მწარეს ბლოგი

chez moi

New Year resolution

შარშან საახალწლოდ “to-do list” არ ჩამომიწერია, შესაბამისად, შესრულებული პუნქტებით თავს ვერ მოვიწონებ, ამიტომ უბრლოდ გეტყვით, რა ხდებოდა. გარკვეულ დასკვნებს ისედაც გააკეთებდით წინა პოსტებიდან გამომდინარე და მეც გეტყვით, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი მქონდა! მთავარი სირთულეები არაა. ერთ წიგნში წავიკითხე: “Pain is an event. It happens to you and how you handle it, that’s your business!”  მე ყველაზე უსუსური მეთოდი ავირჩიე: დივანზე წოლა და არაფრის კეთება! ერთი სტყვით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს იმედები სერიოზულად გავუცრუვე! თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება! საერთოდ, ახალ წელს ხშირად უკავშირებენ ახალ გეგმებს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს და ა.შ. რაც, თავის მხრივ, სისულელეა, თუ რამეს შეცვლა გინდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და კალენდარს არ დაელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ისე გამოვიდა, რომ ჩემი გონზე მოსვლა წინასაახლწლო პერიოდს დაემთხვა! ასე რომ, ფიგურალურად, ძველ “მეს” ძველ წელში ვტოვებ!

ა, ხო, გასულ წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე და კიდევ ერთხელ, ნებაყოფლობით გავხდი თსუ-ს მარად დაულაგებელი სასწავლო სისტემის მსხვერპლი! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, თუ იცოდი, რაც გელოდა, რაღას მიდიოდიო! კარგი კითხვაა, კაცმა რომ თქვას! თუმცა, მეგობრებო, ისიც გაითვალისწინეთ, ქართულ რეალობაში, მართლა ხარისხიანი იურიდიული განათლება, მათ შორის ზემდგომი საფეხურები, უტოპიური ოცნებაა! ჰოდა, ისევ თსუ იყოს, სხვა ვითომ დონე და პეროებგარჭობილი სასწავლებლების, სადაც ფასები არაგონივრულია და ხარისხი უარესი თუ არა, იგივე, ნერვი არა მაქვს! 😉

რაც შეეხება მომავალი წლისათვის შესასრულებელ პუნქტებს, ჩემი მოკლე, უახლოესი პერიოდისათვის განკუთვნილი “to do list” ერთმა მეგობარმა უკვე მომიწონა და თავის მხრივ 3 პუნქტი მიმიმატა:

  • დაანებებ თავს დეპრესიებს და აღარ იქნები სულელურად ცუდ ხასიათზე;
  • ნერვებს არ მოიშლი სხვის მწარე რეპლიკებზე;
  • ცხოვრების წესად გაიხდი მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას!!!

ამ პუნქტების სერიოზულად მოვეკიდები, თუმცა, პირველის გარდა, ვერავის დავპირდები, რომ აუცილებლად შევასრულებ! 🙂 რაც შეეხება  ჩემს მიერ შედგენილ სავალდებულო პუნქტებს, აგერ იხილეთ:

  • შევეცდები, ვიცხოვრო სწორად! სწორად ჩემი რწმენიდან, სუბიექტური დამოკიდებულებებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე;
  • განუხრელად შევასრულებ ექიმის მითითებებს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში და, ბოლოსდაბოლოს, დავიკლებ ამ იდიოტურ ზედმეტ კილოგრამებს;
  • რეგულარულად ვივარჯიშებ;
  • მეტ დროს დავუთმობ სადოქტორო ნაშრომის თემატიკას და, ზოგადად, საკუთარ პროფესიულ განვითარებას;
  • არ “ვიშოპაჰოლიკებ”, მათ შორის, არც ონლაინ მაღაზიებში :);
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას! მერე რა, რომ შარშანაც ვაპირებდი და მითხრეს, რა გეჩქარებაო :);
  • ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმარის დროს დავუთმობ მეგობრებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს! ვოლანდის მეთოდოლიგიის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, დროის შეჩერებასთან დაკავშირებით, მაინც!
  • რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ჩემს თავს ამ ზომამდე არ მივიყვან!

ამ ეტაპზე სულ ესაა! ღმერთმა მომცეს ძალა ამ ყველაფრის შესასრულებლად! თქვნ კი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველა სურვილის ასრულებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! არ გინდათ? კი ბატონო!

6 კომენტარები »

My great 2010

რადგანაც საქმის ბოლო წუთამდე მიყვანა მჩვევია ხოლმე, 2010 წლის რეზოლუციასაც ახლა გავაკეთებ, როცა ახალი წლის დადგომამდე ორიოდე საათიღაა დარჩენილი! ისე, საინტერესო დამოკიდებულება მაქვს ბლოგთან, ვითომ წავედი აქედან, მაგრამ მაინც ვბრუნდები შიგადაშიგ, თუმცა ამაზე სხვა დროს!

ერთიანობაში თვალი რომ გადავავლე გასულ წელს, თამამად შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წელი იყო ჩემს ცხოვრებაში! მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით რაიმე დრამატული ცვლილებები არ მქონია, ანუ არც სამსახური შემიცვლია, არც სტატუსი და არც საოცხვრებელი ადგილი, მე თვითონ ვიცვლებოდი ძალიან აქტიურად! მრავალნაირი მე წარსდგა საზოგადოების წინაშე, სანამ ისევ ის არ გავხდი, ვინც რეალურად ვარ – ემოციური, ყველაფრის გულთან მიმტანი, მაგრამ მაინც ძლიერი და მებრძოლი, ცხოვრებაზე შეყვარებული და საშინლად ფიცხი!

