მწარეს ბლოგი

chez moi

Top things in my life

აგერ უკვე რა ხანია, კიკიტომ დამთაგა და ბრძანა, იქმენ ნათელიო კიარადა, დაგვისახელე ხუთი რამ, რაც ყველაზე ძალიან გიყვარსო! მართალი გითხრათ, მხოლოდ ხუთის ამორჩევა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მოვახერხე! ლაიქები და დისლაიქები წარა–მარა მეცვლება, ამიტომ შევეცადე, ისეთი პუნქტები ამომერჩია, რომლებიც, სავარაუდოდ, სულ არ გაქრებიან ჩემი ცხოვრებიდან, თუმცა გარანტიები არ არსებობს! ა, ხო, ვინაიდან და რადგანაც ამხელა ფილარმონია პოსტი მაქვს დაწერილი კერძო სამართლისადმი ჩემი სიყვარულის შესახებ, ამ ჩამონათვალში არ შემიყვანია! მოკლედ, ვიწყებ და მოემზადეთ! თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, როგორც გამახსენდა, ისე დავწერე.

1.  სერიალები

ცხადია, აქ “პრისიონერა” და მსგავსი ლათინოამერიკული შედევრები არ იგულისხმება! გულწრფელად გეტყვით, ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტ სერიალს ვუყურებ, ვიდრე ფილმს, რამდენიმე მიზეზის გამო: 1) მხვდება ძალიან ცოტა კარგი ფილმი და გაცილებით მეტი ხარისხიანი სერიალი 2) საყვარელი პერსონაჟებით უფრო ხანგრძლივად ტკბობის საშუალებას მაძლევს და 3) ფილმისაგან განსხვავებით, ერთი სერია სადღაც 40–45 წუთი გრძელდება, ამიტომ, ეკონომიურია! 🙂 სამწუხაროდ, მათაც აქვთ ერთი საერთო ნაკლი: თუ სერიალი პოპულარულია, დროულად წერტილს არავინ სვამს და, საბოლოოდ, აფუჭებენ! ეს ბედი ეწია, მაგალითად,    “Lost–ს”,  “Prison Break–ს” და ა.შ. უხვი სეზონების მიუხედავად, ჩემი აზრით, ჯერ არ გაუფუჭებიათ Grey’s Anatomy, House M.D. (გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, საერთო ჯამში, ჰაუსი მაინც ჰაუსია), Desperate Housewives.

2. კითხვა

მათ შორის, როგორც მხატვრული, ისე პროფესიული ლიტერატურის! კითხვა ყველაზე დიდი “კაიფია” ჩემთვის!  რაც შეეხება საყვარელ მწერლებს ან წიგნებს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული “სახეობები” ერთიანდება, ოღონდ ჩამოთვლა არც მთხოვოთ, დილამდე ვერ მოვრჩები, თუმცა გეტყვით, რომ ერთ–ერთი ყველაზე მეტად “ჩემი” მწერალი მ. ბულგაკოვია! ამასთან, მიყვარს უშუალოდ წიგნების კითხვა, თავისი ყდით, გაფორმებით, ფორმატით და დამახასიათებელი სუნით! ელექტრონული ვერსიის ან სულაც კომპიუტერიდან ამობეჭდილის კითხვა იმხელა სიამოვნებას არ მანიჭებს, აუდიოწიგნებს კი საერთოდ ვერ ვეგუები! ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა საკუთარი თვალით ვკითხულობ, უკეთესად აღვიქვამ და მეორეც, ზოგადად, ძალიან სწრაფად ვკითხულობ, ამიტომ აუდიოწიგნების ტემპი ჩემთვის დამღლელია!

