მწარეს ბლოგი

chez moi

To diet or … to diet!

ხვალიდან სრული სერიოზულობით ვიწყებ ექიმის დანიშნული დიეტის დაცვას! ეს იქნება პირველი, ასე ვთქვათ სატესტო ეტაპი. 1 თვის შემდეგ უნდა მივიდე, შედეგების შესამოწმებლად და ახალი ანალიზების ასაღებად. აუცილებელი პირობაა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე დიეტა არც ერთხელ არ უნდა დავარღვიო! თვითონ დიეტა იმაზეა დაფუძნებული, რომ აკრძალული მაქვს რამდენიმე სახის პროდუქტი. რაც შეეხება დანარჩენ საკვებ საშუალებებს, არჩევანში და მომზადების წესში თავისუფალი ვარ, უბრალოდ უნდა დავიცვა პროპორციები: 1/3 ცხოველური საკვები, 2/3 – მცენარეული. ასევე მინიმუმ 12 საათი დღე-ღამეში მშიერი უნდა ვიყო, ანუ, თუ 8 საათზე ვსაუზმობ, ვახშმობა მაქსიმუმ 8 საათზე შემიძლია! შედეგად, წესით, თვეში სადღაც 4-5 კილო უნდა დავიკლო ისე, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არც მე ვიყო ისტერიკაში, არიქა, ეს არ მეჭმევა, ის არ მეჭმება-თქო!  მოკლედ, 9 თებერვალს დავწერ, როგორ ვიყოჩაღე.

ისევ დიეტის თემაზე: ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, თუ გახდომას გადაწვეტთ, უნდა ჩამოწეროთ ის მიზეზები, რის გამოც წონის დაგდება გინდათო. შემდგომში, როცა დიეტის დარღვევის ცდუნების წინაშე დადგებით, თქვენი ჩამონათვალი გაგახსენდებათ და მოტივაციას შეგმატებთო. ჰოდა, გადავწყვიტე, ეს მეთოდი დავტესტო და აქვე ჩამოვწერო ის მიზეზები, რის გამოც ფორმაში ჩადგომა მინდა.

მაშ ასე, უნდა გავხდე იმიტომ, რომ:

  1. კარგად გამოვიყურებოდე;
  2. არ შემექმნას ჯანმრთელობის პრობლემები (ამით უნდა დამეწყო);
  3. ტრანსპორტში პატარა ადგილი დავიკავო :);
  4. პატარა ზომის ტანსაცმელი ვიყიდო, რაც არჩევანსაც გამიფართოვებს და უფრო ეკონომიურიცაა. ქსოვილის ეკონომიაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, საქართველოში სულ თითებზე ჩამოსათვლელი მაღაზიებია, სადაც დიდი ზომის ტანსაცმელი იყიდება, ამ მაღაზიებშიც ფასები ასტრონომიულია, ხარისხი – ფასის მეათედი, არჩევანიც საკმაოდ მწირი! ტანსაცმლის დიდი ნაწილი ბებიაჩემის ასაკის ქალებისთვისაა გათვლილი! რაც შეეხება ონლაინ შოპინგს, შემჩნეული გექნებათ, ერთი და იგივე ტანსაცმლის ფასი ზომის და, ზოგჯერ, ფერის მიხედვით როგორ იცვლება. ჰოდა, პატარა ზომა = უფრო იაფს;
  5. ახლობელ-ნათესავებმა ტვინის ჭამას თავი დაანებონ (ტყუილია, სხვა საბაბს იპოვნიან);
  6. უფრო ენერგიულად ვიყო და ზაფხულის სიცხეც უკეთესად გადავიტანო;
  7. ცეკვის დროს მოხტუნავე ვინი-პუჰს არ ვგავდე.

სულ ეს 7 პუნქტია! ამჯერად სერიოზულად ვიწყებ ჭარბ წონასთან ბრძოლას! საკუთარი პროგრესის შესახებ აქ დავწერ, პერიოდულად!  2012 წლის ბოლო პოსტს რომ დავწერ, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, როგორ გავხდი და სნოგშიბაწელნა გამოვიყურები!

