მწარეს ბლოგი

chez moi

დეკემბერი და ვამპირები

დეკემბერი დადგაო და ცამ იცვალა ფერი, კიარადა საგრძნობლად გამომიკეთდა გუნება-განწყობა! აღარ ვპანიკობ და რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში ვარ. მიყვარს ეს თვე! როცა ზამთარი ნელ-ნელა გავლებს კბილებს! როცა ამდენი დღესასწაულია წინ! თუმცა მერე, როცა ეს ყველაფერი ჩავლის და ცივი დღეები უსაშველოდ გაიწელება, ატანა აღარ მაქვს ხოლმე. თუმცა წუწუნი შემდეგისთვის გადავდოთ, ახალი კი თოვლი მინდა ბევრი, ბევრი თოვლი და უფრო მეტი პოზიტივი!

აი, დაახლოებით ამდენი თოვლი მინდა, და ასეთივე სახლში მინდა ცოტა ხნით დარჩენა. ოღონდ არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, არც შუქი, არაფერი რომ არ იყოს! სამაგიეროდ ბუხარი ენთოს!

თბილისის ქუჩები უკვე გაალამაზეს. ყოველ საღამოს სამსახურიდან რომ მოვდივარ და განათებულ რუსთაველს მოვუყვები თავისუფლების მოედნამდე, სიხარულით ვივსები. ბავშვობიდან მომყვება ახალი წლის და ბრჭყვიალა სათამაშოების სიყვარული!

უკვე მაქვს წინასაახალწლო განწყობა, თუმცა რამე განსაკუთრებულს ამ დღესასწაულზე არ მოველი. საერთოდ, მიყვარს ლოდინის პროცესი, როცა კარგს ველოდები. დიდხანს, ძალიან დიდხანს შემიძლია დავტკბე იმაზე ფიქრით, რომ რაღაც სასიამოვნო მელოდება წინ, ლოდინით ვისიამოვნო და … ისე გადავტკბე, რომ ვეღარც მივხვდე ის ნანატრი მოვლენა როგორ განხორციელდა!  გული მიგრძნობს, ახლაც ასე იქნება! 🙂

ახლა კი არასაახლწლო თემაზე. ამ დღეებში ვცადე წამეკითხა ენ რაისის „ინტერვიუ ვამპირთან“. რას გადავეკიდე ვამპირებს ამ ბოლო დროს, მაინც ვერ გავიგე, არასოდეს მიზიდავდა ამ ჟანრის ფილმები ან წიგნები! მოკლედ, სადღაც შუამდე მივედი და მერე მივატოვე, ვეღარ გავუძელი ამდენ სისხლს და საფლავიდან გამოქცეულ მიცვალებულებს, თუმცა საშინელებათა ჟანრის თაყვანისმცემლებს აუცილებლად მოგეწონებათ!

8 კომენტარები »