მწარეს ბლოგი

chez moi

The Host

აუტანელი ამინდის და კიდევ სხვა მიზეზების გამო, პრაქტიკულად, შინაპატიმრობაში ვარ! მოსაწყენია! ეს დღეები სტეფანი მაიერის სათაურში მითითებული დასახელების წიგნს ვკითხულობ. დიახ, ეს იგივე სტეფანი მაიერია, ყბადაღებული “ბინდის” ავტორი! აქ, სცენარის მიხედვით, ირონიული ღიმილის დროა, წიპა სულ გამოშტერებულა, რეებს კითხულობსო! შეგიძლიათ ეს აზრი ხმამაღლა დააფიქსიროთ კომენტარებში, მე მაინც არ მეწყინება! 😉 რაც გინდათ ის მითხარით, მაგრამ ამ ქალის მოთხრობებს ერთი დიდი ხიბლი ნამდვილად აქვს – ისე გადმოსცემს საკუთარი პერსონაჟების განცდებს და გრძნობებს, რომ შენც მათ ნაწილად გაქცევს! თვით დიდ კლასიკოსებსაც არ გამოსდით ყოველთვის ასე! “ბინდი” ბოლომდე ზუსტად ამ მიზეზით წავიკითხე, თუმცა “ჰოსტი” სხვა საქმეა! საკმაოდ სერიოზული ნამუშევარია! თვით მეც კი, რომელსაც ღრმა ბავშვობის შემდეგ sci-fi- ს სერიიდან აღარაფერი წამიკითხავს და არც ამ ჟანრის ფილმებს ვწყალობ დიდად, მომეწონა წიგნის ეს მხარე! ბრჭყვიალა ვამპირებისაგან განსხვავებით, აქ საქმე სერიოზულადაა! 🙂 ამჯერად უხვად არიან სხვა გალაქტიკის მცხოვრებლები, უცხოპლანეტელები, რომლებიც თავს სულებს უწოდებენ და ადამიანის სხეულში სახლდებიან (სწორედ ამ სხეულს ეძახიან “ჰოსტს”), კიდევ სიყვარული და ბრძოლა დედამიწის გადასარჩენად. დეტალებს აღარ მოგიყვებით, ინტერესი რომ არ დაგიკარგოთ (თუ ასეთი საერთოდ გაგიჩნდათ).  თუმცაღა, პირადად ჩემთვის, “ჰოსტი” სხვა კუთხითაა საინტერესო.

საერთოდ, ნებიმისერი წიგნის (ფილმის, მუსიკის, სერიალის და ა.შ.), საინტერესოობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ხდება შენთვის! გეუბნება რაიმე შენთვის ახალს? რაღაცაზე ჩაგაფიქრა ან სხვა თვალით დაგანახა გარკვეული საკითხები? უბრალოდ შენს ემოციებზე ითამაშა და ეს მოგეწონა? საკუთარი თავი იცანი? ესეიგი, კარგი ყოფილა და რა მნიშვნელობა აქვს, რას ფიქრობს დანარჩენი 5 მილიარდი თავიანთ ექსპერტ–კრიტიკოსებიანად?! I like what I like and not what I am supposed to like! ეს ისე, მცირე განმარტებასავით, რადაგანც ვიცი, ბევრი იტანჯება ამ უცნაური კომპლექსით – მე ეს მომწონს, მაგრამ ხმამაღლა რომ ვთქვა, ვაიდა, ნაკლებად განათლებული ან ჭკვიანი გამოვჩნდეო!

ახლა კი “ჰოსტს” დავუბრუნდეთ! რა მითხრა ამ წიგნმა ახალი? წიგნში აღწერილი უცხოპლანეტელი სულები ძალიან კეთილები, პატიოსნები, слишком правильные არიან და დედამიწის დაპყობას იმით ამართლებენ, რომ ადამიანებს ძალადობისკენ, სისასტიკისკენ აქვთ მიდრეკილება, ამიტომ, მათ გარეშე სამყარო უკეთესი იქნება! წარმოიდგინეთ, არავითარი ომები, სერიული მკვლელობები, გაუპატიურებები და სხვა დანარჩენი სიბინძურე, რისი ჩადენაც ჩვენ შეგვიძლია! სამოთხეა, ფაქტიურად! თუმცა მერე სულები ხვდებიან, რომ ადამიანები უნიკალური არსებები ვართ და ცუდათან ერთად, ბევრი მნიშვნელოვანი პოტენციალი გაგვაჩნია! ზუსტად ამაზე უნდა დავწერო! საქმე ისაა, რომ ჩვენ გაგვაჩნია დიდი წყალობა, მადლი, რომელსაც ვერც კი ვამჩნევთ! ესაა ჩვენი ემოციები, გრძნობების მრავალფეროვნება! ის, რომ კარგთან ერთად, ცუდი საქციელისკენაც გვაქვს მიდრეკილება და პირიქით! არ ვართ დაყოფილები თეთრებად და შავებად (კანის ფერს არ ვგულისხმობ), ცუდებად და კარგებად! ყველაფერი დაბალანსებულია. ყველა სიკეთეში დევს ბოროტების მარცვალი და ყველა ბოროტში სიკეთის! ინი და იანი! არჩევანის საშუალება კარგსა და ცუდს შორის!!! ზუსტად ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, არსებობის უფლება გაგვაჩნია! მტრისთვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალი გადაწონის ჩვენი თანამოძმეების მიერ ჩადენილ სერიულ მკვლელობებს და სხვის გადასარჩენად გაწირული ერთი სიცოცხლე გამოისყიდის ათასობით წართმეულს, ჩვენზე უფრო მშიერითვის გაყოფილი პურის უკანასკნელი ნაჭერი კი სხვათა სიხარბეს და მომხვეჭელობას! ადამიანის გარდა, რომელ არსებას შეუძლია მისთვის უცხო თავისნაირის გადასარჩენად თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ცეცხლში შევარდეს ან  აბობოქრებულ მდინარეში გადახტეს? ის, რომ ამგვარი საქციელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება იყოს, მას მნიშვნელობას არ უკარგავს!  ამ ყველაფერთან ერთად კი, ბოროტიც საჭიროა! სინათლეს ვამჩნევთ იმიტომ, რომ ვიცით როგორია სიბნელე! წარმოიდგინეთ სამყარო, ყოველგვარი ნეგატიური ემოციის გარეშე, ყველას ყველა რომ მოსწონდეს, არასოდეს ვბრაზობდეთ და ნებისმიერ სიტუაციაში მხოლოდ სიმართლეს ვამბობდეთ, არავითარი ცდუნება და არავითარი კონკურენცია! ნებისმიერი სწორი საქციელი ჩვენი არჩევანი კი არა, გენეტიკური მახასიათებელი რომ იყოს! No fun, right?! მოკლედ, საბოლოო ჯამში, მთელი ეს პათოსი იმას ემსახურებოდა, რომ, ჩემი აზრით, იდეალურად правильный სამყაროში ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა!

