ვუალა! ჩვენ ერთი წლის ვართ! შარშან, ამ დღეს ამ ბლოგზე პირველი პოსტი გამოქვეყნდა! გულწრფელად გეტყვით, როდესაც ვიწყებდი, მეგონა აქამდე ვერ მოვაღწევდი! ჩვეულებრივ, დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ, მაგრამ მალევე მბეზრდება. ასე კი იმიტომ მეგონა, რომ მაშინ კარგად გაცნობიერებული არ მქონდა აქაურობის მთელი ხიბლი! იმაზე, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ეს ბლოგი და მისი განვითარების ეტაპებზე ერთხელ უკვე დავწერე, აღარც კი ვიცი, რა უნდა დავამატო! წარმატებული ბლოგერები აქ, ალბათ, სტატისტიკით და ბლოგოსფეროში საკუთარი მყარი ადგილით მოიწონებდნენ თავს. მე ამ თვალსაზრისით სატრაბახო ნაკლებად მაქვს, მაგრამ ეს იმდენად არ მაწუხებს. იმავე წამრატებული ბლოგერების მაგალითზე შევამჩნიე, რომ როდესაც ბლოგი მხოლოდ ციფრებად იქცევა, ის კვდება!
მაინც, რა ხიბლი აქვს აქაურობას ისეთი, რომ ვეღარ ვეშვები და ყოველთვის უკან ვბრუნდები? ოოო, უნიკალური სამყაროა! აქ შენ ხარ ყველაფრის ბატონ–პატრონი და “სტენკას” სადაც გინდა იქ დადგამ! დაწერ რაზეც გინდა, როგორც გინდა და რამდენსაც გინდა! იმაზეც კი, რაზეც არ საუბრობ ხმამაღლა და ამას სრულიად ბუნებრივად აღიქვამ!
კიდევ რითია განსაკუთრებული? ამას წინათ, ყოფილმა სტაჟიორმა, ასევე ბლოგერმა ფეისბუქზე დამიმატა და მერე მომწერა, ამდენი ხანია ბლოგს ვკითხულობ, მაგრამ ავტორი შენ თუ იყავი, არ ვიცოდიო! მე რაც შემეხება, ერთ–ერთი პირველი იყო, ვის პოსტებსაც ვკითხულობდი და სანამ ფოტო არ დადო, ვერ მივხვდი ვინ წერდა. ასეთია ბლოგოსფერო! ვინ იცის, ახლა რამდენი ჩემი ნაცნობი კითხულობს ამ პოსტს და ვერც ხვდება, მათ გვერდით მჯდომმა წყნარმა და ნაკლებად კომუნიკაბელურმა გოგომ რომ დაწერა! ან, იქნებ, მე ვიყავი გუშინ საღამოს შესული იმ ცისფერთვალება გოგოს ბლოგზე, ავტობუსში ჩემს წინ რომ იდგა და მისი ოცნებების ან დაფარული სურვილების შესახებ წავიკითხე! დიახ, ეს ის სამყაროა, რომლის მონაწილეებსაც არ ვიცნობ პირადად, სამაგიეროდ სულ ზეპირად ვიცი მათი დღის წესრიგი, ფეხმძიმობის დეტალები ან მეუღლესთან კონფლიქტები, მისწრაფებები, გემოვნება (ასე თუ ისე) და გეგმები, ვგულშემატკივრობ და მიხარია მათი წარმატებები! მახოსვს, როგორ გავბრაზდი ერთხელ ფეისზე “ნიჭიერის” ბლოგერებზე “იაზვური” კომენტარები რომ ვნახე! ხომ ვთქვი, მაინც ჩემიანები არიან, თუმცა არც ერთს ვიცნობ პირადად! ჩვენ ყველა ერთ სახლში ვცხოვრობთ! აქვს კი პირად ნაცნობობას რამე მნიშვნელობა? ჩემს რეალურ ნაცნობებს შორის ცოტა თუ მოიძებენება ისეთი, ვისთანაც იმდენივე მაქვს საერთო, როგორც ზოგიერთ ბლოგერთან.