3. მუსიკა და მხატვრობა

ორივეს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში! არანაკლები, ვიდრე პროფესიას! მუსიკას ვუსმენ მუდმივად! ლიტერატურის ანალოგიურად, აქაც დიდი ნირაზბერიხა მაქვს! 🙂 რეალურად, ყველაფერს ვუსმენ, კლასიკური მუსიკით დაწყებული, როკით დამთავრებული! ერთადერთი რეპთან ვერ ვმეგობრობ! ფლეილისტი ხასიათის შესაბამისად მეცვლება. ბოლო დღეებია Muse არ გამომდის ყურებიდან! 🙂 გაგიმხელთ, რომ თვითონაც ვუკრავ პიანინოზე და, კაცმა რომ თქვას, მოსმენით არ დაყრუვდებით! აი, სიმღერას რაც შეეხება, ხმის ნასახიც კი არ მიბოძა ღმერთმა!

რაც შეეხება ამ პუნქტის მეორე ნაწილს, თვითონაც ვხატავ და ბევრად უკეთესად გამომდის, ვიდრე დაკვრა! საერთოდ, თავის დროზე, ვაპირებდი მთელი ცხოვრება ხატვისთვის მიმეძღვნა, მაგრამ მერე რატომღაც გადამიარა ამ დიდმა სიყვარულმა! ვერ გეტყვით, პრაქტიკულმა “მე”–მ გაიმარჯვა, თუ რა იყო, მაგრამ ხატვა ამჟამად მხოლოდ ჰობია ჩემთვის. საყვარელი მხატვრების ჩამონათვალიც ერთმანეთისაგან ყველაფრით განსხვავებულ შემოქმედებს აერთიანებს: და ვინჩი, ვან გოგი, გოგენი, მონე, ჩი ბაიში.

4. თეატრი

ჩემი ზღაპრული სამყარო! ადრე, ერთმა ადამიანმა მკითხა, თეატრი ვინ შეგაყვარაო, რითაც სერიოზულად დამაბნია! არც არავის შეუყვარებია, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! არავის აუხსნია ამ სამყაროს ხიბლი და უთქვამს გიყვარდესო! ისიც კი არ მახოვს, პირველად ვინ წამიყვანა! მოკლედ, რაც თავი მახსოვს, თეატრი ყოველთვის მიყვარდა, თუმცა კი, ამ ბოლოს იშვიათად დავიდივარ! კიდევ ერთი რამ უნდა გაგიმხილოთ: თეატრის სცენაზეც ვმდგარვარ! ნუ, ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ დამამთავრებელ კლასებში სწავლისას რამდენიმე როლი მაქვს შესრულებული ჩემი მშობლიური ქალაქის თეატრის სცენაზე, პროფესიონალი მსახიობების გვერდით! მეუბნებოდნენ, კარგად გამოგდისო, მაგრამ მე ასე არ ვთვლი! წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს იურისტი ნამდვილად არ ვიქნებოდი!

5. ყავა და ჩაი

მიუხედავად იმისა, რომ ცხელწყალდასხმულ ნებისმიერი მეცნარის ნაყენს ჩაის ეძახიან, მე მხოლოდ ჩაის ფოთლების ჩაის ვცნობ, ყოველგვარი “პრივკუსების” და პრიბამბასების გარეშე! განსაკუთრებით უშაქრო მწვანე ჩაის ვწყალობ! რაც შეეხება ყავას, უფრო ნალექიანი, ოდნავ დამტკბარი მიყვარს. მუდმივი დიეტის რეჟიმიდან გამომდინარე, ამჟამად მხოლოდ შაქრის შემცვლელებით ვსარგებლობ. ყოველი შემთხვევისთვის გაფრთხილებთ, რომ დილით თუ ყავის დალევა დამიგვიანდა, ჯობია ჩემთან დალაპარაკება არც სცადოთ! 🙂

მოკლედ, სულ ეს იყო ! რომ იცოდეთ, რამდენი საინტერესო რამ დარჩა პოსტს მიღმა! მე, ჩემის მხრივ, ვთაგავ:

  1. ლილუს (მე თუ არ “ვუჯიკე” აღარაფერს წერს);
  2. გიგას;
  3. ლალენას.

