მწარეს ბლოგი

chez moi

To diet or … to diet!

ხვალიდან სრული სერიოზულობით ვიწყებ ექიმის დანიშნული დიეტის დაცვას! ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ სატესტო ეტაპი. 1 თვის შემდეგ უნდა მივიდე, შედეგების შესამოწმებლად და ახალი ანალიზების ასაღებად. აუცილებელი პირობაა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე დიეტა არც ერთხელ არ უნდა დავარღვიო! თვითონ დიეტა იმაზეა დაფუძნებული, რომ აკრძალული მაქვს რამდენიმე სახის პროდუქტი. რაც შეეხება დანარჩენ საკვებ საშუალებებს, არჩევანში და მომზადების წესში თავისუფალი ვარ, უბრალოდ უნდა დავიცვა პროპორციები: 1/3 ცხოველური საკვები, 2/3 – მცენარეული. ასევე მინიმუმ 12 საათი დღე-ღამეში მშიერი უნდა ვიყო, ანუ, თუ 8 საათზე ვსაუზმობ, ვახშმობა მაქსიმუმ 8 საათზე შემიძლია! შედეგად, წესით, თვეში სადღაც 4-5 კილო უნდა დავიკლო ისე, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არც მე ვიყო ისტერიკაში, არიქა, ეს არ მეჭმევა, ის არ მეჭმება-თქო!  მოკლედ, 9 თებერვალს დავწერ, როგორ ვიყოჩაღე.

ისევ დიეტის თემაზე: ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, თუ გახდომას გადაწვეტთ, უნდა ჩამოწეროთ ის მიზეზები, რის გამოც წონის დაგდება გინდათო. შემდგომში, როცა დიეტის დარღვევის ცდუნების წინაშე დადგებით, თქვენი ჩამონათვალი გაგახსენდებათ და მოტივაციას შეგმატებთო. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს მეთოდი დავტესტო და აქვე ჩამოვწერო ის მიზეზები, რის გამოც ფორმაში ჩადგომა მინდა.

მაშ ასე, უნდა გავხდე იმიტომ, რომ:

  1. კარგად გამოვიყურებოდე;
  2. არ შემექმნას ჯანმრთელობის პრობლემები (ამით უნდა დამეწყო);
  3. ტრანსპორტში პატარა ადგილი დავიკავო :);
  4. პატარა ზომის ტანსაცმელი ვიყიდო, რაც არჩევანსაც გამიფართოვებს და უფრო ეკონომიურიცაა. ქსოვილის ეკონომიაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, საქართველოში სულ თითებზე ჩამოსათვლელი მაღაზიებია, სადაც დიდი ზომის ტანსაცმელი იყიდება, ამ მაღაზიებშიც ფასები ასტრონომიულია, ხარისხი – ფასის მეათედი, არჩევანიც საკმაოდ მწირი! ტანსაცმლის დიდი ნაწილი ბებიაჩემის ასაკის ქალებისთვისაა გათვლილი! რაც შეეხება ონლაინ შოპინგს, შემჩნეული გექნებათ, ერთი და იგივე ტანსაცმლის ფასი ზომის და, ზოგჯერ, ფერის მიხედვით როგორ იცვლება. ჰოდა, პატარა ზომა = უფრო იაფს;
  5. ახლობელ-ნათესავებმა ტვინის ჭამას თავი დაანებონ (ტყუილია, სხვა საბაბს იპოვნიან);
  6. უფრო ენერგიულად ვიყო და ზაფხულის სიცხეც უკეთესად გადავიტანო;
  7. ცეკვის დროს მოხტუნავე ვინი-პუჰს არ ვგავდე.

სულ ეს 7 პუნქტია! ამჯერად სერიოზულად ვიწყებ ჭარბ წონასთან ბრძოლას! საკუთარი პროგრესის შესახებ აქ დავწერ, პერიოდულად!  2012 წლის ბოლო პოსტს რომ დავწერ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორ გავხდი და სნოგშიბაწელნა გამოვიყურები!

7 კომენტარები »