მწარეს ბლოგი

chez moi

If tomorrow never comes

როდესაც შეცდომას ვუშვებთ, გვგონია, რომ მის გამოსწორებას ყოველთვის მოვასწრებთ. მთელი სამყარო ხომ ჩვენს ხელთაა! ჩვენ ვართ ყველაფრის ბატონ–პატრონები და პასუხისმგებლობის აღებას მერეც მოვახერხებთ! გვგონია, რომ განუსაზღვრელი დრო გვაქვს!

– 5 კილო მოვიმატე?! არაუშავს, ხვალიდან დიეტაზე გადავალ, დღეს კი საყვარელი ტორტით ვისიამოვნებ! – ამბობენ ჩემნაირები.

– ეს ბოლო ღერი სიგარეტია , ხვალიდან მოწევას თავს ვანებებ! – ამბობენ მწეველები.

– მშობლებისთვის არ დამირეკავს 1 თვეა?! ხვალ დავურეკავ! – ამბობენ დაკავებული შვილები.

– ჩემს ცოლ–შვილს ვეჩხუბე?! არაუშავს, ხვალ ვეტყვი, რომ ორივე ძალიან მიყვარს და ამიერიდან ყველაფერი სხვანაირად იქნება! – ამბობენ ქმრები.

– გამოცდებამდე ჯერ იმდენი დროა! ხვალიდან არც ერთ ლექციას გავაცდენ და ყველა სემინარს მოვამზადებ! – ამბობენ სტუდენტები.

და ა.შ. და ა.შ.

ხვალ კი არასოდეს დგება! გადადება სისხლში გვაქვს გამჯდარი! ვდებთ და ვდებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას სხვა დროისათვის, მოქმედებას კი არასოდეს ვიწყებთ!

მაგრამ დგება მომენტი, როდესაც  ყველა არდამდგარი ხვალისთვის პასუხი უნდა ვაგოთ! საკუთარი დღემეხვალიობის შედეგებს ვერ გავექცევით და სინანულს აზრი არ აქვს! არ არსებობს განუსაზღვრელი დრო, როგორც ასეთი! Every second, every heartbeat matters from now on, because they are limited!

“ხვალ” არ არსებობს! “ხვალ” დღესაა!

11 კომენტარები »

Changed!

თუ ბლოგროლიდან ჩემს წაშლას უკვე აპირებდით, ნუ იჩქარებთ! წასვლა გადავიფიქრე! დაიხ, ვაღიარებ, არასოდეს ყოფილა ჩემი ბლოგი მიტოვების ასეთი აშკარა საფრთხის წინაშე! მიუხედავად იმისა, რომ უფრო ხანგრძლივი პაუზებიც მქონია, ყოველთვის ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი, ამჯერად კი არ მქონდა გაგრძელების სურვილი! თუმცა საბოლოო ჯამში აქ ჩამოთვლილმა მიზეზებმა გაიმარჯვა და თქვენთან ვარ!

ძნელი სათქმელია, რა ხდება ჩემს თავს! როგორც წესი, ყველა ვიცვლებით, მაგრამ არა ერთ დღეში და არა უმიზეზოდ. მე კიდევ სააღდგომოდ 1 კვირით სოფელში წავედი და რომ ჩამოვედი სხვა ადამიანი ვიყავი! ამ დროის მანძილზე განუწყვეტლივ შემოვდიოდი ჩემს ბლოგზე, პოსტებს თვალს ვავლებდი და მეჩვენებოდა, რომ სხვის ნაწერს ვკითხულობდი! თითქოს არც ერთი სიტყვა არ იყო ჩემი! მართლა სხვა ვარ, სიტყვებით ვერ გამომიხატავს ეს, მაგრამ შინაგანად ვგრძნობ! თითქოს რაღაც ამომაცალეს შიგნიდან და ავმსუბუქდი! უცნაური გრძნობაა! რაღაცნაირი ქაოსი მაქვს თავში, მაგრამ ამის მიუხედავად ბევრ რამეს პირველად ვარქმევ თავის სახელს და ეს, უდავოდ, წინ გადადგმული ნაბიჯია! არა, მივხვდი, კი არ შევიცვალე, გავიღვიძე! პირველად დავინახე ჩემი თავი სხვა თვალით, კარგიც შევამჩნიე და ცუდიც, რაც მთავარია, ამ ცუდის შეცვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ადამიანის ძალიან სწორად შერჩეული სიტყვებით დაიწყო! მივხვდი, რომ წარსულის დაბრუნებას კი არ უნდა ვცდილობდე, წინ უნდა მივდიოდე! უნდა გავიზარდო! ის აღარ ვარ, რაც დაახლოებით 3 წლის წინ ვიყავი და ამას უნდა შევეგუო. მართალია, მაშინ კარგი ვიყავი (ყველანაირი მნიშვნელობით), მაგრამ უკან ვეღარ დავბრუნდები და ის, რასაც აქამდე ვებღაუჭებოდი ხოლმე, მხოლოდ ილუზიაა, რომელიც უკან მექაჩება, გაზრდის საშუალებას ამ მაძლევს, ამიტომ უნდა გავთავისუფლდე! ასევე მივხვდი, რომ ბევრ რამეს სხვისი გავლენით ვაკეთებდი, რაც ნამდვილად არ მომეწონა! დამანებოს ყველამ თავი! ამიერიდან ის ვიქნები, ვინც ვარ! აღარ მოვერგები არავის შეხედულებებს და ნერვებს არ მოვიშლი იმ ხალხის სიტყვებზე, რომლებიც ბევრს არაფერს ნიშნავს ჩემთვის!

ასეთი აბსტრაქტული პოსტი ცხოვრებაში არ დამიწერია, მგონი, მაგრამ ზედმეტი დეტალები საჭირო არაა! ყველას გირჩევთ, წარსულზე არ ”ჩაიციკლოთ”! ყოველთვის ყველაფრის მიუხედავად წინ იარეთ! და კიდევ, თავი იმისთვის გაბიათ, რომ გამოიყენოთ!

11 კომენტარები »