მწარეს ბლოგი

chez moi

შოპინგი და დედობა

კვირას საყიდლებზე ვიყავი დედაჩემთან ერთად. ერთ-ერთ მაღაზიაში შარვალი მომეწონა, მაგრამ ყველაზე დიდი ზომაც კი არ მომერგო. მერე რაღაც კაბა ავიღე და რომ ვისინჯავდი, გასახდელში დედაჩემის სიტყვები გავიგონე. დატუქსული ბავშვის ხმით ეუბნებოდა გამყიდველს: „მთელი გაზაფხული ავად იყო, ბევრი წამლები მიიღო და ძალიან გასუქდა.“ როგორია? დედაჩემი თავს იმართლებს ვიღაც გამყიდველის წინაშე ჩემი გარეგნობის გამო!!! ეს ამბავი ერთი-ორი წლის წინ რომ მომხდარიყო, კარგ ისტერიკას დავიმართებდი და დიდი ალბათობით, პროტესტის ნიშნად ორჯერ იმაზე მეტს შევჭამდი, ვიდრე ჩამდის, რომ უფრო მეტად გავსუქებულიყავი. ამჯერად მშვიდად შევხვდი, ანუ ვიზრდები! მაშინვე კიბორგას კომენტარი გამახსენდა, დოდის ამ პოსტზე. საქმეც ეგაა, ყველა მშობელს აქვს თავის წარმოსახვაში რაღაც იდეალი შექმნილი და მცირე გადახვევის შემთხვევაშიც წითელი ნათურა იწყებს ციმციმს. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ ნოვატორი და ყოველთვის იდეალური შვილი ვიყავი დედაჩემის წრეში დამკვიდრებული კრიტერიუმების მიხედვით, მაინც გამოჩნდა მიზეზი, რის გამოც დედა უკმაყოფილოა და თავი ასე გულუბრყვილოდ გაყიდა. ნურავინ დამიწერთ, რომ დედას ვუყვარვარ და ჩემი გულისთვის ტყვიასაც გადაეფარება. ვიცი მე ეს და ეჭვიც არ მეპარება! აქ სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია იმაზე, არის თუ არა დედობრივი სიყვარული საკმარისი იმისათვის, რომ დედებს შეეძლოთ ჩვენი მიღება ისეთების, როგორიც ვართ. მე მგონი, საკმაოდ იშვიათად. შვილის სიყვარული თავისთავად დევს ყველა მშობელში, აი, მათი გაგება კი  ცოტა უფრო რთულია! აბა, თავად დაფიქრდით, რამდენი მშობელი შეძლებს მიიღოს ის ფაქტი, რომ მისი შვილი განსხვავებული ორიენტაციისა? ათასში ერთი, ალბათ. დანარჩენი 999 კი სხვაგვარად შეხვდება ამ ფაქტს, ზოგი თავს მოიტყუებს, ზოგი დამალავს სხვებისგან, ზოგი კი მოიკვეთს და განაცხადებს, შვილი აღარ მყავსო. ამ შემთხვევაში მე საკმაოდ მძიმე შემთხვევა ავიღე, მაგრამ, რეალურად, ბევრად უფრო უმნიშვნელო მიზეზების გამოც არიან ხოლმე მშობლები იმედგაცრუებულები და ამ იმედგაცრუების ფონზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. რამდენი მაგალითი იცით, როცა მშობლები შვილის არჩევანში ერევიან, უყენებენ ულტიმატუმს, ნუ, ზოგჯერ, მხოლოდ დარწმუნებით შემოიფარგლებიან, რომ ყველაფერი მათებურად იყოს, რადგან მათი რწმენით, ესაა ერთადერთი და სწორი გზა?! სიტუაცია მძიმდება, როცა საზოგადოებრივი აზრიც ემატება. რას იტყვის ხალხი ჩვენზე? ზოგჯერ ეს შიში დაუძლეველი ბარიერი ხდება. მშობელს ამ დროს უჩნდება კითხვა, მე მივეცი ჩემს შვილს ყველაფერი და ნუთუ, არ დავიმსახურე, რომ სხვების სალაპარაკოდ არ გავეხადე?! სცადეთ და გადაწონეთ ეს არგუმენტი!

თუ მე და დედაჩემს ჯერ კიდევ გვესმის ერთმანეთის, ამის მიზეზი ისაა, რომ მე, მისი გადმოსახედიდან, სერიოზული შეცდომა არ დამიშვია. მაგრამ რა მოხდება მომავალში, ჩემი რომელიმე გადაწყვეტილება რომ არ მოეწონოს? რაიმე ჩემი საქციელი, მისი შეფასებით, არასწორი რომ აღმოჩნდეს და რაც მთავარია, საზოგადოების თვალში გასაკიცხი იყოს? შეძლებს კი ჩემს გაგებას და მხარდაჭერას, იმის მიუხედავად, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად ვუყვარვარ? აი, ესაა, კითხვა, რომელიც, ალბათ, სამყაროს არსებობის დროიდან ფიგურირებს მშობლების და შვილების ურთიერთობაში, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მართლაც რომ ყველა შვილს ერთი რამ უნდა – მშობელმა მისით იამაყოს!  მე, რასაკვირველია, მიხარია, რომ დედაჩემი არ ამბობს: „ჩემი იდიოტი შვილი, რას დაემსგავსა!“ თუმცა კი მინდა მესმოდეს: „ჩემი შვილი კი გასუქდა, მაგრამ მაინც ლამაზია!“, ვიდრე  „აპატიეთ, მისი ბრალი არაა, წამლებმა გაასუქა!“

11 კომენტარები »