მწარეს ბლოგი

chez moi

New Year resolution

შარშან საახალწლოდ “to-do list” არ ჩამომიწერია, შესაბამისად, შესრულებული პუნქტებით თავს ვერ მოვიწონებ, ამიტომ უბრლოდ გეტყვით, რა ხდებოდა. გარკვეულ დასკვნებს ისედაც გააკეთებდით წინა პოსტებიდან გამომდინარე და მეც გეტყვით, რომ სირთულეები საკმარისზე მეტი მქონდა! მთავარი სირთულეები არაა. ერთ წიგნში წავიკითხე: “Pain is an event. It happens to you and how you handle it, that’s your business!”  მე ყველაზე უსუსური მეთოდი ავირჩიე: დივანზე წოლა და არაფრის კეთება! ერთი სტყვით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარ თავს იმედები სერიოზულად გავუცრუვე! თუმცა, მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი წარსულში რჩება! საერთოდ, ახალ წელს ხშირად უკავშირებენ ახალ გეგმებს, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილს და ა.შ. რაც, თავის მხრივ, სისულელეა, თუ რამეს შეცვლა გინდა, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედო და კალენდარს არ დაელოდო, მაგრამ ამ შემთხვევაში მართლა ისე გამოვიდა, რომ ჩემი გონზე მოსვლა წინასაახლწლო პერიოდს დაემთხვა! ასე რომ, ფიგურალურად, ძველ “მეს” ძველ წელში ვტოვებ!

ა, ხო, გასულ წელს დოქტორანტურაში ჩავაბარე და კიდევ ერთხელ, ნებაყოფლობით გავხდი თსუ-ს მარად დაულაგებელი სასწავლო სისტემის მსხვერპლი! ვიღაცამ შეიძლება გაიკვირვოს, თუ იცოდი, რაც გელოდა, რაღას მიდიოდიო! კარგი კითხვაა, კაცმა რომ თქვას! თუმცა, მეგობრებო, ისიც გაითვალისწინეთ, ქართულ რეალობაში, მართლა ხარისხიანი იურიდიული განათლება, მათ შორის ზემდგომი საფეხურები, უტოპიური ოცნებაა! ჰოდა, ისევ თსუ იყოს, სხვა ვითომ დონე და პეროებგარჭობილი სასწავლებლების, სადაც ფასები არაგონივრულია და ხარისხი უარესი თუ არა, იგივე, ნერვი არა მაქვს! 😉

რაც შეეხება მომავალი წლისათვის შესასრულებელ პუნქტებს, ჩემი მოკლე, უახლოესი პერიოდისათვის განკუთვნილი “to do list” ერთმა მეგობარმა უკვე მომიწონა და თავის მხრივ 3 პუნქტი მიმიმატა:

  • დაანებებ თავს დეპრესიებს და აღარ იქნები სულელურად ცუდ ხასიათზე;
  • ნერვებს არ მოიშლი სხვის მწარე რეპლიკებზე;
  • ცხოვრების წესად გაიხდი მუდმივად კარგ ხასიათზე ყოფნას!!!

ამ პუნქტების სერიოზულად მოვეკიდები, თუმცა, პირველის გარდა, ვერავის დავპირდები, რომ აუცილებლად შევასრულებ! 🙂 რაც შეეხება  ჩემს მიერ შედგენილ სავალდებულო პუნქტებს, აგერ იხილეთ:

  • შევეცდები, ვიცხოვრო სწორად! სწორად ჩემი რწმენიდან, სუბიექტური დამოკიდებულებებიდან და მოსაზრებებიდან გამომდინარე;
  • განუხრელად შევასრულებ ექიმის მითითებებს, განსაკუთრებით დიეტის ნაწილში და, ბოლოსდაბოლოს, დავიკლებ ამ იდიოტურ ზედმეტ კილოგრამებს;
  • რეგულარულად ვივარჯიშებ;
  • მეტ დროს დავუთმობ სადოქტორო ნაშრომის თემატიკას და, ზოგადად, საკუთარ პროფესიულ განვითარებას;
  • არ “ვიშოპაჰოლიკებ”, მათ შორის, არც ონლაინ მაღაზიებში :);
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას! მერე რა, რომ შარშანაც ვაპირებდი და მითხრეს, რა გეჩქარებაო :);
  • ამ ყველაფრის მიუხედავად, საკმარის დროს დავუთმობ მეგობრებს და, ზოგადად, იმ ადამიანებს, ვისთან ყოფნაც მსიამოვნებს! ვოლანდის მეთოდოლიგიის გამოყენებაც რომ დამჭირდეს, დროის შეჩერებასთან დაკავშირებით, მაინც!
  • რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს ჩემს თავს ამ ზომამდე არ მივიყვან!

