მწარეს ბლოგი

chez moi

ოცნება თუ სურვილი?

პიკასოს დაწყებულმა ახალმა ტეგ-თამაშმა კიკიტოს მეშვეობით ჩემამდეც მოაღწია, რაც იმიას ნიშნავს, რომ   ოცნებების შესახებ უნდა გიამბოთ, თანაც ილუსტრირებულად.

ჰმ, ოცნება! ყოველთვის მდიდარი წარმოსახვა მქონდა! ძალიან, ძალიან ხშირად მითქვამს ან მიფიქრია „გმადლობ, ღმერთო, რომ არ მაძლევ ყველაფერს, რასაც ვნატრობ!“ მეტისმეტად მავნე სურათებს მიხატავს ხოლმე, ზოგჯერ, ჩემი ფანტაზია!

საკმაოდ მეოცნებე ბავშვი ვიყავი, რამდენადაც მახსოვს! ყველაფერი იყო ჩემს ოცნებებში, ზღაპრული უფლისწულებიც, სასახლეებიც, ცნობილი ადამიანები, წიგნის გმირები და მეც, სხვადასხვა სახით თუ სტატუსით. საერთოდ, ოცნება ჩემთვის ყოველთვის რაღაც არარეალურთან ასოცირდებოდა, რაღაც ისეთთან, რისი მიღწევაც პრაქტიკულად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, არასოდეს მოიცნებია (ჩემი გაგებით) რაღაც ნივთებზე, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ნივთი მიღებადია. ამ ეტაპზე კი, შეიძლება ითქვას, ოცნებები აღარ მაქვს. ყველაფერი, რასაც ქვევით ჩამოვწერ, ჩემეული განსაზღვრებიდან, სურვილებია, რადგანაც, არც ერთი მათგანი არაა წარმოუდგენელი და აუხდენელი. ერთადერთი ოცნება, მართლა ოცნება, რომელიც ამჟამად მაქვს, მშვიდობიან საქართველოში ცხოვრებაა, ყოველგვარი შიდა და გარე საფრთხეების გარეშე! თუმცა, ამ საკითხს აღარ შევეხები, პირად ოცნება-სურვილებზე გადავალ.

მაშ ასე, ჩემი პირველი სურვილი:

76317811.CSY08xgr.IMG_0005Ah_V6.jpg

პაწაწინა სახლი მინდა, წინ ბაღით და ბევრზე ბევრი ყვავილებით. ზუსტად ასეთი არა, მაგრამ, ესეც გამოდგება!

ჩემი შემდეგი სურვილი:

302984_D013_00164_S_CROP

გეცნობათ, არა? ძაღლის ყოლა მინდა, განსაკუთრებით კი სენბერნარის! ამ ეტაპზე არც საცხოვრებელი ფართი და არც ცხოვრების წესი ამის საშუალებას არ მაძლევს. პირველი სურვილის ასრულების შემთხვევაში, ესეც განხორციელდება!

დალშე:

world_map_IHO

მოგზაურობა! მინდა, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანას ვესტუმრო და ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცნო!

მეოთხე სურვილი, ჰმ, ამას ფოტოთი ვერ გამოვხატავ! მინდა ჩემი ცხოვრება რაც შეიძლება საინტერესო და სისხლსავსე იყოს, უჩვეულო და მრავალფეროვანი! ჩემზეა დამოკიდებული, ალბათ, არა?!

და ბოლოს, ყველაზე ამბიციური სურვილი! ეს მართლა ჰგავს ოცნებას, იმიტომ რომ ასრულების უმნიშვნელო შანსები არსებობს:

3970_l

ეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოა. დიდი სურვილი მაქვს ოდესმე, მრავალი წლის შემდეგ აქ მოსამართლე ვიყო!

მოკლედ, სულ ესაა! ყველას გისურვებთ თქვენი ოცნება-სურვილების ახდენას, ოღონდ ისეთების, რომლებიც მართლა გინდათ და გჭირდებათ! ჩემის მხრივ კი ვთაგავ:

  1. ჰიუსტონს;
  2. ლილუს;
  3. დალიელას;
  4. ლალენას;
  5. ქართველს.

5 კომენტარები »

სოფელში მინდა!