7 კომენტარები »

მოცურავე მოკლეთმიანი!

ეს პერიოდი თითქმის ყოველდღიურად შემოვდივარ ბლოგზე, ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას და ვუყურებ! არ გამომდის წერა. არა, ნუ გეგონებათ, რომ არაფერზე ვფიქრობ, უბრალოდ ყველა აზრი, რომელიც ჩემს თავში დარბის, წმინდად სამართლებრივია და თქვენ ნაკლებად მოგეწონებათ! უბრალოდ, მარტივად მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს:

როგორც უკვე იცით, ცურვის სწავლა დავიწყე. თითქოს ამაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ადამიანისათვის, რომელსაც წყლის თითქმის ციფიანივით ეშინია, ძალიანაც მნიშვნელოვანი მოვლენაა! პირველად რომ ჩავედი აუზზე, კიბეს ხელს არ ვუშვებდი, მერე ნელ-ნელა, ეტაპობრივად დავძლიე შიში. ჯერ კიბეზე ხელმოკიდებული გავწექი, მერე პენაპლასიტის (ქართულად არ ვიცი რა ჰქვია) დახმარებით, ბოლოს დამოუკიდებლად. ოღონდ, ჯერ-ჯერობით, მხოლოდ იმხელა წყალში ვცურავ, სადაც ვიცი, რომ ფეხს აუცილებლად მივაწვდენ.  ვერც წარმოიდგენთ, რა მაგარი გრძნობა იყო, როცა პირველად გავცურე, იმის სრული შეგრძნებით, რომ ჩემს ერთ-ერთ სისუსტეს მოვერიე! ვინც ჩემსავით იტანჯებით წყლის შიშით, რამდენიმე მარტივ რჩევას მოგცემთ, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით:

  1. პირველ რიგში მიეჩვიეთ სახის ჩაყოფას და სწორად სუნთქვას;
  2. აუზში როგორც კი ჩახვალთ, ღმად შეისუნთქეთ და ჩაჯექით ისე, რომ წყალმა ბოლომდე დაგფაროთ. ამით დარწმუნედებით, რომ ა) წყალი აუცილებლად ამოგაგდებთ უკან და ბ) ასეც რომ არ მოხდეს, იმდენ ხანს გაძლებას შეძლებთ, სანამ ვინმე არ მოგეშველებათ;
  3. არ იჩქაროთ და ყველაფერ ახალს ნელ–ნელა მიეჩვიეთ, თორემ პირველ ჯერზე რამე რომ არ გამოვიდეს, უარესად დაფრთხებით;
  4. თუ არ გარისკეთ, მზად არასოდეს იქნებით! პირველი გასრიალებაა ძნელი, თორემ მერე აღარ შეგეშინდებათ;
  5. და ბოლოს, არ იფიქროთ არაფერზე, უბრალოდ ინსტინქტებს და საკუთარ სხეულს მიენდეთ! როგორც მივხვდი, წყალზე წოლა ადამიანისათვის იმაზე უფრო ბუნებრივია,  ვიდრე სკამზე ჯდომა, მაგალითად! მერწმუნეთ, ვისაც ჯანმრთელი, ძლიერი ფილტვები გაქვთ, თქვენთვის ცურვის სწავლა ისევე ადვილია, კაკ რასპლიუნუწ!

ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდის შემდეგ, მინდა გითხრათ, რომ გუშინ გავრისკე და თმა მოკლედ შევიჭერი. ბოლო სამი წელია სულ ერთნაირ ვარცხნილობას ვატარებდი, ხოდა, ავდექი და რაღაც ახალი მოვსინჯე, რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ მქონია. “რომაული არდადეგებში” გახსოვთ პარიკმახერი რომ უბრაზდება ჰეპბერნის პერსონაჟს და გაბუსხული ჭრის თმას?! აი, დაახლოებით ეგეთი სცენები მქონდა სალონში, თუმცა საბოლოოდ, ჩემმა ურყევმა ნებამ გაიმარჯვა და აი, ბატონო, შედეგიც:

დილით საკუთარი თავის ცნობა გამიჭირდა!

