მწარეს ბლოგი

chez moi

აჯაფსანდალ

რაც უფრო დიდ პაუზას ვაკეთებ პოსტებს შორის, მით უფრო მიჭირს აქ დაბრუნება! ამიტომ გადავწყვიტე ჩემი თავი რეჟიმში ჩავსვა! ყოველდღე წერა არ გამომივა, მაგრამ გპირდებით, ყოველ მესამე დღეს დავპოსტავ. ასე რომ, ხუთშაბათს აქ თუ ახალს ვერაფერს ნახავთ, ნებას გრთავთ სიტყვის გამტეხი მიწოდოთ, ან რაც გაგიხარდებათ, ის! 😉 ვნახოთ, დავიწყებ და თუ შევატყე, რომ ნაძალადევ პოსტებს ვწერ მხოლოდ გრაფიკის დასაცავად, კურსს შევცვლი.

ბოლო დროს მომიმრავლდა აჯაფსანდლური პოსტები, ანუ როდესაც ცოტ-ცოტას ყველაფერზე ვწერ. დღესაც იგივეს გავიმეორებ.

ახლა, რატომ გადავწყვიტე თქვენი ყურადღების მიტაცება! დიდი ხანია პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საკითხებს არ შევხებივარ, მაგრამ პარასკევს ღამით გადაცემა პატრულის ერთმა სიუჟეტმა გამიღვიძა ეს სურვილი. მოკლედ, საქმე ისაა, რომ იმ გამოშვებაში აჩვენეს მოძრაობა „7 ნოემბრის“ ახალგაზრდა წევრი, რომელიც ავტობუსში უბილეთოდ მგზავრობისა და კონტროლიორებისადმი დაუმორჩილებლობა/უხეშობის გამო ჰყავდა პატრულს დაკავებული. ბიჭი ამაყად აცხადებდა, რომ მოძრაობა 7 ნომებრის წევრი იყო და ბილეთი არ აიღო იმიტომ, რომ ამით დაუპირისპირდა უგულავა-სააკაშვილის რეჟიმს.  ამ შემთხვევაში მედლის ერთი მხარე ისაა, რომ ის ბაჭი პოლიტიკური კუთვნილების გამო „გაატელევიზორეს“, წიპა, აი, ნახეთ ამათი ნამდვილი სახე! მაგრამ მეორე და უარესი მხარეც არსებობს, კერძოდ კი, ის, რომელიც ითვალისწინებს, რომ თუ მერი ან პრეზიდენტი არ მოგწონს, მათ მიერ დადგენილ კანონს არ უნდა დაემორჩილო და ამით ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებ. განსაკუთრებით, თუ ის კანონი, ისეთ უწყინარ მოთხოვნას შეიცავს, როგორიც ავტობუსით მგზავრობისას ბილეთის აღებაა. მერწმუნეთ, ის ბიჭი მარტო არაა. მისნაირად ბევრი ფიქრობს და ვერ ვიტყვი, რომ ეს გასაგიჟებლად კარგია.

აქვე ერთ ისტორიას მივაბამ, მაინც „რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“-ს ციკლიდანაა. მოკლედ, ამ რამდენიმე ხნის წინ, ერთმა ბიჭმა სატელეფონო საუბრისას გამომიცხადა: „შენ შეზღუდული აზროვნების ადამიანი ხარ. კანონს ემორჩილები. აი, მე კიდევ, სულით თავისუფალი ვარ. იმდენად თავისუფალი, რომ როცა შუქნიშანზე წითელი ანთია, არასოდეს არ ვჩერდები და გზას ვაგრძელებ! შეზღუდვებს ვერ ვეგუები!“ მდა, აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ როცა ქალზე ეფექტის მოხდენა გინდა, შეზღუდული აზროვნების ხარო არ უნდა უთხრა, არც ის, რომ ასეთ იმბეცილებს ვიზიდავ, პრობლემა სწორედაც იმაშია, რომ ამ ყმაწვილის აზრით, სულიერი თავისუფლება წითელზე გავლაში გამოიხატება და კანონმორჩილება გონებრივ შეზღუდულობას უდრის. არც ეს ბიჭია საქართველოში მარტო და ეს თქვენც იცით!  წესით, აქ თავში ხელები უნდა შემოვირტყა და ტრაგიკული ხმით ვიკითხო „ეს სად ვკვდები, ბლინ?!“ მაგრამ არ ვიზამ ამას, უჩემოდაც ბევრი ჰყავს საქართველოს მოთქმით დამტირებელი!

ბოლოს, თუ აჯაფსანდალია, აჯაფსანდალი იყოს და სექსსაც შევეხოთ! მოკლედ, იცით, რომ შაბათს „იმედზე“ დაიწყო შორენა ბეგაშვილის (ნუ წამყვანი ესაა და იდეის ავტორის შესახებ არ ვფლობ ინფორმაციას) გადაცემა „ღამე შორენასთან.“ ზოგადად, არც სიტყვა „სექსის“ ხსენებაზე მემართება ინფარქტი და არც ამ თემატიკაზე გადაცემის არსებობის იდეას ვებრძვი ხმალამოღებული, ოღონდ თუ ის ხარისხიანი იქნება. აქ იგულისმება შინაარსიც და ნორმალური წამყვანიც. რაც შეეხება ბეგაშვლის, დიდი ხანია ასეთი უნიჭო არსება არ მინახავს. კარგი, მე შეფასების უნარი არ მაქვს, ეგებ, მაგრამ თქვენ მითხარით, რომელს მიგაჩნიათ მისი დაყენებული ხმით საუბარი, ტყლარჭვა და თვალების ნაბვა სექსუალურად ან მაცდურად! თუმცა, ცხადია, რომ საქართველოში ნიჭიერი ადამიანი ასეთ „შარში“ თავს არ გაჰყოფს, შესაბამისად, კატები ყეფენ ბედნიერად!

სულ ეს იყო, რისთვისაც მოგაცდინეთ! როგორც ძველ ანეკდოტშია, „გკოცნით, გეხვევით, ბებიათქვენი აღათი“, კიარადა, წავედი „ანა კარენინას“ ორი გვერდი მაინც უნდა ჩავიკითხო ძილის წინ! ან იმას რაც ვერჩი, ან საკუთარ თავს, მაინც ვერ გავიგე!

9 კომენტარები »