თურმე, რამდენი რამე შეცვლილა ვორდპრესზე, მას შემდეგ რაც აქ ბოლოს შემოვიხედე! მიტოვებული სახლივითაა ჩემი ბლოგი, მოუვლელი და დროში გაყინული, თუმცა, ეს ის არაა, რაზეც მინდოდა დამეწერა! სუულ რამდენიმე სიტყვის სათქმელად შემოვედი და ალბათ, მეტად აღარც შეგაწყენთ თავს!
მოკლედ, გადავედით საქმეზე! ზოგადად, მაშინაც კი, როდესაც აქტიურად ვპოსტავდი, თითქმის არ ვეხებოდი რელიგიის თემას! გულწრფელად რომ ითქვას, უბრალოდ თავის ტკივილს ვერიდებოდი და კიდევ, რატომღაც, არ მინდოდა, ვინმეს ჩამორჩენილი ადამიანი ვგონებოდი (კი, მრცხვენია ამ შიშისათვის!), ეკლესიურობა ხომ დღეს პროგრესულად მოაზრონვე ახალგაზრდობაში მოდური არ არის! მაგრამ ახლა საკმარისად გავიზარდე საიმისოდ, რომ არ მადარდებდეს სად და რომელ კატეგორიაში მიმიჩენენ ადგილს სხვები!
იმის გათვალისწინებით, რომ ყველანაირი მსოფლმხედველობის ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ფეისბუქზე კი, მით უმეტეს, სრულიად ჭრელი საზოგადოება მყავს მეგობრებში, ბევრნაირი განსხვავებული აზრის მოსმენა/წაკითხვის შესაძლებლობა მაქვს, თითქმის ყველა საკითხზე, მაგრამ დღეს მინდა შევჩერდე ადამიანების იმ ჯგუფზე, რომლებიც თავს დიდ ლიბერალობაზე, განათლებაზე, თავისუფალ აზროვნებასა და „პრადვინუტობაზე“ დებენ, ჩვევაში კი გადაუვიდათ ცინიკური, ქედმაღლური და ზოგჯერ, აგრესიული მოსაზრებების გამოთქმა სარწმუნოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე! არა, დავაზუსტებ, მართლმადიდებლობაა „გიომობა“, თორემ, არსად მინახავს, რომელიმე მათგანს, მაგალითად იაღოველებზე გასცინებოდათ, რომლებიც გაფრენის იმედად მთებიდან ხტებიან ხოლმე! ეს, ისე, სიტყვის მასალად, თორემ, მე სულაც არ დავცინი ვინმეს შეხედულებებს! ბევრისთვის ქრისტიანობა გონებრივი ჩამორჩენილობის სინონიმად იქცა!
მილიონობით ასეთი ცინიკურ-გამკილავი-კრიტიკული პოსტი შემხვედრია და ყოველთვის გვერდს ვუვლიდი „ეს ჩემი პრობლემა არაა“ სახით, მაგრამ დღეს სურვილი მაქვს, ჩემი განწყობა დავაფიქსირო და ყველა იმ გვერდავლილი პოსტის პასუხად ვწერ შემდეგს:
- მიუხედავად იმისა, რომ, შეიძლება, ზოგი ადამიანი ქრისტიანობის სახელით ისეთ საქციელს ჩადიოდეს, რაც აღნიშნული რელიგიისათვის საერთოდ მიუღებელია, ზოგადად, მორწმუნეობა გონებაჩლუნგობას არ ნიშნავს;
- თუ სხვას აქვს უფლება ქუჩაში გამოვიდეს და ღიად დააფიქსიროს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხზე და საკუთარი ცხოვრების წესი საჯაროდ განიხილოს, მეც მაქვს უფლება მსგავსი საქციელი ჩემს რწმენასთან შეუთავსებლად მივიჩნიო და ამის თაობაზე ხმამაღლა განვაცხადო (ამ გახსენებაზე, ვიღაც წერდა ადრე ბლოგზე, ლოგინს შუა ქუჩაში დაგიდგამენ და მერე მოითხოვენ ჩვენს თეთრეულში ნუ იქექებითო! გონებამახვილური შენიშვნაა!);
ასევე, ყალბი თავმდაბლობის გარეშე, მთელი გულით მინდა, ძალიან ხმამაღლა შემდეგი სიტყვები გითხრათ:
- მე ვარ მორწმუნე და ვთვლი, რომ ბევრ თქვენგანზე მეტად თუ არა, ნაკლებად ჭკვიანი ან ნიჭიერი არ ვარ და, ეგებ, მთელ რიგ საკითხებზე უფრო პროგრესული და თანამედროვე აზრიც გამაჩნდეს;
- მე ვარ მორწმუნე და არავინ მიზღუდავს ნების თავისუფლებას, არც ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ სწორედ უფალმა შეგვქმნა თავის-უფალ სუბიექტებად;
- მე ვარ მორწმუნე და, პტივცემულო ვითომ ლიბერალებო, თქვენზე ბევრად მეტი თანაგრძნობა და სიყვარული გამაჩნია მოყვასის მიმართ, მათი შეხედულებების, ცხოვრების წესისა და თუ სხვა დანარჩენი მახისათებლების მიუხედავად;
- ერთი სიტყვით, მე ვარ მორწმუნე და არ ვარ „ბნელი!“ ბოლოს კი, მინდა გითხრათ, მე პატივს ვცემ თქვენს ურწმუნოებას, მაგრამ ნება იბოძეთ და თქვენც ეცით პატივი ჩემს რწმენას, იმიტომ რომ, თუ აქამდე არ იცოდით, თავისუფლება და თანასწორობა სწორედაც რომ ესა!
სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა! ჩემს დროს მეტად აღარ დავხარჯავ, ისე კი, მიხარია, რომ მე რაღაც მართლა ღირებული და ფასეული გამაჩნია!