მწარეს ბლოგი

chez moi

ლითლი, ძაღლები და ბაყაყები, ანუ მორიგი update

უჰ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ტვინი გამიდნა და გაურკვეველი ფერის თხევად მასად იქცა! დღეებს ვითვლი შვებულებამდე, ერთი სული მაქვს ამ თონედან თავი დავაღწიო! შავი ზღვა მოუთმენლად ელოდება ჩემს სტუმრობას! თუმცა, სიცხეზე საწუწუნოდ არ შემიწუხებიხართ, პატივცემულო მკითხველებო! მინდა, მორიგი აფდეითი გავაკეთო, თუ რა ხდება ჩემს ცხოვრებაში.

განსაკუთრებული არც არაფერი, კაცმა რომ თქვას, ზუსტად ამიტომაც, კატასტროფულად იკლო ბლოგზე პოსტების რაოდენობამ! იმდენად ცხელა და თან ბევრი საქმე მაქვს, რომ საინტერესო საკითხებზე ფიქრი მეზარება ხოლმე! დიახ, დიახ, ასეთი რამეც ხდება, როცა ფიქრი გეზარება! უფრო სწორად, მეზარებაც არ ჰქვია ამას, სამსახურში მაგის დრო არ მაქვს და როცა სახლში ვარ, უმეტესად მძინავს, ხოდა, როდისღა ვიფიქრო?!  სიცხის ბრალი უნდა იყოს, წესით, სადაც თავს მივდებ, იქვე ვითიშები ხოლმე! 😦

წიგნის ფესტივალზე ნაყიდი წიგნებიდან, ჯერ–ჯერობით, მხოლოდ დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლი” წავიკითხე. ვამ ტოჟე რეკამენდუიუ, მე მომეწონა!

ჩემი რჩევა იქნება, თუ ხელი მიგიწვდებათ ორიგინალზე, თარგმანს არც გაეკაროთ! ისეთი ენითაა დაწერილი, პირდაპირ ითხოვს, ინგლისურად წამიკითხეო! რაც შეეხება წიგნის შინაარს, თუ გინდათ წარმოიდგინოთ რას გრძნობს და როგორ აღიქვამს სამყაროს მოზარდი, რომლის დედას სერიოზულად აქვს “შიფერი დაცურებული”, გოგოსთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა, მისმა ერთადერთმა მეგობრამა ნახევარი სკოლა დახოცა და ამ დანაშაულის “შეტენვას” პოლიცია მისთვის ცდილობს, ამ ყველაფერთან ერთად კი, ჟურნალისტები თითოეულ მის ნაბიჯს აშუქებენ, თან ისე, როგორც თვითონ გაეხარდებათ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ! მეტს არაფერს გეტყვით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ!

ახლია კი კინემატოგრაფიისაკენ გადმოვინაცვლოთ! ორ ფილმზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

1. გახსოვდე

როგორც ყველას გეცოდინებათ, მთავარ როლებს რობერტ პატინსონი და ემილი დე რავინი ასრულებენ. პატინსონი სამ სრულიად განსხვავებულ როლში მყავს ნანახი: ეგზომ ცნობილი ვამპირის, სალვადორ დალის და, ამ ფილმში, მეამბოხე ახალგაზრდა ბიჭის, რომელსაც ჰგონია, რომ ვერავინ გაუგებს. სრულიად განსხვევბული სახეებია, მაგრამ საერთო ერთი აქვთ: ბატონო რობი სამივეს ერთნაირად ასრულებს, ზედაპირულად, მშრალად და უემოციოდ! თვითონ ფილმს რაც შეეხება, არაა ცუდი! კარგი სცენარია, ლამაზი ტექსტი და პრინციპში, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ფინალის გულისთვის ღირს ყურება!

2. Hachiko

ეს ფილმი დიდი ხანია გამოსულია. ბევრჯერ მომხვდა თვალში სხვადასხვა საიტზე ძრომიალისას, მაგრამ რატომღაც არ ვიწერდი! როგორც ჩანს, ინტუიცია მკარნახობდა, რომ არ უნდა მენახა! ოღონდ, არ იფიქროთ ცუდი ფილმი იყოს! იმიტომ არ უნდა მენახა, რომ გავსკდი ტირილით!  ძაღლის პატრონისადმი ერთგულების შესახებ ამბები მილიონობით ვიცით, მაგრამ ჰატიკოს (თუ ჰაჩიკოს) ისტორია მაინც განსაკუთრებულია, გულშიჩამწვდომი და თან რეალური, რომელიც მართლა მოხდა იაპონიაში! ამ ძაღლს ძეგლიც კი დაუდგეს იაპონიის ერთ–ერთი ქალაქის რკინიგზის სადგურზე! მოკლედ, თუ არ გინახავთ, აუცილბელად ნახეთ ეს ფილმი, განსაკუთრებით მათ, ვისაც ცხოველები არ გიყვართ, მერე კი მოდით და დამიწერეთ, ასეთი ძაღლი რით ვერ ჯობია ბევრ ადამიანს?!

