულის/განსასჯელის დაცვას, ვინც მომმართავდა, დანაშაულის მიუხედავად?! პასუხი ცალსახაა – ვერა!!! ასეთი შემთხვევა „ადვოკატთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებულია, ასევე საპროცესო კოდექსებითაც. მარტივი ენით რომ ვთქვათ, თუ ადვოკატს თავისი პირადი პოზიციიდან გამომდინარე, არ შეუძლია დაიცვას პირის ინტერესები, მას უფლება აქვს უარი განაცხადოს დაცვაზე, თუმცა არ ვიცი, პრაქტიკაში რამდენად ხშირად ხდება ასე! ისეთი შეგრძნება მაქვს, ადვოკატები ნებისმიერ საქმე ჰკიდებენ ხელს და ნებისმიერი ფორმით, მათ შორის არაპროფესიულითაც, ცდილობენ დაცვის ქვეშ მყოფი პირების ციხიდან გამოთრევას, ამას, რასაკვირველია ახლავს დიდი ოდენობით ნაგვის სროლა სასამართალდამცავი ორგანოების მისამართით. დღესდღეისობით ამგვარი ადვოკატები ბევრად უფრო „მოდურ“ მდგომარეობაში არიან, ვიდრე სასამართლო! საზოგადოებას მათი უფრო სჯერა! მე არ ვამბობ, კრიტიკის საფუძველი არ არსებობს-მეთქი, თუმცა ეს სხვა თემაა. დავუბრუნდეთ ისევ მორალურ ასპექტებს.

მაშ ასე, მე რომ ვიყო ადვოკატი, ვერასოდეს დავიცავდი (თუ უდანაშაულობაში სრულად არ ვიქნებოდი დარწმუნებული):

  • სახელმწიფო ღალატის ჩამდენ პირებს (საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვეა, ჯაშუშობა, უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა და ა.შ.). ალალია ამათზე კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგება! პრინციპში, ეს პუნქტი გამონაკლისს ექვემდებარება;
  • სქესობრივ დანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირებს, განსაკუთრებით თუ მსხვერპლი არასრულწლოვანია (ამგვარ საქმეებზე მსჯავრდებულის დამცველებს, ხშირად, დიდი რისხვა ატყდება საზოგადოების, დაზარალებულის ახლობლების მხრიდან, თუმცა ამის არ მეშინია! უბრალოდ, იმდენად მეზიზღება ეს კატეგორია, დაუფიქრებლად გავიმეტებდი ყველაზე მკაცრი სასჯელისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამგვარ საქმეებს ახლოსაც არ უნდა გავეკარო);
  • ტერორისტებს. არც ერთი მიზანი არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანების სიკვდილს! ისე კი, გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ თუ ასარჩევად მექნებოდა საქმე, ტერორიტს უფრო დავიცავდი, ვიდრე წინა კატეგორიას!

აქ სხვა შემთხვევაც უნდა განვიხილო! როგორ უნდა მოვიქცე იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებული ვიქნები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული (სხვა დანაშაული და არა რომელიმე ზემოთჩამოთვლითაგან)? უნდა ვურჩიო, რომ არ აღიაროს და მისი სრული გამართლებისათვის ვიბრძოლო? აი, ეს ბევრად რთული კითხვაა!  ზოგი ქვეყნის ადვოკატთა ეთიკის კოდექსი ადგენს, რომ დამცველმა კლიენტს დანაშაულის აღიარება არ უნდა დააძალოს. აშშ-ს ზოგიერთი შტატის კოდექსი უფრო შორს მიდის და პირდაპირ უარყოფით პასუხს სცემს ჩემს მიერ ზემოთდასმულ კითხვას. თუმცა პრაქტიკაში რამდენად მოქმედებს ეს, საეჭვოა! რაც შეგვეხება ჩვენ, ზევითაც უკვე ავღნიშნე, რომ პირის ინტერესების დაცვა ყველა დაშვებული თუ დაუშვებელი ფორმით ხდება! მე როგორ მოვიქცეოდი? ერთი რამ ზუსტად ვიცი, არასოდეს დავიცავდი ვინმეს ბინძური მეთოდებით! რაც შეეხება სასამართლოს წინაშე პირის გამართლების მოთხოვნას, ცალსახად პასუხის გაცემა მიჭირს. თავად საქმიდან გამომდინარე, ეს შესაძლებლად მიმაჩნია!