ამ ეტაპზე სულ ესაა! ღმერთმა მომცეს ძალა ამ ყველაფრის შესასრულებლად! თქვნ კი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! ყველა სურვილის ასრულებას და დიიდ ბედნიერებას გისურვებთ! არ გინდათ? კი ბატონო!

6 კომენტარები »

Plans for 2010

როგორც ნათქვამია, праздник окончен, начинаются будни! ვიცი, ვიცი, რომ ძველით ახალი წელი ისევ წინაა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ მეორე ახალი წლის არსებობის იდეას ვერასოდეს ვიგებდი, პირადად ჩემთვის ზამთრის დღესასწაულები დასრულებულია! მით უფრო, რომ 14 სამუშაო დღეა! არ მოგიყვებით, როგორ შევხვდი ახალ წელს! არის მოგონებები, რომლებიც არავის უნდა გაუმხილო, მარტო შენთვის უნდა შეინახო, ზამთრის ცივ ღამეებში რომ  გაგათბოს! დღესასწაულის შედეგი: სასწორს ვერ ვეკარები შიშით!

რაც შეეხება 2010 წლის პირველ დღეებს, ერთი ჩემეული საქციელის ჩადენა უკვე მოვასწარი! ახალი ლეპ–ტოპი შევიძინე. არ მჭირდებოდა, ძველიც ახალი იყო და მისი შესაძლებლობების ნახევარსაც ვერ ვიყენებდი რეალურად! ჩემნაირი “ჩაინიკსითვის ” საკმარისი კი არა, ზე–საკმარისი იყო, მაგრამ ისტერიულად მომინდა უფრო უკეთესის ყიდვა, ხოდა ასეც მოვიქეცი! არგუმენტი – ახალი წლიდან ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამის შეცვლას ვაპირებ და ეს ცვლილებების დასაწყისი უნდა იყოს! სიგიჟეა! ადამიანს ახალი ცხოვრების დაწყება თუ უნდა, ლეპ–ტოპი რა შუაშია, მაგრამ მე თუ რამე ავიჩემე, ლოგიკისა და გონივრული არგუმენტების მოშველიებას აზრი არ აქვს! ხოდა ვიჯექი გუშინ ჩემს მაგიდასთან, ორ ლეპტოპმომარჯვებული და სენტიმენტალურად ვუხდიდი ძველს ბოდიშს, მიტოვებისათვის! ზუსტად ჩემს სტილშია, ვცდილობდე რაღაცის შეცვლას და ვდარდობდე წარსულზე, unable to move on!

ამდენად, უფლება და მიზეზი აღარ მაქვს იმისათვის, რომ არ შევცვალო ის ყველაფერი, რაც სასტიკად არ მომწონს! ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ეს წელი წინას არ ჰგავდეს! ბარემ აქვე ჩამოვწერ 2010 წლის ‘to do’ list-ს, დიდად არასოდეს მეხმარებოდა, იმიტომ, რომ რისი გაკეთებაც მეზარებოდა ან არ მინდოდა, მაინც არ ვაკეთებდი, მაგრამ მაინც ჩამოვწერ, ეგებ ასე უფრო შემაწუხოს სინდისმა! მაშ ასე, წელს აუცილებლად

  • ვისწავლი ცურვას და, შესაბამისად, დავძლევ იდიოტურ წყლის შიშს;
  • მივხედავ ფრანგულს. ბოლო პერიოდში შეხება აღარ მაქვს და ვგრძნობ, რომ შეიძლება დამავიწყდეს;
  • ჩავაბარებ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას;
  • დავიკლებ N კგ–ს! რაოდენობას არ ვაკონკრეტებ, იმიტომ, რომ მრცხვენია!
  • ჩავაბარებ დოქტორანტურაში … ალბათ! რაც უფრო შორს ვდებ, მით უფრო ნაკლებად მინდა!
  • როგორც კი ნებას დამრთავენ, ისევ დავიწყებ ვარჯიშს;
  • საკუთარ ვიზუალურ მხარეს მეტ ყურადღებას დავუთმობ და გაწამებული დიასახლისის ვიდზე აღარ ვიქნები!

ვეცდები

  • ვიყო ნაკლებად ასოციალური და უფრო ხშირად გავიდე სახლიდან;
  • დავიწყო გერმანული ენის სწავლა;
  • სისულელეებზე ნერვები არ მოვიშალო (ტყუილი დაპირებაა, მაინც ვერ შევასრულებ);
  • ვისწავლო დროის რაციონალურად გამოყენება;
  • გამოვჯანმრთელდე!!!
  • პროფესიულად მაქსიმალურად განვვითარდე;
  • ბლოგზე უფრო ხშირად ვპოსტო!

ყველას თუ არა, ამ პუნქტების დიდ უმრავლესობას თუ შევასრულებ, საკუთარ თავს დიიიიიიდ საჩუქარს გავუკეთებ. რას არ ვიცი, მაგრამ იქამდე მოვიფიქრებ!

11 კომენტარები »