დღეისათვის სულ ეს იყო! წავალ, რომელიმე აფრიკულ ღმერთს შევთხოვ, წვიმა გამოგვიგზავნოს ან სადმე ბაყაყებს ვიპოვი და გავჟუჟავ ერთიანად (ტყული, ტყუილი, ტყუილი, ისე მეშინია მაგათი, სათოფეზეც ვერ გავეკარები)!

7 კომენტარები »

Movies Watched

დიდი ხანია, ბლოგი ასე უპატრონოდ არ მიმიტოვებია, მაგრამ იმდენი საქმე მქონდა, გამოწურული ლიმონივით ვარ, არაფერი სასიკეთო თავში არ მომდის, ამიტომ, მოდით, უბრალოდ იმ რამდენიმე ფილმს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ბოლო პერიოდში ვუყურე:

Scusa ma ti chiamo amore (მაპატიე სიყვარულისათვის)

scusa-ma-ti-chiamo-amore-poster-wallpaper-locandina

მხოლოდ 17 წლის ასაკშია ყველაფერი ისე, როგორც სიმღერაში? 20-წლიანი სხვაობა ბევრია სიყვარულისათვის? არა! საკმაოდ სასიამოვნო რომანტიული კომედიაა, სადაც ძველი იტალიური სიმღერები ჟღერს და პლუს, ზესიმპატიური რაულ ბოვა ბონუსად!

Little Ashes (მცირე ფერფლი)

little_ashes_movie_poster

ფილმი სალვადორ დალისა და ფედერიკო გარსია ლორკას ურთიერთობას ეხება. საკმაოდ კარგი საყურებელია. კსტატი, „Twilight“-ის ფანებს რობერტ პატინსონის ცნობა არ გაგიჭირდებათ. დალის როლს სწორედ ის ასრულებს! ფილმის ყურება რომ დავიწყე, მეგონა სალვადორ დალი კი არა, გადაცმული ედვარდ ქალენი დადიოდა, იმიტომ, რომ ბატონი რობი ერთ სტილში ასრულებს ორივე პერსონაჟს, თუმცა სადღაც 1/3-ის შემდეგ მართლა ახერხებს გარდასახვას და საინტერესო სახეს ქმნის, ჩემი აზრით. მოკლედ, თუ მამაკაცებს შორის სიყვარულის იდეა გულს არ გირევთ და არც შიშველი პატინსოსნის ხილვის პერსპექტივა გაშინებთ, აუცილებლად უყურეთ!

The Blue State

bluestate

ფილმი ახალგაზრდა ბლოგერზეა, რომელსაც იმდენად ეზიზღება ჯორჯ ბუში, რომ არ უნდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მას პრეზიდენტად ირჩევენ და კანადაში გარბის, ქალთან ერთად, რომელიც, როგორც შემდეგ ირკვევა, დეზერტირია. ფილმის ყურების პარალელურად ათას სხვა რამეს ვაკეთებდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ დამაინტერესა, თუმცა ერთი-ორი დასაფიქრებელი მომენტი ნამდვილად იყო.

Blades of Glory

blades_of_glory_ver3

ორი მოციგურავე მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, დისკვალიფიკაციის შემდეგ ერთიანდებიან და როგორც წყვილი ისე იწყებენ გამოსვლას. მამაკაცების წყვილს ბევრი სირთულის დაძლევა უწევთ, ძველი მტრობის, საზოგადოების უნდობლობის, კონკურენტების ხრიკების და ა.შ, თუმცა, საბოლოოდ, აღიარებას მაინც აღწევენ. ზედაპირული ფილმია, ყოვლად უაზრო დასასრულით, თუმცა თავად ყინულზე სრიალის სცენები მომწონს, განსაკუთრებით ბოლოს, ჩემპიონატზე გამოსვლაა შთამბეჭდავი!

5 კომენტარები »