ა, ხო, კედელს ნახშირი! პირველად დავდე ბლოგზე საკუთარი სურათი! მოკლედ, ვინც ფბ–ზე არ მემეგობრობით, ამიერიდან იცოდეთ ჩემი ნამდვილი სახე! 🙂 კმაყოფილი ვარ მე, ექსპერიმენტი ცუდად არ დასრულებულა, თანაც ბრმად გარისკვა ვცადე, შედარებით უმნიშვნელო საკითხზე, მაგრამ მაინც!

8 კომენტარები »

გესთ პოსტი და სხვა დანარჩენი

პირველ რიგში რა უნდა გითხრათ! ბოლოს და ბოლოს მოვაბი თავი და ლილუს გესთ–პოსტი დავუწერე! ლილუ, მაპატიე ამდენი ხანი რომ გალოდინე, უბრალოდ მინდოდა რაღაც განსაკუთრებული დამეწერა (ან კაკ მინიმუმ აზრიანი :))! ხოდა, განსაკუთრებულ პოსტებს განსაკუთრებული მუზა უნდა, ხომ იცით! ერთი სიტყვით, დაუყოვნებლივ გაეშურეთ ამ არაჩვეულებრივ ბლოგზე და დატკბით!

ვინაიდან და რადგანაც განსაკუთრებული პოსტებისთვის მუზა დღეში ორჯერ არ მომდის ხოლმე, უბრალოდ მოგიყვებით რა ხდება ჩემს თავს! არც არაფერი ისეთი, პრინციპში. როგორც წინის წინა პოსტში გავიძახოდი, რაღაც მართლაც შეიცვალა და ჩემი იდეალური უფროსი სხვა სამსახურში გადაიყვანეს. ვარ ახლა ასე უუფროსოდ, უპატრონოდ და უსაქმოდ! ისე კი, ეგ იქით იყოს და არ მეგონა ასე ძალიან თუ გამიჭირდებოდა, მაგრამ დამშვიდობებისას ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოვახერხე, იმიტომ, რომ ყელში გაჩხერილი ბურთი ჩვენს ოფისში ტენიანობის მომატების აშკარა საფრთხეს ქმნიდა! რა გითხრათ, აბა?! ყველა ვინც გაიგებს, რომ უფროსი წამივიდა და განვიცდი, მამშვიდებს, შენ არავინ გამოგიშვებსო, მაგრამ მე ერთი წუთითაც არ მინერვიულია ამის გამო! თავისთავად ამ ადამიანის წასვალს განვიცდი ასე და მარტო იმიტომ არა, რომ ფანტასტიური უფროსი იყო! აი, ხომ იბადებიან ხოლმე მსახიობებად, მხატვრებად, მომღერლებად?! ხოდა, ეს კაცი მოსამართლედ დაიბადა და მისი სასამართლო სისტემიდან წასვლა შეუვსებელი დანაკლისია! არა მგონია საზოგადოებისათვის  გასაგები იყოს, რას ვგულისმობ, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეები მაინცდამაინც კეთილგანწყობით არ სარგებლობენ დღეს, მაგრამ მე ხომ ვიცი?! დიახ მე, მისმა თანაშემწემ და კიდევ გარკვეულმა ხალხმა ვიცით რას აკეთებდა ეს ადამიანი და მისი წასვლა უბრალოდ გამოუსწორებელი შეცდომაა! თუ ოდესმე მოსამართლეობაზე ვიფიქრებ, რაც ამ წუთას ძალიან მეეჭვება, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ცოტათი მაინც ვგავდე! ნებისმიერ შემთხვევაში საკუთარ თავს ჯიუტად ვუმეორებ, რომ ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა, მაგრამ რატომღაც არ მჯერა!