6 კომენტარები »

Ugly Betty, სელებრითები და მაიკლ სკოფილდი

ugly-betty1

მოკლედ ასე, მაიკლ სკოფილდი ცხარე ცრემლებით დავიტირე, ჰაუსი ფსიქიატრიულში გავგზავნე, ჯეკსა და სოიერს მხურვალე ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე დამშვიდობების ნიშნად, თვითონ კი Ugly Betty-ს ჩავუჯექი.

მდა, სამყაროსავით ძველი ამბავია, უშნო გოგოზე, რომელიც ლამაზების სამყაროში ხვდება და თავის ადგილს იმკვიდრებს. გლამურის სამყაროში, სადაც ლამაზი და გაჩხინკული მოდელები მეფობენ, ბრეკეტებიან, სათვალიან და ჭკვიან ქალს თითქოს რა უნდა ესაქმებოდეს, მაგრამ, ნურას უკაცრავად, ბეთი იშიო ტა!

ამ სერიალმა სელებრითების ცხოვრებაზე ჩამაფიქრა. აი, ეს მოდის სამყაროს ქალები, ყველა უკლებლივ ძალიან ლამაზი და ძალიან უბედურია. თითოეული მათგანი ადგენს კლიშეს, სტანდარტს, რომლის მსხვერპლიც ბოლოს თავად ხდება. ყველას უნდა მათ დაემსგავსოს, თითოეულ მათ ნაბიჯზე მთელი ვქვეყანა ლაპარაკობს, ისინი კი ამ დროს არინ მშივრები, გაქუცულები და სასოწარკვეთილები! არც ერთი ცხოვრობს რეალური ცხოვრებით, ხლართავენ ინტრიგებს, ადგენენ სილამაზსი და სწორი ქცევის კრიტერიუმებს, მერე კი თავს იკლავენ, თავინთ მოჭერილ ქამარში რომ ჩაეტიონ. შეგიძლიათ გასიებულ ბოღმად ჩამთვალოთ, მაგრამ არასოდეს მესმოდა ხალხის, რომლებიც ორი კილოგრამის გამო სასოწარკვეთილებაში ვარდება, წონის თითეულ გრამ საკვებს და ითვლის ყველა კალორიას, ან სულაც საკვების ყოველი მიღების შემდეგ უნიტაზში ეყუდება! ხოდა, მოკლედ, ეს მისაბაძი სელებრითები ნერვებს იწყვეტენ, ამ დროს კი ჩვეულებრივი, სქელტრაკა მექსიკელი გოგო ბედნიერების მასტერკლასებს ატარებს! გული მიგრძნობს, ბეთი ბოლოს თავის შეფსაც, ლაკომი დენიელსაც (თუ რაც ჰქვია) ჩაიგდებს ხელში! რაც შეეხება კაცებს ამ სამყაროში, ჰეჰე, ისინი ყველგან კაცები არიან, მოკლე ჭკუით და დიდი ეგოთი! ჰგონიათ, დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს და თუ გოგო სიტყვა სექსს ახსენებს, თვლიან, რომ მათ საწოლში ჩახტომაზე ოცნებობს! არა, რა კაცი ყოველთვის ადვილი სამართავია! :ამაყიფემინისტურისმაილი:

მოკლედ, ვიცი, რომ ახალი და ორგინალური არაფერი დამიწერია, მაგრამ იმის თქმა მინდოდა, რომ ბედნიერება მოდელურ პარამეტრებს არ მოაქვს! იდეალურად მკვრივი საჯდომი და მკერდი საბოლოო ჯამში მარტოობისაგან ვერ გვიხსნის! ამიტომაც თავს ნუ მოიკლავთ ამ სისულელეებზე. მოიხმარეთ ის, რაც გიწყალობათ ბუნებამ! მე არც ანტიდიეტისტკა ვარ და არც იმისკენ მოგიწოდებთ, რომ გასივდეთ, ფეხი ფეხზე გადაიდოთ და ბედნიერი ვარო, იძახოთ! Just რეალობის გრძნობას ნუ დაკარგავთ, მილიე დამი! That’s all!

10 კომენტარები »