და ბოლოს, ეს ყველაფერი სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში არსებულ კეთილ ძალებს უფრო მეტი გასაქანი არ უნდა მივცეთ!

7 კომენტარები »

Be positive!

ეს დღეები დიდად არც მჭირდება ამგვარი შეგონება, ისედაც საკმაოდ ხალისიან და ოპტიმისტურ განწყობაზე ვარ! მოხდა ის, რასაც საკმაოდ დიდი ხანია ველოდები, გუშინ საღამოს ჩემმა სასწორმა დააფიქსირა რომ მთელი 4 კგ დავიკელი! საერთო ჯამში ზღვაში წვეთია ეგ, მაგრამ საქმე ისაა, რომ რამდენიმეთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ პირველად დაფიქსირდა წონის კლება! ანუ ყინული დაიძრა! სტიმული მომეცა (ისე, ვატყობ, ჩემს ბლოგს სახელი უნდა შევუცვალო და დაკომპლექსებული მსუქანას ბლოგი დავარქვა ან რამე ეგეთი:))! ანალიზებშიც სასიკეთო ნიშნებია, თირეოტროპულმა ჰორმონმა კლება დაიწყო. ამის პარალელურად კი, გამომიკეთდა გუნება-განწყობილება, მომემატა ენერგია, ბევრი უსიამოვნო სიმპტომი გამიქრა და თქვენ წარმოიდგინეთ, სახის გამომეტყველებაც კი შემეცვალა! ისიც აღსანიშნავია, რომ ახლა ყოველ დილით საგულდაგულოდ ვარჩევ ტანსაცმელს და აღარ ვიცვამ იმას, რაც პირველი ხელში მომხვდება! შედეგად, უფერული, ქმარ-შვილზე გადაყოლილი დიასახლისივით აღარ გამოვიყურები.

გარდა ამისა, ეს დღეები კიდევ რაღაც ცვლილებას ვამჩნევდი და ვერ ვხდებოდი, რას! ხოდა, დღეს თავში დამარტყა: ხმა! ხმა დამიბრუნდა! არ იფიქროთ, ნიჭიერი მეცო-სოპრანო ვიყო ან რამე ეგეთი, სიმღერის ნიჭი სულაც არ დამამადლა ღმერთმა, მაგრამ ეს სხვა ამბავია. საქმე ისაა, რომ ბოლო თვეების მანძილზე, ისევ და ისევ ცნობილი პრობლემის გამო, ხმა მუდმუვად ჩახლეჩილი  მქონდა. ეს დღეები კი ისევ ჩემი ძველი ხმით ავლაპარაკდი! როგორ მიხარია!

ხო, ახლა კი სხვა ტალღაზე: ამ დღეებში წავიკითხე სტეფენი მეიერის სახელგანთქმული რომანი ” Twilight”. არ მქონდა წაკითხული და არც ფილმი მინახავს, ჩემს გარშემო ფილმის ახალი ნაწილის გამოსვლასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟის გამო, ვიფიქრე ერთი გავიგო, რა ხილია-მეთქი. საკმაოდ სწრაფად, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ცხადია, იმიტომ, რომ წიგნში დასაფიქრებელი და ჩასაღრმავებელი არაფერია. ეს ბუნებრივიც იყო, სერიოზული წიაღსვლებს არც ველოდი. აი, მამიდაჩემი ყველა ზედაპირულ, არსერიოზულ წიგნს, ფილმს თუ გადაცემას “ტივნის გასამზეურებელს” ეძახის. (ტვინის გამზეურება მინდა, რამე მსუბუქი არაფერი გადის? ტვინს ვამზეურებ და იმიტომ ვკითხულობ და ა.შ.) ხოდა, ეგეც ტვინისგასამზეურებლების კატეგორიდანაა, რა, რომ წაიკითხავ, კითხვის პროცესში მოგწონს კიდეც, მაგრამ შემდეგ არაფერს გიტოვებს! მომდევნო ნაწილების წაკითხვას არ ვგეგმავ და ფილიმის ყურებას (თუ სერიალია?) ხომ საერთოდ.

7 კომენტარები »