ხო,  ამის გარდა, კიდევ ერთხელ გამაცოფეს ექიმებმა! აღარ ვიცი უკვე რა უნდა მოვიმოქმედო, სერიოზული არაფერი მჭირს, მკურნალობა სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, განთქმულ სეპციალისტებთანაც დავდივარ და ამის მიუხედავად, ამდენთვიანი მკურნალობის შემდეგ, ჩემი ანალიზები იმაზე უარეს შედეგს აჩვენებს, ვიდრე მკურნალობის დაწყებამდე! What the hell?! არ მახოსვს, მედიცინის ღმერთს რა ერქვა სხვადასხვა ხალხთა მითოლოგიაში, მაგრამ ფაქტია, რაღაც სერიოზულად ვაწყენინე!

დღეს რამდენჯერმე დავფიქრდი მთელი ჩემი მკურნალობის პროცესზე, ყველა იმ სპეციალისტზე, რომელიც გარანტიას მაძლევდა, უფ, სულ მალე გიშველიო, ყველა იმედგაცრუებაზე და იცით, რა მიხარია? არც ერთხელ თავში არ გამივლია “ამდენი ფული რაში დავხარჯე?!” ფულები არც მუთაქებში მიწყვია და არც მედიცინა უჯდება ვინმეს იაფი, თქვენც მოგეხსენებათ, მაგრამ ყველა იმ ფაქტიურად უნიტაზში ჩარეცხილ თანხებზე ერთ წვეთ სინანულსაც არ ვგრძნობ! მე ეს მომწონს და თქვენი არ ვიცი!

6 კომენტარები »

შუქი გვირაბის ბოლოს

მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და განუმეორებლებო! ხომ ხართ მაგრად?! არაფრით არ შემიძლია ერთი სასიამოვნო ახალი ამბავი არ გაგიმხილოთ! როგორც იქნა, როოგრც იქნა, ვიპოვეთ ტროას ცხენი ჩემს ორგანიზმში! როგორც იქნა, გაირკვა ყველა ჩემი ბედსტვიის მიზეზი! ალილუა!

მოკლედ, როგორც დღეს საბოლოოდ გაირკვა, მთელი ჩემი ავადმყოფობები, ალერგიები, გასუქება და დეპრესიები ერთ-ერთი თირეო-ჰორმონის მომატებით ყოფილა გამოწვეული, რომლის დარეგულირების შემდეგ წონაშიც დავიკლებ , აღარც უენერგიობა და სისუსტე მექნება და აღარც უმიზეზო დეპრესიები და ემოციური აფეთქებები (ნუ, მოკლედ, ესაა ადამიანურ ენაზე ის აზრი, რომელიც მე გამოვიტანე ჩემი ექიმის 45-წუთიანი რეჩიდან)! აფიგეწ! როგორც იქნა, ვებრძვით მიზეზს და არა შედეგს! ვინღა დარდობს ჩემს დაჩხვლეტილ ვენებს და ერთ უჯრა წამლებს, რომლებიც სულ არ მჭირდებოდა, თურმე! ვფიქრობ, ამ ჩემს გიჟურ პოსტს ის დააფასებს, ვისაც მოსწევია დიდი ხნის მანძილზე გაურკვევლობაში და უიმედობაში ყოფნა, მერე კი, უცბათ, გვირაბის ბოლოს შუქი დაუნახავს!

ბოლოს კი ცოტა უნდა წავუფილოსოფოსო:  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავწვალდი, სულ არ ვნანობ ჯანმრთელობის პრობლემები რომ შემექმნა! ავად გახდომა ზოგჯერ აუცილებელია, რათა მივხვდეთ, რა ბედნიერები ვართ, როცა არაფერი გვაწუხებს!

ხო, და კიდევ, ისა, მომიტევეთ ასეთი აბდა-უბდა ნაწერისათვის! ბოლოს კი, ამ მშვენიერ სიმღერას გთავაზობთ! თუ ფრანგული იცით, მუსიკასთან ერთად ტექსტითაც დატკბით!

9 კომენტარები »