მწარეს ბლოგი

chez moi

ზღვა v. მთა

დავბრუნდი! რაც იმას ნიშნავს, რომ მოვედი და კარგა ხანს აღარ წავალ! ჩემი შვებულება სექტემბრის პირველ დღეებში დასრულდა, შესაბამისად, უთენია ადგომას, მთელი დღით ოთახში გამოკეტვას და კიდევ სხვა არასასიამოვნო რამეებს თავიდან უნდა შევეჩვიო!

შვებულებისა რა გითხრათ?! არ ვაპირებ, სკოლის მოსწავლესავით თემა დავწერო ზაფხულის არდადეგებზე, აქ ვიყავი, იქ ვიყავი, ეს ვქენი, ის ვქენი! მხოლოდ ზოგადად გეტყვით, რაც გეგმაში მქონდა, ყველაფერი ავისრულე! ერთადერთი რაც არ შემისრულები, არაფერი მიმეცადინია! ვიფიქრე, მოსამართლეთა საკავალიფიკაციო გამოცდებისათვის საქმეს წინ წავიგდებ და რაღაცეებს გადავხედავ-მეთქი! შედეგად, “მეწეარმეთა შესახებ” კანონი თავისი კომენტარებიანად ჯერ ბაკურიანში წავაპორწიალე, მერე გურიაში და მერე ზღვაზე! მთელი წელი ჯანმრთელად იქნება,  ჰაერი იმდენჯერ გამოიცვალა!

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთის შვილი უფრო ვარ, ვიდრე ზღვის! წყალი მიყვარს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ცურვა ვისწავლე და შიში დავძლიე! ზღვის მიმართაც განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ! ყოველთვის, როცა ნერვები მაქვს მოშლილი, არ მეძინება ან რაღაც ამდაგვარი, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ ტალღებს, შრიალით რომ იმსხვრევიან ნაპირთან!

ამის მიუხედავად, როდესაც ზღვიდან მოვდივარ, არასოდეს მაქვს შეგრძნება, რომ გული იქ მრჩება! საერთოდაც, ზვისადმი ჩემი სიყვარული გალაკტიონისეული ფრაზით გამოიხატება ყველაზე კარგად – “რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები”! მთელი წელი ვათვალიერებ სურათებს, ვოცნებობ იმ დროზე, როცა ბარგს ჩავალაგებ და სანაპიროს მივაშურებ, მერე კი, როცა ეს დრო დადგება და ბოლოსდაბოლოს ზღვამდე მივაღწევ, უკან გამოქცევა მინდება!

მთა კი სულ სხვაა! ჩემი safest place! ძნელი ასახსნელია, რატომ მიყვარს ასე! უბრალოდ, როგორც კი მთაში მოვხვდები, თავს კარგად ვგრძნობ, თითქოს ჩემი ადგილი ვიპოვე ამ სამყაროში! ალბათ, სილაღის და თავისუფლების ის განცდა მიყვარს, იქაური პეიზაჟები რომ მიქმნიან და კიდევ, იქ ბევრი, ძალიან ბევრი მწვანეა! ბევრი მეკითხებოდა, ბაკურიანში რამ წაგიყვანა ამ ზაფხულში, არ გწყინდებოდაო? როგორ უნდა ავუხსნა ამ ადამიანებს, რომ არასოდეს მწყინდება იმ გარემოში, სადაც ბევრი მინდვრები, ტყეები და მთის ყვავილებია?! საათობით შემიძლია ვიჯდე სადმე ნაძვის ქვეშ, არაფერი ვაკეთო, არაფერზე ვიფიქრო და უბრალოდ ტყეს ვუსმინო! აი, გიგა წერდა ადრე ბუდისტურ ძენზე თავისთან, ჰოდა, ალბათ, ჩემი ძენი ესაა! მოკლედ რომ ვთქვა, მთა სულიერად მამთლიანებს და ეს მთლიანობის განცდა დიდხანს მომყვება!