ახლა კი უფრო დეტალურად: წელი ახალი ლეპ-ტოპის ყიდვითა და საზეიმო ფიცით დავიწყე! ასეთი განწყობის მიუხედავად, წლის დასაწყისი არც ისე კარგი იყო: კვლავ არცთუ სახარბიელო ანალიზები, ჩავარდნილი გეგმები, შემდეგ ჩემი ძვირფასი უფროსის წასვლა და ამასთან დაკავშირებული ნერვიულობა, ტრადიციულად გაღიზიანება გაზაფხულით, პერიოდული ოპტიმიზმის შემოტევებით! აქვე, შუალედში, პირველი დაბადების დღე ვიზეიმეთ, პლუს, შეცვლის თვალსაზრისით პირველი სიმპტომები დავაფიქსირე!

ზაფხულისკენ ყველაფერმა გამოსწორება დაიწყო: ჩემმა ჯანმრთელობამ, ფაქტიურად, გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო გაუმჯობესება, ახალი უფროსი მომივიდა, რომელსაც ძველზე არანაკლებ კარგად შევეგუე, თმა შევიჭერი და ცურვა ვისწავლე! სამაგიეროდ, ნელ-ნელა პოსტვას მოვუკელი!  შემდეგ თმა შევიღებე წითლად და აღმოვაჩინე, რომ შემეძლო მკაცრი ვყოფილიყავი! შემდეგ იყო ფანტასტიური შვებულება, რომელიც ზუსტად ისე გავატარე, როგორც მინდოდა! დასვენების და განტვირთვის პარალელურად, ჩემი მომავალი დავგეგმე და რამდენიმე სერიოზული გადაწყვეტილება მივიღე!

შემოდგომა და დეკემბის დასაწყისი მაინც ყველაზე გადატვირთული გამოდგა! თავიდან იყო პოზიტივის მოზღვავება და გადაწყვეტილება, რომ აღარ უნდა მეპოსტა! შემდეგ პირადი დრამა, რომელმაც ჩემი ემოციური ფონი სერიოზულად შეარყია, თუმცა კი გარეშე თვალისათვის ყველაფერმა შეუმჩნევლად ჩაიარა, პეროდული “სწერვულ” გამოხტომებს თუ არ ჩავთვლით! ძალიან ჩამოვშორდი ინტერნეტსამყაროს, სოციალური ქსელების ცათვლით, სულიერ წონასწორობა ხან მიბრუნდებოდა, ხან ისევ აპათიაში ვიყავი! ამ “ციმციმში” მოექცა ჩემი 26-ე დაბადების დღე, პირველი სიგარეტი და გადაწყვეტილება, რომ ამ სისულელეს აღარ გავიმეორებდი, თმის ბუნებრივი ფერის დაბრუნება, მცირე ცვლილებები სამსახურში, ყელამდე საქმეები და პერიოდული გაღიზიანებები!

დეკემბერს რაც შეეხება, აუცილებლად ცალკე უნდა გამოვყო, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადამიანის მოსამართლედ დანიშვნა! ვერც წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, მრავალი მიზეზის გამო! ❤ ამის შემდეგ ბევრი აპათია, მცირე დეპრესიონერა და მგავსი სისულელე იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერმა ჩაიარა! ახლა უკვე ჩვეულ ხალისიან ნოტაზე ვარ და  ამ განწყობას იოლად ვერაფერი შემირყევს! რაც ყველაზე მთავარია, ერთი კანონზომიერება აღმოვაჩინე – ყოველთვის, როცა ცუდად ვარ და სამყარო მუქ ფერებში მეხატება, ჩემს გვერდით აუცილებლად  აღმოჩნდება ადამიანი, who will put me together! ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ვგულისხმობ, ყოველ ჯერზე სხვადასხვაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მარტო არ ვარ! ეს შემთხვევით არ ხდება! სოფის ტერმინი რომ გამოვიყენო, ვიცი, ამ ადამიანებს საყვარელი სცენარისტი მიგზავნის და მისი მადლობელი უნდა ვიყო იმ ყველაფრისთვის, რაც მაქვს!

ერთი სიტყვით, წლის მიწურულს ვხვდები, რომ გავიზარდე! ძალინ ბევრი ისეთი რაღაცის “გატარება” ვისწავლე, რაზეც მანამდე გულს გავიხეთქავდი! ასევე მოვახერხე და საბოლოოდ დავემშვიდობე წარსულს. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე ვიხსენებ და ვაფასებ ბევრ რამეს! ოპტიმიზმით სავსე ვარ და მზად ვარ ჩემი სურვილების ასასრულებლად ვიბრძოლო!

და ბოლოს, აქვე გაგაცნობთ რა შევასრულე შარშანდელი ‘to-do’ list-იდან:

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს – Done
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს – in progress
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას – not done
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია- in progress
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა – soon to be done
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს –Done
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები –in progress

პუნქტები “შევეცდები” სიიდან:

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან –Done
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა –not done and not planned
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ) -თავიდანვე მკვდარი პუნქტი იყო 🙂
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება -In progress, I guess
  • გამოვჯანმრთელდე – in progress
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე – in progress
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო  – ვროძი ბი, სულ წავედი! 🙂

წერაში დრო როგორ გავიდა, ვერც გავიგე! თითქმის მოვიდა ახალი წელი! ჰოდა, ჩემო ძვირფასებო, ყველას გილოცავთ! ტრადიციულად, თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებას გისურვებთ და ვფიქრობ, გაისადაც არაერთხელ შევხვდებით! 😉

5 კომენტარები »