ბოლოს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვაკრიტიკებ იმ ადვოკატებს, რომლებიც ყველა საქმეს ჰკიდებენ ხელს და არც იმაზე ნერვიულობენ, მოითხოვონ თუ არა პირის სრულად გამართლება! კანონის მიხედვით, მათი პოზიცია მართებულია! ადვოკატის ფუნქცია ზუსტად ესაა და ყველამ თუ ცხვირი იბზუა საქმეებზე, ამ ინსტიტუტის არსებობას აზრი დაეკარგებოდა! არავის პრაქტიკას არ ვაკრიტიკებ! ყველაფერი ზემოთმოცემული, ჩემი სუფთა ადამინური პოზიციაა. შესაძლოა, ზედმეტად იდეალისტური და ზოგის გადმოსახედიდან, ბავშვურიც! ამგვარი აზრებიდან გამომდინარე, კარგია, ადვოკატი რომ არ ვარ და კიდევ უკეთესი, სისხლის სამართალი რომ არ მიზიდავს! ამ სფერში წარმატებული ვერასოდეს ვიქნებოდი!

ბოლოს, რამდენიმე სახალისო ფოტო ამ თემაზე:

Read the rest of this entry »

8 კომენტარები »

დიზაინი და მხარეები

ესეც ასე, გადავწყვიტე გავმწვანდე. ბევრი ვიფიქრე დიზაინის შერჩევისას, ბევრი ვებ-გვერდიც მოვინახულე, მაგრამ მერე ისევ მშობლიური ვორდპრესის თემპლეითებიდან ამოვარჩიე. ჯერ ერთი, სხვა გვერდებზე რაც ვნახე, ვორდპრესზე მორგებული თემებიდან დიდად არც ერთი მომეწონა და რაც მთვარია, იმათი დაყენების პროცედურა დროსა და ნერვებს მოითხოვდა, რომლებიც მე ფრიად შეზღუდული ოდენობით გამაჩნია 🙂

გარდა ახალი დიზაინისა, როგორც ჩემი პატიცემული კოლეგა იტყოდა, გაუწყებთ, რომ ჩემი მკურნალობა სასიკეთო მიმართულებით მიდის. სულ რამდენიმე დღეა, რაც წამლებს ვიღებ და უკვე აშკარად ვგრძნობ ენერგიის მატებას, დანარჩენი კი, უფრო ხანდგრძლივი პროცესია. წამლების გარდა, ექიმმა დიეტაც დამინიშნა, რომელიც არცთუ რთული დასაცავია და სრულებითაც არ ითვალისწინებს შიმშილობას. დიეტა მთლიანადაა მორგებული ჩემი ორგანიზმის თავისებურებებსა და რეჟიმზე. საბოლოოდ აუცილებლად დავდებ დო ი პოსლე სურათებს.

სამსახურიდან სახლში რომ მივდივარ, დედაჩემს ყოველთვის უკვირს, რატომ ხარ გამოწურული ლიმონივითო. ამის მიზეზების გამოსარკვევად (ნუ, ცხადია, ერთ-ერთი ფაქტორი, ცნობილი ჯანმრთელობის პრობელმაა), სამუშაო პროცესს არ აღვწერ, მაგრა მოგიყვებით ადამიანებზე, რომლებთანაც ყოველდღიურად მაქვს  შეხება.

ესეიგი, გარდა სტრანნი და შიგადაშიგ ნორმალური ქართველი და უცხოელი კოლეგებისა, სამუშაო დღის მანძილზე, შეხება მაქვს მხარეებთან, ანუ პროცესში მონაწილე პირებთან და მათ წარმომადგემლებთან. თუ გავითვალისწინებთ უზენაესი სასამართლოს სპეციფიკას, რაც საქმეების უმეტესობის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაში გამოიხატება, მოსამართლის თანაშემწე ერთადერთი პირია, ვისთანაც მათ ურთიერთობა უწევთ და ვისი მეშვეობითაც გებულობენ რა ხდება მათი საქმის ირგვლივ. ეს მხარეები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

  • მშვიდი მხარეები – ესაა პირები, რომლებიც მშვიდად, თავაზიანად კითხულობენ ამბავს და ინფორმაციის მიღების შემდეგ, ასევე თავაზიანად მემშვიდობებიან. მათ უმეტესობას მშვენივრად ესმის რას ითვალისწინებს კანონი (ვგულისხმობ საპროცესო კანონს, რომელიც საქმის განხილვსი პროცედურას ადგენს) ან თუ არ იციან, როცა აუხსნი, იგებენ და იჯერებენ. ასეთები ხშირად არ გვხვდება.
  • ეჭვიანი მხარეები – ამ კატეგორიას ეჭვი შეაქვს აბსოლუტურად ყველა სიტყვაში და ყველგან ჩაწყობა ელანდებათ. იმის ახსნას, რომ რაც ხდება, კანონითაა გათვალისწინებული, აზრი არ აქვს, მაინც არ გიჯერებენ (ჰო, კომენტარებში ნუ დამიწერთ, რა გასაკვირიაო, დღეს ხომ სასამართლო არ არსებობსო და ეგეთებს. ამ საკითხზე ცალკე პოსტს დავწერ აუცილებლად. ეჭვების გასაფანტად კი აღვნიშნავ, რომ მე სამოქალაქო პალატაში ვარ, სამოქალაქო დავებზე კი სახელმწიფოს არანაირი დაინტერესება არ აქვს). Read the rest of this entry »
14 კომენტარები »