ყველაფერი, რაც ზემოთ აღვწერე, ბოლომდე შევიგრძენი ამ ზაფხულს! ამჟამინდელ მდგომარეობაზე კი რა გითხრათ?! კარგად ვარ, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით! დამშვიდებული, სულიერად სავსე, თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად ვგრძნობ! სანამ მთაში ძენს ვიჭერდი, მივიღე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მაქვს გეგმები მათ შესასრულებლად! ყველაფერი ეს მომავალ პოსტებში! ახლა კი სცადეთ, ცოტა ხნით თქვენს safest place-ებს ეწვიოთ! მე თვალებს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ იქ ვარ, სადაც ბევრი მწვანეა და წიწვების სუნი მომდის!

3 კომენტარები »

ცოცხალ!

ცოცხალი ვარ, არაფერი მომსვლია! რამდენიმე საათით ვარ თბილისში, ამ დილით ჩამოვედი ბაკურიანიდან და საღამოს სოფელში მივდივარ. ისე გავვარდი ქალაქიდან, ბლოგზეც კი არ დამიბარებია, მივდივარ-მეთქი, მაგრამ არც მაგის თავი მქონდა, სიმართლე რომ ითქვას! როდესაც მუსიკის ხმაზე კივილი მომინდა, ბავშვის სიცილის გაგონებისას კი მისთვის შემორტყმა, მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე! შესაბამისად, გადაუდებელი საქმეები დავასრულე, დანარჩენი ყველაფერი მივყარე და ქალაქს გავეცალე. ბუნებამ და სიმშვიდემ შედეგი მალევე გამოიღო, ახლა მშვენიერ ხასიათზე ვარ და ცხოვრებით ვტკბები, თუმცა ინტერნეტსამყაროს ჯერ არ ვუბრუნდები. 10 დღე გავატარე ამ ყველაფრის გარეშე და ერთხელაც არ მომნატრებია, ანუ ჩემი ედიქშენი არც ისე მძიმე ფორმის ყოფილა (ნუ, მობილურით ფეისზე ატვირთული ერთი-ორი სურათი და განახლებული სტატუსი არ ითვლება)! შვებულებით ბოლომდე დატკბობა მაქვს გეგმაში, ამ საღამოს სოფელში წავალ, რამდენიმე დღეში, სავარაუდოდ, ზღვაზე გადავინაცვლებ! სექტემბრის დასაწყისში კი დედაქალაქს და სამსახურს დავუბრუნდები. ბლოგზეც სადღაც მაგ დროისთვის გამოვჩნდები, თუ მანამდე არ მეწვია პოსტვის დაუოკებელი სურვილი (რაც ძალიან მეეჭვება)! მოკლედ, ძვირფასებო, have fun და დრო ისე გაირბენს, ვერც მე გავიგებ,  ვერც თქვენ!

ეს კი ისე, ბონუსად! წარწერა ბაკურიანის ერთ-ერთ პარკში:

10 კომენტარები »

დაბრუნება

ესეც ასე, შემოდგომის პირველ დღეს დავუბრუნდი დედაქალაქსა და ცივილიზაციას! ჩემს პატივცემულ ბლოგსაც მივხედავ დღეიდან! როგორი მოწყენილი იყო ალბათ უჩემოდ! ორ დღეში სამსახურში გავდივარ. როგორც იტყვიან, მზად ვარ შრომისა და თავდაცვისთვის! მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე წონაში ერთი გრამიც არ დამიკილია და ამ ეტაპზე, არც ჩემი ანალიზები აჩვენებს რამე სასიკეთოს, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. ახლა, როგორც არასდროს დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დროა საჭირო! ზოგადად, არ ვარ მომთმენი ადამიანი და შედეგი ყოველთვის დაუყოვნებლივ მინდა, მაგრამ ამჯერად მომიწევს.

საკმაოდ კარგად დავისვენე! შევასრულე ჩემი სიტყვა და მთელი ამ დროის მანძილზე ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე ვიყავი. ნუ, თუ იმას არ ჩავთვლით, ტელეფონით რომ შევდიოდი ხოლმე ფეისბუქზე შიგადაშიგ და მეილს ვამოწმებდი ორ დღეში ერთხელ. ხოდა, მოკლედ, შვებულებისას გავიხენე, როგორ ვცხოვრობდი ინტერნეტის გარეშე. როგორც გაირკვა, არცთუ ცუდად! გამახსენდა, რა სასიამოვნოა, უბრალოდ იწვე გულაღმა, ცას უყურებდე და ცაზე მორბენალი ღრუბლები, შენი ფანტაზიით, სხვადასხვა ფიგურებს მიამსგავსო! ასევე, რა კარგი ყოფილა, ფეხით აუჩქარებლად სეირნობა, როცა არსად გაგვიანდება და გადარბენაზე არ ხარ!