კიდევ? აი, ჰაუსის ბოლო სერია ხომ ნახეთ, ბლოგერ პაციენტზე? იქ ამბობს ის გოგო, ინტერნეტსამყარო იმიტომ მიყვარს, რომ მარტო აღარავინააო, ნებისმიერ წამოწყებაში 10 თანამოაზრეს მაინც იპოვიო! Exactly! მაშინაც კი, როცა გრიპზე და გაზაფხულზე ვწუწუნებ, ხუთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც რჩევას მაძლევს და მალე გამოჯანმრთელებას მისურვებს!
რაც შეეხება იმას თუ როგორ გავიზარდე მე ამ ერთი წლის მანძილზე! როდესაც ქართულ ბლოგებს პირველად გავეცანი, გულუბრყვილოდ წამოვიძახე –ასე ხომ მეც შემიძლია– და მაშინვე მომინდა ჩემი გამეკეთებინა! რარიგად ვცდებოდი! თურმე რა ძნელი ყოფილა სხვისთვის საინტერესო იყო! ზუსტად ამიტომ, წინა ორი ბლოგი არ წაშლილა, მაგრამ უპატრონოდ იმტვერება სადღაც ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში. რაც შეეხება ამ ბლოგს, არც ახლა ვცდილობ, ვინმეზე მორგებას, მაგრამ არც ყოველგვარ ნაბოდვარს ვაქვეყნებ! საერთო ჯამში, რაც ნათლად დავაფიქსირე ისაა, რომ უკეთესად ვწერ სტილის თვალსაზრისით! გადახედეთ პირველ პოსტებს შესადარებლად. იქ უფრო სასამართლო დოკუმეტების ენით ვწერ! აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ბლოგის არსებობა ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთ უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. მიხარია, რომ იმ ნეგატივმა, რაც მაკრავდა, ბლოგზე მხოლოდ რამდენჯერმე გადმოჟონა! გარკვეულწილად კი, ბლოგი მეხმარებოდა სირთულეების დაძლევაში. ამიტომაც ვარ აქ!
დასასრულს გეტყვით, რომ ძვლის ტვინამდე მოწამლული ვარ აქაურობით და აწი პოსტვას ვერაფერი გადამაჩვევს! სანამ ერთი კომენტარი მაინც დამხვდება, ერთი მკითხველი მაინც მეყოლება, აუცილებლად დავწერ!
იცი, როგორი პოსტი იყო? ჰოლივუდურ ფილმს რომ უყურებ, დასასრული კარგი ექნება, იცი, მაგრამ მაინც ცრემლები მოგდის 🙂
არც ვიცი, რა დაგიწერო, როცა შენ თვითონ ისე მშვენივრად გამოხატე ყველა ემოცია, რაც არსებობს ბლოგებთან დაკავშირებით. უკვე ერთი წელია, მე კიდევ მგონია, დიდი ხანია გიცნობ და მართლა ერთ ოჯახში ვართ 🙂
HAPPY BIRTHDAY, მწარეს ბლოგო, იმედია, იცი, რა კარგი პატრონი გყავს! 🙂
ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, ბლოგინგზე უიმედოდ შეყვარებულის პოსტი 🙂 ახლა ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ „ძვლის ტვინამდე მოწამლული ვარ “ ამ საქმეზე. ამიტომაც გავაკეთე ქართულენოვანი ბლოგი, მართალია არა პირადი, მაგრამ ზუსტად ის რაც მიზნად მქონდა დასახული 🙂
სოფიმ ძალიან კარგად აღწერა 🙂
Happy Birthday my dear!!! ასე გააგრძელე, ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა და საერთოდ შენი ბლოგი :*
Thanks everybody! მიყვარხართ! :*
სხვისი ბლოგის წაკითხა სიამოვნებას უნდა განიჭებდეს და არა უბრალოდ ვიღაცის პრობლემები გაიგო რომლებიც სულ არ გაინტერესებს …ამიტომაც მიყვარს შენი ბლოგი :* სულ ცოტა ხნის წინ შევქმენი მეც არ წარმომიდგენია 1 წლის მერე როგორი იქნება მაგრამ.. ვიცი რომ აუცილებლად იქნება 😀
გაიხარე და Welcome ბლოგერების დიდ სახლში! 🙂
მადლობ 😀
ჩემთან აჩვენებს ახალი პოსტი აქვსო და შემოვედი, არ ჩანს 😐 წაშალე?
არა, არ ვიცი რა ჭირდა, მეც არ მიჩვენებდა. ახლა გასწორდა, მე მგონი!