მწარეს ბლოგი

chez moi

ჩემი ცხვირი და შერლოკ ჰოლმსი

მთელი დღეა ცხვირი მაქვს გაყინული და ვერაფერი მოვუხერხე! აი, არ მცივა, მაგრამ ცხვირი მაინც ცივი მაქვს! თუმცა ჩემი ფასადის ამ მნიშვნელოვან დეტალზე საწუწუნოდ არ შევდგომივარ პოსტის წერას! საერთოდ, ორი თემა მიტრიალებს თავში, რომლებზეც დიდი ხანია პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ თავს ვერ ვაბამ, ხან მეტისმეტად დაღლილი ვარ, ხან შთაგონება არა მაქვს და ა.შ.  არაუშავს, მაინც დავწერ, როცა იქნება!

ერთი თვისება აღმოვაჩინე ამ დღეებში. არა აღმოვაჩინე კი არა, ვაღიარე უფრო სწორი ფორმულირება იქნებოდა! მოკლედ, საქმე ისაა, რომ როგორც გავარკვიე, შემიძლია ყველაზე იდიოტური წიგნიც კი წავიკითხო ერთი ამოსუნთქვით, თუ სიუჟეტი რაიმე საიდუმლოს ამოხსნაზეა ფოკუსირებული. ეს ცნობისმოყვარეობა მაიძულებდა მეკითხა აგათა კრისტის დეტექტივები, იმავე მიზეზის გამო წავიკითხე “და ვინჩის კოდი”, “ვამპირის დღიურები” და სხვა მრავალი ტვინის გამლაყებელი ბესტსელერი. იმავე მომენტში ისიც აღმოვაჩინე, რომ სიტყვა “დეტექტივი” ჩემთვის ყოველთვის მხოლოდ დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებულ  ნაწარმოებთან ასოცირდება, რაც მთლად სწორი არ უნდა იყოს. ეს ჩემი კომპეტენცია ნამდვილად არაა, მაგრამ ზდაიოტსა მნე, რომ დეტექტივი სიტყვა “detect”–დანაა ნაწარმოები, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ დანაშაულის გამოძიებას არ მოიცავს.

დეტექტივებზე რომ გავაგრძელოთ, დღეს ამას ვუყურე:

საერთოდ, ჰოლმსი ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი პერსონაჟია და მისი ასეთ ჯერკად და ნაბიჭვრად გამოყვანა სულაც არ მომეწონა (თუმცა უნდა ვაღიარო, რობერტ დაუნის შესრულება შთამბეჭდავი იყო)! საერთოდაც, ამ ნაწარმოების წესიერი ეკრანიზაცია არც მინახავს! პრინციპში, ამის გარდა სულ ორი მაქვს ნანახი,  ორივე სერიალი, ერთი რუსული (ცნობილი საუნდტრეკით), მეორე ბრიტანული და არც ერთი უქნია ღმერთს! არადა, ბატონი შერლოკი ყოველთვის მხიბლავდა, არა მარტო როგორც გენიალური დეტექტივი, არამედ როგორც პიროვნება, თავისი დახვეწილი ბრიტანული იუმორით, გალანტურობით, იმით, რასაც რუსები აბაიანიეს ეძახიან და ა.შ.  ხოდა, რა გახდა ერთი ნორმალური ფილმი ამ კაცზე, უფ!

8 კომენტარები »