ათი დღე გავატარე ქობულეთში. კარგი ამინდები დამემთხვა და ზღვამ, ზოგადად, ძალინ დადებითად იმოქმედა ჩემს გუნება-განწყობაზე! ყოველ საღამოს ვუყურებდი მზის ჩასვლას. გაგონილი გექნებათ, მზის ჩასვლისას ჰორიზონტზე შუქის გარდატეხა ხდება და ამიტომ, მზის ბოლო სხივები მწვანეა, თუმცა ადამიანის თვალი მას ვერ ხედავსო და თუ ვინმე დანახვას მოახერხებს, ბედნიერებას მოუტანსო! ნუ, ბედნიერების მოტანის, რა თქმა უნდა, არ მჯეროდა, მაგრამ მაინც ყოველ საღამოს ვცდილობდი ამ მწვანე ნათების დანახვას. ერთხელაც, არ ვიცი, მზის დიდხანს ყურებისაგან თვალები ამიჭრელდა, თუ მართლა იყო, მაგრამ მე ეს მწვანე სხივები დავინახე! ესეც მე და მზე:

12082009244-001

ზღვის შემდეგ, სოფელში ვიყავი. წყნარად, პენიონერულად დავისვენე. იმდენად ვიყავი გადაღლილი, ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა! არავითარ საინფორმაციო საშუალებებს არ ვადევნებდი თვალყურს და ყველა იმ ნეგატივისაგან, რაც მედიაში ტრიალებს, დავისვენე!

ხახ, ამათი ფოტო რომ არ დავდო, არ შეიძლება! ესენი ჩემს სოფელში ცხოვრობენ, განუყრელი მეგობრები, რემი და პეპო:

22082009308

სულ ასე ერთად არიან და პეპოს შეწუხებულ კნავილს რომ გაიგებს, რემი კისრისტეხით გარბის მისაშველებლად!

ერთი სიტყვით, პოსტი ძალიან რომ არ გამეწელოს, გეტყვით, რომ ძალები აღვიდგინე! ახლა მზად ვარ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. მე ისევ მე ვარ!

P.S. რამდენი გიწერიათ, ხალხო! : D 289 წაუკითხავ პოსტს მიჩვენებს რიდერი. ახლა უნდა ავითვისო ეს ყველაფერი.

3 კომენტარები »

Au revoir!

დღეიდან დამსახურებულ შვებულებაში ვარ! ხვალ თბილისიდან გავდივარ. ჯერ სოფელში და მერე ლაჟვარდოვან სანაპიროს ვესტუმრები. ამ დროის მანძილზე ყველანაირად ვეცდები მოვწყდე ინტერნეტს, ტელევიზორს და, შეძლებისდაგვარად, ტელეფონსაც.  აქამდე შვებულებას/არადადეგებს იმისთვის ვიყენებდი, რომ დაგროვილი საქმეები გამეკეთებინა. ამჯერად ვაპირებ უბრალოდ დავისვენო და მთელი დრო ძალების აღდგენას დავუთმო. მოვიმარაგე ფილმები, რომლებსაც უნდა ვუყურო და წიგნები, რომლებსაც დასვენების ჟამს წავიკითხავ, თუმცა ყველაზე დიდ დროს ბუნებაში გავატარებ, გადავიღებ ფოტოებს და, ვფიქრობ, ხატვასაც განვაახლებ. ათასი წელია ფუნჯი ხელში არ მჭერია. ასე რომ, გარკვეული პერიოდი ბლოგი არ განახლდება. დროებით გემშვიდობებით! ყველას სასიამოვნო დასვენებას და კარგი დროის გატარებას გისურვებთ! მე კი ცოტა ხანში განახლებული ძალით დაგიბრუნდებით!

3 კომენტარები »