ჩემო კარგო მეგობარო, ძვირფასო ბლოგო! მომიტევე, რომ ამდენი ხნით მიგატოვე. საქმე ისაა, რომ სამსახურში წინასაშვებულებო ციებ-ცხელების გააქტიურების გამო, საქმეები ისე მომიმრავლდა, აღარაფრისთვის მცალია და სახლში რომ მივდივარ, მკვდარივით მეძინება. სხვის ბლოგებსაც ვეღარ ვკითხულობ ისე აქტიურად. 70 წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს ჩემი რიდერი, თუმცა, ამ დილით, სამუშაო დროს რამდენიმე წუთს მოვპარავ და ერთ პატარა პოსტს დავწერ ჩემს განწყობაზე.

ცოტა ხნის წინ თანამშრომლის მამის დაკრძალვაზე ვიყავით იმერეთის ერთ-ერთ სოფელში. მოგეხსენებათ, დღესდღეისობით, მიტოვებული სახლები სოფლად  მრავლადაა, ხოდა ყველა ასეთი მიტოვებული სახლისა და მოუვლელი ეზოს დანახვაზე ყელში ბურთი მებჯინებოდა. არ ვაპირებ პოსტის წერას იმ პრობლემაზე, რომ ყველა ქალაქში გამორბის და სოფლები ცარილედება და ა.შ; უბრალოდ, ამ  ბოლო დროს, ორი გრძნობის აქტიური შემოტევა მაქვს: 1. არანორმალურად მეცოდებიან მოხუცები. აი, სადაც დავინახავ, მოხუც ბებოს ან ბაბუს, თავისთვის პურზე რომ მიბაჩუნობს ან, რა ვიცი, უბრალოდ ეზოში ზის და ჯოხზე დაყრდნობილი რაღაცაზე ფიქრობს, ცრემლები მაწვება და 2. ასევე არანორმალური სურვილი მაქვს მიწასთან ურთიერთობის. უფრო სწორად, იმის თქმა მსურდა, რომ სოფელში მინდა! ყველას უხვად გვაქვს ნანახი ქართული ფილმები სოფელზე, უბრალო ხალხზე, ან ამ შინაარსის წიგნები მაინც გვაქვს წაკითხული (თუნდაც დუმბაძის შემოქმედება) ხოდა, აი, იქ დახატულ სოფელში მინდა ცხოვრება! ტრადიციული ქართული სახლი მიდა, დასავლეთში როგორც იცოდნენ ძველად, ხის, მაღალ  ბოძებზე და წინ აივნით, დიდი, მოვლილი ეზო, ბევრი ყვავილებით, შინაური ცხოველები თავისთავად, კიდევ თბილი, თბილი და საყვარელი ბებო მინდა, შრომისაგან დაკოჟრილი ხელებით და დანაჭოებული სახით, მიწის და ბალახის სუნი რომ ასდის! გულში რომ ჩამიხუტებს და ახალმოწველილ რძეს დამახვედრებს დილაობით (რძეს ვერ ვიტან, მაგრამ ეგ არაფერი). მიდნარე მინდა, სადაც შუადღეზე საქონელი ჩავა გასაგრილებლად და სადაც სოფლის გოგო-ბიჭები იჭყუმპალავებენ! ჭორიკანა სოფლის ქალებიც მინდა, ამ მთისას და იმ ბარისას რომ განიხილავენ სადმე ხის ქვეშ ჩამომსხდარნი! ერთი სიტყვით, მე მგონი, კაი დროა, ის ტრაქტორისტი მოვძებნო, თინეიჯერობის ჟამს რომ მეტრფოდა ჩემს სოფელში,  თუ არ დაქორწინებულა, სასწრაფოდ ცოლად გავყვე და ერთად ბედნიერად ვიცხოვროთ, თუ დედამთილმა არ დამიწუნა, რა თქმა უნდა!

სახლში რომ გამოვთქვი სოფელში გადაბარგების მწველი სურვილი, მამაჩემს სიცილადაც არ ეყო, ერთ კვირაში ისე მოგბეზრდება, კისრისტეხით გამოიქცევიო. ასეც იქნება, ალბათ, მაგრამ ახლა, ამ წუთას მგონია, რომ არ მომბეზრდებოდა და ბედნიერიც ვიქნებოდი!

8 კომენტარები »